ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა საქართველოსა და ვიშეგრადის ქვეყნებში

სიახლეები | კვლევები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 24 ნოემბერი 2021

საკუთრების უფლება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი უფლებაა, რომელიც ნებისმიერი სახის ეკონომიკური ურთიერთობის, ინვესტიციების მოზიდვის, და ზოგადად ეკონომიკის შემდგომი განვითარების ერთ-ერთ ძირითად ქვაკუთხედს წარმოადგენს. თუმცა საკუთრების უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას. ერთი მხრივ, ის არის ფართო საზოგადოებრივი სოციალური პასუხიმგებლობის მატარებელი, ხოლო მეორე მხრივ, საკუთრების უფლების სამართლებრივი რეჟიმი ასეთი უფლების მატარებელს შესაბამისი ვალდებულებებითაც აღჭურვავს. კერძოდ, ეს უკანასკნელი უნდა მოექცეს ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო კანონმდებლობის რეგულირების ქვეშ და შეასრულოს შემხვედრი ვალდებულებები სხვა ეკონომიკური ერთეულების, ორგანიზაციების, ფიზიკური პირებისა და სახელმწიფოს მიმართ.

 

საკუთრების უფლების სამართლებრივი რეჟიმის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს ღიაობა. მესამე პირებისთვის, ინვესტორებისთვის, ხელმისაწვდომი უნდა იყოს საკუთრებასთან მიმართებაში არსებული სრული და უტყუარი მონაცემები, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელია გარიგებების დადება, სამართლებრივი და ეკონომიკური ქმედებების განხორციელება. საკუთრების უფლების ღიაობის ერთ-ერთი პრაქტიკული გამოხატულებაა უძრავი ქონების რეესტრი და მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრი, რომლის მიმართაც მოქმედებს სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფცია, რაც მესამე პირებისათვის ნიშნავს შემდეგს, რომ: ინფორმაცია აღნიშნულ რეესტრებში არა მხოლოდ სრულად არის ასახული, არამედ აღნიშნული ინფორმაცია, ასევე, არის სანდო.

 

საკუთრების უფლებასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული მისი წარმომავლობის წყაროები. უძრავი და მოძრავი ნივთების შეძენა ხშირად ხდება კორუფციისა და სხვა დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად აკუმულირებული ფინანსური რესურსით. მნიშვნელოვანია სრული, უტყუარი და გადამოწმებადი ინფორმაციის არსებობა როგორც ქონების შეძენის, ასევე, ამ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებისათვის აუცილებელი ფინანსური წყაროების წარმომავლობის და  მესაკუთრის შესახებ.

 

XXI საუკუნეში განსაკუთრებით აქტუალური გახდა უკანონო საქმიანობის შედეგად მიღებული ფულადი რესურსის ინვესტირება ოფშორულ კომპანიებში, და შემდეგ ასეთი კომპანიების მეშვეობით ფინანსური საქმიანობის წარმართვა. ოფშორული კომპანიების ბენეფიციარი (საბოლოო) მესაკუთრეების შესახებ, როგორც წესი, არ არის ინფორმაცია ხელმისაწვდომი, რაც შეუძლებელს ხდის როგორც კომპანიის რეალური მფლობელის, ასევე, ამ კომპანიის ხელთ არსებული ფინანსური რესურსის წარმომავლობის გადამოწმების შესაძლებლობას. 

 

საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვადასხვა სახელმწიფოები აქტიურ ქმედებებს ახორციელებენ ბენეფიციარი მესაკუთრის ღიაობის სტანდარტის სამართლებრივი რეგულაციისთვის; შეიმუშავებენ პრაქტიკულ გზამკვლევებს, რაც ეხმარება დაინტერესებულ პირებს გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია ბენეფიციარი მესაკუთრეების დასადგენად; და ქმნიან აღნიშნული გამოწვევის აღმოფხვრისთვის ელექტრონული გადაწყვეტის გზებს ბენეფიციარი მესაკუთრეების რეესტრის სახით.

 

საბოლოო მესაკუთრეების გაუმჭვირვალობის საკითხი განსაკუთრებით პრობლემურია განვითარებად სახელმწიფოებში, სადაც კანონის უზენაესობის რეჟიმი მყიფეა და კორუფციის შემთხვევები ხშირი. ამ მხრივ, საქართველოც არ არის გამონაკლისი. საქართველოში, გარიგებებში ხშირად არიან წარმოდგენილი ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიები და მათ მიერ საქართველოში დაფუძნებული ფილიალები და შვილობილი კომპანიები. აღნიშნული ზრდის საეჭვო გარიგებების დადების ალბათობას, რაც შეიძლება ხორციელდებოდეს კორუფციის ან სხვა უკანონო საქმიანობის შედეგად მოპოვებული ფინანსური რესურსის გამოყენებით და მიზნად ისახავდეს ფულის გათეთრებას და ტერორიზმის ხელშეწყობას. 

 

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობის მნიშვენლობის გათვალისწინებით, აღიშნული კვლევის მიზანია, მიმოიხილოს თუ რა საკანონმდებლო ჩარჩო არსებობს კომპანიების ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ მონაცემების ხელმისაწვდომობის მიმართულებით საქართველოსა და ცენტრალური ევროპის ოთხ ქვეყანაში - პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა. კანონმდებლობასთან ერთად, წარმოდგენილია, თუ როგორია ბენეფიციარ მესაკუთრეთა მონაცემების ხელმისაწვდომობის პრაქტიკა, რამდენად არსებობს ერთიანი რეესტრის პრაქტიკა ამ ქვეყნებში და რამდენად ხშირად გამოიყენებენ ადგილობრივი აქტივისტები და კერძო სექტორის წარმომადგენლები ამგვარ რეესტრებს საკუთარ ყოველდღიურ საქმიანობაში. ყოველი ქვეყნის შემთხვევაში, მოცემულია რეკომენდაციები ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობის სტანდარტების დასანერგად და გასაუმჯობესებლად.

 

საქართველოში არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის კვლევის თანახმად, გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი მიგნებები:

 

- 2018-2020 წლებში, საქართველოს ტერიტორიაზე, მაღალი რისკის იურისდიქციებში დაფუძნებული იურიდიული პირების და მათ მიერ საქართველოში დარეგისტრირებული იურიდიული პირების მონაწილეობით განხორციელდა, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის კანონმდებლობის თანახმად გათვალისწინებული, ზღვარს ზემოთ დადებული 65000-ზე მეტი გარიგება, და 31 საეჭვო გარიგება.

 

- გამომწვევებიდან გამომდინარე, ბენეფიციარი საკუთრების სავალდებულო ღიაობის სტანდარტი სფეროების გაზრდას საჭიროებს. ხოლო იმისათვის, რომ ეფექტურად მოხდეს ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობის დაცვა და საყოველთაო ხელმისაწვდომობა, აუცილებელია ბენეფიციარი მესაკუთრეების საჯარო რეესტრის შექმნა.

 

- ბენეფიციარ მესაკუთრეთა რეესტრის შექმნამდე, მნიშვნელოვანია სამაუწყებლო და კომერციული ბანკების საქმიანობის სფეროების მსგავსად, ბენეფიციარ მესაკუთრეთა ღიაობის სხვა დამატებით სფეროებზე გავრცელება, მაგალითად, სახელმწიფო შესყიდვებზე, სახელმწიფო ქონების განკარგვაზე და მოპოვებით მრეწველობაში ჩართულ კომპანიებზე.

 

IDFI-მ აღნიშნული კვლევა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მოამზადა. ქვეყნების მიხედვით, შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი მათი ქვეყნის შესახებ პუბლიკაციის ქვე-თავის დაწერაში: KohoVolit.eu (ჩეხეთი და სლოვაკეთი), K-Monitor Public Benefit Association (უნგრეთი) და ePanstwo Foundation (პოლონეთი).

 

 

/public/upload/Analysis/Beneficial Ownership Transparency in Georgia and Visegrad Countries - GEO.pdf

 

 

 

კვლევა მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ პროექტის - კარგი მმართველობისთვის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ბენეფიციარი მესაკუთრეების ღიაობის სტანდარტების გაუმჯობესება - ფარგლებში.

პროექტი დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ, ვიშეგრადის გრანტების პროგრამით, ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების თანადაფინანსებით. ფონდის მისიაა ცენტრალურ ევროპაში მდგრადი რეგიონული იდეების წახალისება.

სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის პოზიციას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024

პირველი ინსტანციის სასამართლომ, შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, გიორგი დავითური სამართალდამრღვევად ცნო

11.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024