ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტების ანალიზი

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | აქტუალური თემები | ანალიზი | ადგილობრივი მმართველობა 23 დეკემბერი 2021

2019 წლიდან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტების დაფინანსების სისტემა შეიცვალა.  შედეგად, ადგილობრივ თვითმმართველობებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გათანაბრებითი ტრანსფერი აღარ გაიცემა, საშემოსავლო გადასახადი სრულად სახელმწიფო ბიუჯეტში მიემართება, ხოლო ადგილობრივ თვითმმართველობებზე დღგ-ს სახით მიღებული შემოსავლების 19% ნაწილდება.  აღნიშნული ცვლილების მიზანს წარმოადგენდა ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პარალელურად მუნიციპალიტეტების შემოსავლების მუდმივად ზრდის უზრუნველყოფა.    

 

2020 წელს კორონავირუსის (COVID 19) პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია  საქართველოს ეკონომიკაზე. პანდემიით განპირობებულმა ეკონომიკურმა რეცესიამ განაპირობა როგორც სახელმწიფო ბიუჯეტში ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა.  

 

პანდემიის შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა მუნიციპალიტეტების საგადასახადო შემოსავლები, რომლის სრულად დაბალანსება მათი ხარჯების შემცირების ხარჯზე შეუძლებელი იყო. შედეგად, აუცილებელი გახდა მუნიციპალიტეტებისათვის  სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერების გაზრდა. მაგალითად, 2020 წელს პანდემიის დაწყების შემდეგ ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული საგანგებო ბიუჯეტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ავტონომიური რესპუბლიკების და მუნიციპალიტეტების საგადასახადო შემოსავლები ჯამში მცირდებოდა  310,0 მლნ ლარამდე, ხოლო ტრანსფერების ჯამური მაჩვენებელი იზრდებოდა 85 მილიონი ლარით.

 

წინამდებარე კვლევის ფარგლებში IDFI-მ გაანალიზა მუნიციპალიტეტების 2019-2021 წლების ბიუჯეტის მონაცემები, რომლებიც 2021 წლის ნოემბრის მდგომარეობით სისტემატიზირებულად განთავსებული იყო ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე.  დოკუმენტი მიმოიხილავს  პანდემიის გავლენას მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების როგორც საშემოსავლო ასევე ხარჯვით ნაწილზე. 

 

კვლევის პერიოდი ასევე ემთხვევა 2021 წლის ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნებს, როდესაც მაღალია საბიუჯეტო სახსრების საარჩევნო მიზნით გამოყენების რისკები. დოკუმენტში ასევე გაანალიზებულია, საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე ასახული, 2021 წელს მუნიციპალურ ბიუჯეტებში განხორციელებული ცვლილებების შესაძლო კავშირი საარჩევნო მიზნებთან. 

 

ძირითადი მიგნებები

 

- 2020 წელს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების საერთო შემოსავლები წინა წელთან შედარებით  8%-ით (-224 მლნ)  შემცირდა, ხოლო ხარჯები 6%-ით (+95 მლნ) გაიზარდა. 2021 წლის დაზუსტებული გეგმით  შემოსავლები 14%-ით (+345 მლნ),  ხოლო ხარჯები - 19%-ით (+313 მლნ) იზრდება.

 

- 2021 წელს მუნიციპალიტეტების მიერ დაგეგმილი ხარჯებიდან ყველაზე დიდი წილი 37% სუბსიდიებზე მოდის, რომელიც  უმეტესწილად მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების დაფინასებაზე გაიცემა.  2020 წლიდან ამ ხარჯების მკვეთრი ზრდა უმეტესწილად განაპირობა ქალაქ თბილისში საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის სუბსიდიამ, რისთვისაც 2020-2021 წლებში გათვალისწინებულია სულ 212 მილიონი ლარი. 

 

- მუნიციპალიტეტები სუბსიდიების მუხლით გასაწევ ხარჯებს აღრიცხავენ არაერთგვაროვნად,  შედეგად მისი წილი მთლიან ხარჯებში სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 0%-დან 60%-მდე მერყეობს;

 

- სხვადასხვა მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურების ხარჯების წილი მთლიან ხარჯებში 8%-დან 50%-მდე მერყეობს, მათ შორის, 13 მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურების ხარჯების წილი აჭარბებს 25%-ს;

 

- 2021 წლის ბიუჯეტების დაზუსტებული გეგმით მუნიციპალიტეტების საქონელი და მომსახურების ხარჯები 380 მილიონ ლარამდე იზრდება, რაც 2020 წელთან შედარებით 31%-იანი ზრდაა, ხოლო 2019 წელთან შედარებით 20%-იანი ზრდა;

 

- 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, 2019 წელთან შედარებით  სოციალური უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯების საერთო მაჩვენებელი დაახლოებით 21 მილიონი ლარით შემცირდა. 2021 წლის გეგმით, 31 მილიონი ლარით იზრდება;

 

- 2021 წელს ქალაქ თბილისის ბიუჯეტით სოციალური უზრუნველყოფისათვის დაგეგმილი ხარჯი, დაახლოებით ორჯერ აღემატება ყველა სხვა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში განსაზღვრულ თანხას.

 

- სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში სოციალური უზრუნველყოფის ხარჯების წილი მთლიან ხარჯებში 2%-დან 17%მდე მერყეობს;

 

- 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით მუნიციპალიტეტების კაპიტალური ხარჯების(არაფინანსური აქტივების ზრდა) საერთო მაჩვენებელი 43 მილიონი ლარით შემცირდა. ხოლო, 2021 წლის დაზუსტებული გეგმით  240 მილიონი ლარით იზრდება;   

 

- 64-მა მუნიციპალიტეტმა 2021 წელს,  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ბიუჯეტში სულ განახორციელა 328 ცვლილება;

 

- 8 მუნიციპალიტეტის შემთხვევაში  ბიუჯეტში  ცვლილება განხორციელდა კანონმდებლობით წინასაარჩევნოდ დადგენილი შეზღუდვების პერიოდში, ხოლო 39 მუნიციპალიტეტის მიერ ცვლილება განხორციელდა შეზღუდვების დაწყებამდე 1 კვირით ადრე პერიოდში;

 

- 2021 წელს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად  საერთო ხარჯების გეგმიური მაჩვენებელი 292 მილიონი ლარით გაიზარდა, საიდანაც   ყველაზე დიდი ზრდა (+116,3 მილიონი ლარი) მოდის სხვა ხარჯებზე. ასევე, 95 მილიონი ლარით გაიზარდა სუბსიდიების გეგმა, ხოლო 58 მილიონი ლარით  საქონელი და მომსახურება;

 

დასკვნა

 

2019-2021 წლების მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ანალიზი აჩვენებს, რომ პანდემიით განპირობებულმა ეკონომიკურმა სირთულეებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მუნიციპალიტეტების როგორ საშემოსავლო, ასევე ხარჯვით ნაწილზე, რომელიც   გარკვეულწილად დაბალანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაზრდილი ტრანსფერებით. 

 

ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტების ცალკეული საბიუჯეტო მუხლების და კლასიფიკაციის მიხედვით ანალიზი, მნიშნელოვან კითხვებს აჩენს მუნიციპალური ბიუჯეტების  პანდემიით გამოწვეული საჭიროებების შესაბიმისობასთან, მუნიციპალიტეტების ფინანსურ დამოუკიდებლობის ხარისხთან, მუნიციპალური ბიუჯეტების დაგეგმვის საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებასთან, ბიუჯეტების აღრიცხვიანობის პოლიტიკის  ეფექტიანობასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. მაგალითად, პანდემიის დროს საჭიროებების რაციონალურ განსაზღვრასთან დაკავშირებით გარკვეულ კითხვებს აჩენს 2020 წლის შემდეგ  სოციალური უზრუნველყოფის ხარჯების წილის კლება საერთო ხარჯებში, ასევე მუნიციპალური იურიდიული პირების დაფინანსების და სხვადასხვა  ბიუროკრატიული ხარჯების ზრდა.

 

მუნიციპალური სახსრების გამჭვირვალობის მნიშვნელოვან გამოწვევად შესაძლებელია შეფასდეს საბიუჯეტო დოკუმენტაციის ცალკეული მუხლებით აღრიცხვის განსხვავებული პრაქტიკა.  მათ შორის, არერთგვაროვნად აღირიცხება სუბსიდიები  რომელსაც  საერთო ხარჯებში ყველაზე დიდი წილი უკავია და  ძირითადად განიკარგება  ისეთი ინსტიტუტების მიერ (მუნიციპალური იურიდიული პირები) რომელთა საქმიანობა ნაკლები გამჭვირვალობით ხასიათდება.

 

2021 წელს,  მუნციპალიტეტების ბიუჯეტებში განხორციელებული ცვლილებების სიმრავლე, მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებით კანონმდებლობით არსებული შეზღუდვების პერიოდში,  ერთის მხრივ შესაძლებელია მიუთითებდეს  ბიუჯეტის დაგეგმვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ხოლო მეორეს მხრივ ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო წლის გავლენაზე, როდესაც მაღალია მუნიციპალური სახსრების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების რისკები.

 

/public/upload/Analysis/analysis_of_local_self-government_budgets.pdf

 

__

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს. 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024