2022 წლის ბიუჯეტის პროექტის ბიუროკრატიული ხარჯების ანალიზი

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | აქტუალური თემები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 26 ოქტომბერი 2021

კორონავირუსის პანდემიის შედეგად საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 6.2%-ით შემცირდა, რაც 1994 წლის შემდეგ ყველაზე დიდი კლებაა. ეკონომიკის აღდგენის ფონზე ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2021 წელს 9.5%-ითაა მოსალოდნელი, 2022 წელს კი 6%-ით. პანდემიური ბიუჯეტი მოსახლეობის, ბიზნესისა და ჯანდაცვის სხვადასხვა მხარდამჭერი პროგრამების დაფინანსებას ითვალისწინებდა. მთავრობამ პირველ ოქტომბერს პარლამენტს განსახილველად 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა. პოსტპანდემიური ბიუჯეტი დაახლოებით 1 მილიარდი ლარით მცირდება და ასიგნებების მოცულობა 18.44 მილიარდ ლარს შეადგენს. პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, აღნიშნული კლება 2 ფაქტორითაა განპირობებული: მცირდება პანდემიის მართვასთან დაკავშირებული ხარჯები (-850 მლნ. ლარით) და აღარ არის გათვალისწინებული ევრობონდების დაფარვასთან (2021 წელს საქართველოს მთავრობას უწევდა 500 მილიონი დოლარის ღირებულების 2011 წელს გამოშვებული 10 წლიანი ვადიანობის ევროობლიგაციების დაფარვა) დაკავშირებული ასიგნებები (-1.7 მლრდ ლარი). 

 

2022 წელს მოსალოდნელი ბიუჯეტის დეფიციტია 4.3%, რაც ჯერ კიდევ აღემატება ეკონომიკური თავისუფლების აქტის მიხედვით განსაზღვრულ ბიუჯეტის დეფიციტის 3%-იან ზღვარს.

 

IDFI-ის მიერ წარსულში ჩატარებული კვლევების მიხედვით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა ოპტიმალური ბიუროკრატიული აპარატის არსებობა და მის შენახვაზე გაწეული ყოველწლიურად მზარდი ხარჯები. პანდემიის შედეგად არსებული ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოს ხელისუფლებას გააჩნდა ამ კუთხით საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის მნიშვნელოვანი რესურსი, თუმცა როგორც 2020, ასევე, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტების ანალიზი აჩვენებდა, რომ მათში არ იყო გათვალისწინებული ადმინისტრაციული ხარჯების ეკონომიის მაქსიმალური შესაძლებლობები. მაგალითად, 2020 წლის საგანგებო ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების კუთხით განხორციელებული ცვლილებები (სამივლინებო ხარჯები, წარმომადგენლობითი ხარჯები) განპირობებული იყო პანდემიის შედეგად შექმნილ სიტუაციასთან (პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვები ბუნებრივად ამცირებდა სამივლინებო, წარმომადგენლობით და სხვა მსგავს ადმინისტრაციულ ხარჯებს) და ნაკლებად კავშირში იყო ე.წ ქამრების შემოჭერის პოლიტიკასთან.   

 

IDFI-მ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ადმინისტრაციული ხარჯები გააანალიზა. სამწუხაროდ, ბიუჯეტის პროექტი კვლავ არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული ხარჯის თითოეულ კომპონენტზე ჩაშლილი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რაც მნიშვნელოვნად ართულებს სრულფასოვან ანალიზს. ამასთან, ბიუჯეტის განმარტებითი ბარათი დაინტერესებულ პირებს არ სთავაზობს, დაგეგმილ ადმინისტრაციულ ხარჯებში, პანდემიასთან ბრძოლისთვის განკუთვნილი ხარჯების (საკარანტინო სივრცეების მომსახურება, პირადი დაცვის საშუალებების შესყიდვა და სხვა) განცალკევებულ ინფორმაციას.  

 

მომუშავეთა რიცხოვნობა და შრომის ანაზღაურება

 

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ასიგნებების განმკარგავ ორგანიზაციებში მომუშავეთა რიცხოვნობა 107-ით იზრდება და მათი რაოდენობა 112,712 პირს შეადგენს.  სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული მომუშავეთა რიცხოვნობა მოიცავს მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების განმკარგავ ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობას, რაც რეალურად ასახავს საჯარო სექტორში დასაქმებულთა დაახლოებით მხოლოდ მესამედს. მაგალითად, აღნიშნული მონაცემები არ ფარავს ადგილობრივი თვითმართველობების, მთელი რიგი სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების მონაცემებს, რომლებიც არ წარმოადგენენ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში პროგრამის უშუალო განმახორციელებელ ორგანიზაციებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და საპენსიო სააგენტოს მონაცემების მიხედვით, საჯარო სექტორში დაახლოებით 300 ათასი ადამიანია დასაქმებული.       

 

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2022 წლისთვის მომუშავეთა რიცხოვნობის ყველაზე დიდი ზრდა საერთო სასამართლოებსა (+79) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში (+53) იგეგმება. მომუშავეთა რაოდენობის კლება გათვალისწინებულია 5 უწყებაში (სახელმწიფო აუდიტის სამსახური, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ - საპენსიო სააგენტო).  2022 წლის ბიუჯეტის პროექტში, საპენსიო სააგენტოს მომუშავეთა რიცხოვნობა განსაზღვრული-0-ით, რაც განპირობებულია იმ ფაქტით, რომ 2022 წლიდან სააგენტოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება აღარ იგეგმება. 

 

 

 ცხრილი 1: მომუშავეთა რიცხოვნობის ცვლილება უწყებების მიხედვით

 

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომუშავეთა რიცხოვნობის ზრდასთან ერთად, გათვალისწინებულია შრომის ანაზღაურების ხარჯების ზრდა. კერძოდ, საშტატო თანამშრომლების შრომის ანაზღაურების ხარჯები წინა წელთან შედარებით იზრდება 17.1 მილიონი ლარით და 1.65 მილიარდ ლარს აღწევს.  სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების განმკარგავი დაწესებულებების მიხედვით, შრომის ანაზღაურების ხარჯების შემცირება მხოლოდ 5 უწყებაშია დაგეგმილი.  ყველაზე დიდი კლება (-21,1 მილიონი ლარი) გათვალისწინებულია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რაც განპირობებულია იმ ფაქტით, რომ 2022 წელი არ არის საარჩევნო წელი. 2022 წელს ყველაზე დიდი ზრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში იგეგმება, სადაც 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, წლიურად 6.2 მილიონი ლარით იზრდება შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილი თანხები, ასევე, შრომის ანაზღაურების ხარჯები 5.8 მილიონი ლარით იზრდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის.

 

 

 

 ცხრილი 2: შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილი ხარჯები უწყებების მიხედვით (ათასი ლარი)

 

 

 

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი შრომის ანაზღაურების ხარჯები ყოველწლიურად იზრდება, კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება საჯარო მოსამსახურეთა სათანადო ანაზღაურების უზრუნველყოფა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის, განმარტებით „საჯარო სექტორმა კერძო სექტორთან მიმართებით კონკურენტუნარიანობა დაკარგა და თითქმის ბოლო 5 წელია ხელფასები გაყინულია, რის შედეგადაც, კვალიფიციური კადრები საჯარო სექტორიდან კერძო სექტორში გადასვლას ცდილობენ”. მისივე განმარტებით ფინანსთა სამინისტრო აპირებს ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმას, რომ საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა შესაძლებელი გახდეს. 

 

შედეგად, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მარეგულირებელ ნორმებში, გაჩნდა ჩანაწერი რომლის მიხედვით, 2024 წლის 1 იანვრიდან, საბაზო თანამდებობრივი სარგოს ყოველწლიურად გადაანგარიშების მექანიზმის ამოქმედების მიზნით, საქართველოს მთავრობას დაევალა, 2022 წლის 1 ივლისამდე დაამტკიცოს საბაზო თანამდებობრივი სარგოს გადაანგარიშების მექანიზმის შემუშავების ეტაპები და პრინციპები. ეს დაეფუძნება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ საშუალო თვიურ ნომინალური ხელფასის ოდენობას.

 

სხვა ადმინისტრაციული ხარჯები

 

შრომის ანაზღაურების გარდა, სხვა ადმინისტრაციული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტში ასახულია „საქონელი და მომსახურების“ მუხლით გათვალისწინებულ თანხაში. ეს მუხლი კლასიკური ბიუროკრატიული ხარჯების (შტატგარეშე მოსამსახურეთა ანაზღაურება, სამივლინებო ხარჯები, წარმომადგენლობითი ხარჯები, ავტოპარკის შენახვა/განახლების ხარჯები და სხვა) გარდა, ასევე, მოიცავს კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ხარჯებს (საკარანტინო სივრცეების მომსახურება, სამედიცინო ხარჯები და სხვა). შესაბამისად, 2020 წელს კორონავირუსის პანდემიით შექმნილი მდგომარეობის შედეგად დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ბუნებრივად მცირდებოდა სამივლინებო, წარმომადგენლობითი და სხვა მსგავსი ადმინისტრაციულ ხარჯები, თუმცა, მეორე მხრივ, იზრდებოდა პანდემიასთან დაკავშირებული საკარანტინო სივრცეების მომსახურებისა და ჯანდაცვის სხვადასხვა დამატებითი ხარჯები.

 

მაგალითად, 2020 წელს, როდესაც პანდემიამ ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა ქვეყანას, საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული ხარჯი 227 მილიონი ლარით გაიზარდა. ზრდის განმაპირობებელი მთავარი კატეგორია სამედიცინო ხარჯების (+113.7 მლნ. ლარი), სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურებისა (+60.7 მლნ. ლარი) და შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურების (+54.1 მლნ. ლარი) ზრდა იყო. ასევე, როგორც მოსალოდნელი იყო, პანდემიის გავლენით იკლო სამივლინებო და წარმომადგენლობითმა ხარჯებმა (-35.9 მლნ. ლარი), ასევე მნიშვნელოვანი კლებაა ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯების მხრივ (-32.7 მლნ. ლარი). 

 

„საქონელი და მომსახურების” კატეგორიიდან ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლების მიხედვით გაწეული ხარჯების სტრუქტურა (მილიონი ლარი)

 

 

2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქონელსა და მომსახურებაზე გამოყოფილია 1.54 მილიარდი ლარი, რაც 255 მილიონი ლარით ნაკლებია 2021 წლის ბიუჯეტის გეგმით გამოყოფილ თანხაზე.

 

კლების მნიშვნელოვანი მიზეზია პანდემიის მართვასთან დაკავშირებული ხარჯების კლება, 2022 წლისთვის კორონავირუსთან დაკავშირებული კარანტინისა და სხვა ღონისძიებების განხორციელებაზე თანხა აღარ არის გამოყოფილი, 2021 წელს ამ მიმართულებით 21 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. ასევე, ჯანდაცვის მიმართულებით COVID-19 ვირუსის მართვის ბიუჯეტი 500 მილიონი ლარია, რაც 310 მილიონი ლარით ნაკლებია 2021 წლის გეგმასთან შედარებით. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, 2022 წელს საქონელი და მომსახურების მუხლით გათვალისწინებული ხარჯების შემცირება უკავშირდება პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირებას და ნაკლებად კავშირშია ისეთი ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებასთან, როგორიცაა შტატგარეშე მოსამსახურეთა ანაზღაურება, სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯები, ავტოპარკის განახლება შენახვის ხარჯები და სხვა. 

 

 

დასკვნა

 

2022 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული ადმინისტრაციული ხარჯების ანალიზი აჩვენებს, რომ 2022 წელს ბიუროკრატიული ხარჯების კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იგეგმება. მაგალითად, შრომის ანაზღაურების ხარჯების ზრდა გათვალისწინებულია 17 მილიონი ლარით. საქონელი და მომსახურების მუხლით მოსალოდნელი ხარჯები მცირდება 255 მილიონი ლარით, რაც უმეტესწილად დაკავშირებულია პანდემიასთან ბრძოლის (საკარანტინე მომსახურება და სხვა) ხარჯების შემცირებასთან და ნაკლებად კავშირშია კლასიკური ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაციასთან.  

 

ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიუხედავად შრომის ანაზღაურების ხარჯების ყოველწლიური ზრდისა, კვლავ მნიშნელოვან პრობლემად რჩება საჯარო მოსამსახურეთა სამართლიანი და კონკურენტუნარიანი ანაზღაურების სისტემის უზრუნველყოფა. IDFI მიიჩნევს, რომ აღნიშნულის მთავარ განმაპირობებელ ფაქტორს წარმოადგენს არაოპტიმალური ბიუროკრატიული აპარატის არსებობა, რომლის სათანადო რეფორმირების გარეშე შეუძლებელია, ერთი მხრივ, ბიუროკრატიული ხარჯების ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანა, ხოლო, მეორე მხრივ, კონკურენტუნარიანი საჯარო სამსახურის შენარჩუნება. 

 

____

 

 

სტატია მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ პროექტის - კარგი მმართველობისთვის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ბენეფიციარი მესაკუთრეების ღიაობის სტანდარტების გაუმჯობესება - ფარგლებში.

პროექტი დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ, ვიშეგრადის გრანტების პროგრამით, ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების თანადაფინანსებით. ფონდის მისიაა ცენტრალურ ევროპაში მდგრადი რეგიონული იდეების წახალისება.

სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის პოზიციას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024

პირველი ინსტანციის სასამართლომ, შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, გიორგი დავითური სამართალდამრღვევად ცნო

11.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024