აქედან გამომდინარე, ნდობის ჯგუფის წარმატებული მუშაობისათვის აუცილებელია მისი დაკომპლექტება მოხდეს შესაბამისი კომპეტენციის, ბიოგრაფიისა და რეპუტაციის დეპუტატებით. სამწუხაროდ წინა, მერვე მოწვევის პარლამენტმა გააუქმა ნდობის ჯგუფის წევრებისათვის კენჭისყრის აუცილებლობა, რამაც ამ ჯგუფის მნიშვნელობა, მისი პოლიტიკურ წონა და ლეგიტიმაციის ხარისხი დააკნინა. აღნიშნული უნდა შეფასდეს, როგორც უსაფრთხოების სტრუქტურებზე დემოკრატიული კონტროლის კუთხით უკანგადადგმული ნაბიჯი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის” მოუწოდებს:
- საქართველოს პარლამენტს, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს ამ კომიტეტებისა და ნდობის ჯგუფის დაკომპლექტებას, რათა თავიდან აიცილოს მნიშვნელოვანი ზიანი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის;
- საქართველოს პარლამენტს, აღადგინოს ნდობის ჯგუფის წევრების კენჭისყრით დანიშვნის წესი და შესაბამისად დააკომპლექტოს ახალი ნდობის ჯგუფი;
- საქართველოს პარლამენტს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის 2013 წელს არასამთავრობო ორგანიზაციებთან გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ხელი შეუწყოს სამოქალაქო, დემოკრატიული კონტროლის განხორციელებას უსაფრთხოების სექტორზე და სამოქალაქო საზოგადოებას მიეცეს რეალური საშუალება, რომ ერთის მხრივ მონიტორინგი განახორციელოს მიმდინარე პროცესებზე, მეორეს მხრივ კი თანამონაწილეობით ხელი შეუწყოს უსაფრთხოების სფეროში რეფორმების შემდგომ განხორციელებას.
“კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის” განცხადების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი არის მედიაში გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ემზარ კვიციანის ნდობის ჯგუფში სავარაუდო დანიშვნასთან დაკავშირებით. თუმცა, მიგვაჩნია, რომ პრობლემის ინსტიტუციურ ჩარჩოებში მოსაგვარებლად და მომავალში ანალოგიური პრობლემების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ჩვენს მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციების განხორციელება. კოალიცია მზადაა აქტიურად ითანამშრომლოს პარლამენტთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე.