მარეგულირებელ კომისიებში და სხვადასხვა სსიპ-ებში გაცემული პრემიები და სახელფასო დანამატები

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 30 მაისი 2014

IDFI აგრძელებს 2013 წელს საჯარო მოხელეებზე გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას. ამჯერად ჩვენს მიერ წარმოდგენილი იქნება დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიებისა და სხვადასხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მოწოდებული ინფორმაცია პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ.

 

კერძოდ წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილი იქნება მონაცემები შემდეგი დაწესებულებების შესახებ:

 

კომუნიკაციების ეროვნული კომისია
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ცენტრალური საარჩევნო კომისია
საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
საჯარო სამსახური ბიურო
ეროვნული ბანკი
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიურო
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი საქპატენტი
სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ფინანსური მონიტორინგის სამსახური
სახალხო დამცველი
საგადასახადო ომბუდსმენი

 


ზემოთ ჩამოთვლილი დაწესებულებებიდან ერთადერთ უწყებას წარმოადგენს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, რომელმაც ინსტიტუტს განუმარტა, რომ კომისიის წევრებსა და აპარატის თანამშრომლებზე გაცემული შრომის ანაზღაურება წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას და მისი გაცემის უფლება არ გააჩნიათ.

 

ზემოთ ჩამოთვლილი უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის და საჯარო სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსებული თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით 2013 წელს აღნიშნულ უწყებებში ყველაზე მაღალი შემოსავლების მქონე თანამდებობის პირებს წარმოადგენენ:

 

2013 წელს თანამდებობის პირების შემოსავლებში ყველაზე დიდი თანხა პრემიისა ან სახელფასო დანამატის სახით მიღებულია კომუნიკაციის ეროვნული კომისიის წევრების მიერ – თითოეულ მათგანს მიღებული აქვს დაახლოებით 120 000 ლარის ოდენობის პრემია (ხელზე 96 000 ლარი). გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების სიდიდით გამორჩეულია აგრეთვე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. 2013 წელს ცესკოს თავმჯდომარეს (ზურაბ ხარატიშვილი 8 თვე, თამარ ჟვანია 4 თვე), მის მოადგილეს და ცესკოს მდივანს პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით მიღებული აქვთ 265 272 ლარი.

 

აღნიშნული დაწესებულებების თანამდებობის პირებიდან ერთ თვეში ყველაზე დიდი თანხა პრემიის ან სახელფასო დანამატის სახით მიღებული აქვს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს კარლო კვიტაიშვილს – ოქტომბრის თვეში მან პრემიის სახით მიიღო 29 955 ლარი (ხელზე 23 964 ლარი). ოქტომბრის თვეში კომისიის წევრებზე პრემიები გაიცა ორჯერ ხელფასის 100% – ის და 80% -ის ოდენობით.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტებმა (ოთარ ნადარაია და არჩილ მესტვირიშვილი) დეკემბრის თვეში თითოეულმა პრემიის სახით მიიღო 20 000 ლარი. საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ირაკლი კოტეტიშვილმა სექტემბრის თვეში მიიღო 14 050 ლარის ოდენობის პრემია, ხოლო ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ოქტომბრის თვეში – 15 120 ლარის ოდენობის სახელფასო დანამატი.

 

დეტალურად თითოეულ უწყებაში გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ.

 

დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიები


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან მიღებული ინფორმაციის თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებში არსებულ მონაცემებთან შედარების შედეგად, რომელიც კომისიის წევრების სამუშაოს შესრულებით მიღებულ შემოსავლებს ეხება, ირკვევა, რომ კომისიის მიერ IDFI – ისთვის მოწოდებული იქნა ხელზე ასაღები ოდენობების შესახებ მონაცემები.

 

მაგალითად კომისიის წევრის ირაკლი მოსეშვილის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მას 2013 წელს სამუშაოს შესრულებით მიღებული აქვს 309 886 ლარი. კომისიიდან მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით კი 2013 წელს ირაკლი მოსეშვილის შემოსავალი სარგო და პრემია ერთად შეადგენდა 247 908,8 ლარს, რაც 20%-ით ნაკლებია მის მიერ დეკლარირებულ თანხაზე.

 

ვინაიდან ყველა სხვა უწყებიდან მიღებული ინფორმაცია, რომელიც თანამდებობის პირების მიერ წლის განმავლობაში მიღებულ ოფიციალურ შემოსავლებს ეხება, მოწოდებული იყო საშემოსავლო გადასახადების ჩათვლით, ჩვენს მიერ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შემთხვევაშიც წარმოდგენილი იქნება გაცემული პრემიების შესახებ მონაცემები საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით.

 

2013 წელს კომისიის 4 წევრზე პრემიის სახით გაცემულია 456 993 ლარი. სახელფასო დანამატები კომისიის წევრებზე 2013 წელს არ დარიცხულა.

 

კომისიის წევრებს შორის ყველაზე დაბალი თანხა (95 692 ლარი) პრემიის სახით მიღებული აქვს კომისიის თავმჯდომარეს, დანარჩენ წევრებს (თითოეულ მათგანს) მიღებული აქვთ დაახლოებით 120 000 ლარის ოდენობის პრემია.

 

 

IDFI – იმ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას დამატებით მიმართა კომისიის წევრებზე პრემიების გაცემის შესახებ სამართლებრივი აქტების ასლების მოთხოვნით. როგორც პრემირების შესახებ კომისიის თავმჯდომარის ბრძანებების ასლებიდან ირკვევა 2013 წლის ოქტომბერში კომისიის წევრებმა პრემია მიიღეს ორჯერ ხელფასის 100% -ის და 80%-ის ოდენობით. (კომისიის თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 16 642 ლარს, ხოლო კომისიის წევრის 15 810 ლარს).

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან განსხვავებით პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავი შეიკავა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ. მათ მიერ მოწოდებულ დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების შრომის ანაზღაურება კონფიდენციალურია.

 

სამწუხაროდ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წინა წლების მსგავსად კვლავ აგრძელებს გაუმჭვირვალე საქმიანობას. შეგახსენებთ, რომ IDFI – ის შეფასებით აღნიშნული უწყება 2012-2013 წლებში დასახელდა ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად.

 

აღნიშნული დაწესებულების მიერ პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავის არიდება სავარაუდოდ განპირობებულია კომისიის წევრებისა და სხვა თანამშრომლების ძალიან მაღალი შემოსავლებით. აღნიშნულზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მაგალითად კომისიის ერთ-ერთი წევრის სერგო მესხის მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით 2013 წელს სამუშაოს შესრულებით მიღებულმა მისმა შემოსავალმა შეადგინა 284 289 ლარი.სამწუხაროდ ამ მომენტისათვის კომისიის სხვა წევრებს 2013 წლის შემოსავლები დეკლარირებული არ აქვთ. რაც შეეხება მათი 2012 წელს მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია


საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებზე 2013 წელს პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით სულ გაცემულია 95 604 ლარი,საიდანაც ზურაბ ხარატიშვილის მიერ 8 თვის განმავლობაში (იანვარი-აგვისტო) მიღებულია 50 244 ლარი, ხოლო თამარ ჟვანიას მიერ 4 თვის განმავლობაში(სექტემბერი-დეკემბერი) – 45 360 ლარი. ამავე დროს, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის მიერ პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით მიღებულმა შემოსავალმა 2013 წელს შეადგინა 88 968 ლარი, ხოლო ცესკოს მდივნის – 80 700 ლარი. 

 

აღნიშნულ თანამდებობებზე პრემიებისა და სახელფასო დანამატების გარდა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოები განსაზღვრულია შემდეგი ოდენობით : კომისიის თავმჯდომარე – 4 800 ლარი, თავმჯდომარის მოადგილე – 4030 ლარი, კომისიის მდივანი – 4000 ლარი. ამასთან საარჩევნო კოდექსის მე-9 მუხლის მიხედვით საარჩევნო პერიოდში თანამშრომლებს ეძლევათ თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ოდენობა. შესაბამისად მაგალითად ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ 2013 წლის ოქტომბრის თვეში 15 120 ლარის ოდენობის სახელფასო დანამატთან ერთად თანამდებობრივი სარგოს სახით მიიღო 9 600 ლარი.

 

2013 წელს ცესკოს აპარატის შტატით გათვალისწინებულ და შტატგარეშე თანამშრომლებზე, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებზე დარიცხულმა პრემიების საერთო ოდენობამ შეადგინა 1 675 235 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატმა – 2 658 481 ლარი.

 

 

საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი


საჯარო სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსებული თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციებიდან ირკვევა, რომ 2013 წელს დირექტორის ნათია ზაალიშვილის სამუშაოს შესრულებით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 104 879 ლარი, ხოლო მისი მოადგილის ნინო ბერულავას შემოსავალმა – 72 540 ლარი.

 

დირექტორის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს 2 600 ლარს, ხოლო მისი მოადგილის 2250 ლარს, ამასთან ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლების მსგავსად საარჩევნო პერიოდში ცენტრის თანამშრომლებიც იღებენ ხელფასის ორმაგ ოდენობას.

ცენტრის თანამშრომლებზე ჯამურად 2013 წელს გაცემულმა პრემიების რაოდენობამ შეადგინა 67 631 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატმა 286 443 ლარი.

 

საჯარო სამსახურის ბიურო


საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მიერ 2013 წელს მიღებული პრემიების რაოდენობა დაახლოებით 4 ჯერ აღემატება მისი მოადგილის და დაახლოებით 9 ჯერ აღემატება სხვა დანარჩენი თანამშრომლების მიერ მიღებული პრემიების ჯამს. ბიუროს უფროსის მიერ 2013 წელს მიღებულმა პრემიების საერთო ოდენობამ შეადგინა 80 450 ლარი. განსაკუთრებით აღსანიშნავია სექტემბრის თვე, როდესაც ერთჯერადად მის მიერ მიღებულია 14 050 ლარის ოდენობის პრემია.

საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის თანამდებობაზე ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს 2950 ლარს, ხოლო მისი მოადგილის- 2250 ლარს.

 

მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე დეტალურად განთავსებულია გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამტების შესახებ მონაცემები.

 

საქართველოს ეროვნული ბანკი


საქართველოს ეროვნული ბანკიდან მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით ბანკის თანამშრომლებზე 2013 წელს სახელფასო დანამატები არ დარიცხულა. აღნიშნულ პერიოდში თანამშრომლებზე გაცემული პრემიების საერთო ოდენობამ შეადგინა 2 397 034 ლარი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს 2013 წელს არც პრემია და არც სახელფასო დანამატი არ მიუღია. ვიცე პრეზიდენტებს – არჩილ მესტვირიშვილს და ოთარ ნადარაიას 2013 წელს პრემიის სახით თითოეულს მიღებული აქვს 43 000 ლარი. დეკემბრის თვეში თითოეულმა მათგანმა მიიღო 20 000 ლარის ოდენობის პრემია.

 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა IDFI-ის თანამდებობრივი სარგოების შესახებ ინფორმაცია,სამწუხაროდ, არ მიაწოდა. როგორც ეროვნული ბანკის თანამდებობის პირების მიერ წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციებიდან ირკვევა ზემოთ ხსენებული პირები თანამდებობრივ სარგოებს დამატებით იღებენ, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობისთვის. 2013 წლის 1 ნოემბრიდან საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის დამატებითი სარგო განისაზღვრა 6 500 ლარის ოდენობით.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო

 


2013 წელს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში თანამშრომლებზე გაცემულმა პრემიების რაოდენობამ შეადგინა 2 928 150 ლარი. ყველაზე დიდი თანხა -566 025 ლარი პრემიის სახით თანამშრომლებზე გაცემულია დეკემბრის თვეში. 2013 წელს ბიუროს უფროსის გიორგი ხიზანიშვილის მიღებულმა პრემიის ოდენობამ შეადგინა 65 000 ლარი, ხოლო მის მოადგილეებს თითოეულს პრემიის სახით მიღებული აქვთ 60 140 ლარი. ბიუროს უფროსმა და მისმა მოადგილეებმა დეკემბრის თვეში თითოეულმა მიიღო 10 000 ლარის ოდენობის პრემია.

სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს უფროსის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს 2950 ლარს, პირველი მოადგილის – 2750 ლარს ხოლო მოადგილის – 2600 ლარს.

 

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახური


სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 19 თანამდებობის პირზე 2013 წელს პრემიის სახით სულ გაცემულია 168 250 ლარი. რაც შეეხება სახელფასო დანამატებს მათ აღნიშნულ პერიოდში დანამატები არ მიუღიათ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გენერალურ აუდიტორს 2013 წელს არც პრემია და არც სახელფასო დანამატი არ მიუღია.

გენერალური აუდიტორის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს 5 950 ლარს, პირველი მოადგილის 5 600 ლარს, ხოლო მოადგილის 5 500 ლარს.

გენერალური აუდიტორის მოადგილეების მიერ მიღებული პრემიები გამოიყურება შემდეგნაირად:

 

2013 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში პრემიის სახით სულ გაცემულია 1 031 970 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის სახით 29 673 ლარი. ყველაზე დიდი ოდენობით პრემია აუდიტის სამსახურის თანამშრომლებზე გაიცა დეკემბრის თვეში – 458 960 ლარი.

 

საქპატენტი


2013 წელს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თანამშრომელებზე პრემიის სახით გაცემულია 1 472 700 ლარი. აღნიშნული თანხიდან თავმჯდომარის მიერ მიღებულია 80 450 ლარი, ხოლო მისი მოადგილის მიერ – 59 975 ლარი. თავმჯდომარის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო განსაზღვრულია 4950 ლარით, ხოლო მისი მოადგილის – 3 700 ლარით.

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახური


2013 წელს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში პრემიის სახით გაცემულია 453 765 ლარი. აღნიშნული თანხიდან აღმასრულებელი დირექტორის მიერ მიღებულია 30 350 ლარი. დირექტორის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო განსაზღვრულია 2950 ლარის ოდენობით.

 

ფინანსური მონიტორინგის სამსახური

 

ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ დაწესებულებაში 2013 წელს სახელფასო დანამატები არ გაცემულა. რაც შეეხება პრემიებს, სამწუხაროდ მოწოდებულია მხოლოდ თანამშრომლებზე გაცემული პრემიების ჯამური ოდენობა, რაც არ გვაძლევს საშუალებას წარმოვადგინოთ კონკრეტულ თანამდებობის პირზე გაცემული პრემიების ოდენობის შესახებ დეტალური ინფორმაცია.

2013 წელს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პრემიის სახით სულ გაცემულია 307 265 ლარი.

ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის თანამდებობრივი სარგო განსაზღვრულია 5 300 ლარის ოდენობით, ხოლო მისი მოადგილის 4 700 ლარის ოდენობით.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2013 წლის 4 აპრილს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ დეტალურად იქნა მოწოდებული 2012 წელს კონკრეტულ თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაცია, ამჯერად მათ აღნიშნულის გასაჯაროებისგან თავი შეიკავეს.

 

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო


კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით 2013 წელს თანამდებობის პირებს პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით მიღებული აქვთ 25 500 ლარი. აღნიშნულ უწყებაში თანამდებობის პირს წარმოადგენს მხოლოდ სააგენტოს თავმჯდომარე. მისი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო განსაზღვრულია 5000 ლარის ოდენობით.

 

საგადასახადო ომბუდსმენი და სახალხო დამცველი


საგადასახადო ომბუდსმენის აპარატიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად 2013 წელს ომბუდსმენს არც პრემია და არც სახელფასო დანამატი არ მიუღია. მის მოადგილეს პრემიის სახით მიღებული აქვს 5 375 ლარი. ომბუდსმენის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს 3 500 ლარს , ხოლო მისი მოადგილის – 3 125 ლარს.

 

სახალხო დამცველის აპარატისთვის 2013 წელს გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით ინსტიტუტს არ მიუმართავს, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაცია პროაქტიულად გამოქვეყნებულია მათ ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.

 

დასკვნა

 

ზემოთ მოყვანილი მონაცემები, რომელიც ეხებოდა 2013 წელს დამოუკიდებელ მარეგულირებელ კომისიებსა და სხვადასხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირში გაცემულ პრემიებსა და სახელფასო დანამატებს, კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს პრემირების არსებული სისტემის დაურეგულირებლობას და არაერთგვაროვან პრაქტიკას და პრემირების ერთიანი წესისა და სტანდარტის შემოღების აუცილებლობას.

 

ასევე, საკითხი, რომელიც ყველაზე მეტ კითხვებს ბადებს, არის თანამდებობის პირთათვის გაცემული მაღალი პრემიების საფუძველი. პრემირების სისტემის მეტი გამჭვრივალობისათვის და საზოგადოებისთვის მეტი ანგარიშვალდებულების გამოხატვის მიზნით, უპრიანია გაცემული პრემიები საჯარო უწყებებმა, თანამდებობის პირების მიხედვით, გამოაქვეყნონ პროაქტიულ რეჟიმში და ასევე დაურთონ პრემიის გაცემის კონკრეტული საფუძველი (ბრძანება).

 

IDFI მიესალმება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაგეგმილ ცვლილებებს და შეგახსენებთ, რომ ინსტიტუტი საკუთარ კვლევებზე დაყრდნობით წლების მანძილზე მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას საჯარო მოხელეთა ანაზღაურების ერთიანი სისტემის დამკვიდრებისკენ. კერძოდ, ინსტიტუტის აზრით, კანონმდებლობით უნდა განისაზღვროს საჯარო მოხელეებისათვის პრემიის მინიჭების წესი, პრემიის მინიჭების კრიტერიუმები და პრემიის ოდენობის ფარგლები, საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი ანაზღაურება საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი რანგირების მიხედვით და საჯარო სამსახურში შრომითი კანონმდებლობის საფუძველზე დასაქმებული პირების ფინანსური გარანტიები.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024