ქაოტური მშენებლობები ბათუმში ახალ მასშტაბებს იძენს

ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | ბლოგპოსტები 18 ოქტომბერი 2022

სტატია მომზადდა ირმა ზოიძისა და მირზა მამულაძის მიერ, “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” მიერ გამოცხადებული პროექტების კონკურსის ფარგლებში,  შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებლები არიან ავტორები, და შესაძლოა იგი არ გამოხატავდეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) შეხედულებებს. 

 

შესავალი

 

ბათუმში ბიზნეს საქმიანობის მთავარი წამყვანი მიმართულება მშენებლობაა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წლებია, ძირითადი სამშენებლო ობიექტები აპარტამენტები და საცხოვრებელი სახლებია.[1] ადგილობრივი ხელისუფლება, ტრადიციულად, მენაშენეებს სიმაღლის გადამეტების საშუალებას აძლევს, ნებართვის სანაცვლოდ კი მუნიციპალური საბინაო ფონდისთვის გარკვეული რაოდენობის ბინას ითხოვს. რამდენი სახლია ამ ეტაპზე ფონდში, ბათუმის მერია ამის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს, თუმცა ცნობილია, რომ ამ ქონებას მერია ახლა ავარიული სახლების პროგრამაში ჩასართავადაც იყენებს.[2]

 

ავარიული სახლების დემონტაჟის პროგრამა ქალაქ ბათუმის მერიამ 2022 წლის დასაწყისში დააანონსა. 2022 წლის 29 მარტს გამოიცა მთავრობის №159 დადგენილება „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე − სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“,[3] ამავე წლის 23 ივნისს კი საქართველოს პარლამენტმა, დაჩქარებული წესით, შეიტანა ცვლილება საქართველოს კანონში „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ (სამშენებლო კოდექსი).[4] კანონში ცვლილების ინიციატორი ქალაქ ბათუმის მერიაა.

 

ავარიული სახლების მეპატრონეებს თვითმმართველობა ერთ-ერთ ალტერნატივად მათი საკუთრების ტოლ ფართს ამ ფონდიდან სთავაზობს, თუმცა კვლევის პერიოდში გამოკითხული მოქალაქეების დიდი ნაწილი ამ პირობას არ სთანხმდება. წინააღმდეგობის მთავარი მიზეზი ფართის მოცულობაა, თუმცა მოქალაქეები უარს იმის გამოც ამბობენ, რომ ბინები, რომელსაც ავარიული სახლების მესაკუთრეებს სთავაზობენ, მათი შეფასებით, ნაკლებად კომფორტულია, ბევრისთვის მიუღებელია ლოკაციაც. ავარიული სახლების მესაკუთრეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეთავაზებულ სივრცეებში განათების და ინსოლაციის პრობლემაა, ასევე, ნაკლებია რეკრეაციული და პარკირების ზონები.

 

რეგულაციების დაცვის გარეშე მშენებლობებმა ქალაქში შეცვალა ეკოლოგიური გარემო და ახალი საცხოვრებელი სახლების მფლობელები დააზარალა. ურბანული ქაოსის დასარეგულირებლად აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თვითმმართველობას წლების განმავლობაში სთხოვდნენ ბათუმის განაშენიანების გეგმას. 2022 წლის დასაწყისში ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამ დოკუმენტზე მუშაობა დაიწყო, თუმცა ქალაქსა და მის მაცხოვრებლებს ის კვლავაც ვერ დაიცავს.

 

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში შეტანილი ცვლილებებით პარლამენტმა ბათუმში, ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში, თვითმმართველობას დროებითი ღონისძიების სახით სამშენებლო სივრცითი მოწყობის საერთო წესებიდან გადახვევის შესაძლებლობა მისცა, რაც სამშენებლო რეგულაციებიდან გადახვევას გულისხმობს. პროგრამაში ჩართულ მენაშენეებს მთელი რიგი რეგულაციების დაცვა კვლავაც არ ევალებათ.

 

წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილია ავარიული სახლების პროგრამის შესახებ ინფორმაცია, სამართლებრივი მხარე, კვლევის მიგნებები, ექსპერტების, ბინის მესაკუთრეების და სხვა დაინტერესებული მხარეების მოსაზრებები, რომლებთანაც სტატიის ავტორებმა ინტერვიუები ჩაატარეს.

 

ავარიული სახლების დემონტაჟის პროგრამის საფრთხეები

 

ბათუმის მერიამ ავარიული სახლების დემონტაჟის პროგრამაზე მუშაობა დაიწყო. სიცოცხლისთვის საშიში სახლების ჩანაცვლების გარდა, პროგრამა რამდენიმე დამატებით მიზანს ემსახურება. ხელისუფლებას ასევე სურს სამშენებლო ბიზნესის სტიმულირება, ინვესტიციების მოზიდვა, დასაქმების გაზრდა და ქალაქის იერსახის გაუმჯობესება.

 

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში 2022 წლის 23 ივნისს შესული ცვლილებებით, კანონის 141-ე მუხლს დაემატა 23-ე ნაწილი, რომლითაც „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების სახით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განაშენიანების დეტალური გეგმის გარეშე შესაძლებელია განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გაზრდა. ასევე დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით (შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლე, ფუნქციური ზონა და მისი რეგლამენტი (გარდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციებისა) გათვალისწინებულისგან განსხვავებული პირობებით ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციისა და სამშენებლო დოკუმენტაციის დამტკიცება ან მათში ცვლილებების შეტანა.“ პარადოქსულია, რომ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, ერთის მხრივ, საუბრობენ ავარიული სახლების პრობლემის მოგვარების აუცილებლობაზე, მეორე მხრივ, კი ხსენებული დანაწესი მერს აძლევს შესაძლებლობას, ისე გადაუხვიოს სამშენებლო პარამეტრებს, რომ არ გაითვალისწინოს სამშენებლო უსაფრთხოების ნორმებიც კი. ხელისუფლებამ ამ პროცესს დროებითი ღონისძიება დაარქვა და დაჩქარებული წესით ცვლილებებიც შეიტანა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ კოდექსში.

 

ექსპერტები პროგრამას კრიტიკულად აფასებენ და აცხადებენ, რომ „კეთილშობილური“ მიზნების უკან შესაძლებელია მხოლოდ სამშენებლო კომპანიების ინტერესები იდგეს. ასეთი მასშტაბური პროგრამის დაჩქარებული წესით და ექსპერტების ჩართვის გარეშე ამოქმედება სხვადასხვა სახის რისკს შეიცავს.

 

ომბუდსმენის სარჩელი

 

პროგრამის განხორციელებაში საფრთხეებს ხედავს საქართველოს სახალხო დამცველიც. ომბუდსმენმა სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს და დროებითი საგამონაკლისო წესის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.[5] მათი შეფასებით, ცვლილებების საფუძველზე შესაძლებელი გახდა ბათუმში დაგეგმილ მშენებლობათა ფართო წრეზე არ გავრცელდეს ისეთი სახის სამშენებლო ვალდებულებები, რომლებიც უზრუნველყოფს შენობა-ნაგებობის უსაფრთხოებას, ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოს და შშმ პირთა მისაწვდომობის უფლების რეალიზებას.

 

განსაკუთრებით საგანგაშოა შენობა-ნაგებობის სიმტკიცის, მდგრადობის, სახანძრო უსაფრთხოების და ევაკუაციის ნორმების დაუცველად სამშენებლო პროექტების განხორციელების შესაძლებლობა, რაც დიდ რისკს ქმნის ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის და არღვევს კონსტიტუციის მე-10 მუხლით დადგენილ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მიიღოს შესაბამისი ზომები ადამიანის სიცოცხლის დასაცავად.

 

სადავო ნორმებით შეჩერებულია მშენებლობების განხორციელებისას შშმ პირებისთვის მისაწვდომობის უზრუნველყოფის პირობაც, რითიც სახელმწიფო არღვევს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით ნაკისრ ვალდებულებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული, თანასწორი და დამოუკიდებელი მონაწილეობისთვის უზრუნველყოს შშმ პირებისთვის მისაწვდომი გარემო.

 

სახალხო დამცველის აზრით, გასაჩივრებული წესი დასაშვებად მიიჩნევს ბათუმში ისეთი სამშენებლო პროექტების განხორციელებას, რომელსაც შეუძლია ჯანმრთელობისთვის უვნებელ საცხოვრებელ გარემოზე სერიოზული უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს, გამოუსწორებელი შედეგი მოიტანოს სწორი ქალაქგეგმარებისთვის, რეკრეაციული და საჯარო სივრცეებისა შენარჩუნებისთვის.

 

სამხარაულის ექსპერტიზის საფუძველზე აჭრის მთავრობის თავმჯდომარემ 118 სახლის დემონტაჟი დააანონსა

 

ავარიული სახლების პროგრამას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქალაქის მთავარ პროგრამას უწოდებს - რაც ასევე თვალსაჩინოს ხდის ხელისუფლების ინტერესს ამ თემის მიმართ. თორნიკე რიჟვაძემ უმაღლეს საბჭოში წლიური ანგარიშის წარდგენისას 300-მდე სახლის ჩანაცვლების შესახებ გააკეთა განცხადება. ამ დროისთვის მერიას 118 სახლის სია აქვს რომლებზეც, მათი განცხადებით, სამხარაულის საექსპერტო დასკვნა არსებობს.[6]

 

 

 

პროგრამის მხარდასაჭერად ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან 80 მილიონი ლარი დაიხარჯება და მისი ათვისება ეტაპობრივად მოხდება.

 

2022 წლის 23 ივნისს პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით შეტანილი ცვლილებით საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი 2027 წლამდე საკუთრებაზე, რომელიც ავარიული სახლების სიაში მოხვდება ან საინვესტიციოდ მომგებიანად ჩაითვლება, ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დასაშვებს ხდის რეგულაციებიდან გადახვევას და „განსხვავებული პირობებით“ პროცესების მართვას.

 

ავარიული სახლების ჩანაცვლების მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების სახით შესაძლებელია განხორციელდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტების ზღვრული მაჩვენებლების გადამეტება, ასევე კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისაგან (შენობა-ნაგებობათა მაქსიმალური სიმაღლე, ფუნქციური ზონა და მისი რეგლამენტი, სატრანსპორტო და გამწვანების რეგულაციები, მიჯნის ზონისა და შენობა-ნაგებობის განთავსების წესის, ავტოსადგომების რაოდენობისა და სხვა) განსხვავებული პირობებით ქალაქთმშენებლობითი და სამშენებლო დოკუმენტაციის დამტკიცება ან მათში ცვლილების შეტანა.[7]

 

კოდექსში შეტანილი ცვლილებები მხოლოდ ავარიულ სახლებს არ ეხება. რეგულაციებისგან განსხვავებული ღონისძიების გამოყენება დასაშვებია ასევე კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების მიზნით; განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის განხორციელებისას და იმ ობიექტის დასრულების მიზნით, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიჩნევა დაუმთავრებელ მშენებლობად.[8]

 

განაშენიანების გეგმის ავტორები ავარიული სახლების პროგრამაზე

 

გასათვალისწინებელია, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის დაკვეთით, ქალაქს 2022 წლის ბოლოს ქალაქის განაშენიანების გეგმა უნდა ჰქონდეს. ამ დოკუმენტში ბათუმის მუნიციპალური ბიუჯეტიდან 2 100 000 ლარი იხარჯება, თუმცა მის დამტკიცებას ხელისუფლება არ ელოდება, უფრო მეტიც, სამშენებლო კოდექსში შეტანილი ცვლილებით, ოთხი წლის განმავლობაში, რეგულაციებისგან განთავისუფლებული სივრცეები არ დაექვემდებარება განაშენიანების რეკომენდაციებს.

 

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში შეტანილი ცვლილები კრიტიკულად შეაფასეს ბათუმის განაშენიანების (გრგ) დოკუმენტის ავტორებმა, კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლებმა. კომპანიის „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ შეფასებით, კანონი პოპულისტურია და არამდგრად მიზნებს ემსახურება. ამასთან, ზედაპირულად და დაბალი პროფესიული ხარისხითაა მომზადებული. პროექტის სამართლებრივი შეფასება მათ მესამე სექტორთან და სამოქალაქო აქტივისტებთან შეხვედრისას გააკეთეს.

 

გარდა ამისა, ამავე კომპანიის წარმომადგენლები ხელისუფლებას განაშენიანების დოკუმენტის მნიშვნელობას ახსენებენ და მის დანიშნულებას განმარტავენ. სწორედ ამორტიზირებული სახლების პრობლემის მოგვარებაზე უნდა მუშაობდნენ გრგ-ის დოკუმენტის შექმნის დროს სპეციალისტები, რომლებიც ხელისუფლებამ დაიქირავა, რადგან „ავარიული სახლები დაბალი ღირებულების და მაღალი მოქნილობის საქალაქო სივრცეებია, რომელთა რეორგანიზაციაც საშუალებას ქმნის ქალაქში გადაწყდეს საერთო სტრუქტურული პრობლემები“ - ამბობენ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლები. ქალაქის თვითმმართველობამ კი ისინი ამ პროცესიდან საერთოდ გაიყვანა. ამავე კანონით, კომპანია აღარ მონაწილეობს „საინვესტიციოდ“ გაცხადებულ ტერიტორიების განაშენიანებაშიც. ბათუმის გენერალური გეგმის დამუშავების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ აღიარებული გადამჭიდროებისა და სტრუქტურული რღვევის მწვავე პრობლემებზე მუშაობას ასახელებენ გრგ-ის შემსრულებლები, თუმცა მათ ამის შესაძლებლობას თვითმმართველობა არ აძლევს.

 

„გენერალური გეგმის დამუშავების გადაწყვეტილება და ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლება-განახლების მიმართ შემუშავებული დროებითი მიდგომა რეალურად ურთიერთგამომრიცხავია“ - აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები.

 

გრგ-ის ავტორები ინტერესდებიან - რას აპირებს ადგილობრივი ხელისუფლება მას შემდეგ, რაც ნორმების დარღვევით შეეცდება დააკმაყოფილოს იმ ადამიანების მოთხოვნები, რომლებიც ახლა დადგნენ ავარიული სახლების პრობლემის წინაშე. ავარიული და ამორტიზირებული საკუთრების თემა მუდმივი გამოწვევაა ურბანული გარემოსთვის, შესაბამისად მას სისტემური მიდგომა სჭირდება და არა „დროებითი ღონისძიება“.

 

გრგ-ის ავტორების პოზიცია კრიტიკულია პროექტში მუნიციპალიტეტის იმ სახით ჩართვასთან დაკავშირებითაც, როგორც ის დღეს არის წარმოდგენილი. ხელისუფლება პროგრამაში მატერიალურ დივიდენდს ითხოვს, რაც სპეციალისტების შეფასებით, აძვირებს პროექტის ღირებულებას. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, კერძო საკუთრების ანუ ამხანაგობის საერთო სივრცეებს ეზოს, სხვენს, ავტოფარეხის სივრცეს, კიბეს და სხვა ტერიტორიას, რომელიც საცხოვრებლად არ გამოიყენება, მერია საკუთრებად არ უთვლის მესაკუთრეებს. ავარიული სახლის ჩანაცვლებისას, დაინტერესებული პირების საკუთრებაში არ იანგარიშება:

 

ა) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება;

ბ) ავტოფარეხი;

გ) სარდაფი;

დ) სხვენის ფართობი, რომელიც არ გამოიყენება სამყოფად;

ე) სხვენის (შენობის ბოლო სართულის გადახურვის ზემოთ, გარე კედლებსა და ქანობიანი ან ბრტყელი სახურავის ფერდ(ებ)ის შიდა ზედაპირებს შორის განლაგებული სივრცე) ფართობი იმ შემთხვევაშიც, თუ მისი საშუალო სიმაღლე იატაკიდან ჭერამდე 1.6 მეტრზე ნაკლებია.[9] 

 

მერია ფართებს სთხოვს მენაშენესაც. ახალი შენობის დასრულების შემდეგ, საქართველოს კანონის „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებების თანახმად, „შენობა-ნაგებობის გაზრდილი ფართობის არანაკლებ 10%-ისა სასარგებლო ფართობის სახით უნდა დარეგისტრირდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.[10] ეს ფართობი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირდება, აღნიშნული მიდგომა თავშივე ეწინააღმდეგება პროგრამის სოციალურ პრინციპს და, ფასის ზრდასთან ერთად, რადიკალურად ცვლის მერიის, როგორც ჩართული მხარის დაინტერესების არსს. 

 

პროგრამის ეკონომიკური მხარე

 

ბათუმის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი მშენებლობის ეკონომიკის და მართვის მიმართულებით, პაატა ჩაგანავა პროგრამას სკეპტიკურად აფასებს. იგი პროექტს განუხორციელებელად მიიჩნევს მასში გაწერილი პირობების გამო: „მუნიციპალიტეტი ამხანაგობას საერთო სივრცეებს და დამატებით ფართობს არ უთვლის. როცა მესაკუთრე დეველოპერს ესაუბრება, ის თავის ფასს ეუბნება, მენაშენე კი თავისას, ახლა ამაში მუნიციპალიტეტიც ერთვება და ისიც გაცლის ფართობს, ძალიან რთული და გაუგებარი პროცესია, მე, პირადად, ასეთი შეთავაზების შემთხვევაში ძალიან გავბრაზდებოდი.“

 

ეკონომისტისთვის პროექტის ადმინისტრირების ფორმაც პრობლემურია, რადგან ის მასშტაბური და ძნელად მართვადია და, თან, სხვადასხვა მიზანს აერთიანებს. რეგულაციების რღვევის საკითხი ქალაქს სხვადასხვა მიმართულებით შეუქმნის პრობლემას: „ბენეფიციარები რამდენად კმაყოფილები იქნებიან ამ პირობით, რომელსაც ხელისუფლება სთავაზობს, ერთი საკითხია, მეორეა გარემო, რომელიც შეიცვლება როგორც მომიჯნავე მესაკუთრეებისთვის, ისე ზოგადად ქალაქისთვის. როცა აქ მასიურად, ნორმატივების დარღვევით ააშენებ, „ჩატენი“ ახალ შენობებს, რომელსაც ფართობი არ აქვს, გამწვანების სივრცე არ აქვს, ჰაერი არ აქვს, სიმჭიდროვე მაღალია, არ ითვალისწინებ სოციალურ სივრცეებს, ბაღებს, სკოლებს, ბავშვებს, სატრანსპორტო, სოციალური სარგებლობის სივრცეებს... ეკოლოგიურ პრობლემებს აჩენ. საბოლოოდ ეს ყველაფერი ფულში გამოიხატება და მისი კომპენსაცია ასევე ფინანსურ დანახარჯებს უკავშირდება.“

 

სოციალური პრობლემის და საბინაო საკითხების გადაჭრისთვის რეგულაციების უგულებელყოფა გაუმართლებელია როგორც ურბანისტებისთვის, ისე ეკონომიკის ექსპერტისთვისაც. პაატა ჩაგანავას შეფასებით შენობების უსაფრთხოების საკითხები უფრო საფუძვლიან შესწავლას მოითხოვს. „მნიშვნელოვანია დადგინდეს, ზუსტად რამდენი მწვავედ ავარიული სახლია ამ პერიოდისთვის ქალაქში, რომ მინიმალური ჩარევით, მხოლოდ ფინანსური თანამონაწილეობით და ნორმატივების დარღვევის გარეშე, მოხდეს ამ პრობლემის გადაჭრა (ოთხი წლის განმავლობაში, 80 მილიონი ლარით აფინანსებს ხელისუფლება პროგრამას). ამ კონტექსტში არარელევანტურია 26 მაისის ქუჩის ტრაგედიაზე აპელირება, რადგან ექსპერტების შეფასებით, ის არ უკავშირდება სახლის ავარიულობას და სახლის ჩამონგრევა სამშენებლო ნორმების დარღვევამ გამოიწვია,“- აცხადებს პაატა ჩაგანავა

 

რამდენიმე სრულიად განსხვავებული მიზნის ერთ პროექტში გაერთიანებას სპეციალისტი მიუღებლად მიიჩნევს. საკუთრების საკითხი მხოლოდ დეველოპერსა და მესაკუთრეს შორის მოლაპარაკების საგანი უნდა გახდეს. სოციალურ თემას, შესაძლოა, დამატებითი ხარჯებით მიეხედოს მერიის რესურსით, რომელიც ბიუჯეტში უკვე გაითვალისწინა ხელისუფლებამ. ეკონომისტის გათვლებით, 80 მილიონი შეიძლება სწორად და ეფექტურად დაიხარჯოს, თუ ის მხოლოდ ერთ მიზანზე, ადამიანების ყოფის გაუმჯობესებაზე იქნება ორიენტირებული: „მთავრობა აანონსებს 118 სახლის დემონტაჟს. თუ 4 წელზე გავთვლით საშუალოდ წელიწადში 23 მრავალსართულიანი სახლის მშენებლობა იგეგმება. დაახლოებით 1 მილიონი ლარი ერთ სახლზე. ხელისუფლება მას შემდეგ უნდა ჩაერთოს ამ პროცესში, რაც ორ მხარეს შორის მოლაპარაკება შედგება და ამ ადამიანებისთვის დამატებითი ფართები თავად შეისყიდოს.“

 

ქალაქის ურბანულ განაშენიანებას პაატა ჩაგანავა ტურიზმის ეკონომიკის ჭრილშიც აფასებს. ის ავტორია კვლევისა, რომელშიც ძველი ბათუმის ეკონომიკური ანალიზის ქალაქის დანახარჯები-სარგებელის კუთხით აანალიზებს. ამ კვლევამ აჩვენა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, ქალაქის ტურისტული პოტენციალი იზრდება სწორედ რეგულაციების დაცვით და მისი იდენტობის შენარჩუნებით, რის საწინააღმდეგო პროცესიც უკვე წლებია ქალაქში მიდის: „დასახლების ინტენსივობა იზრდება რეგულაციების გარეშე, რაღაც დრომდე ეს გაგრძელდება და, საბოლოოდ, ბათუმის, როგორც კურორტის ციკლი წამოვა ქვემოთ და ყველაფერი მას მიჰყვება. ამ ტიპის პოლიტიკა შეცვლის გარემოს, მას საცხოვრებლად რთულს გახდის და, შესაბამისად, ცუდად იმუშავებს ეკონომიკაზე. თუმცა დღეს ბიზნესი ზეწოლას ახდენს ხელისუფლებაზე და სთხოვს მას შეცვალოს წესები. ეს მოცემულობაა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ეს ფაქტია და რახან ვერაფერს ცვლის, ახლა თვითმმართველობა ცდილობს თავადაც მიიღოს სარგებელი აქედან,“ - ამბობს ექსპერტი.

 

პროგრამის ბენეფიციარების და მომიჯნავე სახლების ბედი

 

არქიტექტორი გია რამიშვილი ძველი ბათუმის მაცხოვრებელია. ისიც ასევე კრიტიკულია პროგრამის შეფასებისას. ასეთი მასშტაბის პროექტისთვის რეგულაციებიდან გათავისუფლების პრეცენდენტი მას არ ახსოვს. არქიტექტორს დაუშვებლად მიაჩნია პროექტის ამ ფორმით განხორციელება, რადგან, მისი შეფასებით, სამშენებლო რეგულაციებიდან გადახვევა მხოლოდ მენაშენის ინტერსებს ემსახურება, მათ სარგებელზეა მორგებული და, შესაძლოა, მათი კარნახით დაიწერა: „ვფიქრობ, ეს მენაშენეების დაწერილი პროგრამაა, მათი ზეგავლენითაა დაწერილი. ამისთვის დიდი ხანია ემზადებიან“.

 

გია რამიშვილს, როგორც ავარიული სახლის მომიჯნავე სახლის მფლობელს, ეს პროგრამა პირდაპირ ეხება. მეზობლის სახლი, რომლისგანაც მას გაბზარული კედელი ჰყოფს, სამხარაულის საექსპერტო დასკვნით, ავარიულად მიიჩნევა. სპეციალისტის შეფასებით, პროგრამა არ არის ორიენტირებული არც თავად იმ სახლების მფლობელებზე, რომლებიც ავარიულ სახლებში ცხოვრობენ და საერთოდ არ არის გათვალისწინებული მათ მომიჯნავედ არსებული მოსახლეობის ინტერესებიც: „ამ პროცესს სერიოზული შესწავლა სჭირდება და არა ასეთი კავალერისტული მიდგომა, უცებ რომ შეესივნენ და მთელი ბათუმისთვის „გამოაცხვეს“ რამდენიმე ასეული სახლის სია. დღევანდელი 118 ხვალ შეიძლება 518 გახდეს. ამაში თავად მოქალაქეებიც მიიღებენ მონაწილეობას, - მიიჩნევს არქიტექტორი, - ძალიან ზედაპირულად, გაუაზრებლად არის გაკეთებული და ხელების გადაგრეხვით“. პროგრამა რომ მოსახლების ინტერესებზე ნაკლებად არის ორიენტირებული, ამის დასტურად არქიტექტორი ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ინიციირებულ კანონპროექტს იხსენებს, სადაც ქალაქის მერი მობინადრეების საკუთრების ექსპროპრიაციასაც კი ითხოვდა.

 

მერის ინიციატივა, მასთან დაკავშირებული რისკები და სათათბირო საბჭო

 

ქალაქის მერი, არჩილ ჩიქოვანი, პროგრამის დასაწყებად ცვლილებების შეტანას ორ დოკუმენტში ითხოვდა. სამშენებლო კოდექსის მიერ დადგენილი ნორმების დარღვევის გარდა, ის ავარიული სახლების პროგრამაში მონაწილე იმ ადამიანების იძულებით გასახლებასაც (ექსპროპრიაციას) მოითხოვდა, რომლებიც ამ პროცესს არ დასთანხმდებოდნენ და, მათთვის შეთავაზებული პირობებით, საკუთრების ჩანაცვლებაზე უარს იტყოდნენ. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ კანონში პროგრამის ფარგლებში ცვლილების შეტანას პარლამენტი არ დაეთანხმა.

 

ქალაქ ბათუმის მერის მიერ ინიციირებული კანონპროექტები გაუმართლებლად და დაუშვებლად მიიჩნიეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც და საგანგებო განცხადებაც გაავრცელეს. „ბათუმის ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა დაუშვებელ საკანონმდებლო ცვლილებებს იწვევს,“ - აცხადებდნენ მესამე სექტორის წარმომადგენლები.[11]   

 

საქართველოს პარლამენტმა თვითმმართველობას დაუკორექტირა კანონპროექტის ის ნაწილიც, რომლითაც იგი მერისთვის განუსაზღვრელი უფლებამოსილების მინიჭებას ითხოვდა და ქალაქის ხელმძღვანელისგან ექსკლუზიურად გადაწყვეტილების შესაძლებლობას ითვალისწინებდა. მიღებული რედაქციით ავარიული სახლის ჩანაცვლებისთვის მერმა თემატური სათათბირო საბჭო უნდა შექმნას და მასთან შეათანხმოს პროექტები. საბჭოს პოზიციის გათვალისწინება სავალდებულოა, თუმცა მისი დაკომპლექტება მერის უფლებამოსილებაშია. საბჭოს დაკომპლექტების წესს საკრებულო ადგენს. მესამე სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეს ჩანაწერი ფორმალურია.[12]ეს შემდგომ დადასტურდა კიდეც, რადგან ქალაქის მერმა საბჭოს საჯარო მოხელეებით დაკომპლექტების შესახებ უკვე მიმართა ბათუმის თვითმმართველ ორგანოს. ამ ინიციატივას საკრებულოს სხდომაზევე მესამე სექტორის მწვავე კრიტიკა და პროტესტი მოჰყვა, თუმცა საკრებულოს წევრებმა უმრავლესობიდან ის მაინც დაამტკიცეს. მერი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტებს კონსულტაციებისთვის მოიწვევს.[13]

 

სამხარაულის საექსპერტო დასკვნა სახლის ავარიულობის შესახებ

 

არქიტექტორი, გია რამიშვილი გამორიცხავს, რომ ყველა იმ 118 შენობაზე, რომელიც მერიამ ავარიული სახლების სიაში შეიტანა ერთნაირი დასკვნა გაეკეთებინა სამხარაულის ექსპერტიზას. დასკვნების გასაცნობად მერისგან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე პასუხი ამ დრომდე არ არის ხელმისაწვდომი.

 

„ყველა ეს 118 სახლი დაწვრილებით იქნა შესწავლილი? გვაქვს ლაბორატორიული დასკვნები? საძირკვლების მდგომარეობა ვიცით, გრუნტის, კედლების, სახურავის დატვირთვების, ცვეთა, ამორტიზაცია? დარწმუნებით ვიცით, რომ აუცილებელია ლიკვიდაცია და სხვანაირად არ შეიძლება?“ - კითხულობს არქიტექტორი. ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს საექსპერტო დასკვნა ახლავს იმ დოკუმენტებს, რომელიც ქალაქ ბათუმის მერიამ გადასცა ამხანაგობის თავმჯდომარეებს იმ წერილთან ერთად, რომელსაც ქალაქის მერი არჩილ ჩიქოვანი აწერს ხელს. მერი ატყობინებს ამხანაგობას, რომ მათი სახლი ავარიულია და, მობინადრეების თანხმობის შემთხვევაში, ისინი ავარიული სახლების პროგრამის ბენეფიციარები გახდებიან.

 

ერთ-ერთი ამხანაგობის, 9 მარტის ქუჩა N3-ის მცხოვრებლებისთვის გადაცემული ასეთი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო მხოლოდ ვიზუალურად ათვალიერებს შენობას. ექპერტიზის დასკვნა 2019 წლის მაისით თარიღდება. იმავე დოკუმენტით მერიას ამ კომპანიისთვის 2018 წლის 15 ივნისს მიუმართავს.

 

არქიტექტორ გია რამიშვილისთვის უკიდურესად მიუღებელია ავარიული სახლების პრობლემის გადაჭრის გზები. საკითხის გადაწყვეტა, რეგულაციის მთლიანად გაუქმების ხარჯზე, იქ არსებული გარემოს ცვლილებას გამოიწვევს, რასაც არ ითვალისწინებს პროგრამა.

 

ბათუმის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის Nგ-15.15221684 განკარგულებით, ავარიული სახლების სიაში მოხვდნენ ის შენობები, რომელთა ავარიულობის ხარისხი V, IV ან III კატეგორიისაა. კანონი ავარიული სახლის განმარტებასაც აკეთებს - „ავარიული სახლი – მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ან მრავალბინიანი საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი შენობა-ნაგებობა, მათ შორის, საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე მდებარე ე.წ. ბარაკები, რომელთა ავარიულობის ხარისხი არის V, IV ან III კატეგორია და უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და ექვემდებარება დემონტაჟს ან უკვე დემონტირებულია ან მისი აღდგენა-გამაგრება არარენტაბელურია.“[14]     

 

რას არ შეეხება სამშენებლო რეგულაციები

 

სამშენებლო კოდექსში შეტანილი ცვლილებით ახალი, მრავალბინიანი და მრავალფუნქციური სახლების მშენებლობის ხელშესაწყობად მენაშენეს შეუძლია ნებართვა მიიღოს მშენებლობაზე „თუ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე მრავალბინიანი ან მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლები ავარიულია და გამაგრებას არ ექვემდებარება, რაც დადასტურებულია შესაბამისი საექსპერტო დასკვნით, რომლის თანახმად, ამ სახლების არსებობა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.“ საქართველოს სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში შეტანილი ცვლილება ქმნის საფრთხეს ურბანული გარემოს რღვევის კუთხით. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მკაცრად განისაზღვროს შენობის ავარიულობის ხარისხი და მისი ჩანაცვლების პირობა. მუნიციპალური ხელისუფლებისგან შემდგომში დამტკიცებულ კანონქვემდებარე აქტებში ავარიულობის ხარისხი კატეგორიებად არის დაყოფილი და იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას. თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით, მე-V და მე-III კატეგორიის დაზიანების მქონე შენობები ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის ერთნაირად საფრთხის შემცველი ვერ იქნება. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, დადგინდეს დაზიანების სიმწვავე და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მოხდეს მათი დემონტაჟი. პროგრამის ფარგლებში კატეგორიების და ავარიულობის ხარისხის ასეთი ფართო დივერსიფიცირება, სამშენებლო რეგულაციების დაცვის გარეშე, სახლის დემონტაჟის მასშტაბების უკონტროლოდ გაზრდის საფრთხეებს ქმნის. მუნიციპალური მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, სათათბირო საბჭოს დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, ახალი, მრავალბინიანი საცხოვრებელი და მრავალფუნქციური სახლების მშენებლობისთვის შესაძლებელია განაშენიანების დეტალური გეგმის გარეშე განხორციელდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტის და ინტენსივობის (მოსახლების სიმჭიდროვე) ზღვრული მაჩვენებლების გადამეტება.

 

მუნიციპალურ პროგრამაში ჩართვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების საწინააღმდეგოდ შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლის გაზრდისა და ფუნქციური ზონის შეცვლის პირობაა. შესაძლებელია, უკვე შემუშავებული და დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თავიდან არიდება, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. არ არის სავალდებულო სატრანსპორტო და გამწვანების რეგულაციების დაცვა, ასევე მიჯნის ზონის (სახლებს შორის დაშორების) და შენობა-ნაგებობის განთავსების წესის დაცვა, ავტოსადგომების რაოდენობის და სხვა მოთხოვნების გათვალისწინება, გარდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციებისა. ამასთანავე, დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების კომპენსირებისთვის შესაძლებელია სხვა ღონისძიებების გამოყენება.[15]

 

რას ნიშნავს სიმაღლის ანუ K2 კოეფიციენტის გაზრდა

 

არქიტექტორი, გია რამიშვილი, ცდილობს კონკრეტული მაგალითით ახსნას, რატომ შეიძლება სიმაღლეების გადამეტება გახდეს პრობლემა გარემოსა და, ზოგადად, მაცხოვრებლისთვის: „მარტივი მაგალითებით უფრო ადვილი ასახსნელია ეს მოსახლეობისთვის. რას ნიშნავს K2 გაზრდა?! მაგალითად, მიკროავტობუსები რომ ავიღოთ. დავუშვათ გვყავს 10 და 12 ადგილიანი მიკრო ავტობუსი. აქ განსაზღვრულია ის სივრცე, რომელიც სჭირდება ამ ავტობუსში ადამიანს. რეალურად K2-ის გაზრდა ნიშნავს იგივე ტრანსპორტში, რომელიც რეალურად 10, 12 ან 14 ადგილიანია, ვთქვათ, შევძლებთ 40, 45, 64 ადამიანის მოთავსებას. შეიძლება მოათავსო კიდეც, მაგრამ ამით მკვეთრად უარესდება სხვა სასიცოცხლო მაჩვენებლები. იქ საუბარია სანიტარიაზე, განიავებაზე, ვენტილაციაზე... ძალიან ბევრი სხვა ფაქტორია.“

 

სხვა სპეციალისტების მსგავსად, გია რამიშვილიც პროგნოზირებს, რომ იმ პარამეტრებით, რომელიც პროგრამაშია გაწერილი, არა მხოლოდ ის საცხოვრებელი გარემო ხდება უხარისხო, რომლის დემონტაჟსაც აპირებს მერია, ანუ დაბალი სასიცოცხლო პარამეტრებია, არამედ ძალიან დიდი ზიანი მიადგება გარემოს და ირგვლივ მაცხოვრებლებს. რეგულაციები სწორედ იმას ემსახურება, რომ საციცოცხლო გარემო არ უნდა გაუარესდეს. „ზოგადად, რეგულაციის დანიშნულებაა, დაადგინოს მინიმალური ზღვარი იმისთვის, რომ სხვისი საარსებო პირობები არ დააზიანო. ამ ჩანაწერით ორივე ნადგურდება, ისიც, რასაც ეხებიან და, მისი მომიჯნავეც“.

 

ავარიული სახლების ბენეფიციარები პროგრამაზე

 

შესაძლებელია თუ არა ასეთ პირობებზე უარი თქვას მოსახლეობამ? ბენეფიციარების ნაწილი შესაძლოა დასთანხმდეს კიდეც ამ პირობებს. მოსახლეობას არ აქვს სრული ინფორმაცია და ადვილია ხელისუფლების პროპაგანდის ზეგავლენის ქვეშ მოექცეს, ნაწილს კი, შესაძლოა, ნამდვილად სურს ცვლილება და, რადგან სხვა ალტერნატივა არ არსებობს, მიიღებს კიდეც ამ პირობებს.

 

ხელისუფლება პროგრამის განხორციელებას ძალიან ჩქარობს. გარდა იმისა, რომ თავადაც დაჩქარებული წესით იღებს გადაწყვეტილებას, არც მოსახლეობას აძლევს დიდ დროს. ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტის ბოლოს, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა #159 დადგენილება გამოსცა ავარიული სახლების ჩანაცვლების თაობაზე, ავარიული სახლების სიაში მოხვედრილი მოსახლეობის ნაწილმა მიიღო შეტყობინება. თვითმმართველობა მესაკუთრეს აცნობდა, რომ მათი სახლი „ავარიული სახლების პროგრამაშია“ და 30 დღის განმავლობაში უნდა მიეწოდებინათ ამხანაგობის ყველა წევრისგან თანხმობის წერილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროგრამაში ვეღარ მოხვდებოდნენ. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, სახალხო დამცველის მიერ პროგრამის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებაზე გამოხმაურებისას, დაასახელა იმ ამხანაგობების რაოდენობა, რომლებმაც უკვე გამოთქვა პროგრამაში მონაწილეობაზე თანხმობა. მიუხედავად იმისა, რომ მერს ჯერ სათათბირო საბჭოც კი არ დაუკომპლექტებია, თორნიკე რიჟვაძე აცხადებს: „მერიამ უკვე დაიწყო 4 პროექტი იმ ფინანსური რესურსით, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსებიდან იქნა გამოყოფილი და 200-ზე მეტი ოჯახი მერიის მიერ განხორციელებული პროგრამის ფარგლებში მიიღებს შესაბამის საცხოვრებელს“.[16]

 

კვლევის ფარგლებში გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მერიას ამ ეტაპზე 22 ამხანაგობის თანხმობა აქვს. მათი ნაწილი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსია, თუმცა ხელისუფლება ყველას დემონტაჟს არ გეგმავს და მხოლოდ ინფრასტრუქტურის და წყალანირების სისტემის მოწესრიგებას სთავაზობს. არასრულად მოწოდებულ ინფორმაციაში მხოლოდ იმ სახლების მისამართებია, რომლებთანაც, მერიის განცხადებით, თანხმობა მიღწეულია. ამ სიაშია ბარათაშვილის ჩიხის №4 სახლიც. ორ სართულზე დამატებულ მანსარდიანი სახლი ქალაქის ცენტრალურ ადგილას, ცირკის გვერდით მდებარეობს. მაცხოვრებლების თქმით, სახლი მე-19 საუკუნის ბოლოს არის აშენებული. შენობის სიძველის დადგენა ვიზუალურადაც შესაძლებელია. ის იმ პერიოდის განაშენიანებისთვის დამახასიათებელი ტიპური სახლია და, ამ და სხვა მახასიათებლით, ერთგვარად უნიკალურიც კი. მნიშვნელოვანია, რომ ამ სივრცეში ჯერაც შენარჩუნებულია ძველი ბათუმის მასშტაბები და, ამ პროგრამის ფარგლებში დაშვებული რეგულაციებიდან გადახვევის და სიმაღლის მომატების შემთხვევაში, ლანდშაფტი მთლიანდ ირღვევა. დავით ბერიძე ამ სახლის ამხანაგობის ერთ-ერთი წევრია. მისი თქმით, სახლის მაცხოვრებლებს ხელისუფლება არასტანდარტულ შეთავაზებას უკეთებს. ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების გეგმის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ განკარგულებით: გ-15.15221684 ავარიული სახლის ადგილას ახალი შენობა-ნაგებობის აშენების შემთხვევაში, ავარიული სახლის ადგილას აშენებულ სახლში, დაინტერესებულ პირს გადაეცემა არანაკლებ მის საკუთრებაში არსებული ფართობის ტოლი ფართობი გარემონტებულ მდგომარეობაში. თუმცა, დასაშვებია, ფართის ცდომილება გონივრულ ფარგლებში, რომელიც რეგულირდება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. ეს ჩანაწერი იძლევა საშუალებას, პროგრამის ბენეფიციარებს ხელისუფლება მიუდგეს არასტანდარტულად და დისკრიმინაციული წესით. ამის მაგალითია ბარათაშვილის ჩიხის №4 სახლიც. აქ მაცხოვრებლებს ხელისუფლება მათ საკუთრებაზე დამატებით 30 პროცენტით მეტ ფართს სთავაზობს, ოღონდ ე.წ. „შავი კარკასის“ სახით. დავით ბერიძე დასთანხმდა ამ პირობას, მიუხედავად იმისა, რომ მომატებული ფართის პირობებშიც მოუწევს სახსრების მოძიებაზე ზრუნვა: „ბანკიდან უნდა გამოვიტანო სესხი, რომ სახლში ყველა საჭირო გაყვანილობა გავაკეთო. თავიდან იქნება გასაყვანი, გაზი, წყალი, შუქი. სიმართლე გითხრათ, ძალიანაც მეზარება, მერჩივნა ეს გაერესტავრირებინათ, 71 წლის ვარ უკვე, აქ დავიბადე და გავიზარდე, მიყვარს ეს სახლი, მაგრამ შემპირდნენ, რომ დამატებით ფართს იზოლირებულად გააკეთებენ, გავარემონტებ, გავაქირავებ და შემოსავალიც მექნება“. ამხანაგობის წევრებს სახლის მხოლოდ გარე ფასადის ვიზუალური მხარე აქვთ ნანახი და, იციან, რომ ის რვა სართულიანი იქნება.

 

 

როგორ გააგრძელებს მერია ამხანაგობებთან მოლაპარაკებას და რას შესთავაზებს, დამატებითი კვლევის საგანია. იხელმძღვანელებს წესით, რომლის თანახმადაც გასცემს მესაკუთრის ფართის ტოლ ფართს, თუ გამონაკლისებით იხელმძღვანელებს, ეს მომავალში დადგინდება, თუმცა ამ ეტაპზე, ჩვენი დაკვირვებით, ავარიული სახლების სიაში მოხვედრილი საკუთრების მფლობელებთან შეხვედრისას, გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა:

 

- სიაში მოხვედრილი სახლების მობინადრეების ნაწილი არ მიიჩნევს მათ სახლს ავარიულად და არ სურს პროგრამაში მონაწილეობა.

 

- ისინი, ვინც თანახმა არიან პროგრამაში მონაწილეობაზე, უარს ამბობენ ადგილმონაცვლეობაზე და სურთ იმავე სივრცეში დაკმაყოფილდნენ და იმაზე მეტი ფართით, ვიდრე პროგრამით არის გათვალისწინებული.

 

- პროგრამაში მონაწილეობის შემთხვევაში რეგულაციებისგან გათავისუფლების პირობას თავისი პოზიციიდან უყურებენ ბენეფიციარები. სიმაღლის შეზღუდვის მოხსნა მოქალაქეებს აძლევს ლეგიტიმურ მოლოდინს, რომ მათ უფრო მეტი ფართით დააკმაყოფილებენ, ვიდრე პროგრამით არის განსაზღვრული.

 

კულტურული მემკვიდრეობა ავარიული სახლების დემონტაჟის კონტექსტში

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, სახალხო დამცველის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის შემდეგ, რამდენჯერმე გამოვიდა მედიით და პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია გააჟღერა. მან დააანონსა, რომ 1 სექტემბრიდან ქალაქის ისტორიულ ზონაში ახალი ფინასური უზრუნველყოფის საშუალებით, რომლის წყაროც არ დაუზუსტებია, რეაბილიტაციის პროგრამა იგეგმება და ამ ზონაში სიმაღლის გადამეტება არ მოხდება: „საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ მსურს განვმარტო, რომ ძველ ბათუმთან დაკავშირებით, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია იერ-სახის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნება, მათი მოვლა. ამიტომ, კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ეს ცვლილებები არ ეხება ძველ ბათუმს. შენარჩუნდება მორატორიუმის რეჟიმი, მოხდება მხოლოდ ძეგლების რეაბილიტაცია კანონმდებლობით დასაშვებ ნორმებსა და ფარგლებში.“

 

ხელოვნებათმცოდნე, სოფო ჭანიშვილი, ასევე ცხოვრობდა სახლში, რომელიც ავარიული სახლების სიაში მოხვდა. ის ამჟამად დიდ ბრიტანეთში საქმიანობს, ისტორიულ სახლში მისი მშობლები დარჩნენ. სოფო ჭანიშვილი მიიჩნევს, რომ მისი სახლი ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსს იმსახურებს და, სწორედ ამიტომ, კატეგორიულად ეწინააღმდეგება სახლების დემონტაჟის პროცესში ამ სახლზე მუშაობას. ხელოვნებათმცოდნე ბათუმის მერიის ისტორიული განაშენიანების ზონის განვითარების განყოფილების უფროსი იყო. მანამდე კი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში მუშაობდა. მისი რეკომენდაციით, თვითმმართველობამ: „ავარიული სახლების რეაბილიტაციის პროცესში კვლევათა შედეგად უნდა გამოკვეთოს ცალკეული მიმართულებებისა და ზოგადი ხასიათის დასკვნები, რომელთა საფუძველზე უნდა მოხდეს ქალაქის კოლორიტის შენარჩუნება და ღირებულების მქონე ფასეული სახლების ჯანმრთელი არქიტექტურული სახის შემქმნელი რეკომენდაციების შემუშავება, როგორც რესტავრაციის, ისევე ახალი მშენებლობისათვის. ყოველივე ეს იქნება საწინდარი იმის, რომ ურბანულ ქსოვილში ნებისმიერი ჩარევის დროს უგულვებელყოფილი არ იყოს ბათუმის არქიტექტურულ-კულტურული და ისტორიული ღირებულებები და ეს რეალიები ყოველთვის განხილული იყოს ქალაქის ერთიან კონტექსტში“.

 

ის ბათუმის ისტორიულ რაკურსსაც მიმოიხილავს: „აქ დასახლება უძველესი დროიდან არსებობდა, თუმცა, ურბანულ ქალაქად მისი გარდაქმნა მხოლოდ XIX ს-ის მეორე ნახევარში დაიწყო და საუკუნის ბოლომდე უკვე საკმაოდ განვითარებული ქალაქური სახე შეიძინა. ბათუმის გეოგრაფიულმა პირობებმა მნიშვნელოვნად განაპირობა ქალაქის გეგმარებითი ქსოვილი და არქიტექტურულ - სივრცობრივი სახე. ზღვისპირა მოვაკებაზე შესაძლებელი გახდა მოწესრიგებული კვარტლების დაპროექტება. მოწესრიგებული განაშენიანება, შიდაკვარტალური დაგეგმარება, მათში გაბნეული არქიტექტურული ნიმუშებით აყალიბებს ისტორიულ გარემოს, რაც ქმნის ქალაქის უნიკალურ სილუეტს და კულტურულ, ფასეულ მემკვიდრეობას. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, ნაშენი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და მათზე ზრუნვა“.

 

აქტივისტი, კულტურული მემკვიდრეობის დამცველი, საზოგადოება „ბათომის“ წევრი, შოთა გუჯაბიძე თავად პრინციპს, რომ სახლს, რომელსაც მერია „არარენტაბელურად“ მიიჩნევს, ჩანაცვლებას უპირებს, - კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნევს. მისი თქმით, ეს ეწინააღმდეგება კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკას და დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ის სკეპტიკურად უყურებს აჭარის მთავრობის განცხადებას ბათუმის ისტორიულ ზონაში მორატორიუმის გამოცხადებასთან დაკავშირებითაც. ისტორიული ზონის საზღვრები კომპანია „გეოგრაფიკის“ მიერ რამდენიმე წლის წინ გაკეთდა. ამ დოკუმენტშიც თვითმმართველობამ 20 ათასი ლარი გადაიხადა, თუმცა საბოლოოდ ზონა არ დაამტკიცა.

 

კვლევის ძირითადი მიგნებები

 

წარმოდგენილი კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა მეტად მნიშვნელოვანი გარემოებები. განსაკუთრებით აღსანიშნავია მთელს ამ პროცესში სახელმწიფო ორგანოების მოწადინება ფორსირებულ ტემპში მიიღონ გადაწყვეტილებები იმგვარად, რომ არ გაითვალისწინონ დაინტერესებული ადამიანების პოზიცია, მათ შორის, აბსოლუტურად უგულებელყოფილია ავარიული თუ მისი მიმდებარე კორპუსების მაცხოვრებელთა ინტერესები, წარმოდგენილი პროექტით ერთადერთი სეგმენტია კმაყოფილი - ბიზნესმენები, შესაბამისად ხელისუფლების მიერ ე.წ. „ავარიული სახლების“ პრობლემის გადასაწყვეტად წარმოდგენილი გეგმის საფარ ქვეშ ვიღებთ მხოლოდ მენაშენეთა ბიზნეს ინტერესების დაკმაყოფილების სქემას.

 

საინტერესოა, რომ მთელს ამ პროცესში აბსოლუტურად გაურკვეველია, ავარიული სახლების სიაში შეტანილი 118 კორპუსიდან რომელი რა მდგომარეობაშია, რამდენად დეტალურად შემოწმდა მათი მდგომარეობა? მიუხედავად ამ საკითხთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისა, დღემდე არ არის ის ხელმისაწვდომი დაინტერესებული პირებისთვის, რაც, სხვა ყველაფერთან ერთად, ინფორმაციის თავისუფლების კონსტიტუციური პრინციპის დარღვევაცაა.

 

არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ წარმოდგენილი გეგმის თანახმად, კომპენსირებას არ ექვემდებარება ავარიული კორპუსების საერთო თუ ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ცალკეული ფართები, რაც საკუთრების უფლების დარღვევაა, პროგრამით „მოსარგებლე“ ბენეფიციარები კი იძულებულნი არიან, დაეთანხმონ შემოთავაზებულ კაბალურ პირობებს, რადგან არჩევანის გაკეთება უწევთ უფრო ცუდსა და უარესს შორის, უკმაყოფილების შემთხვევაში, მათ ემუქრებიან ისეთივე მძიმე პირობებში დატოვებით.

 

პროექტის განხორციელების პროცესში არ არის გათვალისწინებული ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმის სახელმძღვანელო პრინციპები, რომელიც 2022 წლის ბოლოსთვის უნდა დამტკიცდეს. მეტიც, მერს, მინიჭებული შეუზღუდავი ძალაუფლების ფარგლებში, შეეძლება მარტივად გადაუხვიოს განაშენიანების გეგმას.

 

პროცესში არ იქნა გაზიარებული არც ექსპერტების მოსაზრებები და წარმოდგენილი გეგმის განხორციელება ხდება იმგვარად, რომ ის არანაირ ექსპერტულ ცოდნას არ ეფუძნება. აბსოლუტურად ბუნდოვანი და გაურკვეველია ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და ძველი ბათუმის იერსახის შენარჩუნების საკითხიც.

 

დასკვნა

 

ავარიული სახლების პროგრამის შესახებ სპეციალისტებისგან და გამოკითხული მოსახლეობების დიდი ნაწილისგან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება გამომჟღავნდა. სოციალური, მიზნობრივი პროგრამისთვის, რომელიც მწვავედ ავარიული სახლებით გამოწვეული რისკებისგან მოსახლების დაცვას გულისხმობს, კომერციული დატვირთვის მიცემა მის მიზნობრიობას ცვლის. თვითმმართველობის მიერ დაგვიანებით და ნაწილობრივ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ პროგრამაში შეთავაზების პირობას 118 ამხანაგობიდან, ამ ეტაპზე, მხოლოდ მცირე ნაწილი დასთანხმდა, თუმცა, ამ შემთხვევაშიც, ხელისუფლება მათ მიერ შემუშავებული წესის სტანდარტებით არ სთავაზობს მომსახურებას და გამონაკლისებით ხელმძღვანელობს. პრეცენდენტი, რომელსაც დღეს მუნიციპალიტეტი ქმნის, დისკრიმინაციულია და არათანაბარ პირობებში აყენებს ავარიული სახლის მაცხოვრებლებს. ბენეფიციარების დაკმაყოფილება მოხდება იმის მიხედვით, თუ რამდენად კომერციულად მომგებიანია მენაშენისთვის ესა თუ ის ტერიტორია და, შესაბამისად, უღირს თუ არა მას დამატებით ფართებზე მოლაპარაკების წარმოება ბენეფიციარებთან. შესაძლებელია, მივიღოთ ასეთი სურათი, როცა კომერციულად არამომგებიან შემთხვევებში, მოლაპარაკებით საერთოდ არ დაინტერესდეს მენაშენე და ავარიული სახლის მფლობელი დარჩეს კვლავ საფრთხის შემცველ პირობებში. ისინი ისარგებლებენ პროგრამის ფარგლებში რეგულაციების გარეშე მშენებლობის პირობით და ქალაქის განაშენიანების რღვევის ხარჯზე მოხდება მენაშენეების კომერციული ინტერესების დაკმაყოფილება, ბენეფიციარები კი პროგრამის მიღმა დარჩებიან.  

 

______

 

[1] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/621/informatsia-msheneblobaze-gatsemuli-nebartvebisa-da-ekspluatatsiashi-mighebuli-obiektebis-shesakheb

[2] ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების გეგმა - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესი ხელმისაწვდომია: https://batumicc.ge/files/uploads/danarti_7_dadgenilebis/gankarguleba_1515221681/1515221683_danartebi/-1515221684_-__1_-___.pdf 

[3] ბათუმი ავარიული სახლების გარეშე − სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ მთავრობის 2022 წლის 29 მარტის N159 დადგენილება ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/5422452?publication=0

[4] საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/5502735?publication=0

[5] ინფორმაცია სახალხო დამცველის სარჩელის შესახებ ხელმისაწვდომია: https://www.ombudsman.ge/geo/akhali-ambebi/sakhalkho-damtsvelma-batumshi-dagegmili-msheneblobis-gankhortsielebis-droebiti-sagamonakliso-tsesi-sakonstitutsio-sasamartloshi-gaasachivra

[6] სახლების სია ხელმისაწვდომია: https://www.google.com/maps/d/u/0/viewer?mid=10wnl14M-y8VMgQo6do0rTNQzTdwA2IYY&ll=41.64526699999999%2C41.640285799999994&z=12

[7] ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 19 ივლისის დადგენილება N15 „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ განსაზღვრული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებისა და საკომპენსაციო ღონისძიების გამოყენების და ამ კანონით გათვალისწინებული სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/5524172?publication=0

[8] საქართველოს კანონი “საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/5502735?publication=0

[9] ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის Nგ-15.15221684 განკარგულება „ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების გეგმის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ხელმისაწვდომია: http://batumicc.ge/index.php?l=1&menu=65&obj=1494

[10] საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/5502735?publication=0

[11] საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადება ხელმისაწვდომია: https://socialjustice.org.ge/ka/products/batumis-avariuli-sakhlebis-chanatsvlebis-programa-daushvebel-sakanonmdeblo-tsvlilebebs-itsvevs

[12] საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადება ხელმისაწვდომია: https://socialjustice.org.ge/ka/products/sivrtsit-kodeksshi-mighebuli-tsvlilebebi-batumshi-kaoturi-ganashenianebis-masshtabs-gazrdis

[13] ქ. ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის ინტერვიუ აჭარის ტელევიზიის გადაცემა „მთავარში“ ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/watch/?v=358060879845292

[14] ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების გეგმა - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესი ხელმისაწვდომია: https://batumicc.ge/files/uploads/danarti_7_dadgenilebis/gankarguleba_1515221681/1515221683_danartebi/-1515221684_-__1_-___.pdf

[15] საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/5502735?publication=0

[16] აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://www.youtube.com/watch?v=pSTrw9UyZ4Q

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023