ცვლილებები ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მმართველ კომიტეტში

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 13 აგვისტო 2015

2015 წლის 22-23 ივლისს, სამხრეთ აფრიკაში “ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მმართველი კომიტეტის შეხვედრაზე, რიგით მეორე წლიური არჩევნები გაიმართა, რომელზეც კომიტეტის ახალ წევრებად: ინდონეზია, ჩილე და რუმინეთი დაასახელეს.


,,ღია მმართველობის პარტნიორობის" სამოქმედო წესების თანახმად, პარტნიორი სახელმწიფოები ყოველ წელს ირჩევენ მმართველი კომიტეტის წევრებს. 2015 წლის სექტემბრის ბოლოს მმართველი კომიტეტის სამ წევრ ქვეყანას: ინდონეზიას, ფილიპინებსა და ტანზანიას ვადა ეწურებათ. შესაბამისად, 1 ივლისიდან 30 ივლისამდე გამოცხადდა არჩევნები, რომელშიც ,,ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) 65 წევრი ქვეყნიდან 59-მა, თითქმის 90%-მა გამოხატა საკუთარი არჩევანი.


აღსანიშნავია, რომ მმართველი კომიტეტის წევრობაზე OGP-ის ხუთმა სახელმწიფომ გამოთქვა სურვილი, ესენი არიან: ჩილე, ინდონეზია (მეორე ვადით იყრიდა კენჭს), რუმინეთი, სიერა ლეონე და ტუნისი.


იმისათვის, რომ სახელმწიფოს მთავრობათა წარმომადგენლები კომიტეტის წევრებად აირჩიონ, აუცილებელია ისინი მხარდამჭერი კომიტეტის (The Support Unit) მიერ მიწოდებულ კრიტერიუმთა ნუსხას აკმაყოფილებდნენ.


არჩევნების თანაბარი შედეგების თავიდან ასაცილებლად, ქვეყნებს რჩეულისთვის 5 ქულა, ხოლო მეორე საუკეთესო ვარიანტისთვის 4 ქულა უნდა მიეცათ და ა.შ.; შედეგად, ჩილე ხმათა უმრავლესობით (172 ხმა) პირველ ადგილზე მოხვდა, ხოლო ინდონეზიამ და რუმინეთმა 167-167 ქულა გაინაწილეს.


,,ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) მმართველ კომისიას საჯარო და სამოქალაქო სტრუქტურების წარმომადგენლები შეადგენენ და სწორედ ისინი განსაზღვრავენ OGP-ის მიმართულებასა და განვითარებას. მმართველი კომიტეტი წელიწადში 3 შეხვედრას მართავს, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, როდესაც მთავარი თავმჯდომარე დამატებით შეხვედრას აწყობს.


მმართველი კომიტეტის ახალი წევრები 2015 წლის 1 ოქტომბრიდან დაიკავებენ პოზიციას 3 წლით და ამ დროიდან კომიტეტის შემადგენლობაში შემდეგი სახელმწიფოები იქნებიან წარმოდგენილი: ბრაზილია, ჩილე, მექსიკა, აშშ, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, საქართველო, ხორვატია, ინდონეზია, რუმინეთი და სამხრეთ აფრიკა.


„ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მმართველი კომიტეტის შემადგენლობაში შედიან ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები: მანიშ ბაპნა - მსოფლიო რესურსების ინსტიტუტი, ალეხანდრო გონსალესი- სოციალური გარემოს მართვა და თანამშრომლობა (GESOC), სუგენგ ბაჰაგიო - მალაიზიის განვითარების საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა ფორუმი, სესილია ბლონდე - პერუულ სწავლებათა ინსტიტუტი, ვერონიკა კრეტუ - ღია მმართველობის ინსტიტუტი, მუკელანი დიმბა - ღია დემოკრატიის მრჩეველთა ცენტრი, ნათანიელ ჰელერი - შედეგები განვითარებისთვის, სუნეტა კაიმალი - ეროვნული რესურსების მართვის ინსტიტუტი, ვარენ კრაფჩიკი - საერთაშორისო ბიუჯეტის პარტნიორობა, ფერნანდო სტრაფეისი - CIPEC, მარტინ ტისნე - გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლობის ინიციატივა.


მმართველი კომიტეტის ახალი წევრები, ,,ღია მმართველობის პარტნიორობის" პრინციპებისა და სამოქმედო გეგმების დასანერგად, მთავრობის ღიაობისა და გამჭვირვალობის, მოქალაქეთა ჩართულობისა გასაზრდელად აქტიურად მუშაობენ.


მმართველი კომიტეტის ახალმა წევრმა, ჩილემ, 90-იანი წლებიდან ე. წ. ,,დემოკრატიისკენ მიბრუნების" (Return to Democracy) პროცესი დაიწყო და იგი სამთავრობო გამჭვირვალეობის გაზრდისთვის კულტურული ცვლილებების განხორციელებას შეუდგა. ამ პროცესის აუცილებელ ნაწილად სამთავრობო შემადგენლობის შეცვლაც იგულისხმებოდა. თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, რაც ჩილემ გაატარა, მოქალაქეთა ინფორმირებულობის უზრუნველყოფა გახლდათ. ჩილემ მიიღო შესაბამისი ნორმატიული აქტი და მისი უზრუნველმყოფი სტრუქტურა - გამჭვირვალეობის საბჭოც - შექმნა.


ამ რეფორმის შედეგად კი, მოხდა მთავრობის წევრებზე სხვადასხვაგვარი საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება. ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის მეშვეობით სამოქალაქო მეთვალყურეობა გაიზარდა სამთავრობო სექტორზე და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებში კეთილსინდისიერებისა და პასუხიმგებლობის ზრდა გამოიწვია. ჩილე ასევე არის, OGP-ის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტთან (NDI) ერთად.


რუმინეთმა საჯარო ინსტიტუტებში გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით სამოქალაქო სტრუქტურებთან გაიარა კონსულტაციები. მოლაპარაკებების შედეგად აშკარა გახდა, რომ კორუფციის აღმოფხვრისა და მოსახლეობასთან საჯარო დიალოგის დანერგვის მიზნით აუცილებელი იყო ღია მონაცემების (Open Data) ფორმატის შემუშავება, რომელშიც თავმოყრილი იქნებოდა ინფორმაცია სამთავრობო შესყიდვების, ბიუჯეტის მიღებისა და განაწილების შესახებ. რუმინეთი ,,ღია მმართველობის პარტნიორობას" 2011 წელს შეუერთდა და ამჟამად, მეორე სამოქმედო გეგმის განხორცილებაზე მუშაობს.


ინდონეზია ,,ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) თანადამფუძნებელია და იგი 2012-2014 წლებში OGP-ის თანათავმჯდომარეც იყო. ინდონეზიის მთავრობას ღრმად სწამს, რომ სამთავრობო ღიაობა თანამედროვე მმართველობის აუცილებელი პირობაა, რადგან მას შეუძლია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, საჯარო მომსახურების სექტორის განვითარებისა და ინოვაციების ტალღის დაძვრა.


დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

 
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საქართველოს მოქალაქეების მიგრაციის სტატისტიკა

11.10.2024

საჯარო მმართველობის რეფორმა ევროკავშირში გაწევრების კონტექსტში

07.10.2024

“ლიზიკო აბზიანიძის მოგონებების” პრეზენტაცია

03.10.2024

საქართველოს შედეგები გაეროს ელექტრონული მმართველობის ინდექსში

03.10.2024
განცხადებები

საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი მოვალეობა არ შეასრულა

09.10.2024

პრემიერ-მინისტრი ანტიკორუფციულ ბიუროს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმისთვის იყენებს

24.09.2024

კოალიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ნიკოლოზ მარსაგიშვილის არჩევას ეხმიანება

19.09.2024

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024
ბლოგპოსტები

საქართველოს ევროპული მომავალი: რა მოლოდინი აქვს ევროკავშირს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით?

09.10.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024