OGP-ის ადგილობრივი პროგრამის წევრი საქართველოს თვითმმართველი ერთეულების სამოქმედო გეგმების მიმოხილვა

სიახლეები | ღია მმართველობა | ანალიზი | ადგილობრივი მმართველობა 17 სექტემბერი 2021

2016 წელს, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ღირებულებებისა და პრინციპების ადგილობრივი ხელისუფლებების დონეზე გავრცელების მიზნით, OGP-ის ადგილობრივ პროგრამას (OGP Local) ჩაეყარა საფუძველი. პროგრამა, თავისი არსით, პარტნიორობის წევრი ქვეყნების მუნიციპალიტეტების, ასევე ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობების OGP-ის მთავარი მიზნების ირგვლივ გაერთიანებას ემსახურება, რაც, პირველ რიგში, ადგილობრივი მმართველობის ღიაობის, ანგარიშვალდებულებისა და ინკლუზიურობის გაზრდას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ თბილისის მერია პროგრამას საპილოტე 15 ქალაქთან ერთად (მსოფლიოს 45 მონაწილე კანდიდატიდან) 2016 წელსვე შეუერთდა. ამჟამად, თბილისის მერია ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მესამე სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესშია. თბილისის OGP-ის სამუშაო ჯგუფის წევრობის ფარგლებში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქტიურად მონაწილეობდა მერიის მიერ ცალკეული ვალდებულებების ინიცირებისა და განხორციელების პროცესში. IDFI-ის რეკომენდაციით და უშუალო ჩართულობით მოხდა ელექტრონული პეტიციების ვალდებულების სამოქმედო გეგმაში შეტანა და მისი შემდგომი განხორციელება. გარდა ამისა, IDFI-ის ჩართულობითა და USAID-ის პროექტის “დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში” (USAID GGI) მხარდაჭერით, თბილისის მერიამ შეიმუშავა და დაამტკიცა კონცეფცია, რომლის საფუძველზეც ღია მონაცემების პორტალი უნდა შეიქმნას, რაც ასევე წარმოადგენდა ღია მმართველობის ინიციატივის (OGP) თბილისის მერიის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ვალდებულებას.

 

ახალციხის, ოზურგეთისა და ხონის მუნიციპალიტეტები „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ადგილობრივი პროგრამის წევრებად, ყველაზე მასშტაბური გაფართოების ფარგლებში, 2020 წლის შემოდგომაზე აირჩიეს. ახალი წევრები კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ, რომელიც 2020 წლის 26 მაისს გამოცხადდა და ორი ეტაპისგან შედგებოდა. მიღებული 112 განაცხადიდან, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე, შესარჩევმა კომისიამ 56 წევრი აირჩია, რომლებიც 32 ქვეყნის 64 ადგილობრივ თვითმმართველობას აერთიანებენ. შერჩეულ მუნიციპალიტეტებს გამოარჩევთ ღია მმართველობის კუთხით განხორციელებული ინოვაციური ინიციატივები და სამოქალაქო საზოგადოებასთან წარმატებული თანამშრომლობა. პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ. მუნიციპალიტეტებს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP).

 

ადგილობრივი პროგრამის ფარგლებში, ღია მმართველობის პრინციპების განმტკიცების მიზნით, სხვადასხვა ქვეყნის ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე სამუშაო შეხვედრები და კონფერენციები ინტენსიურად იმართება. პროგრამის წევრებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა გახდნენ თემატური, ასევე პრობლემაზე დაფუძნებული სასწავლო კურსის მონაწილეები, ამავდროულად გაეცნონ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითებს. 

 

OGP Local-ის ფარგლებში შემუშავებული სამოქმედო გეგმა ოზურგეთის, ახალციხისა და ხონის მუნიციპალიტეტებმა 2021 წლის ივლისში წარმოადგინეს, ხოლო სამოქმედო გეგმის ვადის დასასრულად ამავე წლის ნოემბერი განსაზღვრეს. სამოქმედო გეგმა, გარდა ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ აღებული ვალდებულებებისა იურისდიქციაში (ტერიტორია) არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის როგორც გრძელვადიან, ისე საშუალოვადიან მიზნებს მოიცავს.



ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამოქმედო გეგმის მიმოხილვა

 

ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ადგილობრივი პროგრამის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც კოორდინაციას უწევს სამოქმედო გეგმის შემუშავება-განხორციელების პროცესს. სამუშაო ჯგუფი შედგება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, მისი დაქვემდებარებული იურიდიული პირების, სამოქალაქო მრჩეველთა და გენდერის საბჭოს,  ასევე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან. 

 

როგორც სამოქმედო გეგმის სტრატეგიული ხედვის ნაწილშია აღნიშნული, ოზურგეთის მიზანია დამკვიდრდეს როგორც ღია მთავრობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის მოდელი, რაც ციფრული მმართველობის დანერგვას, სერვისის მიწოდების გაუმჯობესებას, მოქალაქეთა მონაწილეობისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას გულისხმობს. ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა შემდეგი ვალდებულებები აიღო:

 

1. კორუფციული რისკების აღმოფხვრა და ადგილობრივ დონეზე ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერება;

 

2. მოქალაქეთა ჩართულობის განმტკიცება და გადაწყვეტილების მიღების ინკლუზიური პროცესის უზრუნველყოფა;

 

3. სერვისის მიწოდების გაუმჯობესება და მარგინალური ჯგუფებისთვის საჯარო სერვისის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

 

4. ადგილობრივ დონეზე საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესება.

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული სტრატეგიული დოკუმენტი მოიცავს იმ საშუალოვადიან მიზნებს, რომელიც მუნიციპალიტეტის გრძელვადიან სტრატეგიულ ხედვას შეესაბამება და ღია მმართველობის კუთხით არსებულ გამოწვევებს პასუხობს, მათ შორისაა:

 

- ინკლუზიური, მოქალაქეებზე ორიენტირებული და გამჭვირვალე საჯარო სერვისების მიწოდება და მარგინალური ჯგუფების საჭიროებების შესწავლის შედეგად, მათთვის არსებული საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა;

 

- ადგილობრივ დონეზე კორუფციული რისკების შეფასების სისტემის ინსტიტუციონალიზაცია;

 

- მუნიციპალიტეტის პრიორიტეტული დოკუმენტებისა და პროგრამის ბიუჯეტის შემუშავებაში სამოქალაქო ჩართულობის გზით, სამოქალაქო ჩართულობის განმტკიცება და საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესება.

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის სამოქმედო გეგმის მიმოხილვა

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმის სტრატეგიული ხედვის ნაწილში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს დემოკრატიული მმართველობის გაძლიერების მიზნით აამაღლოს გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და კეთილსინდისიერების სტანდარტები. არსებული სისტემის გაუმჯობესება, პირველ რიგში, გულისხმობს კორუფციულ რისკებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირების ინსტრუმენტების შექმნას და მერიის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში ანტიკორუფციული სტანდარტების დახვეწას. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის პრიორიტეტს წარმოადგენს მოსახლეობის ნდობის ამაღლება და სერვისის მიწოდების გაუმჯობესება, რის მიღწევასაც მეტი ღიაობის და ინკლუზიური მიდგომების დანერგვით შეეცდება.

 

სამოქმედო გეგმის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტს შემდეგი ორი ვალდებულება აქვს აღებული:

 

1. ახალციხის მუნიციპალიტეტში კორუფციული რისკების მართვის სისტემის გაუმჯობესება;

 

2. ახალციხის მერიაში ღია მონაცემთა მართვის პრაქტიკის გაუმჯობესება.

 

პირველი ვალდებულება გულისხმობს კორუფციული რისკების შეფასების მეთოდოლოგიის შემუშავებისა და დამტკიცების გზით კორუფციული რისკების მართვის სისტემის გაუმჯობესებას. კორუფციული რისკების შეფასება, რისკების იდენტიფიცირებისა და მათზე რეაგირების პრაქტიკაში დანერგვით, მოქალაქეთა ნდობის ამაღლებაზე პოზიტიურ გავლენას იქონიებს.

 

მეორე ვალდებულება გულისხმობს საჯარო ინფორმაციის შეგროვების, დამუშავებისა და გამოქვეყნების ერთიან, ღია ფორმატში წარმოების სტანდარტის შემუშავებას, რაც სარგებლის მომტანი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის (სამოქალაქო საზოგადოება, კერძო სექტორი). 



OGP Local-ის ფარგლებში საშუალოვადიანი მიზნები ახალციხის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში შემდეგნაირად განისაზღვრა: 

 

- ადგილობრივ დონეზე ანტიკორუფციული მექანიზმებისა და პრაქტიკის გაუმჯობესების, ასევე მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ამაღლების მიზნით, ახალციხის მუნიციპალიტეტი გეგმავს ღია მონაცემების განკარგვის სისტემის დახვეწას. 

 

ხონის მუნიციპალიტეტის სამოქმედო გეგმის მიმოხილვა

 

ხონის მუნიციპალიტეტი მიერ OGP Local-ის ფარგლებში შემუშავებული სამოქმედო გეგმის გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვა ადგილობრივ დონეზე ღია მმართველობის პრინციპების გაფართოებას ითვალისწინებს. მუნიციპალიტეტის მიერ აღებული ვალდებულებები შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა: 

 

1. მუნიციპალური სერვისების მიწოდებისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, განსაკუთრებით მარგინალური ჯგუფებისთვის;

 

2. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინება ურბანული განვითარების პოლიტიკის, პროექტების და სხვა სახის გადაწყვეტილებების მიღებისას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მუნიციპალური საბჭოს ჩართულობის ინსტიტუციონალიზებული პრაქტიკის მეშვეობით.

 

ვალდებულებების შესრულების მიზნით, ხონის მუნიციპალიტეტი გეგმავს მუნიციპალიტეტის მიერ წინასწარ განსაზღვრულ (დისტანციურ) ადგილებში მომსახურება დანერგოს „ერთი ფანჯრის პრინციპით”, რათა უზრუნველყოს  მოწყვლად ჯგუფებზე მორგებული ხარისხიანი სერვისის მიწოდება. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ურბანული განვითარების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში საკრებულოში არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მუნიციპალური საბჭოს ჩართულობას, შესაბამისი მუნიციპალური საკანონმდებლო აქტის მიღების, ასევე ცენტრალური პარკის რეაბილიტაციისა და ადაპტაციის პროცესის დაწყების გზით.



სტრატეგიის შემუშავების პროცესში იდენტიფიცირებულ გამოწვევებზე საპასუხოდ ხონის მუნიციპალიტეტი შემდეგ საშუალოვადიან მიზნებს ისახავს: 


- სერვისის მიწოდების ინკლუზიური, მოქალაქეზე ორიენტირებული და გამჭვირვალე მექანიზმების დანერგვა. სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მარგინალური ჯგუფებისა და სოფლის მცხოვრებლებისათვის;

 

- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინება ურბანული განვითარების პოლიტიკის, პროექტების და სხვა სახის გადაწყვეტილებების მიღებისას;

 

- ცნობიერების ამაღლება და OGP-ის ღირებულებების, პრინციპების და პრაქტიკის პოპულარიზაცია რეგიონში მთლიანი პლატფორმის ან/და მექანიზმების ინსტიტუციონალიზაციის გზით OGP-ის ღირებულებების, პრინციპებისა და პრაქტიკის შესახებ რეგიონში ცნობიერების ამაღლება და პოპულარიზაცია.



მუნიციპალიტეტების OGP-ში ჩართულობის წინა გამოცდილება

 

OGP Local-ის პროგრამაში გაწევრიანებამდე სამივე მუნიციპალიტეტმა მნიშვნელოვანი გზა განვლო. სწორედ ღია მმართველობის კუთხით განხორციელებული ინოვაციური ინიციატივები და სამოქალაქო საზოგადოებასთან წარმატებული თანამშრომლობა იქცა მათი შერჩევის მთავარ წინაპირობად.

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წინა გამოცდილება

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, როგორც ადგილობრივ დონეზე გამჭვირვალობისა და ელექტრონული მმართველობის კუთხით ერთ-ერთი გამორჩეული მუნიციპალიტეტი აღიარებულია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. მუნიციპალიტეტი OGP საქართველოს ეროვნულ პროცესში ჯერ კიდევ 2016 წელს ჩაერთო და ადგილობრივ დონეზე ღია მმართველობის გაძლიერების მიზნით 2 ვალდებულება აიღო. 

 

ერთ-ერთი ვალდებულება ითვალისწინებდა ელექტრონული მექანიზმის „დაგეგმე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი“ შექმნასა და შესაბამის ვებგვერდებზე დამატებას, ასევე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტთან დაკავშირებით მოქალაქის გზამკვლევის შემუშავებას. ამასთან, შესრულების ერთ-ერთ ინდიკატორს წარმოადგენდა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამული ბიუჯეტის ფორმატში შემუშავება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტთან ერთად ამ უკანასკნელის განხორციელების ვალდებულება ქალაქ ქუთაისის, ქალაქ ბათუმისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტებმა აიღეს, რომლის შესრულებაშიც მნიშვნელოვანი წვლილი USAID-ის პროექტმა „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში“ შეიტანა. დამოუკიდებელი ანგარიშგების მექანიზმის (IRM) 2016-2018 წლების საბოლოო ანგარიშის თანახმად, შუალედური შეფასების დროს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, დანარჩენი სამი მუნიციპალიტეტისგან განსხვავებით, პროგრამული ბიუჯეტი არ ჰქონდა შედგენილი, რაც გამომდინარეობდა იქიდან, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი არ გახლდათ GGI-ის ბენეფიციარი. ბიუჯეტის პროგრამული ბიუჯეტის ფორმატში დამოუკიდებლად შედგენა, კომპეტენციის, ასევე კოორდინირებული მიდგომის ნაკლებობის გამო ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის რთული აღმოჩნდა. თუმცა, IRM-ის თანახმად, საბოლოო შეფასების დროს, პროგრამული ბიუჯეტი ოთხივე მუნიციპალიტეტს გამოქვეყნებული ჰქონდა საკუთარ ვებგვერდზე. რაც შეეხება ელექტრონული მექანიზმს „დაგეგმე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი“, ასევე, ადგილობრივი ბიუჯეტის შესახებ მოქალაქის გზამკვლევი -  2016-2018 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა ვერ დანერგა/შეიმუშავა.

 

OGP საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ აღებული მეორე ვალდებულება საკრებულო სხდომების პირდაპირ ტრანსლირებასა და სრული ვიდეო ჩანაწერების ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განთავსებას ითვალისწინებდა. IRM-ის საბოლოო ანგარიშის თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა დანერგა საკრებულოს სხდომების პირდაპირი ტრანსლაციის სერვისი - „მართე სახლიდან“, რომელიც მოქალაქეებს ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესისთვის თვალის დევნების საშუალებას აძლევდა. გარდა ამისა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა ვალდებულებით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების შესაბამისად შექმნა სხდომებისა და სხვადასხვა სიახლის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინებების (SMS) სერვისი, ასევე, მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე დანერგა ელექტრონული გამოკითხვის სერვისი. თუმცა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 28 ადმინისტრაციულ ერთეულში საზოგადოებრივი ჩართულობის ცენტრების შექმნისა და მათი თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვის ღონისძიებები მხოლოდ ნაწილობრივ განხორციელდა. საბოლოო შეფასების დროს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სრული დატვირთვით მხოლოდ 5 ცენტრი ფუნქციონირებდა. მიუხედავად იმისა, რომ დარჩენილი 23 ცენტრისთვის შენობები უკვე არსებობდა, ფინანსური რესურსების ნაკლებობის გამო 2016-2018 წლებში მუნიციპალიტეტმა ისინი ციფრული ტექნიკით ვერ უზრუნველყო.

 

OGP Local-ის ფარგლებში, ოზურგეთის შერჩევის საფუძველი სწორედ ღია მმართველობის კუთხით განხორციელებული ინოვაციური ინიციატივები და სამოქალაქო საზოგადოებასთან წარმატებული თანამშრომლობა გახდა. აღნიშნული ინოვაციის მაგალითებია მუნიციპალიტეტში დანერგილი სამოქალაქო ბიუჯეტის ახალი ონლაინ პლატფორმა – „იყავი თანამმართველი“, მონაწილეობითი ბიუჯეტირების ფორმა, რომელიც ინიციატივების წარმოდგენისა და პრიორიტეტული პროექტების განსაზღვრის გზით გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას განაპირობებს. ამასთან, მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე დაინერგა ვიზუალური ბიუჯეტი, რომელიც ფინანსური ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ვიზუალიზაციით უზრუნველყოფს. 

 

ასევე, OGP-ის 2018-2019 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში, 2020 წლის 20 მარტს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. ამავე სამოქმედო გეგმის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა ეფექტიანი მმართველობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ინოვაციური მეთოდების დანერგვის ვალდებულებაც აიღო, რომლის მიზანსაც ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მოსახლეობისთვის გაწეული სერვისების შეფასების და მოსახლეობის კმაყოფილების ხარისხის გაზომვის სისტემის დანერგვა წარმოადგენდა. ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს თვითშეფასების ანგარიშის თანახმად, აღნიშნული ვალდებულების ფარგლებში სამოქალაქო აქტივისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლების, ექსპერტებისა და საჯარო პირებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა ოზურგეთის მუნიციპალური სერვისების მიწოდების მონიტორინგის მიზნით SMART ინდიკატორები შეიმუშავა. საანგარიშო პერიოდში თვითმმართველობის მნიშვნელობის პოპულარიზაციის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის წახალისებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელდა პროექტი „თვითმმართველობა განათლებისთვის“, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები და შეირჩა მოხალისეები, რომლებიც პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები. 2019 წლის აგვისტოში, დამკვირვებელთა ჯგუფმა წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების საფუძველზე ქალაქ ოზურგეთისა და სოფელ ნატანების ტერიტორიაზე აწარმოა კვლევა და გამოკითხა 300 რესპოდენტი. აღნიშნული აქტივობის შედეგად მომზადდა ანგარიში, რომელშიც აისახა რეკომენდაციები მონიტორინგის ინდიკატორებთან დაკავშირებით. მოსახლეობის გამოკითხვიდან მიღებული ინფორმაციის გაანალიზების საფუძველზე გადაიხედა არსებული ინდიკატორები და შეიცვალა რიგი სერვისის მენეჯმენტი.

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის წინა გამოცდილება

 

ოზურგეთის მსგავსად, ახალციხის მუნიციპალიტეტმა ღია მმართველობის პრინციპების დანერგვა, OGP საქართველოს ეროვნულ პროცესში ჩართულობის გზით, 2016 წელს დაიწყო. დამოუკიდებელი ანგარიშგების მექანიზმის (IRM) საბოლოო ანგარიშის თანახმად, ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ აღებული ვალდებულება, რომელიც ელექტრონული მექანიზმის - „დაგეგმე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი“ შექმნას ითვალისწინებდა, სრულად შესრულდა. პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი USAID-ის პროექტმა „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში“ შეიტანა. GGI-ის ფარგლებში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) E-Governance Academy-სთან (eGA) თანამშრომლობით ახალი ვებგვერდი შექმნა, რომელზეც მონაწილეობითი ბიუჯეტირების მექანიზმის ინტეგრირება მოხდა. ახალციხის მუნიციპალიტეტმა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ადგილობრივი ბიუჯეტის შესახებ მოქალაქის გზამკვლევიც ვადების დაცვით შეიმუშავა. მიუხედავად იმისა, რომ შემუშავებული დოკუმენტის ვებგვერდზე გამოქვეყნება არ მომხდარა, მუნიციპალიტეტმა საინფორმაციო გზამკვლევთან დაკავშირებით ბროშურები დაბეჭდა და პრეზენტაციაც გამართა.

 

დამოუკიდებელი ანგარიშგების მექანიზმის (IRM) ანგარიშის თანახმად, ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ 2018- 2019 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულება - ღია მონაცემების შეგროვების, დამუშავების და გამოქვეყნების შესაძლებლობების განმტკიცება ახალციხის მუნიციპალიტეტში - სრულად შესრულდა. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობები USAID/GGI-ისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით განახორციელა. საანგარიშო პერიოდში ჩატარდა ღია მონაცემების შეგროვებასთან, დამუშავებასა და გამოქვეყნებასთან დაკავშირებით სიტუაციური ანალიზი. ამავდროულად, არსებული ვითარების გაუმჯობესების მიზნით, შემუშავდა რეკომენდაციები. აღნიშნულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადდა ღია მონაცემების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. 

 

რაც შეეხება ამავე სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ მეორე ვალდებულებას - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართულობისა და მონაწილეობის გაუმჯობესება - რომელსაც კვლავ USAID GGI-იმ დაუჭირა მხარი, ახალციხის მუნიციპალიტეტმა განახორციელა ადმინისტრაციული შენობების ინფრასტრუქტურული ანალიზი, მომზადდა სატენდერო წინადადების ტექნიკური დავალების პროექტი და შესაბამისი ბიუჯეტი. IRM-ის ანგარიში თანახმად, ტექნიკური დავალება USAID GGI-ის მხარდაჭერით, დამოუკიდებელმა ექსპერტმა მოამზადა, თუმცა მისი განხორციელება OGP სამოქმედო გეგმის საანგარიშო პერიოდში არ დაწყებულა.



ხონის მუნიციპალიტეტის წინა გამოცდილება

 

ღია მმართველობის გაძლიერების მიზნით,  რამდენიმე პროექტი განახორციელა ხონის მუნიციპალიტეტმაც. ზემოხსენებული მუნიციპალიტეტების მსგავსად პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობას. მაგალითისთვის, ამგვარი თანამშრომლობის ფარგლებში, მერიის მოქალაქეთა მისაღებმა ერთი ფანჯრის პრინციპით დაიწყო ფუნქციონირება, ხოლო საჯარო სერვისების დისტანციურად მიწოდების განვითარების მიზნით, დაინერგა ცხელი ხაზი და განახლდა მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდი. გარდა ამისა, ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულების შესრულების მიზნით, ხონის მუნიციპალიტეტმა გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმაც შეიმუშავა. 



დასკვნა

 

მისასალმებელია მუნიციპალიტეტების აქტიურობა ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში და მათი მხრიდან მზაობა, გაატარონ ცალკეული რეფორმები. მნიშვნელოვანია, რომ დანერგილ ცვლილებებს, მიღებულ სტრატეგიებსა თუ ნებისმიერ რეფორმას მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობის მხრიდან ჰქონდეს სათანადო პოლიტიკური მხარდაჭერა და ეფექტური კოორდინაცია. ამავდროულად, აუცილებელია მუნიციპალიტეტის მხრიდან ცალკეული რეფორმებისა თუ ინიციატივების ფინანსური თუ ადამიანური რესურსების გამოყოფა, რადგან მათი შედეგების მდგრადობა დამოკიდებული არ იყოს მხოლოდ გარე აქტორების მხარდაჭერაზე. ამავდროულად, აუცილებელია, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება ახლადდანერგილი რეფორმების საკითხებზე, რათა მერიებმა დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის მიღმაც შეძლონ ახალი ვალდებულებების აღება, დროულად განხორციელება და პრაქტიკაში ეფექტურად დანერგვა. 

 

 

IDFI იმედს გამოთქვამს, რომ გაიზრდება იმ მუნიციპალიტეტების რაოდენობა, რომლებიც ჩართულნი არიან ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივაში და ახორციელებენ გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდაზე ორიენტირებულ რეფორმებს.  

 

___

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს. 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023