ქალაქ ფოთში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასა და თევზის გადამუშავებასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემების ანალიზი - ანუ ცხოვრება ზღვისპირა ქალაქში ჰაერის გარეშე

ბლოგპოსტები 20 მარტი 2020

ანალიტიკური სტატიის ავტორია ნინო ტაგანაშვილი და ის დაიწერა კონკურსისთვის "მონაცემები ცვლილებებისთვის". კონკურსი ჩატარდა IDFI-ის მიერ ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ გამოხატავდეს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პოზიციას.

 

 ნინო ტაგანაშვილი არის კონკურსის გამარჯვებული - II ადგილის მფლობელი.

 

____

 

მთავარი მიგნებები:

 

- გარემოსდაცვითმა კანონმდებლობამ უნდა უზრუნველყოს დაზიანებული გარემოს აღსადგენად საჭირო ღონისძიებების გატარება;

 

- ამ სფეროში მოქმედი საკანონმდებლო ნორმები უმეტესად დეკლარაციული ხასიათისაა, რაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს და განხორციელდეს მათი ეფექტური აღსრულება;

 

- პასუხისმგებელი უწყებები უნდა ფლობდნენ დეტალურ ინფორმაციას, განხორციელდა თუ არა გარემოსთვის მიყენებული ზიანის საბოლოო ანაზღაურება;

 

- სამართალდამრღვევ პირთათვის დაკისრებული ჯარიმების ოდენობები შეუსაბამოდ მცირეა მათ მიერ დაზიანებულ სიკეთესთან შედარებით და უნდა გაიზარდოს;

 

- საჭიროა საზოგადოების მონაწილეობის გაზრდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ისევე, როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან მჭიდრო კოორდინაცია.

 

- საჭიროა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ხარისხის დასადგენად ევროკავშირის დირექტივების დებულებების დროული იმპლემენტაცია ეროვნულ კანონმდებლობაში;

 

- საჭიროა ქალაქ ფოთში ნავსადგურის ტერიტორიაზე შესწავლილ და გამოკვლეულ იქნას სხვადასხვა საშიში ნივთიერებების ჰაერში გაფრქვევის ფაქტები.

 

დღესდღეობით გარემოსდაცვითი პოლიტიკის დახვეწა და ამ მიმართულებით სისტემური მიდგომების დანერგვა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ასოცირების შეთანხმებით[1] ქვეყანამ აიღო ვალდებულება განავითაროს და განამტკიცოს თანამშრომლობა ევროკავშირთან გარემოს დაცვის საკითხებზე. ამ მხრივ საინტერესოა „ატმოსფერული ჰაერის ხარისხისა და ევროპაში უფრო სუფთა ჰაერის შესახებ“ 2008/50/EC დირექტივის კონკრეტული დებულებების ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაციის ვალდებულება. ეს თემები ასოცირების დღის წესრიგის არსებით ნაწილად იქცა, რომელიც ხაზს უსვამს საკითხის აქტუალობას. მეორე მხრივ, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება და შესაბამისი სტანდარტების ასახვა ეროვნულ დონეზე უზრუნველყოფს ადამიანის ჯანმრთელობისთვის უვნებელი, უსაფრთხო გარემოს დაცვას, ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებას, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებას, წყლისა და ნარჩენების მენეჯმენტის გაუმჯობესებასა და ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ეფექტიანობის გაზრდას. გარდა ამისა, სხვადასხვა საკანონმდებლო აქტით უკვე გაწერილია კონკრეტული პრინციპები და ნორმები, რომელთა დაცვის ვალდებულება ეკისრება ნებისმიერ პირს და მათ შორის მეწარმე სუბიექტებს, სხვადასხვა წიაღის, ბუნებრივი რესურსის მოპოვების თუ სარგებლობისას. ამასთანავე, თევზისა და ზღვის პროდუქტების გადამამუშავებელ საწარმოებს, რომლებსაც აქვთ ვალდებულება, იმოქმედონ კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, მათ შორის, უზრუნველყონ ზედაპირული წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებთან შესაბამისობების დაცვა,[2] აქვთ ვალდებულება ნარჩენებისმართვაგანახორციელონ გარემოსადაადამიანისჯანმრთელობისათვისსაფრთხისშექმნისგარეშე ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას ჰაერს, წყალს, ნიადაგს, ფლორასა და ფაუნას, არ გამოიწვიონ ზიანი სუნით და არ მოახდინონ უარყოფითი გავლენა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე განსაკუთრებით - დაცულ ტერიტორიებზე.[3]

 

თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კანონმდებლობაში (მათ შორის, ორჰუსის კონვენციით) დეკლარირებული ძირითადი პრინციპების შესრულების ვალდებულება მოქალაქეების წინაშე სწორედ სახელმწიფოს განსაკუთრებულ როლს წარმოადგენს. დადგენილი ნორმების შესრულებაზე კონტროლიც სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, რომლის არაეფექტურ განხორციელებასაც ქალაქ ფოთის მაცხოვრებლები უკვე წლებია უჩივიან. მათთვის ყოველდღიურობის ჩვეულებრივ ნაწილად იქცა გაუსაძლის თევზის სუნთან შეგუება, რომელიც იგრძნობა არა მხოლოდ ფოთის პორტის, არამედ მთელი ქალაქის ტერიტორიაზე ფაქტობრივად წლის ნებისმიერ პერიოდში. არასასიამოვნო სუნი იმდენად მძაფრია, რომ უმეტესად მოსახლეობა სახლის ფანჯრებსაც ვეღარ აღებს. ბოლო პერიოდში რამდენიმე საპროტესტო აქციაც გაიმართა, თუმცა პრობლემა ჯერ კიდევ არ არის მოგვარებული.

 

სუნის გამომწვევი მიზეზი ძირითადად თევზის გადამამუშავებელი ქარხნების მიერ მთელი რიგი სტანდარტების დაუცველობას უკავშირდება, მათ შორის, საწარმოების ნაწილს არ აქვს დაყენებული სპეციალური გამწმენდი ფილტრები, რომლებიც ხელს შეუშლიდნენ თევზის სუნის გავრცელებას, გარდა ამისა, თევზის ტრანსპორტირებისას იღვრება წყალი, რომელიც ხვდება ქუჩაში. სხვადასხვა ნარჩენი, რომელიც თევზის გადამუშავების პროცესში გამოიყოფა ხვდება ზედაპირულ წყლებში. მოსახლეობის ინფორმაციით,  სპეციალური არხიც არის გაჭრილი საწარმოდან ტბა პალიასტომამდე, სადაც არაუტილიზებული ნარჩენები იყრება, რომელიც მთლიან ეკოსისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. მათივე ინფორმაციით, ტბაში თევზის 44 სახეობიდან მხოლოდ 4 სახეობაა დარჩენილი. ამ და სხვა საკითხების დასაზუსტებლად და ანალიზისთვის საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზით მიემართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტსა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას.

 

სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ ფოთში ფუნქციონირებს თევზისა და ზღვის პროდუქტების გადამამუშავებელი 4 საწარმო: შპს „აისბერგი 2“, შპს „მბმ“, შპს „ზღვის პროდუქტები“ და შპს „გეოფიშ კომპანი“. მათი ლიცენზია ითვალისწინებს თევზის რესურსით სარგებლობის განხორციელებას 01 ოქტომბრიდან 31 სექტემბრის ჩათვლით, გარდა ამისა, სამინისტროსვე ინფორმაციით,  აღნიშნული საწარმოები ძირითადად ნოემბერ-აპრილის პერიოდში ახორციელებენ თევზის გადამუშავებას, თუმცა პრაქტიკულად ეს ასე არ არის. ქალაქში თევზის არასასიამოვნო სუნი ზაფხულსა და შემოდგომაზეც მძაფრად იგრძნობა.

 

სამინისტროს აგრეთვე მიემართა თხოვნით, მოეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, ხორციელდება თუ არა ქალაქ ფოთში მდებარე თევზის გადამამუშავებელ საწარმოების საქმიანობაზე მონიტორინგი გარემოზე ზემოქმედების კუთხით, რაზეც სამინისტრომ 2017 და 2018 წლებში განხორციელებული ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი დარღვევების შესახებ მოგვაწოდა ინფორმაცია. სამინისტროს არ მოუწოდებია ინფორმაცია 2019 წლის მონიტორინგის მონაცემების შესახებ, სავარაუდოა, რომ მსგავსი შემოწმება ბოლო პერიოდში აქტიურად არც განხორციელებულა.

 

2017 წელს გამოვლენილი დარღვევები ოთხივე საწარმოში მეტწილად მსგავსია, კერძოდ, საწარმოების ტერიტორიებზე  არ იყო მოწყობილი ჩამდინარე წყლების გამწმენდი სათანადო ნაგებობა და საწარმოში წარმოქმნილი დაბინძურებული წყლები გაწმენდის გარეშე ჩაედინებოდა ზედაპირული წყლის ობიექტებში; საწარმოები ფუნქციონირებდა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის გარეშე; ერთ-ერთ საწარმოში არ ხდებოდა აირმტვერდამჭერი მოწყობილობების გამოყენება; ყველა საწარმოებში ასევე გამოვლინდა გარემოს დაცვის კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევები, კერძოდ, ზედაპირული წყლის ობიექტში ჩამდინარე წყლის ტემპერატურამ შეადგინა ზოგიერთ შემთხვევაში 40, 500 C-ზე მეტი, ერთ-ერთ საწარმოში კი ტემპერატურული მაჩვენებელი 740 C-საც კი გაუტოლდა; ასევე გამოვლინდა სახიფათო და მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების ფაქტები;  გარდა ამისა, ჩამდინარე წყლებში წყალბადის მაჩვენებელი დადგენილს გაცილებით აღემატებოდა; ასევე, ნავმისადგომზე, მოპოვებული თევზის რესურსის მცურავი საშუალებიდან სპეციალიზებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში გადმოტვირთვისას ხდებოდა ხმელეთიდან ზღვის ნარჩენებით, მათ შორის საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურება. როგორც ვხედავთ, ჩამოთვლილი დარღვევები საკმაოდ მძიმეა და მავნე შედეგების მომტანია არა მხოლოდ ადამიანებისთვის, არამედ მთელი ფლორისა და ფაუნისთვის. აქვე,

 

საინტერესოა, გავაანალიზოთ ამ სამართალდარღვევების საპასუხოდ გამოყენებული სანქციების ოდენობები, მაგალითად, შპს „გეოფიშ კომპანის“ 2017 წლის ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი დარღვევებისთვის დაეკისრა ჯარიმა 1,000 ლარის ოდენობით, დანარჩენ კომპანიებს კი - 500 ლარის ოდენობით. მათ ასევე დაეკისრათ გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, რომელმაც ჯამურად ოთხივე საწარმოსთვის შეადგინა 61,442.53 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ფოთში მოქმედი თევზის გადამამუშავებელი საწარმოების მიმართ გამოყენებულ იქნა გარემოს დაცვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელები.

 

ჯარიმის რაოდენობის სიმცირის გამო ეს ზომები უშედეგო და არაეფექტურია. კომპანიებს, რომლებსაც მილიონობით ლარის შემოსავალი აქვთ, ამ ოდენობის ჯარიმის გადახდა ურჩევნიათ, ვიდრე უზრუნველყონ სწრაფად დარღვევების გამოსწორება. მიუხედავად საზოგადოების აქტიური პროტესტისა, ეს საწარმოები დიდი გულმოდგინებით არ გამოირჩევიან სწრაფი და ეფექტური რეაგირება ჰქონდეთ დარღვევების საპასუხოდ. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ 2018 წელს ხსენებული კომპანიების მიმართ შედგა სამართალდარღვევების შესახებ ოქმები ადმინისტრაციული მიწერილობით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე, კომპანიებმა კი აღნიშნული ვალდებულებები განსაზღვრულ ვადაში არ განახორციელეს. ფოთის საქალაქო სასამართლომ ამის გამო მათ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. თუ გავითვალისწინებთ გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაკუთრებით მძიმე შედეგებს და დარღვევების სიმწვავეს, სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადება ადეკვატური სანქცია ვერ იქნება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ნაკლოვანებას. კერძოდ, ჯარიმის კანონმდებლობით განსაზღვრული მოცულობა გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პრევენციულ ფუნქციას ვერ ასრულებს.

 

აგრეთვე, გარემოსდაცვითიზედამხედველობისდეპარტამენტს მიემართა ქალაქ ფოთში 2015-2019 წლებში სისხლისსამართლისა და ადმინისტრაციულისამართალდარღვევისსაქმეებშიმათ მიერ აღრიცხული გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობების შესახებ ინფორმაციის მოწოდების თხოვნით. ჯამურად, 5 წლის მონაცემებით, ამ თანხამ 224,938.90 ლარი შეადგინა. თუ გავითვალისწინებთ დარღვევების მასშტაბებს და საწარმოთა რაოდენობას, სავარაუდოა, რომ უფრო ინტენსიური ინსპექტირებების შედეგად ეს თანხები ბევრად მეტი უნდა იყოს.

 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს აგრეთვე მიემართა კითხვით, განხორციელდა თუ არა უწყების მიერ დათვლილი გარემოსათვის მიყენებული ზიანის საბოლოო ანაზღაურება მათ მიერ ნახსენებ შემთხვევებზე. პასუხიდან კი ირკვევა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, დეპარტამენტი არ ფლობს სრულყოფილ ინფორმაციას და აღნიშნული საკითხი მის კომპეტენციას სცდება. რაც, ცხადია, გამართლებულ პრაქტიკად ვერ შეფასდება, რადგან შესაბამისი ინსპექტირების განმახორციელებელი ორგანო პასუხისმგებელი უნდა იყოს, გაარკვიოს, მათ მიერ გამოანგარიშებული გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება სრულად და საბოლოოდ განხორციელდა თუ არა შესაბამისი სამართალდამრღვევი პირების მიერ.

 

მეორე მხრივ, პრობლემას ასევე წარმოადგენს ის, რომ მოქმედი კანონმდებლობით სამართალდამრღვევ პირებს არ ეკისრებათ არანაირი ვალდებულება გაატარონ გარემოს აღსადგენად საჭირო გამასწორებელი ღონისძიებები წინასწარ განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის მიხედვით. რეგულაციების თვითმიზანი არ უნდა იყოს თანხების დაკისრება პირთათვის (მით უმეტეს, უმრავლეს შემთხვევაში ვალდებულებების შესრულება დროში გაჭიანურებულია), არამედ საჭიროა, საქმიანობის განხორციელების შედეგად დეგრადირებული გარემო პირვანდელ (restitucio in integrum) მდგომარეობასთან მაქსიმალურად მიახლოებული სახით აღდგეს.[4] აღნიშნული პრინციპი კანონმდებლობაში უკვე ასახულია, თუმცა, როგორც ჩანს, ჩანაწერი მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს და მისი ეფექტური აღსრულება არ ხორციელდება.

 

გარემოსთვის მიყენებული ზიანი ძალიან მძიმე და სავალალოა. საწარმოები შესაძლოა იხდიდნენ დაკისრებულ ჯარიმებს, თუმცა, გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოსწორება ერთჯერადი ჯარიმების გადახდით ვერ კომპენსირდება. მნიშვნელოვანია, „რესტიტუციის პრინციპი“ პრაქტიკაში განხორციელდეს, მათ შორის, შესაბამისი საწარმოებისთვის ზუსტად იყოს განსაზღვრული რა ღონისძიებების გატარება გახდება საჭირო ზიანის შესამცირებლად და აღნიშნულის შესრულებაზე განხორციელდეს ეფექტური ზედამხედველობა.

 

რაც შეეხება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ხარისხს, ქალაქ ფოთში მნიშვნელოვანი დაბინძურების კერაა ნავსადგური. სხვადასხვა წყაროს თანახმად, ფოთის ნავსადგურში ხდება ალუმინის ოქსიდის გადამუშავება, თუმცა შესაძლოა ფოთის ნავსადგურში ასევე ხდებოდეს ბოქსიტის, მანგანუმის, კრინკერის გადამუშავება. აუცილებელია, ჩატარდეს ფოთის ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიის ექსპერტული გამოკვლევა, რომ ზუსტად დადგინდეს რა ნივთიერებები ვრცელდება ჰაერში და რამდენად აღემატება ჰაერში მათი შემცველობა დასაშვებ ზღვარს.  მას შემდეგ, რაც ზუსტად დადგინდება, თუ როგორია ჰაერის დაბინძურების კუთხით მდგომარეობა ქალაქში, შესაძლებელი იქნება კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვა იდენტიფიცირებული პრობლემის აღმოსაფხვრელად. ამ ეტაპზე კი არ არსებობს ფოთის ნავსადგურის ტერიტორიაზე ჰაერის დაბინძურების საკითხის შესახებ არსებული ექსპერტული დასკვნები, რაც ხელს უშლის პრობლემის აღქმას და მოგვარებას.

 

პრობლემას კიდევ უფრო მწვავეს ხდის ის გარემოება, რომ ფოთის პორტთან ახლოს, რამდენიმე მეტრში მდებარეობს დასახლება, მრავალსართულიანი კორპუსები, რაც ფაქტობრივად ნიშნავს, რომ მოსახლეობა პირდაპირ ექცევა მომწამვლელი ნივთიერებების გაფრქვევის არეალში. აღნიშნული ნივთიერებები კი სასუნთქ გზებსა და ფილტვებს განსაკუთრებით აზიანებს. მოთხოვნის პასუხად, სამინისტრომ წარმოადგინა 2019 წელს ოთხ ეტაპად ჩატარებული ქალაქ ფოთში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორული გაზომვების მონაცემები, შედეგები ნამდვილად სანუგეშოა და მიანიშნებს, რომ შერჩეულ ტერიტორიებზე ოზონისა და აზოტის დიოქსიდების შემცველობების კარგი/ძალიან კარგი მაჩვენებელებია. აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ უზრუნველყოფს ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე დაკვირვებას ევრო დირექტივებით დადგენილი სტანდარტების მიხედვით, არ მოქმედებს „ინტეგრირებული მოდელირების სისტემა“.

 

აღნიშნულის თაობაზე მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის გაზიარების თხოვნით მივმართეთ სამინისტროს. მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შესაბამისი პროექტი მომზადებულია და მისი ინიცირება მალე მოხდება საქართველოს პარლამენტში. აქვე, კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალს უნდა მივაქციოთ ყურადღება. როგორც ირკვევა, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს არ შეუმოწმებია ჰაერის ხარისხი ზუსტად იმ ტერიტორიაზე, სადაც უდიდესი დაბინძურების კერებია, მათ შორის, ფოთის პორტის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ხდება სწორედ ალუმინის ოქსიდისა და სხვა სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერებების ჰაერში გაფრქვევა. ალუმინის ოქსიდის ადამიანის ორგანიზმში მოხვედრას გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვება, შესაძლოა დააზიანოს ადამიანის სასუნთქი და გულსისხლძარღვთა სისტემა.

 

ფოთის საზღვაო ნავსადგურში დოკერ-მექანიზატორად მომუშავე პირის გარდაცვალების ფაქტზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში დაადგინა მიზეზობრივი კავშირის არსებობა პირის გარდაცვალებასა და მის მიერ ალუმინის ოქსიდის გადმოტვირთვის სამუშაოების განხორციელებასთან.[5]

 

საკითხი პრობლემურია არამხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ ჯერ არ არის განსაზღვრული დაბინძურების კერა და მასშტაბები, არამედ იმ ხარვეზების გამოც, რაც დღეს არსებულ კანონმდებლობას აქვს. კერძოდ, „საშიში ნივთიერებებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციის“ შესახებ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პირის პასუხისმგებლობას გარემოზე საშიშ ნივთიერებათა ზემოქმედების შედეგად მიყენებული ზიანისთვის ბრალის მიუხედავად, თუ ამით დაზიანდა ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. კანონის ხარვეზია საშიში ნივთიერებების განსაზღვრის დეფიციტი. ის ამ მხრივ, გვთავაზობს ზოგად განმარტებას და არა კონკრეტულ ჩამონათვალს.[6]

 

ამრიგად, სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია ქმედითი და ეფექტური ღონისძიების გატარება ქალაქ ფოთში შექმნილი მეტად კრიტიკული და მწვავე ეკოლოგიური საკითხების გადასაწყვეტად. უპირველესად, აუცილებელია, დაიხვეწოს არსებული საკანონმდებლო ბაზა, მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გაიზარდოს დასაკისრებელი ჯარიმების ოდენობა, მათ შორის, ზედაპირული წყლების დაბინძურებისას მუნიციპალური, საყოფაცხოვრებო თუ სახიფათო ნარჩენებით, რომლებიც დიდ საფრთხეს უქმნიან როგორც მოქალაქეებს, ასევე მიმდებარე ეკოსისტემას და დაცული ტერიტორიას - კოლხეთის ეროვნულ პარკს.

 

თევზის არასასიამოვნო სუნის აღმოსაფხვრელად გასატარებელი ღონისძიებების კვალდაკვალ მნიშვნელოვანია, ჰაერის დაბინძურების პრობლემის ყოველმხრივი შესწავლა, ადგილობრივი მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების აქტიური მონაწილეობით ისეთი სამართლებრივი მექანიზმების შექმნა, რომელიც დაბინძურების კერების აღმოფხვრას უზრუნველყოფს. „გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის“ კონსტიტუციური პრინციპის გატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუმცა, საზოგადოების ამ პროცესებში მონაწილეობა და ჩართულობა კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს, მათ შორის, სანებართვო გადაწყვეტილების მიღებისას.[7] განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა როგორც პრობლემის შესწავლის, ასევე შემდგომ რეაგირების მექანიზმების დანერგვის ეტაპზე.

 

-----

[1]ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის, 301-ე მუხლი.

[2]გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის N17 დადგენილება, დანართი N1, მე-4 პუნქტი.

[3]ნარჩენების მართვის კოდექსი, მე-5 მუხლი, 1-ლი ნაწილი.

[4]გარემოს დაცვის შესახებ საქართველოს კანონი, მე-5 მუხლი, მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი.

[5]იხ. სუსგ Nას-395-735-05, 18 ნოემბერი, 2005წ. 

[6]ყალიჩავა კ., „გარემოს დაცვის სამართალი“  - „საშიში ნივთიერებების დეტალური ჩამონათვალი მოცემული იყო 1997 წლის საგადასახადო კოდექსის მე-200 მუხლში, ასევე, მინისტრის 1997 წლის 3 ნოემბრის N139 ბრძანებაში „დაბინძურების სტაციონალური წყაროებიდან ატმოსფეროში გაფრქვეულ და წყლის ობიექტებში ჩაშვებულ მავნე ნივთიერებათა ფარდობითი საშიშროების კოეფიციენტების“ დამტკიცების თაობაზე, რომლებიც 2004 წლის ახალი საგადასახადო კოდექსის საფუძველზე გაუქმდა და მისი ჩამონათვალის შესახებ დღეისთვის რაიმე კონკრეტული ნორმატიული აქტი არ არსებობს.“

[7] საზოგადოების სავალდებულო მონაწილეობა გარემოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას გარანტირებულია ორჰუსის კონვენციითაც, რომელიც შეიძლება ეხებოდეს როგორც ახალ ნებართვას, ნებართვაში არსებითი ხასიათის ცვლილებას ან სანებართვო პირობების აქტუალიზაციას.

 

 სრული სტატია - ქალაქ ფოთში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასა და თევზის გადამუშავებასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემების ანალიზი - ანუ ცხოვრება ზღვისპირა ქალაქში ჰაერის გარეშე

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024