სასამართლო რეფორმის შედეგების შეფასება - დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა

სიახლეები | კვლევები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | ანგარიში 8 ნოემბერი 2019

დღეს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) წარადგინეს ანგარიში „სასამართლო რეფორმის შედეგების შეფასება - დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა“. ანგარიში მომზადდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერის (FAIR)“ ფარგლებში.

 

ანგარიში მიზნად ისახავს, შეაფასოს მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა, რომელიც ჩამოყალიბდა სასამართლო სისტემის რეფორმის „მესამე ტალღის“ ფარგლებში.

 

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა IDFI-ის პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა და აღნიშნა რომ: „მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა ერთ-ერთი საკვანძო და აქტუალური საკითხია, რომლის სათანადო საკანონმდებლო რეგულირება და პრაქტიკაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა არსებითად მნიშვნელოვანია ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის გაზრდისათვის და ანგარიშვალდებული მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად. ჩვენ მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები კანონმდებლობის დახვეწისა და  პრაქტიკის გაუმჯობესების საჭიროებაზე მიუთითებს.  იმედს გამოვთქვამთ, რომ მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემის მონიტორინგის ანგარიში და ჩვენ მიერ შეთავაზებული კონკრეტული რეკომენდაციები შესაბამის უწყებებს დაეხმარება სასამართლო სისტემის შემდგომი რეფორმირებისა და კანონმდებლობის გადახედვის პროცესში.“

 

ანგარიშის ძირითად მიგნებებზე ისაუბრა IDFI-ის კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელმა ქეთევან კუკავამ. მან ხაზი გაუსვა, რომ: „ანგარიშვალდებული მართლმსაჯულების ხელშესაწყობად და სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობის ასამაღლებლად, მნიშვნელოვანია მოსამართლეთა დისციპლინურ სამართალწარმოებაში ჩართულმა ორგანოებმა დროულად, ობიექტურად და ეფექტიანად უპასუხონ მოსამართლეთა დისციპლინურ გადაცდომებს. სასამართლო რეფორმის „მეოთხე ტალღის“ ფარგლებში შემუშავებული, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის მარეგულირებელი ნორმების შემცველი კანონპროექტი ითვალისწინებს დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემის გაუმჯობესებულ რეგულირებას, თუმცა ცალკეული ხარვეზები კვლავ გამოწვევად რჩება, რაც დროულ და ეფექტიან გადაწყვეტას მოითხოვს“.

 

კერძოდ, ანგარიშის ძირითადი მიგნებებია:

 

• სასამართლო სისტემის რეფორმის „მესამე ტალღის“ ფარგლებში მოსამართლეს მართალია, მიეცა საშუალება, სურვილის შემთხვევაში გაასაჯაროოს დისციპლინური სხდომები, თუმცა აღნიშნული უფლებით დღემდე კვლავ არცერთ მოსამართლეს არ უსარგებლია;

• მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს წევრს მიეცა საშუალება წერილობით დააფიქსიროს საკუთარი განსხვავებული აზრი, დღემდე საბჭოს არცერთ წევრს აღნიშნული უფლებით არ უსარგებლია;

• მიუხედავად იმისა, რომ „მესამე ტალღით“ მკაცრად განისაზღვრა დისციპლინური საქმის წინასწარი შემოწმებისა და გამოკვლევის ვადები, სამართალწარმოება მონიტორინგის წინა პერიოდის მსგავსად, დღემდე ვადების დარღვევით მიმდინარეობს და დისციპლინური სამართალწარმოება ჭიანურდება;

• ინსპექტორის სამსახურში კვლავ ჭარბობს აქტის კანონიერების საფუძვლით შესული დისციპლინური საჩივრები, მიუხედავად იმისა, რომ დისციპლინური სამართალწარმოების დროს კანონმდებლობით დაუშვებელია მოსამართლის მიერ გამოტანილი აქტების კანონიერებაზე ზედამხედველობა;

• იუსტიციის უმაღლესი საბჭო დისციპლინურ საკითხებზე სხდომებს კვლავ არასაკმარისი სიხშირით ატარებს, რაც დისციპლინური სამართალწარმოების გაჭიანურების დამატებით განმაპირობებელი ფაქტორია;

• „მესამე ტალღის“ ამოქმედებიდან დღემდე, მოსამართლე დისციპლინურ პასუხისგებაში ყველაზე ხშირად საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურებისთვის მიეცა;

• პრაქტიკაში სასამართლო ეთიკის ნორმების დარღვევას ფართო ინტერპრეტაცია აქვს, რაც ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის ხელყოფის რისკს წარმოშობს;

• სასამართლო რეფორმის „მეოთხე ტალღის“ ფარგლებში შემუშავებული კანონპროექტი ითვალისწინებს დისციპლინური გადაცდომის სახეების კონკრეტულ და ამომწურავ ჩამონათვალს, რაც დადებითად უნდა შეფასდეს;

• პრობლემურია კანონპროექტში არსებული დათქმა იმის თაობაზე, რომ დისციპლინურ გადაცდომად არ მიიჩნევა ისეთი ქმედება, რომელიც, მართალია, ფორმალურად კი შეიცავს კანონით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, თუმცა მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია იმგვარი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩადენისთვის დისციპლინურ პასუხისმგებლობას ან ასეთი ზიანის საფრთხე არ შეუქმნია. ჩანაწერის ამგვარი ბუნდოვანება მისი არასწორად და სუბიექტურად გამოყენების რისკს წარმოშობს;

• პრობლემურია, რომ შემუშავებული კანონპროექტი არ ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მოსამართლის ქმედებისთვის, რომელიც ნათლად ჩამოყალიბებულ სამართლის ნორმას ეწინააღმდეგება და რომელთან დაკავშირებითაც არ არსებობს ბუნდოვანება, თუ აღნიშნული ქმედება მოსამართლემ ჩაიდინა ცხადი და დამაჯერებელი არაკეთილსინდისიერებითა და ადამიანის უფლებების უპატივცემულობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (legal error plus);

• კანონპროექტით იცვლება დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების წესი და გათვალისწინებულია გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა, ასევე, მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება საკანონმდებლო დონეზე, რაც დადებითად უნდა შეფასდეს. თუმცა კვლავ ხარვეზიანია დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე არჩევის წესი, რაც ვერ უზრუნველყოფს ინსპექტორის სათანადო ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას;

• შემუშავებული კანონპროექტი განსაზღვრავს მტკიცების სტანდარტს დისციპლინური სამართალწარმოების საწყის ეტაპებზე, რაც დადებითად უნდა შეფასდეს;

• დღეს მოქმედი კანონმდებლობის მსგავსად, არც „მეოთხე ტალღის“ ფარგლებში შემუშავებული კანონპროექტი ითვალისწინებს დამოუკიდებელი ინსპექტორის დასკვნების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე გამოქვეყნებას. დასკვნები ხელმიუწვდომელია საჯარო ინფორმაციის სახით მოთხოვნის შემთხვევაშიც, რაც გამჭვირვალობის კუთხით მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს;

• შემუშავებული კანონპროექტი ითვალისწინებს დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის გამოქვეყნებას, რაც დადებითად უნდა შეფასდეს. თუმცა, გამჭვირვალობის კუთხით, მნიშვნელოვანი ხარვეზია ის, რომ არ ქვეყნდება მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;

• „მეოთხე ტალღის“ ფარგლებში შემუშავებული კანონპროექტი არ ითვალისწინებს სადისციპლინო კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ხარვეზის აღმოფხვრას. მოქმედი კანონმდებლობით, შესაძლებელია, კოლეგიის საერთო შემადგენლობის 5-დან ორმა წევრმა (თუკი კოლეგიას სამი წევრი ესწრება) მოსამართლე ბრალეულად ცნოს და დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი დააკისროს, რაც საფრთხეს უქმნის დისციპლინური სამართალწარმოების სამართლიანობას.


ანგარიშის სრული დოკუმენტი იხილეთ აქ

 

/public/upload/01Nino/zoro/Assessment_of_the_Judicial_Reform_System_of_Disciplinary_Liability_of_Judges_Geo.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024