მოქალაქეების კომენტარები Facebook-ზე განთავსებულ ფოტოებზე – ნაწილი მეორე

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | ანალიზი 24 აგვისტო 2012

ავტორი: თეონა ტურაშვილი

 

მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ Facebook-ის გვერდზე მოქალაქეები საკმაოდ საინტერესო კომენტარებს ტოვებენ. პირველ რიგში თვალშისაცემია ის ფაქტი, რომ თავად გვერდის ადმინისტრატორი ხშირად აქვეყნებს მთავრობასთან და არა უშუალოდ პარტიასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს. მართალია მმართველი პარტიის შემთხვევაში პარტია-მთავრობის ქმედებების გამიჯვნა ყოველთვის საკამათოა, თუმცა აშკარაა, რომ ხშირ შემთხვევაში პარტიის საქმიანობის ამსახველი მასალა უფრო მცირედაა წარმოდგენილი. ეს მოსახლეობის კომენტარების შინაარსზეც აისახება. მაგალითისთვის, ხშირია მიხეილ სააკაშვილისადმი გამოხატული დადებითი კომენტარები, სადაც მას „საქართველოს აღმშენებელს“ და ქვეყნის „კეთილდღეობის სადარაჯოზე მდგომ პრეზიდენტს“ უწოდებენ. ერთთვიანი მონიტორინგის განმავლობაში კი პირდაპირ პარტიისადმი გამოთქმული დადებითი კომენტარი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.

 

მსგავსი ვითარებაა უარყოფითი კომენტარების შემთხვევაშიც. სოციალურად აქტიური “იუზერები” პარტიის გვერდზე აკრიტიკებენ მთავრობას ტერიტორიების დაკარგვის, იუნკერების საფლავის გაყიდვის გამო და ადანაშაულებენ გვირგვლიანის, რობაქიძის სიკვდილში. ასევე, გამოითქვა ეჭვი მიცემული დაპირების („მეტი სარგებელი ხალხს“) მიმართაც. უფრო მეტიც, ზოგიერთის მტკიცებით, მთავრობას მხოლოდ ახლა გაახსენდა ხალხი და აქამდე მხოლოდ პარლამენტარები, მთავრობის წევრები იღებდნენ დიდ სარგებელს.

 

იქიდან გამომდინარე, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გვერდზე მოქალაქეები საკუთარ აქტიურობას კომენტარებით შედარებით ნაკლებად გამოხატავენ, გადაწყდა დავით ბაქრაძისა და ვანო მერაბიშვილის პირადი გვერდების მონიტორინგის ჩატარებაც. პარლამენტის თავმჯდომარის გვერდზე მოქალაქეების დადებითად აფასებდნენ რამდენიმე რეგიონში (ბოლნისი, დმანისი) წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს. მსგავსი განწყობა იყო თავად ბაქრაძის, როგორც კრწანისის მაჟორიტარი კანდიდატის მიმართაც – ერთ-ერთმა მოქალაქემ მას „უკონკურენტო“ და „უპრეცენდენტო მხარდაჭერის“ მქონე უწოდა. ამის მიუხედავად, მის გვერდზეც ვხვდებით კრიტიკას. მაგალითისთვის, ერთმა მომხმარებელმა მოსახლეობასთან გამართული შეხვედრის ამსახველ ფოტოზე შემდეგნაირად მიმართა პოლიტიკოსს: „აფერისტებო“.

 

 

 

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილისადმი გამოთქმული მოსაზრებების სახეობას, როგორც სტატისტიკიდან ჩანს, ამ დროისათვის მის გვერდზე ნეიტრალური (98) და დადებითი კომენტარები (70) ჭარბობს. პირველ მათგანში მოიაზრება გაზიარებულ ფოტოზე გამოსახული ნაგებობების მოწონება (მერაბიშვილის გვერდზე ხშირად ათავსებენ ახალციხის მუნიციპალიტეტის Facebook-ის გვერდზე ატვირთულ რეგიონში მშენებარე ან განახლებული შენობების ფოტოებს). ამასთან ერთად, სოციალურ ქსელზე ზოგი მიმდინარე რეკონსტრუქციებს „ისტორიულადმნიშვნელოვნად“ აფასებს და ზოგადად, იწონებს მთავრობის პოლიტიკას. 

 

 

 

 

 

 

დიდი იმედებია გამოთქმული მთავრობის მიერ დაგეგმილი სოციალური დაზღვევის პოლიტიკის მიმართ იმ ფოტოებზე, სადაც ნაჩვენებია, როგორ აცნობს პრემიერი ზოგიერთ ოჯახს 1000 ლარიანი ვაუჩერის პირობებს. გარდა ამისა, დადებითი კომენტარების უმეტესი ნაწილი თავად პრემიერს ეხება. მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი მას „უკომპრომისო, უზომოდ მებრძოლ, შემართებულ“ ადამიანად, „სიტყვის კაცად“, „საქართველოს საუკეთესო მამულიშვილად“ მოიხსენიებს. აქვე საგულისხმოა ერთი კომენტარიც, რომელშიც მომხმარებელი მართალია მმართველ გუნდს აკრიტიკებს, თუმცა პოზიტიურადაა განწყობილი მერაბიშვილის მიმართ: „რაც 8 წელიწადში მიშამ ვერ შეძლო, ვანო მოასწრებს 2 თვეში? რას ერჩოდით ამ კაცს, ჩაძირული გემის კაპიტნად რომ დანიშნეთ?“

 

საინტერესოა ასევე უარყოფითი კომენტარებიც. ქვეყანაში მიმდინარე მშენებლობების ამსახველი ფოტოების შემთხვევაში. ზოგიერთის მტკიცებით, „ვირტუალურ სამყაროში აშენებული საქართველოსი აღარ სჯერა ხალხს“. მთავრობა გაკრიტიკებულია ასევე, იმის გამო, რომ მოსახლეობა და დაპირებები მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდებათ. გარდა ამისა, ზოგიერთი სოციალურად აქტიური ადამიანი მიიჩნევს, რომ მთავრობამ ახალი გეგმა ბიძინა ივანიშვილისგან „მოიპარა“. გთავაზობთ მსგავსი ტიპის კომენტარს მთლიანად, სტილი დაცულია:

 

 

 

„ხო რას ამბობთ, ეს რვა წელი სხვები იყვნენ და დღეიდან იწყებენ რა აყვავებას. უკვე გაცვეთილია ვანო ყველაფერი, რასაც თქვენ ამბობთ. რა არის ათასი ლარი, რა სიმათხოვრეა ეგ ფული. რაც უნდა წყალში გადაყარო მაგ 1000 ლარის დარიგებას ჯობია ქვეყანას ნორმალურად მოახმაროთ. ეგ კომუნისტური გეგმა აღარაა ყველა ადამიანის დაზღვევა? თუ ბიძინას კომუნისტურია და თქვენი არა? იქნებ პასუხი გამცეთ კითხვაზე…. სააკაშვილის გვერდზე დავწერე კითხვა და დამბლოკეს, საერთოდ კომენტარის უფლება არ მაქვს. გენაცვალეთ თქვენ აბა რა, პრეზიდენტიც ასეთი უნდა და მინისტრების თქვენი დემოკრატია. თქვენი საარჩევნო გეგმის შექმნაც არ შეგიძლიათ და სხვას პარავთ. კათოლიკე არ გვჭირდება ქრისტიან ქვეყანაში პრემიერ-მინისტრად“.

 

 

 

მერაბიშვილის გვერდზე მოსახლეობა ზოგჯერ პრემიერს სხვადასხვა პრობლემით მიმართავს: ზოგი მედპერსონალისთვის ხელფასების მომატებას ითხოვს, ზოგი ჩივის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დატოვების შემდეგ პოლიციელებს ხელფასებს უგვიანებენ, ერთ-ერთი მომხმარებელი კი მასთან შეხვედრას ითხოვს.

 

 

 

ამგვარი პრობლემების მრავალფეროვნების მიუხედავად, არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა გამოხმაურება გვერდის ადმინისტრატორის მხრიდან. ამ უკანასკნელმა პასუხი გასცა მხოლოდ ერთ შეკითხვას, რომელიც ეხებოდა ღია პეტიციას „მარიხუანის ლეგალიზაციის“ შესახებ. კერძოდ, მომხმარებელს აინტერესებდა, როდის დაიწყებოდა აღნიშნული პეტიციის განხილვა მთავრობის სხდომაზე. ამასთან ერთად, დაფიქსირდა სამი ცინიკური კომენტარი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რაც მის მიმართ უარყოფით მოსაზრებად შეიძლება ჩაითვალოს.

ბიძინა ივანიშვილის გვერდი კომენტარების რაოდენობისა და მრავალფეროვნების მხრივ ყველა დანარჩენ პოლიტიკურ სუბიექტს გვერდისგან გამოირჩევა. მხარდამჭერები პოლიტიკურ ლიდერს „უბრალო, მშრომელ, სამშობლოს მოყვარულ“ ადამიანად ახასიათებენ. აქებენ აქამდე გაწეული ქველმოქმედების გამო: „ეს კაცი საერთოდ არ ჩანდა, მისი ფოტოც არ გვქონდა ნანახი ქართველებს და სამების ტაძრიდან დაწყებული, ქველმოქმედებით, ქართული ინფრასტრუქტურის გამართვით დამთავრებული მისი დაფინანსებით გაკეთებულა თურმე.“

პოზიტიურ კომენტარებს დებენ ასევე კოალიციის მიერ წარდგენილი ზოგიერთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის (მაგალითად, ნიკა სანოძე – კანდიდატი ხონში, დავით უსუფაშვილი – საბურთალოზე) მიმართ. 

 

 

თუმცა, ამავდროულად, ფოტოებზე გამოთქმული უარყოფითი კომენტარების დიდი ნაწილი სწორედ კოალიციის მიერ წარდგენილ ზოგიერთ საარჩევნო კანდიდატზეა მიმართული. ერთ-ერთი მომხმარებლის აზრით, შუახევში არასწორი კანდიდატის (შოთა ზოიძე) გამო კოალიცია არჩევნებს წააგებს. გაკრიტიკებულია აჭარის და ხაშურის მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატები მურმან დუმბაძე და ვალერი გელაშვილი. ზოგი მათ „კომუნისტების დროინდელ მედროვეებს“ უწოდებს, ზოგი კი რეპუტაციას უწუნებს.

 

თავად კოალიციის კრიტიკასთან ერთად, ივანიშვილის გვერდზე უფრო ხშირად ისმის მთავრობის მიმართ ნეგატიური მოსაზრებები. მაგალითად, ზოგი ხელისუფლებას „მილიონების წყალში გადაყრაში“ ადანაშაულებს. ზოგი კი უკმაყოფილებას გამოთქვამს სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურის მიერ მოსახელობის პრობლემებზე არაეფექტური რეაგირების გამო. ამასთან ერთად, ბევრი ეჭვქვეშ აყენებს არჩევნების სამართლიანად ჩატარების პერსპექტივებს. ასევე, ბევრი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ივანიშვილის მიერ გამოყოფილი მილიონები სტიქიით დაზარალებულებს არ მოხმარდებათ. მთავრობის მიერ მათთვის 1 500 ლარის დარიგების პირობას კი „ხალხის აგდებად და დამცირებად“ მიიჩნევენ.

 

ივანიშვილის გვერდის სხვა კომენტარებიდან შეიძლება გამოიყოს, ასევე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის,  „იმედის“, „რეალტივის“ და „აიტივის“ და მათი ჟურნალისტების მიმართ უნდობლობის შემცველი მოსაზრებები. ისინი მათ პროფესიონალიზმსა და მოვლენების, განსაკუთრებით კი კოალიცია „ქართული ოცნების“ ღონისძიებების, არაობიექტურად გაშუქებაში ადანაშაულებენ.

 

გარდა ამისა, ივანიშვილის გვერდის მომხმარებლები ხშირად აკრიტიკებენ დასავლეთს ქვეყანაში არსებული ვითარების არასწორი შეფასების გამო.

 

აღნიშნული ანალიზი დაფუძნებულია ერთი თვის განმავლობაში პოლიტიკური სუბიექტების სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებზე მომხმარებლების მიერ დატოვებულ კომენტარებზე. როგორც გამოჩნდა, პარტიებისა და საჯარო პირების მხარდამჭერები განსხვავებული აქტივობით გამოირჩევიან. ზოგიერთი მათგანის შემთხვევაში გვერდი მოწონებული მოქალაქეს მცირე ნაწილს, შესაბამისად მათზე აქტივობაც დაბალია. თუმცა, არსებობს რამდენიმე მაგალითი, სადაც მომხმარებელთა საკმაო რაოდენობის მიუხედავად, დაბალია მათ მიერ დატოვებული კომენტარების სიხშირე. გარდა ამისა, გამოიკვეთა კომუნიკაციის დამყარებისთვის საკმაოდ არასწორი სტრატეგიის ნიშნები: ზოგჯერ იშლება კრიტიკულად განწყობილი მომხმარებლების კომენტარები. ასევე, პარტიის წარმომადგენლები თითქმის არასდროს პასუხობენ მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024