სახელმწიფო კომპანიების საკადრო და სახელფასო პოლიტიკის გამოწვევები

სიახლეები | კვლევები | აქტუალური თემები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 10 მარტი 2021

სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანი მართვა ქვეყნის ეკონომიკისათვის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. წლების განმავლობაში სახელმწიფო კომპანიების მართვის არაეფექტიანი და გაუმჭვირვალე პოლიტიკა მნიშვნელოვნად აისახა მათ ფინანსურ შედეგებზე. მაგალითად, 2019 წელს სახელმწიფო საწარმოთა ზარალმა შეადგინა 237 მილიონი ლარი, 2018 წელს - 816 მილიონი ლარი.

 

სახელმწიფო საწარმოების გაუმჭვირვალე და არა ანგარიშვალდებული საქმიანობა, საზოგადოებას არ აძლევს საშუალებას სრულყოფილად შეაფასოს და გაანალიზოს აღნიშნულ სფეროში არსებული პრობლემები. მიუხედავად იმისა რომ, აღნიშნული კომპანიები ხშირ შემთხვევაში ასრულებენ საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს და განკარგავენ საჯარო ფინანსებს, მაინც თავს არიდებენ საჯარო ინფორმაციის გაცემას.

 

სახელმწიფო საწარმოებისფინანსური შედეგები და არსებული გამოწვევები მიმოხილულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ, 2021 სახელმწიფო ბიუჯეტის  ფინანსური რისკების ანალიზის დოკუმენტში. სამინისტროს მიერ მომზადებული ანალიზი ეყრდნობა 352 სახელმწიფო საწარმოს (173 - ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებაში; 179 - ცენტრალური ხელისუფლების საკუთრებაში) მონაცემებს. ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის მიხედვით, მიუხედავად იმისა რომ, სახელმწიფო საწარმოების ზარალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა, კვლავ არ არის ოპტიმიზმის საფუძველი და აუცილებელია სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის განხორციელება. ბოლო წლებში სახელმწიფო საწარმოებში წარმოქმნილი დიდი ოდენობით ზარალი, აქტივების გაუფასურებასთან ერთად, ასევე განპირობებულია კვაზი ფისკალური აქტივობებით, რომელიც ემსახურება სოციალურ და პოლიტიკურ მიზნებს და რომელსაც მოგებაზე ორიენტირებული საწარმო არ განახორციელებდა. მაგალითად, შპს ენგურჰესი უსასყიდლოდ აწვდის ელექტროენერგიას ოკუპირებულ აფხაზეთს, სს საქართველოს რკინიგზა ასუბსიდირებს მგზავრთა გადაყვანას, სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ახდენს საყოფაცხოვრებო გაზის ტარიფის სუბსიდირებას და ა.შ. ცხადი კვაზი-ფისკალური აქტივობების იდენტიფიცირება და გამოქვეყნება ფინანსთა სამინისტრომ 2017 წლიდან დაიწყო, რომელიც მხოლოდ 6 კომპანიაშია იდენტიფიცირებული.   

 

ძირითადი მიგნებები

 

- სახელმწიფო კომპანიებში არსებული ფინანსური პრობლემების მიუხედავად, საწარმოთა ყველა დარგის მიხედვით, შენარჩუნებულია თანამშრომელთა დასაქმების მზარდი ტენდენცია. კერძოდ, 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, თანამშრომელთა რიცხოვნობა გაზრდილია დაახლოებით 2%-ით (+575 თანამშრომელი).

 

- 2019 წელს 14 სახელმწიფო კომპანიის  თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი შეადგენს 428 მილიონ ლარს, რაც 9%-ით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს (392 მილიონი).

 

- შესწავლილ სახელმწიფო საწარმოებში 2019 წელს, წინა წელთან შედარებით  შრომის ანაზღაურების ხარჯები  გაზრდილია 4%-დან 32%-მდე.

 

- სახელმწიფო კომპანიების სახელფასო ხარჯების ზრდის ტენდენცია, უმეტესწილად შენარჩუნებულია კომპანიების არასახარბიელო ფინანსური შედეგების ფონზე. მაგალითად, სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში ხელფასის ხარჯი გაიზარდა 15%-ით, მაშინ როდესაც წლიური მოგება 40 მილიონით შემცირდა. შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში შრომის ანაზღაურების ხარჯები 2019 წელს გაზრდილია 8%-ით, მაშინ როდესაც კომპანიის ზარალი 85 მილიონს შეადგენდა.

 

- სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიის მიმღები ცალკეული კომპანიები თანამშრომლებზე გასცემენ ბონუსებს. მაგალითად, შპს საქართველოს მელიორაციამ 2018-2019 წლებში ბონუსის სახით გასცა 2.8 მილიონი ლარი  (2019 – 1.3 მილიონი, 2018 – 1.5 მილიონი ), შპს ბლექ სი არენა ჯორჯიამ  1.1 მილიონი ლარი (2019 – 315 ათასი, 2018 – 759 ათასი).

 

- 11 სახელმწიფო კომპანიის მენეჯმენტის ანაზღაურებამ 2019 წელს 9.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 15%-ით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს (8.3 მილიონი).

 

 - ცალკეული სახელმწიფო კომპანიების ხელძღვანელის მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებში არ არის ასახული მათ მიერ მიღებული შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია.

 

დასკვნა

 

აღნიშნული მონაცემები აჩვენებს, რომ სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელი პირები, მიუხედავად კომპანიის ფინანსური შედეგებისა, გამოირჩევიან მაღალი შრომის ანაზღაურებით. ამასთან, IDFI მიიჩნევს, რომ ფინანსურ ანგარიშებში ასახული შრომის ანაზღაურების  ჯამური მონაცემები და ხელმძღვანელი პირების დეკლარირებულ შემოსავლები, სრულფასოვნად ვერ აფასებს სახელმწიფო კომპანიებში სახელფასო პოლიტიკასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევების მასშტაბებს და მის უარყოფით გავლენას კომპანიის ფინანსურ შედეგებზე. ამასთან, სახელმწიფო კომპანიების გაუმჭვირვალე საქმიანობა მნიშვნელოვნად ზრდის არარაციონალურ საკადრო და სახელფასო პოლიტიკის რისკებს.

 

IDFI მიესალმება სახელმწიფო საწარმოებში რეფორმის განხორციელებასთან დაკავშირებით გადადგმულ ნაბიჯებს და იმედს გამოთქვამს, რომ მიმდინარე რეფორმის ფარგლებში უახლოეს მომავალში განხორციელდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების გამჭვირვალობას, დასაქმების და ანაზღაურების პოლიტიკის დარეგულირებას და ანგარიშვალდებულების სტანდარტების დადგენას.  

 

/public/upload/Analysis/GEO- challenges_of_the_personnel_and_salary_policy_of_state-owned_companies.pdf

 

 

კვლევა მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია Luminate-ის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და ბლოგპოსტში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს Luminate-ის პოზიციას

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024