კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტის ანალიზი

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | ანალიზი | სტატია | მედია და გამოხატვის თავისუფლება 8 ივლისი 2021

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტს ქმნის რეგულირების საფასური, ასევე ამავე კანონით, „მაუწყებლობის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული დაფინანსების სხვა წყაროები.

 

ამასთან, რეგულირების საფასური არის კომისიის ბიუჯეტის შექმნის ერთ-ერთი ძირითადი წყარო, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს კანონმდებლობით კომისიისათვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებასთან. რეგულირების ყოველწლიური საფასურიდან იფარება კომისიის ბიუჯეტით განსაზღვრული ხარჯები. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან ავტორიზებული პირები, ხოლო მაუწყებლობის სფეროში – „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირები.

 

კომისიის მიერ დამტკიცებულ 2021 წლის ბიუჯეტში საპროგნოზო წლიური შემოსავალი 12 მილიონამდე ლარს შეადგენს. აქედან უდიდესი ნაწილი - 8.5 მლნ ლარი, სწორედ რეგულირების საფასურით მიღებული შემოსავალია, 3 მლნ ლარზე მეტი რადიოსიხშირული და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურიდან მიღებული შემოსავალია, ასევე 3 მლნ ლარზე მეტს უტოლდება კომისიის სარეზერვო ფონდის თანხა და 300,000 ლარამდე საპროცენტო შემოსავალი. სარეზერვო ფონდის შედგენის წესის შესახებ ინფორმაცია IDFI-მ კომისიას  მოსთხოვა, მათგან მიღებული პასუხის თანახმად, ფონდი შემდეგნაირად ფორმირდება: საანგარიშო წლის ბოლო კომისიის ფულადი სახსრების ნაშთს, დამატებული დებიტორული დავალიანებების ნაშთი (დაკორექტირებული უიმედო ვალებით) და გამოკლებული კრედიტორული დავალიანების ნაშთი.

 

რაც შეეხება ხარჯებს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტიდან ყველაზე დიდი თანხა, 8 მლნ ლარამდე, შრომის ანაზღაურებას ხმარდება, სიდიდით მეორე ადგილზე კი მედიაწიგნიერების ხარჯებია - 3 მლნ ლარზე მეტი, საიდანაც 2.5 მლნ ლარამდე უშუალოდ ა(ა)იპ მედიააკადემიას მოხმარდება. მედიააკადემია კომისიამ 2018 წელს დაარსა, მედიაწიგნიერების ხელშეწყობის მიზნით.

 

სურათი 1

 

 

სურათი 2

 

 

შრომის ანაზღაურების ხარჯები 2018-2021 წლების ბიუჯეტის გეგმებსა და ფაქტობრივ შესრულებაში შემდეგნაირად გამოიყურება:

 

 

როგორც ცხრილიდან ჩანს, შრომის ანაზღაურების ხარჯები ყოველწლიურად მზარდია, 2021 წელს გასულ წელთან შედარებით, ხარჯების ამ კატეგორიაზე დაახლოებით 2 მილიონით მეტია განსაზღვრული. კომისიისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წელს ჯამურად დასაქმებული იყო 148 თანამშრომელი, 2019 წელს - 150, 2020 წელს 150, 2021 წლის აპრილის მდგომარეობით კი ჯამურად დასაქმებულთა რაოდენობა 116-ია. თუმცა, მოწოდებული ინფორმაცია მოიცავს როგორც დებულებით განსაზღვრული ძირითადი და დამხმარე ფუნქციების შესრულებისათვის დაქირავებულთა რაოდენობას, ასევე, პერიოდულად არამუდმივი/დროებითი ამოცანების შესასრულებლად დაქირავებულთა რაოდენობას. ასევე,  წლის განმავლობაში თანამშრომელთა შემოდინება/გადინებიდან გამომდინარე ერთიდაიმავე პოზიციაზე დაქირავებულთა რაოდენობას. შესაბამისად, ერთ თანაშრომელზე საშუალო შრომის ანაზღაურების გამოანგარიშება ამ მაჩვენებლებით შეუძლებელია.  ამასთან, 2021 წლის განმავლობაში თანამშრომელთა ჯამური რაოდენობა შესაძლოა მნიშვნელოვნად შეიცვალოს.

 

IDFI-ის მიერ 2021 წლის მაისში გამოქვეყნებული კვლევის - „სსიპ-ებსა და დამოუკიდებელ უწყებებში 2020 წელს გაცემული პრემიები და სახელფასო დანამატები” - მიხედვით, კომუნიკაციების კომისიამ საშტატო თანამშრომლებზე ფულადი ჯილდოს პრემიის სახით 2020 წელს 0.8 მილიონი ლარი გასცა, ხოლო კომისიის თავმჯდომარემ და კომისიის 3-მა წევრმა ფულადი ჯილდოს (პრემიის) სახით ჯამში 128,208 ლარი მიიღო.  რაც შეეხება საშტატო ნუსხას, ეს ინფორმაცია კომისიამ თანამშრომლების პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით არ გასცა.  

 

 

IDFI-ის საჯარო მონაცემების ბაზაში იძებნება კომისიის მიერ 2016 წელს გაცემული საშტატო ნუსხა, კომუნიკაციების კომისია ამ შემთხვევაში არ თვლიდა, რომ აღნიშნული დოკუმენტის გასაჯაროებით თანამშრომელთა პერსონალურ ინფორმაცია უქმნიდა საფრთხეს. დოკუმენტის მიხედვით, უწყებაში 125 ადამიანი იყო დასაქმებული. ამავე წელს შრომის ანაზღაურების მუხლით გაწეულმა ხარჯმა დაახლოებით 4.3 მლნ ლარი შეადგინა. თუმცა, 2016 წლის შემდეგ კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურისა და პოზიციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე გადაწყვეტილებაში ცვლილებები შევიდა. დოკუმენტის მიხედვით, შეიცვალა სახელფასო ზღვრებიც. მაგალითად, 2016 წელს დეპარტამენტის უფროსის სახელფასო ზღვრის კოეფიციენტი 40 იყო, 2019 წლის ცვლილებებით კი 40-50 გახდა. 

 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ როგორც წესი, კომუნიკაციების კომისია ბიუჯეტს სრულად ვერ ითვისებს. მიუხედავად ამისა, 2018 წელს კომისიამ გადაწყვიტა სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური საკუთარ ბიუჯეტში გადმოეტანა.

 

 

რაც შეეხება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რიგით მეორე ყველაზე მაღალხარჯიან მუხლს, მედიაწიგნიერბის ხარჯებს, ბიუჯეტით გათვალისწინებულ ჯამურ თანხაში შედის მედიააკედემიასა და კომისიაში არსებული მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტის ხარჯები. ამასთან, აღნიშნულ ხარჯთან დაკავშირებით განსხვავებული მონაცემი გვხვდება სხვადასხვა დოკუმენტში. მაგალითად, 2019 წლის კომისიის ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის ხარჯის გეგმა მედიაწიგნიერების მიმართულებით 5,006,644 ლარი იყო, თუმცა არ არის მითითებული, რა თანხა იყო გათვალისწინებული უშუალოდ მედიააკადემიაზე (იხ. სურათი 3). 2020 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ კომისიის 2019 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებაში აღნიშნული ხარჯი 3,667,5299 ლარია, საიდანაც მედიააკადემიის ხარჯი 3,092,809 ლარია (იხ. სურათი 4). ეს თანხა ემთხვევა კომისიის მიერ IDFI-ისთვის 2020 წლის 13 იანვარს მოწოდებულ ა(ა)აიპ მედიააკადემიის დაგეგმილ ხარჯს. თუმცა, 2020 წლის 16 ნოემბერს კომისიის გადაწყვეტილებით, ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა და ჯამურად მედიაწიგნიერების ხარჯი 3,530,729 ლარამდე შემცირდა, საიდანაც მედიააკადემიის ხარჯმა 2,380,114 ლარი შეადგინა (იხ. სურათი 5). კომისიის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით მედიაწიგნიერების მიმართულებით ფაქტობრივმა ხარჯმა 1,979,053 ლარი შეადგინა, საიდანაც 1,717,837 ლარი ა(ა)იპ მედიააკადემიაზე მოდიოდა. 

 

სურათი 3

 

 

სურათი 4

 

 

სურათი 5

 

 

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მედიაწიგნიერებაზე გამოყოფილი ბიუჯეტი რადიოსიხშირული და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურით მისაღები შემოსავლის იდენტურია. მნიშვნელოვანია, რომ 2019 წელს კომუნიკაციების კომისიის შემოსავლები წინა წელთან შედარებით დაახლოებით ორი მილიონი ლარით გაიზარდა, რაც სწორედ რადიოსიხშირული და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურით მიღებული შემოსავლების ზრდამ განაპირობა. 2018 წლის დეკემბრამდე აღნიშნული მოსაკრებელი 0.10 თეთრი იყო, შემდეგ კი ეს გადასახადი 0.25 თეთრით განისაზღვრა. 2018 წლის მარტში ასევე შეიცვალა აღნიშნული თანხების გადახდის წესი. კერძოდ, ამ ცვლილებამდე ნებართვის მაძიებელს სანებართვო მოსაკრებლის თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაეხადა, ხოლო 2018 წლის მარტის ცვლილების შემდეგ, სანებართვო მოსაკრებელი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშზე ირიცხება

 

აღნიშნულ ცვლილებებს დაემთხვა მედიააკადემიის დაფუძნება. ტელეკომუნიკაციების სფეროში მომუშავე კომპანიების ნაწილი ფიქრობს, რომ აღნიშნული პროექტი სწორედ მათი მოსაკრებლით ფინანსდება და უმჯობესია გადასახადები არა კომისიის ბიუჯეტში, არამედ ისევ სახელმწიფო ბიუჯეტში მიემართებოდეს.

 

 

მედიიაკადემიის საქმიანობისა და დაფინანსების გაუმჭვირვალობაზე ამახვილებდა ყურადღებას IDFI 2020 წელს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების შეფასებისას. მედიააკადემიასგან საჯარო ინფორმაციის მისაღებად დღემდე მიმდინარეობს სამართლებრივი დავა, რომელიც IDFI-მ პირველ ინსტანციაში მოიგო, თუმცა ამჯერად დავამ სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა. პარალელურად, მედიააკადემის ვებგვერდზე გაჩნდა ახალი კატეგორია, “ჩვენ შესახებ”, სადაც განთავსებულია გარკვეული ინფორმაცია ხარჯების მუხლობრივ გადანაწილებაზე, ასევე მედიასკოლის, მედიაკრიტიკისა და მედიალაბის ხელმძღვანელების ვინაობები, რაც მანამდე საჯაროდ ხელმისაწვდომი არ იყო და რაზეც IDFI მედიაკრიტიკის პლატფორმის ანალიზში ამახვილებდა ყურადღებას. აღნიშნული ცვლილება ცალსახად პოზიტიურია, თუმცა ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არ მოიცავს IDFI-ის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის დიდ ნაწილს, მათ შორის, მედიაკრიტიკის, მედიალაბის, მედიასკოლის ფუნქციების განმსაზღვრელ სამართლებრივ დოკუმენტებს, საშტატო ნუსხასა და აღნიშნული პლატფორმების მიერ განხორციელებული პროექტების ხარჯებს. 

 

ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მედიაკადემიის პლატფორმებს შორის ყველაზე მეტი თანხა როგორც სახელფასო ანაზღაურებაში, ისე სოციალურ ქსელებში, სწორედ მედიაკრიტიკაში იხარჯება.

 

 

 

აღსანიშნავია, რომ მედიაკრიტიკა სწორედ ის პლატფორმაა, რომლის კონტენტის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ კრიტიკის ძირითადი ნაწილი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ მედიას მიემართება. 

 

დასკვნა

 

კომისიის ბიუჯეტის ანალიზის შედეგად, ჩანს რომ კომისიის შემოსავლები და შესაბამისად ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება. ხარჯვით ნაწილში კი კომისია სრულად ვერ ითვისებს თანხებს. მიუხედავად ამისა, შემოსავლის ის ნაწილი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში მიემართებოდა, კომისიამ საკუთარ ბიუჯეტში მიმართა.

 

კომისიაში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობის შესახებ არსებული მონაცემებით, გაურკვეველი რჩება სახელფასო ხარჯის ზრდა უკავშირდება თუ არა თანამშრომელთა რაოდენობის ზრდას. ამასთან, კომისია პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით არ ასაჯაროებს საშტატო ნუსხას.

 

მედიააკადემიისა და მისი ცალკეული პლატფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის ფუნქციების განმსაზღვრელი დოკუმენტები, საშტატო ნუსხა და ცალკეული პროექტების ხარჯები კვლავ არ არის საჯარო. 

 

 

*სტატიაში შესულია ცვლილებები:

თავდაპირველი ვერსიის გამოქვეყნების შემდეგ მოგვმართა კომუნიკაციების კომისიამ და გვაცნობა, რომ პასუხი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე გამოგზავნილი იყო, თუმცა, სამწუხაროდ IDFI-ის არ მიუღია. ხელახლა მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაკორექტირდა მონაცემები. 

 

 

 ___

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს. 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023