ალიანსი ინტერნეტის მომავლისთვის: ახალი ინიციატივის გეგმები და პერსპექტივები საქართველოსთვის

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | ანალიზი | სტატია 11 თებერვალი 2022

2021 წლის დეკემბერში, თეთრი სახლის მიერ ორგანიზებულ სამიტზე, რომელიც მსოფლიოში დემოკრატიის განვითარების საკითხებს ეძღვნებოდა, აშშ-მ ინტერნეტ თავისუფლების მომავლის ერთიანი გლობალური ხედვის და პროაქტიული დღის წესრიგის ჩამოყალიბების მიზნით, ახალი ალიანსის ინიციატივა წამოაყენა.[1] ონლაინ სამიტზე, რომელიც ისტორიაში პირველი ამგვარი ფორუმია, 100-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერებმა მიიღეს მიწვევა.

 

ალიანსის შექმნის იდეა ეხმიანება ორ ძირითად გამოწვევას. პირველია, ინტერნეტის, როგორც სახელმწიფო კონტროლის მექანიზმად გამოყენების მზარდი ტენდენცია, რომელიც წახალისებულია ისეთი ავტორიტარული სახელმწიფოების მიერ, როგორიცაა მაგალითად, ჩინეთი და რუსეთი. მეორე საკითხი თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ მოძველებული, 1990-იანი 2000-იანი წლების მსოფლმხედველობის გადახედვის საჭიროებას უკავშირდება. თანამედროვე ტენდენციებს შორისაა: გლობალური „დეზინფორმაციის ეპიდემია”, ძალაუფლების მონოპოლიზაცია რამდენიმე წამყვანი ტექ-კომპანიის ხელში, მომრავლებული კიბერ-შეტევები, და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა გამოწვევები. ინიციატივის ფარგლებში საერთო მიზნის ირგვლივ გაერთიანებული განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების ჯგუფმა უნდა შეიმუშაოს ღია, სანდო, და უსაფრთხო ინტერნეტის ერთიანი ხედვა, რომელიც თანხვედრაში იქნება დემოკრატიულ ღირებულებებთან და ადამიანის ძირითად უფლებებთან.

 

საწყის ეტაპზე გათვალისწინებულია ქარტიის მომზადება, რომელშიც გაიწერება ძირითადი სამოქმედო პრინციპები და ჩართული მხარეების მიერ 2022-2023 წლებში შესასრულებელი ვალდებულებები. წევრი ქვეყნები ალიანსში გაწევრიანებით პოლიტიკურ მზადყოფნას გამოთქვამენ, შეუსაბამონ შიდა საკანონმდებლო რეჟიმი დებულებაში გაწერილ პრინციპებს, თუმცა ალიანსს სავალდებულო შეთანხმების ხასიათი არ ექნება.

 

ალიანსის მუშაობა დაეფუძნება და გაამყარებს G7-ის, APEC-ის, OECD-ის, და ცალკეულ ქვეყნებში უკვე მიმდინარე სამუშაოებს ამ მიმართულებით. ალიანსის ამოცანა იქნება არსებული ძალისხმევის გაფართოება და საერთო მიზნების გარშემო გაერთიანება. აშშ და რამდენიმე ახლო მოკავშირე ქვეყანა განსაზღვრავენ ალიანსის საწყის შემადგენლობას, რომელმაც პირველადი გეგმით უნდა მოიცვას როგორც განვითარებული ეკონომიკის, ასევე განვითარებადი ქვეყნები ყველა კონტინენტიდან.

 

ძირითადი პრინციპები და მიმართულებები

 

- პირველი პრინციპი მოიცავს მონაცემთა უსაფრთხოების, კიბერუსაფრთხოების, და მონაცემთა კონფიდენციალურობის მაღალი სტანდარტების შემუშავებისა და დანერგვის კოლექტიურ ვალდებულებას: კერძოდ, (1) კომერციულ მონაცემთა შეგროვების, გამოყენების და გავრცელების კონფიდენციალურობის მაღალი სტანდარტების შემუშავება და დანერგვა; (2) სახელმწიფოს მხრიდან მონაცემებზე კანონიერი წვდომის კუთხით კანონის უზენაესობის პრინციპების დადგენა; (3) ICT სისტემების და ქსელური ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების ტექნიკური სტანდარტების შემუშავება და დანერგვა. ალიანსის ფორმირების დროს გაჟღერებული ზოგადი მიზნები 2022 და 2023 წლებში გარდაიქმნება დასანერგად სავალდებულო კონკრეტულ პუნქტებად და აისახება საბოლოო ქარტიაში.

 

- თანამშრომლობა ტექ-პლატფორმების რეგულირებისა და ინფორმაციის დაცულობის საკითხები: ალიანსის წევრები ითანამშრომლებენ აღნიშნულ საკითხებზე, რათა ერთობლივი ძალისხმევით გაუმკლავდნენ ყველაზე მსხვილი ტექ-პლატფორმების (Facebook, Amazon, TikTok, etc) რეგულირებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, მათ შორის, კონკურენციის პოლიტიკის და ინტერნეტში ხელმისაწვდომი ინფორმაციის ბოროტად გამოყენების საკითხებს.

 

- პროგრამულ საშუალებებსა და აპლიკაციებზე ღია ხელმისაწვდომობის და თავსებადობის უზრუნველყოფა წევრ ქვეყნებს შორის; საერთო ვალდებულებების აღება მონაცემთა ლოკალიზაციის არადისკრიმინაციულად რეგულირების კუთხით: ალიანსის წევრები, აიღებენ ზოგად ვალდებულებას, არ შეაფერხონ ან შეზღუდონ პროგრამული საშუალებები, აპლიკაციები და კომერციულ მონაცემთა ნაკადები წევრ ქვეყნებს შორის. გამონაკლისების გარდა, როგორიცაა უკანონო შინაარსის შეზღუდვა და/ან ეროვნული უსაფრთხოების საკითხები. წევრები ერთობლივად შეიმუშავებენ მონაცემთა ლოკალიზაციის პოლიტიკასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, რაც მონაცემთა თავისუფალ მიმოცვლას შეუწყობს ხელს.

 

- კიბერუსაფრთხოების ინციდენტებზე რეაგირების სტანდარტების შესახებ ტექნიკური თანამშრომლობის ფორუმის დაარსება: წევრებს შესაძლებლობა ექნებათ გააუმჯობესონ არსებული მექანიზმები ან წევრი მთავრობებისა და კერძო სექტორის ჩართულობით შექმნან ახალი საჯარო-კერძო ფორუმი, განახორციელონ საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების ინციდენტებზე რეაგირების კოორდინაცია, და გააზიარონ საუკეთესო პრაქტიკები და გამოცდილება.

 

მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივა ეხება მთავრობებს, და თავდაპირველი ალიანსი დაკომპლექტებული იქნება სწორედ მთავრობებით, საბოლოო ჯამში, ალიანსის საქმიანობაში ჩაერთვის შესაძლებლობა ექნებათ დაინტერესებულ მხარეთა უფრო ფართო სპექტრს (მაგ. სამოქალაქო საზოგადოება, აკადემიური წრეები, ანალიტიკური ორგანიზაციები, კერძო სექტორი, და ა.შ.). ცალკეული ვალდებულებები, რომლებიც ეხება მონაცემთა კონფიდენციალურობას და ინფორმაციის დაცულობას, მთავრობებთან ერთად, შესაძლოა გაითვალისწინონ და დანერგონ კერძო კომპანიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა.

 

ვადები და დაგეგმილი პროცესები

 

აშშ-ის თავდაპირველი გეგმით, ალიანსი ოფიციალურად უნდა დაფუძნებულიყო 2021 წლის დეკემბერში, ხოლო პრეზიდენტ ბაიდენის დემოკრატიის სამიტზე უნდა გასაჯაროებულიყო ალიანსის ხედვების აღმწერი დოკუმენტი. თუმცა, დოკუმენტის შემუშავების პროცესში ციფრული უფლებების დაცვაზე მომუშავე ჯგუფებმა (ორგანიზაციები/აქტივისტები), მთავრობებმა და კონკრეტულმა თანამდებობის პირებმა გააკრიტიკეს რამდენიმე პუნქტი და ეჭვქვეშ დააყენეს მათი მიზანშეწონილობა. ექსპერტების თქმით, ინიციატივა შემუშავდა ნაჩქარევად და შედეგად, არ მოხდა ყველა დაინტერესებული მხარის მოსაზრებებისა და ინტერესების გათვალისწინება (განსაკუთრებით განვითარებადი დემოკრატიის ქვეყნების და სამოქალაქო საზოგადოების). გარდა ამისა, გაჟღერდა უფრო კონკრეტული კრიტიკაც, მაგალითად, დოკუმენტის პროექტში ნახსენებია, რომ ქვეყნები აიღებდნენ ინტერნეტ ინფრასტრუქტურის მხოლოდ „სანდო პროვაიდერებით” სარგებლობის ვალდებულებას, რაც შესაძლოა აღქმული იქნას როგორც ჩინური წარმოების ინფრასტრუქტურით სარგებლობის შეზღუდვად. არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, გაურკვეველი ვადით გადაიდო პროექტის ინიცირება.[2]

 

ალიანსის ოფიციალურად შექმნის შემდგომ, 2022 წელს, წევრები გეგმავენ საბოლოოდ შეიმუშაონ ვალდებულებები და ძირითადი პრინციპები, რომლებიც საბოლოოდ აისახება ქარტიაში. წევრების წინასწარი გათვლებით, ეს შეიძლება მოიცავდეს:

 

- 2022 წლის I კვარტალი: კიბერუსაფრთხოების საკითხების შესახებ კოოპერატიული ფორუმის შექმნა;

 

- 2022 წლის I კვარტალი: პლატფორმების რეგულირებისა და ინფორმაციის ბოროტად გამოყენების საკითხების შესახებ კოოპერატიული ფორუმის შექმნა;

 

- 2022 წლის I/II კვარტალი: უფრო დეტალური პრინციპებისა და ვალდებულებების შესამუშავებლად და ქარტიაში შესაყვანად მინისტრთა დონის შეხვედრის მოწყობა;

 

- 2022 წლის III/IV კვარტალი: პროგრესის განხილვისა და ქარტიის საბოლოო ვერსიის დამტკიცების მიზნით, სახელმწიფოს მეთაურთა დონის შეხვედრის მოწყობა.

 

პერსპექტივა საქართველოსთვის

 

ვინაიდან ალიანსის შექმნა დროებით გადაიდო, საქართველოს აქვს შესაძლებლობა მის ირგვლივ მიმდინარე სამუშაოებში უფრო ადრეულ ეტაპზე ჩაერთოს. Freedom House-ის ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგის მიხედვით, საქართველოში ინტერნეტი თავისუფალია[3]. თუმცა, მაინც ვაწყდებით გარკვეულ გამოწვევებს, როგორიცაა მომრავლებული კიბერშეტევები, დეზინფორმაციის გავრცელება, პერსონალური მონაცემების დაცვის გამოწვევები, გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების პრობლემები კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობაში, სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაზრდილი უფლებამოსილებები და ა.შ.

 

ახალი ალიანსის ინიციატივის ფარგლებში წამოყენებული საკითხები აქტუალური იქნება საქართველოსთვის, განსაკუთრებით კიბერუსაფრთხოების და დეზინფორმაციის გავრცელების კუთხით. ამგვარ საერთაშორისო ინიციატივებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანამ შეძლოს თანამედროვე ციფრული ტენდენციების დანერგვა და ამ კუთხით საკუთარი ინტერესების საერთაშორისო ასპარეზზე წარდგენა. ამგვარი პლატფორმა ასევე დამატებითი შესაძლებლობაა ადგილობრივი დაინტერესებული მხარეებისთვის - არასამთავრობო სექტორი, უფლებადამცველი ორგანიზაციები, კერძო კომპანიები და ა.შ. - გაეცნონ საუკეთესო პრაქტიკებს, ჩაერთონ ციფრული უფლებების დაცვისა და ტრანსფორმაციის კუთხით მიმდინარე დისკუსიებში და გააჟღერონ ადგილობრივი საჭიროებები.

 

_____

 

[1]The Alliance for the Future of the Internet

[2]White House delays Alliance for the Future of the Internet launch

[3]Freedom House-Freedom on the Net 2020, Country report for Georgia

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს. 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023