იურიდიული კომიტეტის მიერ სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტების შეფასება

განცხადებები 17 სექტემბერი 2019

 

საქართველოს კანონმდებლობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში იურიდიული კომიტეტის მიერ სამუშაო ჯგუფის შექმნას ითვალისწინებს. მისი მიზანი კანდიდატების საქართველოს კონსტიტუციის ან/და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობაა. [1]


11 სექტემბერს კომიტეტმა ეს მექანიზმი აამოქმედა. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, „სამუშაო ჯგუფის ფორმატი შინაარსობრივ შეფასებას ვერ გააკეთებს არსებული საკანონმდებლო ჩანაწერებიდან და იმ ლოგიკური დასკვნიდან გამომდინარე, რომელსაც პარლამენტის რეგლამენტი იძლევა.“ [2]


კოალიციას სურს შეაფასოს კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. რეგლამენტით გათვალისწინებული ეს ინსტიტუტი ე.წ. „შერეული კომისიაა“. ის კომპლექტდება როგორც დეპუტატებისგან, ასევე მოწვეული სპეციალისტებისგან. ამ ინსტიტუტის მთავარი დანიშნულებაა განსახილველი საკითხი ყოველმხრივ, როგორც პოლიტიკური, ისე ექსპერტული პერსპექტივიდან გამოიკვლიოს. შერეულ კომისიაში გადაწყვეტილებები თანხმობაზე ორიენტირებული განხილვისა და საგნობრივი მსჯელობის საფუძველზე, მოწვეული პირებისა და პარლამენტის წევრების მხრიდან, ერთობლივად, უნდა მიიღებოდეს.


საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, მოსამართლეობის კანდიდატები შეირჩევიან ორი ძირითადი კრიტერიუმის – კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის – საფუძველზე. რეგლამენტის მიერ სამუშაო ჯგუფისთვის განსაზღვრული მიზანი, კომიტეტს ხელი შეუწყოს ამ მოთხოვნებთან წარმოდგენილი კანდიდატების შესაბამისობის დადგენაში, შეუძლებელია გულისხმობდეს მხოლოდ საბჭოს გადაწყვეტილების ტექნიკურ გადახედვას. პირიქით, სამუშაო ჯგუფის ფუნქცია სწორედ ისაა, რომ კომიტეტს ხელი შეუწყოს იმის გარკვევაში, შინაარსობრივად (მატერიალურად) რამდენად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს საბჭოს მიერ წარმოდგენილი სია.
ამას გარდა, როგორც ითქვა, ჯგუფის სამუშაო მოიცავს როგორც პოლიტიკურ, ისე ექსპერტულ ძალისხმევას. ეს კი გამორიცხავს ამ ინსტიტუტის ტექნიკურ ფუნქციას. კომიტეტის მიერ სამუშაო ჯგუფისთვის სხდომაზე დასახულ მიზნებს თავს პარლამენტის შიდა პერსონალიც მარტივად გაართმევდა.


ამჟამად, სამუშაო ჯგუფის 16 წევრია ცნობილი [3], სადაც უმრავლესობა - 7, ოპოზიცია - 5, აკადემიური სფერო კი 2 წევრითაა წარმოდგენილი; თითო წევრი ჰყავთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და იურიდიული დახმარების სამსახურს. კონსულტაციები მიმდინარეობს დამოუკიდებელ დეპუტატებთან. ჯგუფში არ არის წარმოდგენილი არც ერთი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, მათ შორის, კოალიციიდან, რაც მისი ბოლო დროინდელი ჩართულობის გათვალისწინებით, კრიტიკული და კომპეტენტური მოთამაშის მიმდინარე პროცესს მიღმა დატოვების შთაბეჭდილებას ქმნის. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის პოლიტიკური ნიშნით გამოყოფილი კვოტების რაოდენობა გადაჭარბებულია, ხოლო აკადემიური სფეროს წარმომადგენლების შერჩევაში მონაწილეობის შესაძლებლობა შესაბამისი დაწესებულების წარმომადგენლებს არ ჰქონიათ.


ამის გათვალისწინებით, კოალიცია მოუწოდებს კომიტეტს გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას, სამუშაო ჯგუფს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი კანდიდატების შინაარსობრივი შეფასების ფუნქცია მიანიჭოს, შეამციროს დეპუტატების კვოტა, უზრუნველყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელთა ჩართულობა, ხოლო ექსპერტული ნაწილი კი მეტად წარმომადგენლობითი გახადოს.

 

 

 

[1]საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-2 პუნქტი

 

[2] იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით კომიტეტის სამუშაო ჯგუფი შექმნა, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: http://parliament.ge/ge/saparlamento-saqmianoba/komitetebi/iuridiul-sakitxta-komiteti-146/axali-ambebi-iuridiuli/iuridiul-sakitxta-komitetma-parlamentistvis-asarchevad-wardgenili-saqartvelos-uzenaesi-sasamartlos-mosamartleobis-kandidatebis-saqartvelos-kanonmdeblobis-motxovnebtan-shesabamisobis-dadgenis-xelshewyobis-miznit-komitetis-samushao-djgufi-sheqmna.page, განახლებულია: 12.09.2019.

 

[3] იქვე

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024