IDFI-ს უფლებათა დარღვევის ფაქტები სახალხო დამცველის ანგარიშში

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 11 ივნისი 2015

2015 წლის 29 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნდა ანგარიში 2014 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ. აღიშნულ ანგარიშში ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა ფაქტებთან ერთან შესულია, ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს მიერ IDFI-ის უფლების დარღვევისა და IDFI-ის დირექტორის გიორგი კლდიაშვილის უკანონოდ დაკავების საქმეები. კერძოდ, გიორგი კლდიაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ მისი დაკავება მოხდა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, რითიც დაირღვა IDFI-ს დირექტორის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება გარანტირებული საქართველოს კონსტიტუციით. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქმესთან დაკავშირებით კი სახალხო დამცველმა დაადგინა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების დარღვევა. ქვემოთ წარმოგიდგენთ ორივე მოცემული საქმის დეტალურ აღწერას.

 

 

- გიორგი კლდიაშვილის უკანონოდ დაკავების საქმე

 

2014 წლის 12 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავა IDFI-ის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი, როდესაც გიორგი კლდიაშვილს კუთვნილი და მასზე ოფიციალურად რეგისტრირებული ცეცხლსასროლი საკოლექციო იარაღი გადაქონდა სახლში იარაღის ოფიციალურ მაღაზიაში შეკეთების შემდეგ. გიორგი კლდიაშვილს წარედგინა ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების მუხლით, მიუხედავად იმისა, რომ იარაღი იყო დაშლილ მდგომარეობაში და იდო მანქანის საბარგულში დაშლილ მდგომარეობაში ტყვიების გარეშე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის თანახმად აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე. გიორგი კლდიაშვილი დააკავეს და გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, ე.წ. “მოდულის“ შენობაში, სადაც მოათავსეს 2 ღამით. აღსანიშნავია, რომ დაკავებას საფუძვლად დაედო ვარაუდი გიორგი კლდიაშვილის მიმალვის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მან ნებაყოფლობით მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში, თავისი ნებით გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში და დაიკითხა მოწმის სახით.

 

პროცესის მიმდინარეობისას საქართველოს სახალხო დამცველმა მოუწოდა საქართველოს პროკურატურას გიორგი კლდიაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, იმაზე მითითებით რომ IDFI-ს დირექტორის ქმედებები მოიცავდა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევთა კოდექსით და არა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალიწინებული დანაშაულის ნიშნებს. მიუხედავად ამისა, ბრალდების მხარეს არ შეუცვლია საქმის კვალიფიკაცია და საკითხის განხილვა სასამართლოში გაგრძელდა. აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ მსჯელობისას სასამართლომ დაადგინა, რომ გიორგი კლდიაშვილი დაკავებულ იქნა უკანონოდ, რადგან გამოირიცხებოდა დასაბუთებული ვარაუდის არსებობა ბრალდებულის შესაძლო მიმალვის თაობაზე შესაბამისად მან არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა პატიმრობის გამოყენების შესახებ და გიორგი კლდიაშვილი გირაოს გადახდის სანაცვლოდ გათავისუფლდა სხდომათა დარბაზიდან. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე კი სასამართლომ დაადგინა, რომ მტკიცებულებათა ნაწილი მოპოვებული იყო კანონმდებლობის დარღვევით, შესაბამისად ცნო ისინი დაუშვებელ მტკიცებულებად. ამასთან მოსამართლემ მიუთითა, რომ საქმეში არსებული ის მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი არ იძლეოდა სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველს, შესაბამისად სასამართლოს განჩინებით შეწყდა დევნა IDFI-ს დირექტორის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სახალხო დამცველის მოწოდებისა პროკურატურამ არათუ არ გაიზიარა სასამართლოს პოზიცია, არამედ განჩინება გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. პროკურატურის მოთხოვნა არც ამჯერად იქნა დაკმაყოფილებული.

 

მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი ანგარიშში კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სამართლდამცავი ორგანოების მოქმედების შედეგად დაირღვა გიორგი კლდიაშვილის უფლებები, უთითებს რა მისი დაკავების უკანონობასა და საქმის არასწორ კვალიფიკაციაზე.

 

რაც შეეხება, უკანონო დაკავების ფაქტს, აღნიშნულიდან გამომდინარე მიღებული მორალური ზიანისთვის გიორგი კლდიაშვილმა მიმართა შესაბამი ორგანოებს. საქმის წარმოება ზიანის ანაზღაურებისა და დისციპლინარული პასუხიმგებლობის საკითხებზე მოცემული დროისთვის მიმდინარეობს.

 

 

 

 

- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების დარღვევის საქმე

 

 

2014 წლის 27 იანვარს IDFI-მ მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა საჯარო ინფორმაცია ისეთ საკითხებზე როგორიცაა, თანამდებობის პირებზე დარიცხული პრემიები და სახელფასო დანამატები, ე.წ. „როუმინგულ“ მომსახურებაზე გაწეული და სამივლინებო ხარჯები, მინისტრისა და მისი მოადგილეების უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები, მინისტრის სამუშაო ელექტრონული ფოსტიდან სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გაგზავნილი და მიღებული წერილების ასლები და ა.შ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია მოგვაწოდა არასრულყოფილი სახით, შესაბამისად სამინისტროში წარდგენილ იქნა ადმინისტრაციული საჩივარი. IDFI-ს მიერ მინისტრის წინაშე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე გადაწყვეტილება ვადების ამოწურვის მიუხედავად არ მიღებულა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს მიაწოდა სრულყოფილი სახით IDFI-ს მიერ 2014 წლის 27 იანვრის წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შედეგად საქართველოს სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილი პირის/პირების მიერ დაირღვა საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რამაც თავის მხრივ გამოიწვია IDFI-ს უფლებების დარღვევა.

 

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად სახალხო დამცველის რეკომენდაციისა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ არ აღმოფხვრა IDFI-ს უფლების დარღვევის ფაქტი და არ გასცა მოთხოვნილი ინფორმაცია. მეტიც, ეკონომიკის სამინისტრო უარს აცხადებს გაასაჯაროოს ინფორმაცია 2014 წლის განმავლობაში გაწეული სხვადასხვა ადმინისტრაციული ხარჯის შესახებ და უპასუხოდ ტოვებს IDFI-ის 2015 წლის მარტის განცხადებასაც. აღნიშნული კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ სამწუხაროდ საქართველოს სახალხო დამცველს არ გააჩნია სწრაფი და ეფექტური ბერკეტები იმისათვის, რომ უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ სახელმწიფოში კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დაცვა. სწორედ ამიტომ საჯარო ინფორმაციის მიღების უფლების კონტექსტში, უმნიშვნელოვანესი იქნება საჯარო ინფორმაციის კომისიონერის ინსტიტუტის შექმნა, რომლის გადაწყვეტილებებს ექნება შესასრულებლად სავალდებულო ხასიათი და მიღებულ იქნება დროის მოკლე პერიოდში, რაც მას მეტად ეფექტურს გახდის. საჯარო ინფორმაციის კომისიონერის აპარატის შექმნა და მისი სანქცირების ფუნქციით აღჭურვა გათვალისწინებულია ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის პროექტის ტექსტით, რომელიც მომზადებულ იქნა ექპერტთა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელთა მიერ, IDFI-ს აქტიური ჩართულობითა და მონაწილეობით. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება უახლოეს მომავალში უზრუნველყოფს აღნიშული კანონის ტექსტის კანონპროექტის სახით საქართველოს პარლამენტში წარდგენას. ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მიღება უდავოდ იქნება საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ უფლების დაცვის მაღალი გარანტის შემცველი.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024