გრანტის დასახელება: ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში სახელმწიფო არქივის ღიაობის ხელშეწყობა
დონორი ორგანიზაცია: ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი (OSI)
გრანტის მიმღები: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
მთლიანი საგრანტო თანხა: 84,155.5 აშშ დოლარი
პროექტის ნომერი: OR2017-34436
შესრულების პერიოდი: 2017 წლის 1 ნოემბერი - 2018 წლის 31 ოქტომბერი
არსებული მდგომარეობა
საბჭოთა არქივებსა და დოკუმენტებზე თავისუფალი წვდომის საკითხი ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოებში კვლავ სადაო თემად რჩება. დემოკრატიზაციისა და საბჭოთა წარსულის გააზრების პროცესები ამ სახელმწიფოებში ერთმანეთისგან განსხვავებულად მიმდინარეობდა. ამან განაპირობა სახელმწიფოთა განსხვავებული მიდგომები არქივების მიმართ. ზოგიერთ სახელმწიფოში საბჭოთა ეპოქის დოკუმენტები საიდუმლოა, მკვლევარებსა და ისტორიკოსებს კი არ აქვთ არქივებზე წვდომა, ზოგიერთში ისინი მხოლოდ ნაწილობრივაა ღია.
საბჭოთა მმართველობის 70 წლიან პერიოდში, ისტორია გამოიყენებოდა როგორც იდეოლოგიური იარაღი, რომელიც არ ეყრდნობოდა რეალურ ფაქტებსა და სიმართლეს. იგი სავსე იყო ფალსიფიკაციებით, მცდარი ინტერპრეტაციებითა და კომუნისტური პოსტულატებით. კომუნისტები გულწრფელები მხოლოდ იმ საიდუმლო დოკუმენტებში იყვნენ, რომელსაც საბჭოთა ბიუროკრატები მმართველობის უმაღლეს რგოლსა და ელიტაში ავრცელებდნენ.
საბჭოთა წარსულის ზუსტი და სწორი გადახედვა არის წარსულის მართებული გააზრების ქვაკუთხედი. ახლად გამოქვეყნებული საარქივო დოკუმენტები ხელს შეუწყობს ისტორიოგრაფიის განვითარებას, ერების კოლექტიური მახსოვრობის ფორმირებას, იმ ცრუ ინფორმაციისა და მითების დამსხვრევას, რომელიც დამკვიდრებულია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ნეოსტალინისტებისა და თანამედროვე კრემლის პროპაგანდის საშუალებით.
პროექტის აღწერა
პროექტის მთავარი მიზანია საბჭოთა არქივების ღიაობის უზრუნველყოფა პოსტსაბჭოთა სივრცეში. ეს მიზანი მიიღწევა რამდენიმე ღონისძიებისა და მოქმედების შედეგად. პირველ რიგში, პროექტის ფარგლებში დაგეგმილ კონფერენციაზე შეიქმნება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მკვლევარების ქსელი, რომლებიც საბჭოთა არქივების ღიაობის საკითხებზე იმუშავებენ. ამას გარდა, პოსტსაბჭოთა სივრცის არქივების ღიაობის საკითხებზე საფუძვლიანი კვლევა ჩატარდება, რათა ნათელი ხედვა გაჩნდეს იმის შესახებ, თუ როგორ და სად უნდა მოვითხოვოთ მეტი ღიაობა.
პროექტის შედეგად პოსტსაბჭოთა სივრცეში შექმნება არქივების ღიაობის ერთიანი სტანდარტი, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ არქივების ხელმისაწვდომობას, არამედ მათი შემადგენელი მონაცემების ფორმატსაც. პროექტი წაახალისებს საარქივო დოკუმენტების ციფრულ ფორმატში ხელმისაწვდომობას. გარდა ამისა, ქვეყნებს შორის საარქივო მასალების გაცვლის გასაუმჯობესებლად შეიქმნება სპეციალური მკვლევართა ქსელი. დამყარდება კავშირი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების არქივებს შორის, რაც ხელს შეუწყობს ერთობლივ კვლევებსა და დოკუმენტაციის გაცვლას. ქსელი ასევე იმუშავებს არქივებთან წვდომის სამართლებრივ და პრაქტიკულ ასპექტებზე, ადვოკატირებაზე, გამოცდილების გაზიარებასა და მონაწილე ქვეყნებში საბჭოთა კვლევების შესახებ ერთობლივი კვლევითი პროექტების ინიცირებაზე.
პროექტის მიზნები
- პოსტსაბჭოთა სივრცეში არქივების ღიაობაზე მომუშავე მკვლევარებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის შექმნა
- პოსტსაბჭოთა სივრცეში არქივების ღიაობის მხარდაჭერა
აქტივობები
- პოსტსაბჭოთა სივრცეში პოტენციურ პარტნიორებთან დაკავშირება: უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა, შუა აზიის ქვეყნები, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი.
- კონფერენციის ორგანიზება თბილისში თემაზე არქივების ღიაობა მონაწილე ქვეყნებში, არქივებზე ხელმისაწვდომობის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, მკვლევართა როლი, როგორც შუამავლები სახელმწიფო სუბიექტებს შორის.
- კვლევის მომზადება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საბჭოთა არქივების ხელმისაწვდომობაზე.
- ვებგვერდის შექმნა, სადაც გამოქვეყნებდა პოსტსაბჭოთა სივრცეში საარქივო ღიაობის შესახებ კვლევის შედეგები.