28 მაისს სასტუმრო თბილისი მარიოტში საქართველოში მოღვაწე 15 არასამთავრობო ორგანიზაციამ „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პირველი ორი წლის შეფასების ანგარიში წარადგინა. შემაჯამებელი ანგარიში საჯარო პოლიტიკის 20-ზე მეტ სფეროს ეხება.
ანგარიშის ცალკეულ თავებზე შესაბამისი სპეციალიზაციის მქონე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმუშავეს, რომლებიც უკვე წლებია აქტიურად აკვირდებიან ამ სექტორებში განვითარებულ მოვლენებს.
ანგარიშის "ღია მმართველობის" თავი მომზადებულ იქნა IDFI-ს მიერ. მოცემულ ნაწილში განხილულ იქნა საქართველოში არსებული მდგომარეობა, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებები და არსებული ხარვეზები. აღნიშნული ხარვეზების გამოსწორების მიზნით, კი IDFI-ს მიერ შემუშავებულ იქნა შესაბამისი რეკომენდაციები. ქვემოთ წარმოგიდგენთ IDFI-ს მიერ მომზადებულ თავს ღია მმართველობის შესახებ.
1. არსებული მდგომარეობა
კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ყოფილი ხელისუფლების მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული ინიციატივების მიუხედავად (მაგ. თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციებისა და სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემების დანერგვა), 2012 წლამდე ღია და ანგარიშვალდებული მმართველობის კუთხით საქართველოში სერიოზული პრობლემები არსებობდა. ძვირადღირებული სახელმწიფო პროექტების მიმდინარეობის გაუმჭვირვალობა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სისტემური შეზღუდვა, საზოგადოებაში აჩენდა ლეგიტიმურ ეჭვებს დემოკრატიული მმართველობის განვითარების მიმართულებით.
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით განხორციელებული პოლიტიკური ცვლილებების შემდგომ, შეინიშნებოდა მნიშვნელოვანი დადებითი ტენდენციები საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. სამოქალაქო სექტორი გამოთქვამდა იმედს, რომ საჯარო დაწესებულებათა ინფორმაციის ღიაობის მზარდი ტენდენცია შენარჩუნებული იქნებოდა მომავალშიც, თუმცა 2014 წელს IDFI-ის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა ნათლად აჩვენა, რომ მთელი რიგი საჯარო დაწესებულებების შემთხვევაში, პოლიტიკური ცვლილებების შემდგომ ნაჩვენები დადებითი ტენდენციები დაკავშირებული იყო ახალი ხელისუფლების მოღვაწეობის საწყის ეტაპთან, როდესაც რაიმე სახის ინფორმაციის დამალვის სურვილი ნაკლებად არსებობს. აღნიშნულზე ნათლად მეტყველებს IDFI-ის მიერ ნაწარმოები სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც, თუ 2012 წლის პოლიტიკურ ცვლილებებამდე ჩვენთვის მოწოდებული პასუხების მხოლოდ 39% იყო სრულყოფილი, ეს მაჩვენებელი საგრძნობლად გაუმჯობესდა 2012 წლის ოქტომბერი - 2013 წლის სექტემბრის პერიოდში და შეადგინა 85%. თუმცა, 2013 წლის ოქტომბრიდან სრულყოფილი პასუხების მოწოდების პროცენტული მაჩვენებელი კვლავ შემცირდა და შეადგინა 71%. მაგ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ფინანსთა სამინისტრომ 2014 წელს არ მოგვაწოდეს ის ინფორმაცია, რაც დეტალურად იქნა გასაჯაროებული მათ მიერვე პოლიტიკური ცვლილებების საწყის ეტაპზე, 2013 წლის დასაწყისში.
2. განხორციელებული ცვლილებები
როგორც უკვე აღინიშნა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკის მხრივ ბოლო პერიოდის განმავლობაში, გასული წლის მონაცემებთან შედარებით, შეინიშნება ადმინისტრაციულ ორგანოთა გამჭვირვალობის ვარდნის ტენდენცია. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ღია მმართველობის მიმამრთულებით ახალი ხელისუფლების პირობებში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები. კერძოდ, მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის დადგენილება პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის წესისა და ნუსხის დამტკიცების შესახებ. ამასთან ცვლილება შევიდა საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში და კანონით დარეგულირდა და არაორაზროვნად გაიწერა, რომ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, საჯარო დაწესებულების ელექტრონული რესურსების საშუალებით. გაფართოვდა ქონებრივი დეკლარაციების წარმდგენ პირთა წრე და მას პირველად დაემატნენ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არაკომერციული იურიდიული პირებისა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების ხელმძღვანელი პირები, შესყიდვების ელექტრონული სისტემის გვერდზე ქვეყნდება ინფორმაცია გამარტივებულ შესყიდვებზე, პროაქტიულად ხელმისაწვდომია სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხების შესახებ ინფორმაცია.
მნიშვნელოვანია აგრეთვე, ის გარემოებაც, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად აგრძელებს მუშაობას ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საერთაშორისო ინიციატივაში. ამ მხრივ სახელმწიფომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია 2014 წლის აგვისტოში, როდესაც საქართველო ღია მმართელობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის წევრად იქნა არჩეული. ამასთან 2014 წლის სექტემბერში, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ღია მმართველობა საქართველოს რიგით მეორე, 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა, სადაც ასახულია მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების მიერ შეთავაზებული წინადადებები: პეტიციების ელექტრონული პლატფორმის შემუშავება, მიყურადების შესახებ სტატისტიკის პროაქტიული გამოქვეყნება, ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის მექანიზმის დანერგვა, ღია მონაცემების პორტალის ამოქმედება.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობამ ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში აიღო ვალდებულება შეიმუშაოს ახალი კანონი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ. აღნიშნული კანონის მიღება ძალზედ მნიშვნელოვანია, კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებული პრობლემების მომავალში თავიდან არიდებისა და გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტის დანერგვისთვის.
3. რეკომენდაციები
უპირველესყოვლისა მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიიღოს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონი, რომელიც თანხვედრაში იქნება საუკეთესო საეთაშორისო პრაქტიკასა და სტანდარტებთან. ამ მიზნით კი აუცილებელია პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციათა და სხვა დაინტერესებულ პირთა მოსაზრებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება.
მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სრულყოფილად შეასრულონ საკუთარი ვალდებულება საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ, რომელიც საქართველო მთავრობის #219 დადგენილებით არის გათვალისწინებული. ამასთან, იქიდან გამომდინარე, რომ დადგენილება არ არის საკმარისად დეტალური, სასურველია ადმინისტრაციულმა ორგანოებმა საკუთარი ინიციტივით დაადგინონ გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტი და პროაქტიულად გამოაქვეყნონ ინფორმაცია, რომელიც იქნება მეტი დეტალის შემცველი, ვიდრე ეს შესაბამისი სამართლებრივი აქტით არის მოთხოვნილი და პროაქტიულ რეჟიმში დააკმაყოფილებს საზოგადოების ინტერესს.
ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს მოქალაქეებთან ეფექტური კომუნიკაციის მექანიზმების შემუშავებას, იმისთვის, რომ უზრუნველყოს მათი ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ამ მიმართულებით, აუცილებელია ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში აღებული ვალდებულებების ზედმიწევნით შესრულება, პეტიციების დისკუსიებისა და საჯარო კონსულტაციების მექანიზმების საკანონმდებლო და პრაქტიკული უზრუნველყოფა, სამოქალაქო და ექსპერტულ სექტროთან მუდმივმოქმედი თანამშრომლობითი ფორმატის ხელშეწყობა.