არქივები და კონსპირაციის თეორები: ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მაგალითი

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 17 სექტემბერი 2021

ავტორი: მომჩილ მეთოდიევი, მკვლევარი

უახლესი წარსულის კვლევის ინსტიტუტი, ბულგარეთი

 

გასაგებია, რომ კომუნისტური საიდუმლო სამსახურების არქივების გახსნას დიდი მოლოდინი მოჰყვება ხოლმე. საზოგადოება იმედოვნებს, რომ არქივების გახსნა დიდი ხნის ნანატრ პასუხს გასცემს კომუნისტური რეჟიმის საქმიანობას, სისტემის დაშლას და რომ ეს ნაბიჯი გამოიწვევს ინსტიტუტების გამჭვირვალობას, აღადგენს სამართლიანობას და გზას გაუხსნის ახალი ელიტების ჩამოყალიბებასა და მერიტოკრატიულ განვითარებას. ეს იმედები გასაგები და გონივრულია. მთავარ გამოწვევად რჩება არქივში გამოვლენილ ინფორმაციასა და ადრეულ გარდამავალ წლებში ჩამოყალიბებულ საზოგადოებრივ რწმენას შორის შესაძლო შეუსაბამობა. როგორ რეაგირებს საზოგადოება და ინსტიტუტები, როდესაც გამოქვეყნებული საარქივო ინფორმაცია არა მხოლოდ ადასტურებს, არამედ ეწინააღმდეგება უკვე დამკვიდრებულ აღქმებს?

 

ამ მხრივ, საუკეთესო მაგალითად შეიძლება განვიხილოთ ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმე. კომუნისტური წყობის დანგრევის შემდეგ 1989 წელს, ბულგარეთში მწვავედ დადგა სახელმწიფო უშიშროების არქივის გახსნის პრობლემა, როგორც მნიშვნელოვანი, თუმცა, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გადაუჭრელი საკითხი. 1989 წლის შემდეგ სახელმწიფო უშიშროების ყოფილმა ოფიცრებმა დაუყოვნებლივ გაანადგურეს პირადი საქმეების დაახლოებით 40%, რამაც მათ საფუძველი მისცა, ემტკიცებინათ, რომ არქივების გახსნა უსარგებლო იქნებოდა და სრული სიმართლე არასოდეს გამჟღავნდებოდა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, 2006 წლის მიწურულს, ბულგარეთის პარლამენტმა მიიღო კანონი ყოფილი სახელმწიფო უშიშროების არქივებზე წვდომის უზრუნველყოფის შესახებ. 2007 წელს შეიქმნა ეგრეთ წოდებული "საქმისწარმოების კომისია" სამი ძირითადი ამოცანით: პირველი, შეაგროვოს და ზედამხედველობა გაუწიოს კომუნისტური ეპოქის საიდუმლო სამსახურების ცენტრალიზებულ არქივს; მეორე, უზრუნველყოს ამ არქივზე წვდომა მსხვერპლთა და მკვლევართათვის; და მესამე, შეამოწმოს პოსტკომუნისტური სახელმწიფო და საზოგადოებრივი ელიტის სხვადასხვა კატეგორია სახელმწიფო უშიშროებასთან კავშირის კუთხით. ბევრისთვის გასაკვირად (მათ შორის ავტორისთვისაც), მომდევნო წლებში კომისიამ დაიწყო თავისი კანონიერი ამოცანების შესრულება და მოიპოვა საზოგადოების ნდობა. პოლიტიკური და ეკონომიკური, პოსტკომუნისტური ელიტის სხვადასხვა ჯგუფის ანგარიშების წარდგენის შემდეგ, 2012 წლის დასაწყისში, კომისიამ განაცხადა, რომ მისი შემდეგი მოხსენება შეეხებოდა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელობას.

 

ბულგარეთის ეკლესიამ 2000-იან წლებში გადალახა ღრმა კრიზისი. გარდამავალი პერიოდის დასაწყისში, ეროვნული იდენტობის სვეტი - მართლმადიდებლური ეკლესია განიხილებოდა როგორც კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლი და საზოგადოების დიდი ნაწილი ელოდა, რომ ის მხარს დაუჭერდა დემოკრატიულ ცვლილებებსა და დეკომუნიზაციას. ამის საპირისპიროდ, 1990-იანი წლების დასაწყისში, ეკლესიაში დაიწყო მწვავე შიდა განხეთქილება. 1992 წელს ეკლესიის ხელმძღვანელობის ნაწილმა მოითხოვა პატრიარქ მაქსიმეს გადადგომა იმ მოტივით, რომ იგი პატრიარქად აკურთხეს კომუნისტური პარტიის მხარდაჭერით, რისი მტკიცებულებაც არქივში მოიპოვებოდა. ამ მომენტიდან დაიწყო ფართომასშტაბიანი და ხანგრძლივი შიდა განხეთქილება. კონფლიქტს თან ახლდა შენობების და ეკლესიების დაკავება, ურთიერთბრალდებები და შეტაკებებიც კი ორი ჯგუფის მხარდამჭერებს შორის. საზოგადოებას სწამდა, რომ პატრიარქ მაქსიმის ჯგუფი (ე.წ. "კანონიკური სინოდი") ყოფილ კომუნისტებთან უფრო ახლოს იყო, ხოლო მეორე ჯგუფი, ე.წ. "ალტერნატიული სინოდი", მოითხოვდა ეკლესიისა და ეკლესიის ცხოვრების დეკომუნიზაციას. ამ ჯგუფს ხელმძღვანელობდა სამი მიტროპოლიტი: ნევროკოპის მიტროპოლიტი პიმენი (არჩეული "ალტერნატიულ პატრიარქად"), სტარი ზაგორას მიტროპოლიტი პანკრატი და ვრაცას მიტროპოლიტი კალინიკი. კრიზისი, რომელიც ცნობილი გახდა როგორც "საეკლესიო განხეთქილება", გადაწყდა 2004 წელს, როდესაც ერთიანობა აღდგა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსისა და სახელმწიფოს მხარდაჭერით.

 

სიმართლე გამჟღავნდა 10 წლის შემდეგ. თავდაპირველად, 2012 წელს, ეკლესიის ხელმძღვანელობამ სცადა შეეჩერებინა საქმისწარმოების კომისიის ანგარიშის გამოქვეყნება იმ მოტივით, რომ იგი წარმოადგენდა სახელმწიფოს არადემოკრატიულ ჩარევას საეკლესიო ცხოვრებაში. წინააღმდეგობის მიუხედავად, 2012 წლის იანვარში, კომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში კომუნისტური სახელმწიფო უშიშროების იმდროინდელი მოქმედი მიტროპოლიტების კავშირების შესახებ. მოგვიანებით, კომისიამ მკვლევრები დაუშვა კომუნისტური ხანის ყველა მიტროპოლიტის პირად საქმეებთან. ანგარიშმა გამოავლინა, რომ 15-დან 12 მიტროპოლიტი, როცა ისინი ახალგაზრდა მღვდლები ან ეპისკოპოსები იყვნენ, კომუნისტურ პერიოდში უშიშროების კომიტეტთან თანამშრომლობდა. ინფორმაცია უკიდურესად უსიამოვნო მოულოდნელობად იქცა. ერთადერთი კარგი ამბავი ის იყო, რომ ასაკოვანი პატრიარქი მაქსიმე არ ირიცხებოდა იმ პირთა შორის, რომლებიც სახელმწიფო უშიშროებასთან თანამშრომლობდნენ. ამავდროულად, ცხადი გახდა, რომ მათ შორის იყვნენ ეგრეთწოდებული "ალტერნატიული სინოდის" წამყვანი ფიგურები: ნევროკოპის მიტროპოლიტი და "ალტერნატიული პატრიარქი" პიმენი - ეს უკანასკნელი გახლდათ სახელმწიფო უშიშროების ერთადერთი აგენტი სინოდში 1950-იან წლებში, რომელსაც ჰქონდა კოდური სახელი "პატრიარქი"; სტარა ზაგორას მიტროპოლიტი პანკრატი, რომელიც ცნობილი იყო როგორც ეკლესიის "საგარეო საქმეთა მინისტრი", კოორდინირებას უწევდა ბულგარეთის ეკლესიის საგარეო საქმიანობას არა მხოლოდ ბულგარეთის სახელმწიფო უშიშროებასთან, არამედ  ̶  საბჭოთა უშიშროებასთანაც (КГБ) კი; ხოლო ვრაცას მიტროპოლიტი კალინიკი იყო სინოდის ფარგლებში სახელმწიფოს ყველაზე მნიშვნელოვანი "გავლენის აგენტი".

 

განსაკუთრებული თვალსაჩინოებით დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის, სიმეონის, 30-ტომიანი საქმე გამოირჩევა, რომელიც 1990-იან წლებში „კანონიკური სინოდის“ წევრი იყო. 1966 წელს სიმეონი გააგზავნეს ამერიკაში იმ იმედით, რომ იგი გახდებოდა ბულგარელი რიხარდ ზორგე. მღვდლის წოდებას ამოფარებული სიმეონი ამავე დროს იყო სახელმწიფო უშიშროების უაღრესად საიდუმლო ოპერატიული ოფიცერი და ბულგარეთის კომუნისტური პარტიის წევრი. ზემდგომთა თანხმობით, მან მიიღო ამერიკის მოქალაქეობა, რამაც მას საშუალება მისცა, უფრო ადვილად ემოგზაურა მსოფლიოში და, ამავდროულად,  აღზევებულიყო ეკლესიის იერარქიაშიც. უფროსობის ნდობის დაკარგვის შემდეგ, 1978 წელს, იგი გაიწვიეს ბულგარეთში, პასპორტი გაუუქმეს და გააქრეს საზოგადოებრივი ცხოვრებიდან. თავისი ქვეყნის მოქალაქის ბედით შეშფოთებულმა აშშ-ს ელჩმა მოითხოვა ინფორმაცია ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისგან, რომლისგანაც მიიღო მოსალოდნელი პასუხი, რომ  რადგან ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსგან და სიმეონის მომავალი ეკლესიის საქმეა.

 

1979 წლის დასაწყისში სახელმწიფო უშიშროების ოფიცრებმა მოულოდნელად შეიტყვეს, რომ ეპისკოპოსი სიმეონი ამერიკაში დაბრუნდა. გაირკვა, რომ სოფიაში აშშ-ს კონსულმა შეძლო მისი მოძებნა და დაეხმარა მას ბულგარეთის უკანონოდ დატოვებასა და ამერიკაში დაბრუნებაში. სახელმწიფო უშიშროება ყველაზე დიდი საზოგადოებრივი წარუმატებლობის წინაშე აღმოჩნდა. უფრო მეტიც, ეს მოვლენები დაემთხვა 1978 წლის სექტემბერში, ლონდონში,  ბულგარელი მწერლის, გიორგი მარკოვის, ეგრეთ წოდებული "ბულგარული ქოლგით“ მკვლელობას. გაურკვეველი დარჩა რა სახის და რაოდენობის ინფორმაცია გაანდო სიმეონმა ამერიკელებს, მაგრამ, ამის-და მიუხედავად, სოფიიდან მას მაინც შესთავაზეს დასავლეთ ევროპის ეპისკოპოსობა. გარიგება დაიდო შვედეთში, ქალაქ უფსალაში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ მიტროპოლიტი პანკრატი, მიტროპოლიტი სიმეონი და ოფიცერი დაზვერვის დეპარტამენტიდან - ჰრისტო მარინჩევი. შეხვედრის შემდეგ ანგარიშს თან ახლდა სამი ადამიანის ფოტოსურათი და ჩანაწერი, რომ ორი მიტროპოლიტი მოგზაურობდა "სამოქალაქო ტანსაცმლით, რათა ადგილობრივების ყურადღება არ მიეპყროთ".

 

C:\Users\User\Desktop\არქივები 2019\კონფერენცია\პრეზენტაციები\presentations\metodiev\05. Metr Simeon 2..jpg

 

მარცხნიდან მარჯვნივ:მიტროპოლიტი სიმეონი, ხრისტო მარინჩევი, მიტროპოლიტი პანკრატი. უფსალა, 1979. წყარო: ბულგარეთის საქმისწარმოების კომისია (ზემოთ: შესაბამისი ბეჭდით)

 

ახლად გახსნილმა სახელმწიფო უშიშროების არქივმა გამოავლინა მრავალი მნიშვნელოვანი ფაქტი და დეტალი სასულიერო პირების შესახებ, რომლებიც მუდმივი თვალთვალის ქვეშ იმყოფებოდნენ სახელმწიფო უშიშროების მიერ, მათ შორის აღმოჩნდნენ საბჭოთა კავშირის პერიოდის ეკლესიის ორი ხელმძღვანელი. არქივების დეტალურად გარჩევამ დაამტკიცა, რომ კომუნისტური პერიოდის სინოდის წევრთა უმრავლესობას რეალურად აკონტროლებდა სახელმწიფო უშიშროება, ხოლო სასულიერო პირებს შორის სახელმწიფო უშიშროებასთან თანამშრომლების (აგენტების) რიცხვი გაიზარდა 1970-იანი წლების შუა ხანებში. ამ მხრივ, არქივების გახსნა მნიშვნელოვანი და გამოსადეგი ნაბიჯი აღმოჩნდა.

 

როგორი იყო საზოგადოებისა და ეკლესიის რეაქცია ინფორმაციის გავრცელებაზე? გარკვეული პერიოდის შემდეგ, საზოგადოების გაკვირვება შეცვალა შეთქმულების თეორიებმა, რომელთა ავტორებიც დაუყოვნებლივ ცდილობდნენ აეხსნათ წინააღმდეგობა "ალტერნატიული სინოდის", ერთი შეხედვით, ანტიკომუნისტური ძალის, საქმიანობისა და არქივში გამოვლენილ ინფორმაციას შორის. ამ თეორიებიდან ორი განსაკუთრებით პოპულარული გახდა: 1. რომ 2012 წელს ჩამოყალიბებულმა კომისიამ დამალა მოქმედი პატრიარქის, მაქსიმის, საქმე. ეს თეორია ემყარებოდა ცალკეულ საარქივო ინფორმაციას, რომელშიც სახელმწიფო უშიშროების ოფიცერი აცხადებდა, რომ მაქსიმიც თანამშრომლობდა მათთან. თუმცა, კომისიამ ჩაატარა ყველა შესაძლო შემოწმება, მაგრამ ვერ იპოვა მტკიცებულება. 2.  ეკლესიაში სქიზმა (განხეთქილება) წამოიწყო ყოფილმა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა, სასულიერო პირების და მთლიანად ეკლესიის ავტორიტეტის შელახვის მიზნით.

 

მაცდური ახსნა, რომელიც ეწინააღმდეგება ფაქტებს: სახელმწიფო უშიშროების თანამშრომლები თანაბრად იყვნენ გადანაწილებული „ალტერნატიულ“ და კანონიკურ სინოდს შორის. ამრიგად, ყველაზე სარწმუნო, თუმცა, ნაკლებად მიმზიდველი განმარტება განხეთქილების შესახებ, არის ის, რომ ეკლესიის ხელმძღვანელობამ, განსაკუთრებით კი სახელმწიფო უშიშროების ყველაზე აქტიურმა თანამშრომლებმა, წამოიწყეს განხეთქილება ახალი პოლიტიკური რეჟიმის პირობებში საკუთარი ბიოგრაფიების გასათეთრებლად.

 

როგორ უპასუხა ამ ყველაფერს ეკლესიამ? გასაკვირი არ არის რომ  ̶  დუმილით. სინოდის რამდენიმე წევრის ინიციატივა საჯარო ბოდიშის მოხდაზე არ განხორციელდა, რადგან უმრავლესობამ არ გაიზიარა მათი შეთავაზება. ეკლესიის ხელმძღვანელობის დუმილმა ისეთ მგრძნობიარე საკითხზე იგი გააუცხოვა საზოგადოების იმ ნაწილთან, რომელიც წლების განმავლობაში დაჟინებით მოითხოვდა არქივების გახსნას. ამ წრეების მხარდაჭერის დაკარგვის შემდეგ, ეკლესიის ხელმძღვანელობა უფრო მეტად ცდილობდა სხვა საზოგადოებრივი წრეების მიმხრობას და ხმაურიანად განაცხადა ახალი, მოდური "იდენტობის პოლიტიკის" წამოწყების თაობაზე.

 

შეთქმულების თეორიები „იდენტობის პოლიტიკასთან“ ერთად: ეს არის სრულყოფილი გარემო პოპულისტური ელიტების წარმოშობისათვის, რომლებიც დღეს უფრო და უფრო ძლიერდება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. არქივების გახსნა არის საზოგადოების დემოკრატიზაციის მნიშვნელოვანი ელემენტი და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს, რადგან პოპულიზმი ვერ გაძლიერდება არქივების გახსნის შედეგად. თუმცა, ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის შემთხვევა იმის დასტურია, რომ მხოლოდ არქივების გახსნა არ არის საკმარისი „სიმართლის“ გამოსავლენად და საზოგადოებაში სამართლიანობის დასამკვიდრებლად. ეს არის დემოკრატიზაციის პროცესის მხოლოდ ერთი, თუმცა, მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც უნდა შეავსოს კანონის უზენაესობამ და ძლიერი და დამოუკიდებელი მედიის არსებობამ. როდესაც პროცესს ერთ-ერთი ეს ელემენტი აკლია, არქივების ღიაობაც კი შეიძლება ბოროტად გამოიყენონ არც ისე პატიოსანი და დემოკრატიული ზრახვებით.

 

___

 

 

მასალის გამოქვეყნება დააფინანსა "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდმა" (OSI), პროექტის - „სახელმწიფო არქივების ღიაობის ხელშეწყობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნებში“ ფარგლებში. ამ დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს" (IDFI) და არ ასახავს "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდის" (OSI) პოზიციებს. OSI არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024