2014 წლის 27 მარტს უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ დაამტკიცა ცვლილებები უკრაინის „ინფორმაციის შესახებ კანონისა“ და „საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ საკანონმდებლო აქტებში. უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა კანონპროექტს ხელი მოაწერა 2014 წლის 17 აპრილს. საჯარო ინფორმაციაზე წვდომის უფლების გაძლიერების კუთხით ეს კანონი მნიშვნელოვანი ეტაპია უკრაინისთვის. კანონპროექტს სამი წლის მანძილზე ქმნიდნენ და ადვოკატირებას უწევდნენ მედიის სამართლის ინსტიტუტის ექსპერტები.
ეს ცვლილებები მნიშვნელოვნად ეხმაურება უკრაინის ახალი ხელისუფლების სურვილს უფრო გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული გახადოს ქვეყნის მმართველობა, აღმოფხვრას წლების განმავლობაში დამკვიდრებული ცუდი პრაქტიკა და შეზღუდვები. ამავე დროს როგორც, ცნობილია დღეს საქართველოშიც მიმდინარეობს მუშაობა ინფორმაციის თავისუფლების სრულიად ახალი აქტის შემუშავებაზე, სადაც ჩვენი ინსტიტუტიც აქტიურად მონაწილეობს. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ქართული საზოგადოებისათვის და დაინტერესებული სპეციალისტებისთვისაც საინტერესო უნდა იყოს, ის სიახლეები რაც შევიდა უკრაინულ კანონმდებლობაში, ქვეყანაში განვითარებული რევოლუციური ცვლილებების ფონზე.
წვდომა საჯარო ინფორმაციაზე vs. პირადი მონაცემების დაცვა
უკრაინის „პირადი მონაცემების დაცვის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლი იმგვარად არის ჩამოყალიბებული, რომ ყველა სახის პირად ინფორმაციას ანიჭებს შეზღუდული ინფორმაციის სტატუსს. გამონაკლისია იმ პიროვნების პირადი მონაცემები, რომელსაც უკავია ან აპირებს დაიკავოს არჩევადი საჯარო თანამდებობის პირის პოზიცია ან პირველი კატეგორიის საჯარო მოხელის თანამდებობა და ის შემთხვევები, როცა კანონი პირდაპირ კრძალავს პერსონალური ინფორმაციისთვის შეზღუდული ინფორმაციის სტატუსის მინიჭებას. ამგვარი მიდგომა არსებითად ეწინააღმდეგება საჯარო ინფორმაციის მაქსიმალური ღიაობის პრინციპს.
"პერსონალური ინფორმაციის დაცვის შესახებ" კანონში შესული ახალი ცვლილებები აუქმებს პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალურობის პრეზუმფციას და აყალიბებს, რომ პერსონალური ინფორმაცია შესაძლოა კონფიდენციალურ ინფორმაციად ჩაითვალოს მხოლოდ კანონის ან კონკრეტულად იმ ადამიანის მოთხოვნით, ვისაც ეს ინფორმაცია ეხება. რაც მთავარია, კანონი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხელმისაწვდომი უნდა გახდეს შემდეგი ინფორმაცია:
- პერსონალური მონაცემები, რაც უკავშირდება მაღალი თანამდებობის ან საჯარო მოხელის მუშაობას თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში.
- პერსონალური ინფორმაცია აქტივების, შემოსავლების, ხარჯებისა და ფინანსური სახის ვალდებულებების შესახებ.
- ინფორმაცია ნებისმიერი პიროვნების მიერ ბიუჯეტიდან თანხის ან სახელმწიფო/მუნიციპალური საკუთრების მიღების შესახებ.
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
კანონში შესული ცვლილებები ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასთან ერთად ითვალისწინებს 425-დან 850 დოლარამდე ჯარიმას ინფორმაციის გაცემაზე დაუსაბუთებელი უარის თქმის, დაგვიანებით ან არასრული ინფორმაციის გამოქვეყნების ან ცრუ ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში, კერძოდ კი:
• სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის არ გამოქვეყნების შემთხვევაში;
• დაუსაბუთებლად ინფორმაციისთვის შეზღუდული სტატუსის მინიჭების შემთხვევაში;
• მოქალაქეთა საჩივრების მიღებასა და განხილვაზე უკანონოდ უარის თქმის შემთხვევაში.
იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა ან ინფორმაციისთვის შეზღუდული სტატუსის მინიჭება, გათვალისწინებულია ჯარიმა 1020-1360 უკრაინული გრივნის ოდენობით. რაც შეეხება საიდუმლო ინფორმაციას, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არის გათვალისწინებული იმ ინფორმაციის გაცემაზე, რომელიც მიღებულია საგამოძიებო, კონტრსადაზვერვო საქმიანობებიდან და თავდაცვის სფეროდან.
საჯარო ინფორმაციაზე წვდომა ადგილობრივ დონეზე
„საჯარო ინფორმაციაზე წვდომის“ შესახებ უკრაინის კანონის მე-15 მუხლში მოცემულია იმ ინფორმაციის სია, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს უწყებების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე ან მედიაში.
„უკრაინაში ადგილობრივი თვითმმართველობის“ შესახებ და „ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი რადას“ შესახებ კანონებში შესული ცვლილებები ადგილობრივ უწყებებსა და პარლამენტს ავალდებულებს გამოაქვეყნონ:
• ადგილობრივ საბჭოებთან შეხვედრის ჩანაწერები;
• ადგილობრივი თვით-მმართველობის ორგანოების/ყირიმის უმაღლესი რადას აქტები
• ადგილობრივი თვით-მმართველობის ორგანოების/ყირიმის უმაღლესი რადას აქტების სამუშაო ვარიანტები (საგანგებო სიტუაციებში უნდა გასაჯაროვდეს მომზადებისთანავე)
• დასკვნები, წინადადებები, ადგილობრივ საბჭოებთან შეხვედრის ჩანაწერები;
იგივე მოთხოვნები შეეხება ყირიმის ადგილობრივი ადმინისტრაციებისა და მინისტრთა საბჭოს აქტივობების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას. უფრო ზუსტად კი, რეგულაციებისა და ინდივიდუალური აქტების გამოქვეყნება, ასევე საკანონმდებლო აქტების სამუშაო ვერსიების გამოქვეყნება იმგვარად, რომ მასზე საჯარო დისკუსიები მოეწყოს.
წვდომა უმაღლესი რადას და ადგილობრივი საბჭოების შეხვედრებზე
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დებულება ახალ კანონში არის თითოეული ადამიანის საჯარო დაწესებულებების შეხვედრებზე დასწრების უფლების უზრუნველყოფა, რაც შეესაბამება გამჭვირვალობის იმ პრინციპებს, რომლებიც უკრაინის კონსტიტუციაშია მოცემული.
ამასთანავე, მოქალაქეებისთვის ღია უნდა იყოს უკრაინის უმაღლესი რადას, ადგილობრივი საბჭოებისა და ყირიმის უმაღლესი რადას სესიებზე დასწრება. შეხვედრებზე დასწრების პროცედურები გაწერილია უმაღლესი რადას ან შესაბამისი საბჭოების რეზოლუციებით. გარდა ამისა, უკვე შეუძლებელია პარლამენტის სხდომებზე დამსწრე ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის ჩამორთმევა „არაკეთილსინდისიერი ქცევისთვის“.
წვდომა ქალაქებისა და სხვა დასახლებების გეგმებზე
ამჟამად, ქალაქის გეგმასა ან ტერიტორიის დეტალურ გეგმაზე წვდომა ძალიან გართულებულია, რადგან ეს ინფორმაცია „მხოლოდ ოფიციალური მოხმარებისთვის“კატეგორიაში ინახება. შესაბამისად, ახალი კანონში ღიად არის აღნიშნული, რომ ქალაქებისა და ტერიტორიების დეტალური გეგმები შეუძლებელია, შეიცავდეს კონფიდენციალურ ინფორმაციას და შესაბამისად, არ უნდა არსებობდეს მათზე ლიმიტირებული წვდომა. გარდა ამისა, ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს შემდეგი წყაროებით:
• განთავსდეს ადგილობრივი ხელისუფლების ოფიციალურ ვებ-გვერდზე
• დაიბეჭდოს ადგილობრივ ბეჭდვით მედიაში
• გამოიკრას საჯარო უწყების შენობაში
• საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში, მოხდეს მისი უზრუნველყოფა
კორუფციასთან ბრძოლა
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა საჯარო პირების ქონებრივი დეკლარაციიდან ინფორმაციის გავრცელების კუთხით. პირველ რიგში, კანონი მოითხოვს ამ ინფორმაციის შესაბამისი უწყებების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე (ხოლო იმ შემთხვევაში, თუ უწყებას არ აქვს ვებ-საიტი, ეს ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს ადგილობრივ ოფიციალურ გაზეთში) გმოქვეყნებას. მეორეს მხრივ, ინფორმაცია, ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან ერთი წლის მანძილზე უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
გარდა ამისა, ნებისმიერ ადამიანს, მოთხოვნის შემდეგ, უნდა მიეწოდოს ინფორმაცია საპენსიო დაზღვევის ფონდის აქტივების სტატუსის შესახებ, ასევე ინფორმაცია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების რეესტრიდან.
მედიის წარმომადგენლებს უკვე შეუძლიათ დაესწრონ სატენდერო კომიტეტების შეხვედრებს (რომელსაც ევალება საჯარო შესყიდვები) - არა მხოლოდ ტენდერის გახსნის ეტაპზე, არამედ ტენდერის სხვა ფაზებსაც.
კანონი ასევე კრძალავს კორუფციულ სამართალდარღვევაში მხილებულთა ერთიან სახელმწიფო რეესტრში არსებულ ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვას, მათ შორის:
1. სახელი, გვარი, მამის სახელი;
2. დასაქმების ადგილი, კორუფციული დანაშაულის ჩადენის დროს დაკავებული პოზიცია;
3. კორუფციული სამართალდარღვევის ხასიათი;
4. სასჯელის ტიპი;
5. სამართალდარღვევის ჩადენის გზები;
6. დისციპლინური სანქციის ტიპი.
წვდომა საარქივო, სტატისტიკურ ინფორმაციაზე და სახელმწიფო საიდუმლოებაზე
კანონი უზრუნველყოფს უფრო ფართო წვდომას საარქივო და სტატისტიკურ ინფორმაციაზე. უფრო ზუსტად კი, კანონის მიხედვით, უნდა გაიცეს ის სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული კვლევების შედეგად იქნა მიღებული. ამგვარი ინფორმაცია არ ითვლება კონფიდენციალურად და უსასყიდლოდ უნდა გაიცეს მსურველზე გარდა „საჯარო ინფორმაციაზე წვდომის“ შესახებ უკრაინის კანონით გათვალისწინებული ქსეროასლისა და დოკუმენტის ამობეჭდვის მოსაკრებლისა, რომელსაც ინფორმაციის გამომთხოვნი იხდის.
ამასთანავე, კანონი ადგენს, რომ ეროვნულ საარქივო ფონდში დაცულ იმ დოკუმენტებზე წვდომა, რომლებიც შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას ან სხვა კონფიდენციალურ ინფორმაციას, უნდა შეიზღუდოს მხოლოდ და მხოლოდ „საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის“ შესახებ უკრაინის კანონის მიხედვით.
არანაკლებ მნიშვნელოვანია დამატებითი გამონაკლისები, რაც ეხება იმ საარქივო დოკუმენტების გამოქვეყნებას, რომელიც მოიცავს ინფორმაციას პიროვნების შესახებ მისივე თანხმობის გარეშე - უფრო ზუსტად კი, იმ შემთხვევაში, თუ ამ ინფორმაციის გამოქვეყნებაზე საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს.
ზოგიერთი ცვლილება შეეხება სახელმწიფო საიდუმლოებებსაც: დოკუმენტის ის ნაწილი, რომელიც კლასიფიცირებულ მონაცემებს შეიცავს, უნდა იყოს საიდუმლო, ხოლო დოკუმენტის ის ნაწილი, რომელშიც არაკლასიფიირებული ინფორმაცია წერია, უნდა გახდეს ხელმისაწვდომი.
კონტროლი
კანონი ადგენს, რომ კონტროლი ინფორმაციაზე წვდომის უფლებაზე უნდა განხორციელდეს უკრაინის ომბუდსმენის აპარატის მიერ. თუმცა, ამ კუთხით ამ დაწესებულებას დამატებითი უფლებამოსილება არ დამატებია. შესაბამისად, ეფექტური და დამოუკიდებელი ორგანოს საკითხი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
„მხოლოდ ოფიციალური მოხმარებისთვის“
მნიშვნელოვანი გარდამავალი დებულებებია გათვალისწინებული კანონში „მხოლოდ ოფიციალური მოხმარებისთვის“ ამკრძალავ შტამპთან დაკავშირებით, რაც ხშირად ჩნდებოდა დოკუმენტებზე „საჯარო ინფორმაციაზე წვდომის“ შესახებ უკრაინის კანონის ძალაში შესვლამდე.
კონკრეტულად კი ყველა შემზღუდველი შტამპი ანულირებულია. გარდა ამისა, დაინიშნა გარდამავალი პერიოდი ერთი წლის ვადით, რათა მოხდეს უკვე მინიჭებული შტამპებისა და სხვა ინფორმაციის შემზღუდავი აკრძალვების გადახედვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „მხოლოდ ოფიციალური მოხმარებისთვის“ შტამპის მქონე ბევრი დოკუმენტი გასაჯაროვდება ან მოხდება ნებისმიერი მომთხოვნისთვის მიწოდება.
გამოხატვის თავისუფლება და მასმედია
ცვლილებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დებულება, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ არ არის დაკავშირებული ინფორმაციაზე წვდომასთან, შეეხება სამოქალაქო კოდექსში არსებული იმ წესის გაუქმებას, რომელიც ავალდებულებდა ცილისწამებაში ბრალდებულს, რომ დაემტკიცებინა მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტე. ცხადია, ეს დებულება ეწინააღმდეგებოდა გამოხატვის თავისუფლების აღიარებულ, საერთაშორისო სტანდარტებს და არ შეესაბამებოდა „ინფორმაციის შესახებ“ კანონის ახალ ვერსიასთან.
შემდეგი დებულება ბეჭდვითი მედიისა და ახალი ამბების სააგენტოების მიერ ცრუ ინფორმაციის გავრცელების პასუხისმგებლობიდან გათავისუფლებას ეხება. კონკრეტულად კი, რამდენიმე ტექნიკური ხასიათის ცვლილება მოხდა. აღსანიშნავია, რომ ცვლილების მიხედვით მედია გათავისუფლდა იმ პასუხისმგებლობისგან, რაც მოსდევს თანამდებობის პირების, იურიდიული პირებისა და სხვა მოქალაქეების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებების ციტირებას.
ცვლილებები ასევე შეეხება ჟურნალისტის სტატუსის ცნობას. ადრინდელი რედაქციით, სტატუსის დამოწმება ხდებოდა მხოლოდ და მხოლოდ სარედაქციო ცნობის და სხვა დოკუმენტის მეშვეობით, რომელსაც გასცემდა პასუხისმგებელი პირი ბეჭდვითი მედიის სარედაქციო ორგანოდან. ამ კანონის ძალაში შესვლით, ჟურნალისტის სტატუსის დამტკიცება შესაძლებელი იქნება ჟურნალისტთა პროფესიული ასოციაციის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტითაც.
შეჯამება
ახალი ცვლილებები არ ცვლის საჯარო ინფორმაციაზე წვდომის წესს, ამ უფლების არსს ან მისი განხორციელების გზებს. ის ამკაცრებს ოფიციალური პირების ვალდებულებას უზრუნველყონ რელევანტური ინფორმაციის გამოქვეყნება; აკონკრეტებს იმ პრინციპებსა და მექანიზმებს, რომლებიც დაადგინა საინფორმაციო კანონმდებლობამ.
ცვლილებების განხორციელების გარეშე, საჯარო ინფორმაციაზე წვდომის უფლების პრაქტიკაში სრული რეალიზაცია საკმაოდ რთულია. შესაბამისად, ამ კანონის მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკრაინული კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად და მის ევროპულ სტანდარტებთან დასაახლოვებლად.
მომზადებულია The Media Law Institute პრესრელიზზე დაყრდნობით.