ბიზნეს სექტორის ბრუნვა და აზარტული თამაშების კონტრიბუცია

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა 19 მარტი 2025

აზარტული თამაშების კონტრიბუციას ქვეყნის ბიზნეს სექტორის სტატისტიკურ მაჩვენებლებში ისტორიულად მნიშვნელოვანი წილი ჰქონდა, თუმცა ბოლო წლებია სექტორის ბრუნვის მაჩვენებელი ჯამურ მონაცემზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს. კერძოდ, მხოლოდ გასულ წელს წინასწარი მონაცემებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის ოფიციალურ სტატისტიკაში სექტორის წილი 34%-ს გაუტოლდა. ეს კი იმ ფონზე, რომ სათამაშო სექტორის ბრუნვის მაჩვენებლების დათვლის მეთოდოლოგია მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა სექტორების ბრუნვის დათვლის მეთოდოლოგიისგან. კერძოდ, 2018 წლამდე აღნიშნული სექტორის საწარმოების ბრუნვის მოცულობაში აისახებოდა მხოლოდ მოთამაშეთა მიერ ჩარიცხული თანხის მოცულობა, ხოლო ამჟამად არსებული მეთოდოლოგიით, აღნიშნულ თანხასთან ერთად ბრუნვის მოცულობაში აისახება მოთამაშეთა მიერ ყოველ ჯერზე დადებული ფსონების ჯამი. ცვლილებები შეეხო მხოლოდ ბრუნვის მაჩვენებელს, ხოლო დანარჩენი მაჩვენებლები, როგორიცაა, პროდუქციის გამოშვება და დამატებული ღირებულება, იანგარიშება იმავე მეთოდოლოგით, რითაც საქსტატი წინა პერიოდში ხელმძღვანელობდა. 

 

განსხვავებული მიდგომით აღრიცხვიანობის გამო, სათამაშო ბიზნესის სექტორის 2018 წლის ბრუნვის მაჩვენებელი არ არის შესადარისი წინა პერიოდის მონაცემებთან, ამასთან, წინა პერიოდის მონაცემთა გადაანგარიშება ტექნიკურად ვერ ხერხდება, შესაბამის მონაცემთა არარსებობის გამო. 

 

როგორც თავად სტატისტიკის ეროვნული სამსახურიც აღნიშნავს, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, აღნიშნული მეთოდოლოგიით გაანგარიშებული ბრუნვის მაჩვენებელი ძირითადად გამოიყენება აზარტულ თამაშებზე მომხმარებელთა აქტივობის დონის შესაფასებლად და ვერ იძლევა აღნიშნული სექტორის სრულყოფილად დახასიათების შესაძლებლობას. თუმცა მიუხედავად ამისა, სექტორს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ოფიციალურ სტატისტიკაზე, რომელიც არაერთხელ გამხდარა „ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან თავის მოწონების საბაბი. ეს კი მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“, ქვეყნის გაღარიბების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ აზარტულ თამაშებს ასახელებდა. 

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის მაჩვენებლებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუცია სწორედ აზარტულ თამაშებს ჰქონდათ - სექტორის ბრუნვის მაჩვენებელი საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორსაც კი უტოლდება. 

 

აზარტული თამაშების სექტორი "ხელოვნების, გართობისა და დასვენების" კატეგორიაში ერთიანდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახური აზარტული თამაშების სექტორის მაჩვენებლებს დამოუკიდებლადაც აქვეყნებს, თუმცა 2024 წლის მონაცემები ჯერ-ჯერობით ხელმისაწვდომი არ არის. ისტორიულად, "ხელოვნების, გართობისა და დასვენების" კატეგორიის მონაცემების 98-99% სწორედ აზარტულ თამაშებზე მოდის.  შესაბამისად, ქვემოთ სტატიაში მოყვანილია 2024 წლის “ხელოვნება, გართობა და დასვენება” სექტორის მთლიანი მონაცემები, რომელიც   შესაძლოა 1-2%-ით განსხვავდებოდეს საქსტატის დაზუსტებულ მონაცემებზე, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდება. 2024 წლამდე მოყვანილი მონაცემები კი აზარტული თამაშების დაზუსტებული მონაცემია. 

 

* - 2024 წელი - ხელოვნება, გართობა და დასვენება სექტორის  წინასწარი მონაცემები

 

აზარტული თამაშებით დაკავებული საწარმოების მაჩვენებლის გამოკლებით, ოფიციალური სტატისტიკა მნიშვნელოვან ცვლილებას განიცდის, და მაგალითად 2023 წელს, ზრდა არა 12.5%, არამედ 8.8% იქნებოდა, 2020 წელს კი ზრდის ნაცვლად კლება დაფიქსირდებოდა. 2024 წლის წინასწარი მონაცემებით, ბიზნესის ბრუნვის ზრდა, აზარტული თამაშების გამოკლებით მხოლოდ 4.8%-ია, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში 2020 წლის გარდა, ყველაზე დაბალი შედეგია. 

 

* - წინასწარი მონაცემები

 

მიუხედავად იმისა რომ აზარტული თამაშების შეზღუდვის მიზნით „ქართულმა ოცნებამ“ არაერთი ნაბიჯი გადადგა, სექტორის ბრუნვის მაჩვენებელი კვლავ მზარდია და მან გასულ წელს დაახლოებით 76 მილიარდი ლარი შეადგინა. კერძოდ, 2022 წლიდან აზარტული თამაშების ინდუსტრიას ეკრძალება სატელევიზიო რეკლამა, მოთამაშეთა მინიმალური ასაკი 18 წლიდან, 25 წლამდე გაიზარდა, შეიქმნა თამაშზე დამოკიდებულ პირთა სია, სადაც მოხვედრილ პირებს აზარტული თამაშები ეკრძალებათ; შეიცვალა სექტორის დაბეგვრის წესიც. სექტორისთვის დაწესებული გადასახადები ბოლოს 2024 წლის პირველი იანვრიდან გაიზარდა - აზარტული თამაშების ბიზნესი მოგების 10%-იანი განაკვეთის ნაცვლად, 15%-ით იბეგრება, თანხის გატანა კი 2%-ის ნაცვლად 5%-ით.  თუმცა მონაცემები აჩვენებს რომ რეგულირებას ყველაზე თვალშისაცემი გავლენა ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლებზე ჰქონდა, თავად თამაშზე დამოკიდებულ პირთა ქცევა კი ზრდის დინამიკას აჩვენებს. 

 

საქართველოში სათამაშო ბიზნესის ნებართვების რეესტრის მიხედვით, შესაბამისი ლიცენზია 235 კომპანიას აქვს. რეესტრი აერთიანებს სამორინეებს, კაზინოებს, ტოტალიზატორებს, სათამაშო აპარატებს, ე.წ. წამახალისებელი გათამაშებების მოწყობას. საქსტატის მონაცემებით, აზარტული თამაშების საქმიანობებით დაკავებულ საწარმოებში 2023 წლის მონაცემებით, 12 223 პირი იყო დასაქმებული.  

 

მსხვილი კომპანიების ნაწილი უცხოურ კომპანიებს წარმოადგენს.  მაგალითად, "ევოლუშენ ჯორჯია", მფლობელია Evolution Malta Holding Limited LLC, რომელიც თავის მხრივ, შვედური კომპანია Evolution Gaming Group AB-ს შემადგენლობაში შედის.   

 

სექტორს მნიშვნელოვანი წილი უკავია პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს სექტორში 27 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო, 2023 წელს კი 35.2 მლნ დოლარი. აღნიშნული თანხა კი აღემატება მაგალითად, მშენებლობის, სასტუმროებისა და რესტორნების და სოფლის მეურნეობის სექტორებში განხორციელებულ უცხოურ ინვესტიციებს. 

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოში რეგისტრირებულ ყველაზე მსხვილი 10 რუსული კომპანიიდან  3 აზარტული თამაშების საქმიანობით არის დაკავებული.

 

 

  * -  2024 წელი - ხელოვნება, გართობა და დასვენება სექტორის  წინასწარი მონაცემები

 

ბოლო 5 წლიან პერიოდში სექტორის ბრუნვის ზრდის მაჩვენებელი მხოლოდ IT სექტორის ბრუნვის მაჩვენებელს ჩამოუვარდება და 147.5%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც ამავე პერიოდში მაგალითად მშენებლობის სექტორის ბრუნვის მაჩვენებლის ზრდა 46%-ს შეადგენდა.

 

 

საქსტატის მეთოდოლოგიით, აზარტული თამაშების საქმიანობა „ხელოვნების, გართობისა და დასვენების“ კატეგორიაში ერთიანდება, თუმცა საქსტატი დამოუკიდებლად აქვეყნებს სექტორის მონაცემებსაც, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ კატეგორიაში ისტორიულად 98-99% სწორედ აზარტულ თამაშებზე მოდის. 

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახური მიუთითებს, რომ აზარტული თამაშების სექტორის საქმიანობის შესაფასებლად რეკომენდირებულია პროდუქციის გამოშვების მაჩვენებლის გამოყენება, რომელიც მიიღება ბრუნვის მოცულობიდან საპრიზო განაცემების (ანუ, მოგების სახით გაცემული თანხების) გამოკლებით. აღნიშნული სექტორის პროდუქციის გამოშვება წარმოადგენს თამაშებიდან მიღებული შემოსავლების ჯამს (Gross Gambling Revenue - GGR), რაც რჩება ბრუნვის მოცულობიდან საპრიზო განაცემების, ანუ მოგების სახით გაცემული თანხის გამოკლების შემდეგ. წლების განმავლობაში აღნიშნული მონაცემიც ზრდას აჩვენებს და 2023 წელს 2.8 მლრდ. ლარს უტოლდება. 

 

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახური სექტორის მთლიან მოგებასაც ითვლის, რომელიც ასევე მზარდია და 2023 წლის მონაცემებით 1.2 მლრდ ლარს შეადგენს, შედარებისთვის - 2021 წელს ეს მაჩვენებელი 681.7 მლნ ლარი იყო.

 

 

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს, წინა წელთან შედარებით ჯამში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 9%-ით გაიზარდა, რაც კოვიდ პანდემიური 2020 წლის შემდგომ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 2024 წელს,  კლება ფიქსირდება "სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის" მიმართულებით, ასევე საბითუმო და "საცალო ვაჭრობის მიმართულებით" რომელიც ავტომობილების და მოტოციკლების რემონტსაც მოიცავს და "სხვა სახის მეურნეობების" მიმართულებით. სოფლის მეურნეობის დარგში წლიური კლება 8.1%-ს შეადგენს, საბითუმო ვაჭრობის დარგში 1.6%-ს, ხოლო სხვა სახის მეურნეობებში 7.6%-ს.  

 

ამასთან, წინა წელთან შედარებით, 2024 წელს  ზრდის ტემპი მცირედით (-2.8%-ული პუნქტი) შემცირდა რესტორნებისა და სასტუმროების სექტორში; ასევე 2023 წლის 28%-დან, 18%-მდე შემცირდა IT სექტორის ბრუნვის მოცულობის ზრდის ტემპი 2024 წელს - რაც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. შედარებისთვის - სექტორის ზრდის ტემპი 2021 წელს 31.7%-ს შეადგენდა, 2022 წელს კი რეკორდულ - 65%-ს. მნიშვნელოვანი კლება ფიქსირდება უძრავი ქონების მიმართულებით, სადაც 2023 წელს ზრდა 20.4%-ს შეადგენდა, 2024-ში კი 9.7%-ს. ანალოგიურად, თითქმის განახევრებულია ზრდის ტემპი "სამეცნიერო და ტექნიკური " და "ადმინისტრაციული საქმიანობების" მიმართულებით. განათლების სექტორში ზრდის ტემპი 15.7%-მდე შემცირდა - შედარებისთვის 2023 და 2022 წლებში ზრდის ტემპი 20%-ზე მაღალი იყო. 3.2%-მდეა შემცირებული ჯანდაცვის სექტორის ბრუნვის ზრდის ტემპის მოცულობა გასული წლის თითქმის 8%-იანი ზრდის შემდგომ. ამასთან, აღსანიშნავია "სხვა სახის საქმიანობები", სადაც 2024 წელს, კლება ბოლო წლების განმავლობაში პირველად დაფიქსირდა. 

 

2023 წელთან შედარებით ზრდის ტემპი 2024 წელს გაზრდილია მხოლოდ მრეწველობის, მშენებლობის და ტრანსპორტირების სექტორებში.

 

* -2024 წელი წინასწარი მონაცემები

 

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მაჩვენებელი, მოიცავს კომპანიების მიერ საქონლისა და მომსახურების გაყიდვის მაჩვენებელს. შესაბამისად მის ფორმირებაზე გავლენას ახდენს ინფლაციაც (კერძოდ, თუკი წლის განმავლობაში ქვეყანაში მაღალი ინფლაცია ფიქსირდება, ის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საწარმოტა ბრუნვის ჯამურ მონაცემზე). თუმცა მონაცემები ეკონომიკაზე დაკვირვების ერთ-ერთი საშუალებაა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ორგანიზაციებზე დაკვირვების შესაძლებლობას, ასევე საგადასახდელო ბალანსის, ბიუჯეტის ფორმირების, შემოსავლების, მოხმარების, კაპიტალის ფორმირების სამუშაობის სრულყოფილად ჩატარებას. შედეგად, ჯამურ მონაცემში სათამაშო ბიზნესის ასახვა, რომლის დათვლის მეთოდოლოგიაც სხვა სექტორების მეთოდოლოგიისგან განსხვავდება, მთლიან სურათს ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვნად ცვლის - ზრდის მიმართულებით. 

 

საყურადღებოა ის ფაქტი რომ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2024 წელს, ბოლო წლების განმავლობაში, 2020 წლის გამოკლებით, ყველაზე დაბალი ტემპით გაიზარდა. აზარტული თამაშების სექტორის ბრუნვის მოცულობის გამოკლებით კი ზრდის ტემპი (პანდემიური 2020 წლის გამოკლებით), ბოლო 10 წლიან მინიმუმზეა.

 

 

 

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

V-Dem-ის დემოკრატიის ინდექსი: საქართველოს 2003 წლის შემდგომ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს

14.03.2025

საქართველო Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში

11.03.2025

ინტერვიუ ისტორიკოს გიორგი მამულიასთან

07.03.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024