სპორტული ფედერაციების 2019-2020 ხარჯების ანალიზი

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 23 სექტემბერი 2021

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია ეროვნული ფედერაციების მიერ სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში მიღებული თანხების განკარგვის შესახებ. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, აღნიშნულ კვლევაში წარმოდგენილია 70-მდე სპორტული ორგანიზაციის (ფედერაციები, რამდენიმე სპორტული კლუბი და სპორტული ასოციაცია) ხარჯების ანალიზი. მნიშვნელოვანია, რომ მიღებული მონაცემებიდან გამომდინარე IDFI-მ დამატებით გამოითხოვა ათობით კონკრეტული აქტივობისა და ღონისძიების დეტალური ფინანსური ანგარიში, ხელშეკრულებები და სამინისტროსათვის წარდგენილი სხვადასხვა სამართლებრივი თუ ფინანსური აქტი. აღნიშნული მოთხოვნა დაემთხვა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელახალ გამოყოფას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემიდან, შესაბამისად, სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობა შეიცვალა. აღნიშნული ცვლილებების პარალელურად, ახალმა სამინისტრომ არ მოგვაწოდა ინფორმაცია მოთხოვნილ საკითხებზე. დეტალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ფონზე, აღნიშნული კვლევა უმეტესწილად ემყარება სტატისტიკურ მონაცემებს, IDFI-ის მიერ წარსულში მომზადებულ მსგავს კვლევებს, სახელმწიფო აუდიტის დასკვნებსა და საჯაროდ ხელმისაწვდომ სხვა წყაროებს.

 

2019-2020 წლის ხარჯები

 

საქართველოს სპორტული ფედერაციების 2019 წლისა და 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით გაწეულმა ჯამურმა ხარჯმა 145.5 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. საიდანაც 91 მლნ ლარზე მეტი 2019 წელს, ხოლო 55 მლნ ლარამდე 2020 წელს დაიხარჯა. 

 

2019 წელს 10 ყველაზე მაღალხარჯიანი კატეგორია შემდეგნაირად გამოიყურება:

 

 

როგორც ცხრილიდან ჩანს, ყველაზე დიდი თანხა ჩემპიონატებში, შეჯიბრებში, ტურნირებსა და მსგავსი სახის აქტივობებში დაიხარჯა და 33 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. გადარიცხული თანხებიდან ფედერაციებმა სამინისტროს ჯამურად 2 მილიონ ლარზე მეტი დაუბრუნეს, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული თანხის ათვისება ვერ მოხერხდა. 

 

რაც შეეხება ფედერაციების მიხედვით აღნიშნული თანხების გადანაწილებას, ლიდერობს საქართველოს რაგბის კავშირი, რომლის დაფინანსებამაც ჯამურად 17 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. შემდეგი ორი ფედერაცია, რომლებიც ყველაზე მაღალი დაფინანსებით გამოირჩევიან, კალათბურთისა და ჭიდაობის ეროვნული ფედერაციებია. 

 

 

რაც შეეხება 2020 წლის ხარჯებს, ოქტომბრის ჩათვლით, მონაცემების ანალიზის საფუძველზე ჩანს, რომ ყველაზე დიდი ხარჯი 13.4 მილიონ ლარამდე ხელფასებისა და სხვადასხვა მომსახურების ანაზღაურებაშია გადახდილი. მოცემულ საანგარიშო წელს მკვეთრადაა შემცირებული (23,5 მლნ ლარით) ჩემპიონატებში, შეჯიბრებში, ტურნირებსა და სხვა მსგავს აქტივობებში მონაწილეობისა და მათი გამართვის ხარჯები. აღნიშნული ტენდენცია შესაძლოა უკავშირდებოდეს ახალი კორონავირუსის გავრცელებას, რამაც 2020 წლის განმავლობაში მრავალი ღონისძიების გაუქმება თუ დროებით გადაწევა გამოიწვია. ამასთან, ხარჯის შედარებით მცირე მაჩვენებელი გამოწვეულია არასრული მონაცემითაც, რადგან 2020 წლის ნოემბრისა და დეკემბრის ხარჯები ანალიზში გათვალისწინებული არ არის.


 

2020 წლის ხარჯების ფედერაციებს შორის გადანაწილება მოცემულია ცხრილში, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის მსგავსად, ყველაზე მაღალხარჯიან ფედერაციად კვლავ საქართველოს რაგბის კავშირი რჩება, თუმცა გასულ წელთან შედარებით, მისი ხარჯები დაახლოებით 3 მლნ ლარითაა შემცირებული. თითქმის ორჯერ დაიკლო ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხარჯებმაც.

 

 

2021 წლის მარტში, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ახალმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა ფედერაციებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ლეგიტიმური კითხვები დაისმება, თუ როგორ არის ეს ფული დახარჯული ეფექტიანად და მიზნის მისაღწევად", და აღნიშნა, რომ „აუცილებელია ფედერაციებში დაინერგოს ანტიკორუფციული მექანიზმები.” აღნიშნული განცხადების მიუხედავად, სწორედ სამინისტროს გამოყოფისა და მმართველობის შეცვლის შემდეგ IDFI-ისთვის შეუძლებელი გახდა რამდენიმე ფედერაციის მიერ გაწეული ხარჯების დეტალური დოკუმენტაციის საჯარო ინფორმაციის სახით მიღება.

 

2019 წელს IDFI-მ მოამზადა კვლევა „კორუფციის რისკები ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში”, რომლითაც გამოვლინდა რიგი საყურადღებო საკითხები. მათ შორის, ისეთი პრობლემები, როგორებიცაა ფედერაციის გაუმჭვირვალობა, სამინისტროს მიერ საჯარო ინფორმაციის არასრულად მოწოდება, სახელმწიფოს მიერ ფედერაციისთვის გადარიცხულ, ფედერაციის მიერ დახარჯულ და უკან დაბრუნებულ თანხებს შორის ბალანსის არ არსებობა, ფინანსურ დოკუმენტაციაში არსებული შეუსაბამობები, ფედერაციის თანამშრომლების დაქირავება სხვადასხვა გარე მომსახურების მისაღებად, ადმინისტრაციული ჯგუფისათვის გადაცემული ფულადი ჯილდოს გადანაწილების გაურკვეველი მექანიზმები და ფულადი ჯილდოს გადაცემა სპორტსმენისათვის, რომელმაც ვერ გაიარა ანტიდოპინგური შემოწმება. კვლევა ეფუძნებოდა მაშინდელი განათლების, მეცნიერების, სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ოფიციალურ დოკუმენტაციას. გამოვლენილი საეჭვო გარემოებების საფუძველზე IDFI-მ მიმართა აუდიტის სამსახურს, გამოეკვლია ფედერაციის საქმიანობა. 

 

2021 წლის აგვისტოში აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში. დასკვნაში მოცემული პრობლემური საკითხები მეტწილად ემთხვევა IDFI-ის მიერ 2019 წელს გამოკვეთილ დარღვევებს. აუდიტის სამსახურმა გასცა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, მათ შორის, კონტროლის მექანიზმების დანერგვის, დასაქმებულთა ანაზღაურების წესის, ასევე მათი ფუნქციების განმსაზღვრელი დოკუმენტაციის შემუშავების შესახებ. გამოვლინდა შესყიდვების პროცესის არაკონკურენტულობა და დაკავშირებულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულებები. აუდიტმა ასევე მიუთითა, რომ სპორტსმენების შეკრებებზე სასტუმროს მომსახურებისათვის ზედმეტად გადახდილია 33,235 ლარი და გასცა რეკომენდაცია აღნიშნული თანხის ბიუჯეტში დაბრუნების შესახებ.

 

2020 წელს გამოყენებული ა(ა)იპ რაგბის კავშირის აუდიტის ანგარიშიც ნათლად მიუთითებს იდენტურ პრობლემებზე. კერძოდ, კონტროლის მექანიზმების არარსებობაზე, სამუშაო აღწერილობებისა და ანაზღაურების გადანაწილების ბუნდოვანებაზე, საბაზრო ფასებზე ძვირად მიღებულ მომსახურებებსა თუ რეალიზებულ ქონებაზე. აუდიტის დასკვნის მიხედვით, რაგბის კავშირმა 2018 წელს არსებული წესის შეუსაბამოდ, დიდი 10-ის რვა სარაგბო კლუბს კომპენსაციის სახით ზედმეტად გადაუხადა 43,500 ლარი. ქვეყნის გარეთ გამართულ ღონისძიებებზე დასასწრებად 2017-2016 წლებში ზედმეტად ანაზღაურებულმა სამივლინებო თანხებმა შეადგინა 56,603 ლარი. კავშირის შემთხვევაშიც აუდიტის სამსახური გასცემს რეკომენდაციას, სამინისტრომ დანერგოს გადარიცხული თანხების მიზნობრივი ხარჯვის კონტროლის მექანიზმები.

 

ჭადრაკის ფედერაციის აუდიტმა გამოავლინა საბიუჯეტო სახსრების არაეფექტური ხარჯვისა და გაუმჭვირვალობის რისკები. მოცემულ შემთხვევაშიც, ყურადღება გამახვილებულია სამინისტროს მხრიდან ფედერაციასთან შესაბამისი კომუნიკაციისა და კონტროლის მექანიზმების არარსებობაზე.

 

კალათბურთის ფედერაციის შემთხვევაში აუდიტის სამსახურმა შეისწავლა მხოლოდ კონკრეტული ხელშეკრულების, კერძოდ ფედერაციასა და საკალათბურთო კლუბ “ბასკონიას”/ფონდი “5+11”-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობა. აუდიტმა გამოავლინა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, პროექტის ფარგლებში მომზადებული სპორტსმენების ტრანსფერით ფედერაციის მხრიდან ფინანსური სარგებლის მიღებასთან დაკავშირებით, არ განხორციელებულა. ამასთან, ანგარიშით ირკვევა, რომ მომსახურების ანაზღაურების არსებული წესი შეიცავს საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი ხარჯვის რისკებს. ფედერაციის მიერ არ ხდება განსახორციელებელი სპორტული ღონისძიებების ფარგლებში შესასყიდი საქონლის და მომსახურების ოპტიმალური ფასის, ტექნიკური პარამეტრების და მიწოდების პირობების დადგენის მიზნით ბაზრის კვლევა, რის გარეშეც მიმწოდებელთან გაფორმებული კონტრაქტები ზრდის საბაზრო პირობებისადმი არაადეკვატური ფასის და მიწოდების პირობების ჩამოყალიბების რისკებს, რაც, თავის მხრივ, იწვევს საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიურ და არაეფექტიან ხარჯვას. მნიშვნელოვანია, რომ ქართველი მწვრთნელების მოსამზადებელი პროგრამა არ შექმნილა და აღნიშნული პროგრამის მიხედვით მწვრთნელების „სასკი ბასკონიის“ სპორტულ სტრუქტურებში, 3 თვის განმავლობაში მომზადება − არ განხორციელებულა.

 

ხელშეკრულება 2014-2018 წლებს მოიცავდა, IDFI-ის მიერ მიღებული ინფორმაციით, მხოლოდ 2018 წელს აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში სახელმწიფო სახსრებიდან დაიხარჯა 994,000 ლარამდე, აუდიტის ანგარიშის თანახმად კი ჯამურად 2015-2018 წლებში ფედერაციის მიერ სულ გაწეულია 4,051,937 ლარის ხარჯი, რომლებიც შემდეგნაირად ნაწილდება:

 

აღსანიშნავია, რომ მაღალი ხარჯებისა და გამოვლენილი იდენტური დარღვევების მიუხედავად, აუდიტის სამსახურს სულ 5 ფედერაცია ჰყავს შემოწმებული. 

 

თბილისის მერიის მიერ სპორტული ორგანიზაციების დაფინანსება

 

ეროვნულ ფედერაციებს სამინისტროს გარდა თბილისის მერიაც აფინანსებს. მერია ასევე გამოყოფს თანხებს თბილისის ფედერაციებისა და სპორტული კლუბების ღონისძიებების ხელშესაწყობად. 

 

კლუბები და ფედერაციები თბილისის მერიამ 2019 წელს სპორტული ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით 2.5 მილიონამდე ლარით დააფინანსა, 2020 წელს კი 730,000 ლარით.  ორივე წლის განმავლობაში ყველაზე დიდი თანხები შემდეგ ორგანიზაციებს გადაერიცხათ:

 

 

როგორც მოცემული ცხრილიდან ჩანს, 2019 წელს დიდი თანხები ისევ ეროვნულ ფედერაციებში მიემართება, მაგალითად ყველაზე მეტი დაფინანსება თბილისის მერიიდან საქართველოს მკლავჭიდის ერთიანმა ეროვნულმა ფედერაციამ მიიღო. რიგით მეორე კი საქართველოს კალათბურთის ფედერაციაა. დაფინანსება მიღებული აქვს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციასაც. რაც შეეხება 2020 წელს, გარდა იმისა რომ დაფინანსების ჯამურმა ოდენობამ იკლო, თანხების უმეტესი ნაწილი მიმართულია თბილისის ფედერაციების, კლუბების, ასოციაციებისა თუ სხვა სპორტული ორგანიზაციებისკენ.

 

დასკვნა

 

სპორტულ ფედერაციებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მასშტაბური თანხები იხარჯება. წლების განმავლობაში სხვადასხვა კვლევითა თუ აუდიტის სამსახურის ანგარიშებით ცხადად იკვეთება ფედერაციების მიერ ფინანსური სახსრების არაეკონომიური და არამიზნობრივი ხარჯვის რისკები და რიგ შემთხვევებში მსგავსი პრაქტიკა. ფედერაციებში სუსტია როგორც შიდა, ისე გარე კონტროლის მექანიზმები. სამინისტრო ვერ ახერხებს გადარიცხული თანხების ხარჯვის შემოწმებას. ფედერაციებზე არ ვრცელდება შესყიდვების კანონმდებლობა, ისევე როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება. აღნიშნული ასუსტებს არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მათი ფინანსებისა და კორუფციული რისკების მონიტორინგის შესაძლებლობას. მიუხედავად იმისა, რომ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ახალმა მინისტრმა მიმდინარე წელს ხაზი გაუსვა, რომ ფედერაციების მიმართ დაისმებოდა გარკვეული კითხვები და დაინერგებოდა ანტიკორუფციული მექანიზმები, 2021 წლის მარტიდან თავად სამინისტრომაც დანერგა ფედერაციების შესახებ საჯარო ინფორმაციის დახურვის პრაქტიკა. 

 

2021 წლის თებერვალში IDFI-მ გამოაქვეყნა რეკომენდაციები ახალ ანტიკორუფციულ სტრატეგიასთან და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. სპორტის სფეროსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებში ორგანიზაციამ მიუთითა, რომ აუცილებელია:

 

- სპორტული ფედერაციებისათვის შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციების შემოღებით როგორც საჯარო ინფორმაციის გაცემის, ასევე მისი პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტის დამკვიდრება.

 

- სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების ფარგლებში გაწეული ხარჯების შესახებ დეტალური ფინანსური ანგარიშების წარმოების და მისი საჯაროობის უზრუნველყოფა.

 

- სპორტული ფედერაციების აუდიტორული შემოწმების, მისი დასკვნების საჯაროობისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების ეფექტური მონიტორინგის უზრუნველყოფა.

 

- გამარჯვებული სპორტსმენებისათვის დაწესებული ფულადი ჯილდოების გამოყოფის და ამ ჯილდოების სპორტსმენებისათვის, მწვრთნელებისთვის თუ სხვა დამხმარე პერსონალისთვის გადაცემის პროცედურების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. 

 

IDFI მოუწოდებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უზრუნველყოს სპორტულ ფედერაციებთან დაკავშირებული ინფორმაციის საჯაროობა, დროულად დაიწყოს ფედერაციებში ანტიკორუფციული მექანიზმების დანერგვის პროცესი, რომელშიც ჩართულნი იქნებიან სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები.

 

___

 

 

კვლევა მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია Luminate-ის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს Luminate-ის პოზიციას

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024