დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | ბლოგპოსტები 19 აგვისტო 2024

1. შესავალი

 

2022 წლის 14 ნოემბერს IDFI-მ გამოაქვეყნა კვლევა: “დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სამართლებრივი და პრაქტიკული ანალიზი”, რომელიც მიმოიხილავდა საქართველოში ვებგვერდთა დაბლოკვის სამართლებრივ მოდელს, მის მარეგულირებელ ნორმატიულ საფუძვლებსა და პრაქტიკაში აღსრულების თავისებურებებს. კვლევის ფარგლებში შეფასდა 2017 წლიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით საქართველოში ვებ-გვერდების დაბლოკვის მაჩვენებლები. კვლევამ აჩვენა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 65 მიმართვა გაუგზავნა ინტერნეტ პროვაიდერებს, ჯამში 480 ინტერნეტ გვერდზე წვდომის შეზღუდვის მოთხოვნით.

 

IDFI-ს ანალიზმა ასევე აჩვენა, რომ ინტერნეტ გვერდების დაბლოკვის ნორმატიული მოწესრიგება არაერთ ხარვეზს შეიცავს, რომელსაც, თავის მხრივ, ადამიანის ძირითადი უფლებების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ბოროტად გამოყენების მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია. სათანადო მოწესრიგების არარსებობისა და კომისიის საქმიანობის გამჭვირვალობის ნაკლებობის პირობებში ინტერნეტ გვერდების დაბლოკვის პრაქტიკას შეიძლება, უარყოფითი გავლენა ჰქონოდა საქართველოში გამოხატვისა და ინტერნეტის თავისუფლების კუთხით. IDFI-ის კვლევის საფუძველზე, Freedom House-მა 2023 წელს ინტერნეტის თავისუფლების შესახებ ანგარიშში ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში „არ არსებობს ვებგვერდების დაბლოკვის მკაფიო პროცედურები. გარდა ამისა, ვებგვერდების დაბლოკვის სტატისტიკას პროაქტიულად არ აქვეყნებს არც კომუნიკაციების კომისია, არც ინტერნეტ სერვის პროვაიდერები და არც სხვა სახელმწიფო ორგანოები.”

 

ამ გარემოებების გათვალისწინებით, IDFI კვლავაც დაინტერესდა, როგორია ინტერნეტ გვერდზე წვდომის შეზღუდვის სტატისტიკა და ტენდენციები, ასევე, რამე შეიცვალა თუ არა ამ პროცესის გამჭვირვალობის გაზრდის კუთხით. განახლებული ანალიზის მოსამზადებლად გამოყენებულია კომუნიკაციების კომისიისგან გამოთხოვილი და მიღებული დოკუმენტაცია, რომლებიც ჯამში მოიცავს 2022 წლის 1-ელი ოქტომბრიდან - 2024 წლის16 მაისის ჩათვლით ინტერნეტ გვერდებზე წვდომის შეზღუდვის მიზნით, ინტერნეტ-პროვაიდერებისთვის გაგზავნილი მოთხოვნების წერილებს. გთავაზობთ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გამოვლენილ ტენდენციებს.

 

2. დაბლოკილ ვებგვერდთა ჯამური რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემები

 

 

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომისიამ ინტერნეტ სერვისის პროვაიდერებს ჯამში 74 მიმართვა გაუგზავნა, რომლითაც ჯამში  მოთხოვნილ იქნა 800 ვებგვერდის დაბლოკვა.

 

2.1 მიმმართავი სუბიექტების სტატისტიკური მონაცემები

 

უმრავლეს შემთხვევაში, კომისია ვებ-გვერდების მონიტორინგს ახორციელებს დაინტერესებული პირებისა და სახელმწიფო ორგანოების მიმართვის საფუძველზე. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, კომისია თავისი ინიციატივითაც იწყებს მოკვლევას. მაგალითისთვის, საანგარიშო პერიოდში გამოვლენილი 74 მიმართვიდან 13 იყო კომისიის დამოუკიდებელი მოკვლევის შედეგი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთ შემთხვევაში მოთხოვნის თავდაპირველი ინიციატორი კომისია არ ყოფილა. პრაქტიკა აჩვენებს, რომ კომისია ამგვარ მოთხოვნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ამზადებს, როდესაც არსებობს წინარე მოთხოვნა დაინტერესებული პირისგან, მაგრამ ეს მოთხოვნა არ ეხებოდა იმ ინტერნეტ გვერდებს, რომლებიც კომისიამ დამატებითი შემოწმების შედეგად გამოავლინა. ამ მხრივ, კომუნიკაციების კომისიის პრაქტიკა არ შეცვლილა წინა პერიოდთან შედარებით და იგი ისეთივე სქემით საქმიანობს.

 

ინტერნეტ გვერდების ინიციატორი სუბიექტების სტატისტიკური მონაცემები შეგიძლიათ იხილოთ ქვევით:

 

2.2. მიმართვების შინაარსობრივი ანალიზი

 

ვებგვერდების დაბლოკვის კანონისმიერი საფუძველი კომისიის 2006 წლის 17 მარტის დადგენილებით №3 დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის (შემდგომ - რეგლამენტი) მიხედვით შეიძლება იყოს:

 - პორნოგრაფიული პროდუქცია;

 - საავტორო უფლებების დამრღვევი პროდუქცია;

 - საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემული სხვა სახის ინფორმაცია.

 

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომისია არ გასცდენია ამ კანონისმიერ საფუძვლებს. მიუხედავად იმისა, რომ დაბლოკვის ერთ-ერთი საფუძველი - “კანონმდებლობის დარღვევით გადაცემული სხვა ინფორმაცია” საკმაოდ ბუნდოვანია და იძლევა ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას, საანგარიშო პერიოდში არ გამოკვეთილა ამ კანონისმიერი საფუძვლის არსებითად გაფართოების ტენდენცია, სხვაგვარად, მას არ შეუქმნია იმისგან განსხვავებული დამატებითი შინაარსობრივი ფილტრი, რაც წინა კვლევის ფარგლებში არ გამოვლენილა, გარდა ერთისა - თაღლითობა.

 

კომუნიკაციების კომისიის 74 მიმართვის მიხედვით ვებგვერდების დაბლოკვის მიზეზები/სამართლებრივი საფუძვლების სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:

 

2.2.1 საავტორო უფლებების დამრღვევი პროდუქცია (23 მიმართვა)

 

მსგავსად წინა კვლევისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაშიც საავტორო უფლებები იყო ყველაზე გავრცელებული საფუძველი ინტერნეტ გვერდებზე წვდომის შეზღუდვისთვის. სახელდობრ, კომისიამ 23 მიმართვით, ჯამში 292 ვებგვერდის დაბლოკვა მოითხოვა.

 

აღნიშნული საფუძვლით, ინტერნეტ გვერდების დაბლოკვის პრაქტიკა წინა პერიოდთან შედარებით პრაქტიკულად უცვლელია. კომუნიკაციების კომისიას როგორც წესი მიმართავენ საავტორო უფლების მქონე სუბიექტები და ითხოვენ იმ ვებგვერდებზე წვდომის შეზღუდვას, რომლებიც არღვევენ უფლებამფლობელის კანონიერ ინტერესებს. სხვაგვარად, პროცესის ინიციატორი არის ყოველთვის ის პირი, რომლის კანონიერ ინტერესებსაც არღვევს ინტერნეტ კონტენტი. ზოგიერთ შემთხვევაში კი კომისია თავად ატარებს დამატებით მოკვლევას, იმ გვერდების აღმოჩენის მიზნით, რომლებიც არ იყო დასახელებული წერილის ავტორის მიმართვაში, თუმცა არღვევს ამ უკანასკნელის, როგორც საავტორო უფლების მფლობელის ინტერესებს.

 

უმრავლეს შემთხვევაში, დაბლოკვის ინიციატორები არიან საავტორო/მომიჯნავე უფლების მფლობელი კერძო იურიდიული პირები - ბიზნეს კომპანიები.[1] მხოლოდ ერთ შემთხვევაში მიმართვის ავტორი იყო საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ითხოვდა იმ ვებგვერდის დაბლოკვას, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ლოგოს, სასაქონლო ნიშნის, საინფორმაციო პროგრამა “მოამბის“ ვიზუალის (წამყვანის ფოტოს და გადაცემის დიზაინის გამოყენებით) და საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელით ავრცელებდა ინფორმაციას.

 

„საავტორო უფლებების დამრღვევ პროდუქციაში” მათ შორის, იგულისხმება როგორც მომიჯნავე უფლებების, ასევე სასაქონლო ნიშნების კანონმდებლობის დამრღვევი პროდუქციაც.

 

2.2.2 საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემული სხვა სახის ინფორმაცია (32 მიმართვა)

 

საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემული ინფორმაციის 32 შემთხვევიდან კონკრეტული საფუძვლების მიხედვით მდგომარეობა გამოიყურება შემდეგნაირად:

 

პროსტიტუცია[2] და პროსტიტუციის ხელშეწყობა (27 მიმართვა)

 

აღნიშნული საფუძვლით კომუნიკაციების კომისიის მიმართვები ჯამში ეხებოდა 220 ვებგვერდზე წვდომის შეზღუდვას.

 

უმრავლეს შემთხვევაში კომისია ახდენდა მომხმარებლების, ფიზიკური პირების წერილებზე რეაგირებას და პროვაიდერებისთვის გაგზავნილ მიმართვებში აზუსტებდა, რომ პროსტიტუცია წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, ხოლო პროსტიტუციის ხელშეწყობა კი — სისხლისსამართლებრივ დანაშაულს 6 შემთხვევაში კომისიამ მოახდინა რეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტროს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წერილებზე, როდესაც სამმართველომ პროსტიტუციის ხელშეწყობის საქმეზე სისხლისსამართლებრივი გამოძიების ფარგლებში გამოავლინა და მოითხოვა 69 ვებგვერდის დაბლოკვა.

 

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაუცველად, შესაბამისი ნებართვის არარსებობის პირობებში აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება (1 მიმართვა)

 

აღნიშნული საფუძვლით კომისიას მხოლოდ ერთხელ მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა. სამსახური ითხოვდა იმ ვებგვერდის დაბლოკვას, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაცია შესაბამის ვებგვერდზე და შემდგომში აზარტულ/მომგებიან თამაშობაში მონაწილეობის მიღება, ანგარიშზე თანხის განთავსება და განაღდება, შესაბამისი ნებართვის გარეშე.

 

კომპიუტერულ სისტემაში შეღწევა[3] (1 მიმართვა)

 

აღნიშნული საფუძვლით, ჯამში 4 ვებგვერდზე წვდომის შეზღუდვის მოთხოვნით კომისიას მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ.

 

შსს-ს წერილიდან იკვეთებოდა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა ვებ-გვერდები, რომელთა მეშვეობითაც კომპიუტერულ სისტემაში "სპარის" ამოსაცნობი ნიშნის გამოყენებით, უნებართვო შეღწევის მცდელობას ჰქონდა ადგილი.

 

პერსონალური მონაცემების ხელყოფა[4] (2 მიმართვა)

 

მოცემული საფუძვლით კომისიას მიმართავდა სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტო. ერთ შემთხვევაში საუბარია მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების ფიშინგზე (phishing). ხოლო მეორე შემთხვევაში - მავნე ფაილების შემცველ ბმულებსა და IP მისამართებს, რომლებიც ე.წ. „ბოტნეტების“ მეშვეობით ვრცელდებოდა.

 

ამ საფუძვლით ციფრული მმართველობის სააგენტომ 11 გვერდის დაბლოკვა ითხოვა.

 

თაღლითობა[5] (1 მიმართვა)

 

აღნიშნული საფუძვლით ვებგვერდს დაბლოკვას წინ უძღოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის (თაღლითობა) საფუძველზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა ვებგვერდი, რომელიც წარმოადგენს თაღლითურ საინვესტიციო პლატფორმას, რომლის გამოყენებითაც დაუდგენელი პირი/პირთა ჯგუფი, დანაშაულებრივი გზით ეუფლებოდნენ საქართველოს მოქალაქეების კუთვნილ ფულად თანხებს.

 

მოცემული საფუძვლით მოთხოვნილ იქნა ერთი ვებგვერდის დაბლოკვა.

 

 

შეჯამება

 

კვლევის წინა პერიოდთან შედარებით, რომელიც მოიცავდა 2017 წლიდან 2022 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს, ახლა, ორ წელიწადზე ნაკლებ დროში (2022 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2024 წლის 16 მაისამდე), თითქმის გაორმაგდა ვებგვერდების რაოდენობა, რომელთა დაბლოკვასაც ინიციატორები ითხოვენ. დაბლოკილი ვებგვერდების უმრავლესობა კვლავ საავტორო უფლებებს ეხება. წინა პერიოდთან შედარებით საგრძნობლადაა გაზრდილი პორნოგრაფიასთან დაკავშირებული დაბლოკილი ვებგვერდების რაოდენობაც. კანონმდებლობის სხვა დარღვევებში პროსტიტუციის წილი კვლავ დიდია და წინა მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 16-ჯერ არის გაზრდილი.

 

მნიშვნელოვანია ვებგვერდების დაბლოკვის მოთხოვნების ფონზე არსებობდეს გამჭვირვალობის შესაბამისი მექანიზმები. ამის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია არსებობდეს ერთიანი საჯარო რეესტრი, სადაც შესაძლებელი იქნება ვებგვერდებზე წვდომის შეზღუდვების პერიოდის, საფუძვლისა და ინიციატორის დეტალების ნახვა/შემოწმება.

 

 

[1] მაგალითისთვის, შპს “კავეა პლუსი”, რომელიც ითხოვდა იმ ქართული ვებგვერდების დაბლოკვას, რომლებზეც აუდიო-ვიზუალური კონტენტი შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე ვრცელდებოდა. ასევე, CARFAX Europe GmbH.

[2] საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 მუხლი.

[3] საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2861 მუხლი.

[4] საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლი.

[5] საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლი.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024