ავტორი: ანტონ ვაჭარაძე
ეს სტატია ეხება სომხეთის სსრ კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის, აღასი ხანჯიანის სიკვდილის ბურუსით მოცული საქმის შემდეგ ბაშკიჩეთის (ახლანდელი დმანისი) რაიკომის მდივნის, ოტიანის წინააღმდეგ დაწერილ მოხსენებას და საბოლოო ჯამში მის რეპრესიას, რადგან ამ უკანასკნელმა, აღასი ხანჯიანის სიკვდილის შესახებ პარტიის ოფიციალური ვერსიისგან (თანამედროვე ტერმინი რომ გამოვიყენოთ, „მესიჯბოქსისგან“ - ა.ვ.) განსხვავებული აზრი სახალხოდ გამოთქვა.
თუმცა, უშუალოდ ოტიანის ამბის განხილვამდე, მიზანშეწონილად მივიჩნევთ შევეხოთ აღასი ხანჯიანის სიკვდილის გარემოებებს, განვიხილოთ საარქივო დოკუმენტები, 1950-იანი წლების ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნების პროცესებზე მიცემული ჩვენებები, თანამედროვეთა მოგონებები და ისტორიკოსების მოსაზრებები ამ საქმის შესახებ.
ხანჯიანი პოპულარული, ახალგაზრდა პოლიტიკოსი იყო. იგი 1901 წელს, ოსმალეთის იმპერიის ქალაქ ვანში დაიბადა. 16 წლის ასაკში გაწევრიანდა კომპარტიაში. ერევანში ჩამოაყალიბა ახალგაზრდა კომუნისტების ორგანიზაცია - „სპარტაკი“. იგი ორჯერ დააპატიმრა სომხეთის პირველი რესპუბლიკის (საბჭოთა ისტორიოგრაფიაში - „დაშნაკურმა“) მთავრობამ. 1922-26 წლებში, ლენინგრადში პარტიული მუშაობის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში, 1928 წელს გახდა სომხეთის ცენტრალური კომიტეტის ცეკას მეორე, ხოლო 1930 წელს - პირველი მდივანი. ამავდროულად იყო კომპარტიის ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის წევრი.
მეხლისი, ლაკობა, ხრუშჩოვი, ბერია, ხანჯიანი - მოსკოვის ახლადგახსნილ მეტროში საჩვენებელი გასეირნება, 1935 წელი
საბჭოთა კავშირის ფოსტის კონვერტი აღასი ხანჯიანის გამოსახულებით
1936 წლის 9 ივლისს, 35 წლის აღასი ხანჯიანი მოკლული იპოვეს თბილისში, სასტუმროს ნომერში. არაერთ წყაროში ვპოულობთ მოსაზრებას, რომ სინამდვილეში ხანჯიანი ლავრენტი ბერიამ თავის კაბინეტში საკუთარი ხელით გამოასალმა სიცოცხლეს, ხოლო გვამი კი სასტუმროში მიატანინა.
აღასი ხანჯიანი
ორ დღეში, 11 ივლისის გაზეთში - „Заря Востока“ და ასევე ქართულენოვან გაზეთ „კომუნისტი“-ს პირველ გვერდზე გაჩნდა შეტყობინებები ხანჯიანის სიკვდილზე. გაზეთმა „Заря Востока“, თვითმკვლელობას სამარცხვინო ნაბიჯი უწოდა:
„საქ. კ.პ. (ბ) ა.-კ. სამხარეო კომიტეტი იუწყება, რომ 1936 წლის 9 ივლისს, თვითმკვლელობის აქტის შედეგად, გარდაიცვალა სომხეთის კ.პ. (ბ) ც. კ-ის მდივანი, ამხ. ხანჯიანი. სთვლის რა თვითმკვლელობის აქტს სულმოკლეობის გამოხატულებად, რომელიც შეუფერებელია განსაკუთრებით პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელისათვის, საკ. კ. პ. (ბ) ა.-კ. სამხარეო კომიტეტი აუცილებლად სცნობს აუწყოს პარტიის წევრებს, რომ ამხ. ხანჯიანმა თავის მუშაობაში ბოლო დროს დაუშვა მთელი რიგი პოლიტიკური შეცდომები, რაც გამოიხატა არასაკმაო სიფხიზლეში ნაციონალისტური და კონტრრევოლუციური ტროცკისტული ელემენტების მხილების საქმეში. ამხ. ხანჯიანმა თუმცა შეიცნო ეს შეცდომები, მაგრამ ვერ ჰპოვა გამბედაობა ბოლშევიკურად საქმით გამოესწორებინა ისინი და თვითმკვლელობის აქტს მიმართა. ამხ. ხანჯიანის საერთო მდგომარეობას ართულებდა მისი ხანგრძლივი ავადმყოფობა - მძიმე ფორმის ტუბერკულოზი.“
„კომუნისტი“ 11 ივლისი, 1936
„Заря Востока“, 17 ივლისი, 1936
ხანჯიანის გვარი, თავად სტალინის გამოსვლაშიც კი გაჟღერდა საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე, რომელიც მოსკოვში, 1936 წლის 4-7 დეკემბერს მიმდინარეობდა. აღნიშნულ პლენუმზე, ფაქტობრივად, გადაწყდა ძველი ბოლშევიკი რევოლუციონერის, ნიკოლაი ბუხარინის ბედი, იგი 1937 იანვარში დააპატიმრეს და, რიგით მეორე, საჩვენებელ „მოსკოვურ პროცესზე“ გაასამართლეს, მოგვიანებით კი დახვრიტეს. ფრაგმენტი სტალინის გამოსვლიდან:
„ტომსკი... მე თქვენ გირჩევდით, ამხ. ბუხარინ, გეფიქრათ, რატომ წავიდა ტომსკი თვითმკვლელობაზე, და დატოვა წერილი - „სუფთა ვარ“. ხომ ხვდებით, რომ ის შორს იდგა სისუფთავისგან? რომ ვიმსჯელოთ, თუ მე სუფთა ვარ, მე - მამაკაცი, ადამიანი, და არა ჩვარი, აღარაფერს ვამბობ როგორც მე - კომუნისტი, მაშინ მთელი ქვეყანის გასაგონად ვიყვირებ, რომ მართალი ვარ. თავი მოვიკლა? - არასოდეს! აი, აქ კი არაფერიც არაა სუფთა. (წამოძახილები ადგილიდან: მართალია!). ადამიანი წავიდა თვითმკვლელობაზე იმიტომ, რომ მას ეშინოდა, რომ ყველაფერი გაცხადდება, მას არ სურდა შესწრებოდა საკუთარ შერცხვენას. ფურერიც, ლომინაძეც (მიქოიანის წამოძახილი ადგილიდან: ხანჯიანიც), ხანჯიანიც, სკრიპნიკიც, ტომსკიც.[1] აი თქვენ, ერთ-ერთი უკანასკნელი მწვავე და ყველაზე ადვილი საშუალება, რომლითაც სიკვდილის წინ, ამ ქვეყნიდან წასვლამდე შეგიძლია ბოლოჯერ მიაფურთხო პარტიას. უმტყუნო პარტიას. აი თქვენ, ამხ. ბუხარინ, ბოლოდროინდელი თვითმკვლელობების ფონი!“ (წყარო ინტერნეტიდან №1).
აღნიშნული პლენუმის შემდეგ, 1936 წლის დეკემბრიდან აღასი ხანჯიანის თვითმკვლელობა უკვე საბოლოოდ შეფასდა, როგორც პარტიის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციული აქტი და სტალინის სიცოცხლის ბოლომდე მისი სახელის ხსენება და ამ საქმესთან მიბრუნება, ფაქტობრივად, აიკრძალა. როგორც ისტორიკოსი რონალდ გრიგორი სუნი აღნიშნავს, ბერიას მიერ დანიშნულმა ახალმა ცეკას პირველმა მდივანმა, ამატუნი (აიკ) ამატუნიმ პარტიაში პირველ რიგში ახალი ერესის, ხანჯიანიზმის გამოვლენა დაიწყო და უამრავი ძველი კომუნისტი 1937-38 წლების დიდი ტერორის დროს სწორედ ხანჯიანთან კავშირის გამო დახვრიტეს (Suny: 362). 1937 წლის წერილში, ამატუნიმ ბერიას მოახსენა: „ხანჯიანის გამოაშკარავებიდან (10 თვე) სომხეთში გამოაშკარავდა და დაკავებულია 1365 ადამიანი (მათ შორის დაშნაკო-ტროცკისტი 900 ადამიანი)“. (Ноев Ковчег:№ 19 (202) Октябрь (16–31) 2012). 1938 წლის 28 ივლისს დახვრიტეს თავად ამატუნიც...
აღასი ხანჯიანის სიკვდილის შესახებ ერთ-ერთ საყურადღებო წყაროს წარმოადგენს იმ პერიოდის მოვლენების უშუალო მონაწილის, სურენ ღაზარიანის მოგონებები - „ეს არ უნდა განმეორდეს“ (Это не должно повториться). სურენ ღაზარიანი დაპატიმრებამდე, 1937 წლამდე საქართველოს, სომხეთისა და ამიერკავკასიის ძალოვან სტრუქტურებში (ЧК-ГПУ-НКВД) მსახურობდა. იგი ხანჯიანის მკვლელობაში ბერიას პირდაპირ ადანაშაულებს:
„ბერია აზერბაიჯანის მხრივ მშვიდად იყო. მირ ჯაფარ ბაგიროვი - მისი ძველი მეგობარია, ის არ უმტყუნებს. აი, სომხეთთან კი ცუდადაა საქმე. აღასი ხანჯიანი არ ავლენს სურვილს იყოს მორჩილი იარაღი ბერიას ხელში. საჭიროა მისი მოშორება. ბერია სომხეთში თავის ხალხს სპეცდავალებით აგზავნის: ხანჯიანის კომპრომეტირება. შეუძლებელია აღშფოთების გარეშე წაიკითხო ბერიას ხელქვეითის, ჟორა ცატუროვის ჩვენებები, რომელიც სომხეთში ხანჯიანის ირგვლივ ინტრიგების ხლართვით იყო დაკავებული. თუმცა ხანჯიანი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა და ინტრიგებმა მას ვერაფერი დააკლო.“ (Газарян: 175).
„ხანჯიანი ერევნიდან თბილისში, ამიერკავკასიის რაიკომის სხდომაზე გამოიძახეს. იმავე საღამოს ჩვენ შევიტყეთ, რომ ხანჯიანმა თავი მოიკლა. ყვებოდნენ დეტალებსაც, რომ მან ეს ერევანში ჩაიფიქრა და რომ ჯიბეში ორი წერილი აღმოუჩინეს: ერთი - ცოლთან გამოსათხოვარი და მეორე წერილი ბერიას სახელზე, სადაც ის თითქოს წერს რომ ძლიერ გაიხლართა და სხვა გზას ვეღარ ხედავს. ყველაფერი თვითმკვლელობის ინსცენირებისთვის იყო გათვლილი. მეოთხედი საუკუნის შემდეგ დადგინდა, რომ ხანჯიანი, საკუთარ კაბინეტში პირადად მოკლა ბერიამ. ბერია ნიანგის ცრემლებით დასტიროდა თავის მსხვერპლს და ხანჯიანის გვამი ერევანში დიდი პატივით გაამგზავრა.“ (Газарян: 175).
1953 წელს, „ბერიას საქმის“ მოწმემ, ღაზარიანის მოგონებებში ნახსენები გიორგი (ჟორა) ცატუროვის[2] ჩვენებაში კი ვკითხულობთ:
„ბერიამ მიმიწვია საკუთარ სახლში სავახშმოდ და მაცნო სომხეთში ჩემი გადაყვანის შესახებ, შემდეგ კი დაამატა: უნდა მოვაშოროთ ხანჯიანი. ვინც ამ მიზნით გავუშვი - ჩაფლავდნენ. როცა ვუთხარი, ხომ არ ჯობდა ხანჯიანი პირდაპირ მოგვეხსნა, ბერიამ მიპასუხა: იმისთვის რომ მოვხსნა, საჭიროა საფუძველი, მათ თქვენ ვერ იპოვნით. როდესაც აკოფოვთან ერთად სომხეთში გადავედი, ცეკას სხდომებზე ხანჯიანის წინააღმდეგ გამოვდიოდით, რისთვისაც სხვადასხვა საბაბს ვიყენებდით... ამის შემდეგ მე ვიყავი თბილისში და შემთხვევით შევედი ბერიას კაბინეტში, როდესაც ხანჯიანიც იქ იმყოფებოდა. ბერიამ დამიწყო გამოლანძღვა თუ რას ვერჩოდი ხანჯიანს, რომ ის დიდი ადამიანია და საჭიროა მისი მოფრთხილება.“ (Ноев Ковчег:№ 19 (202) Октябрь (16–31) 2012)
1953 წლის 19 ოქტომბერს, „ბერიას ბანდის“ საქმეში გაასამართლეს სსრკ უშიშროების ყოფილი მინისტრი, ვსევოლოდ მერკულოვი. მერკულოვის დაკითხვის ოქმის მიხედვით, მას წაუკითხეს ამონარიდები ჟორა ცატუროვის ჩვენებებიდან და მან დაადასტურა მათი ნამდვილობა.
კიდევ ერთ საინტერესო ცნობას ვიგებთ ევგენია კონსტანტინეს ასული ბაღდასარიანის მოხსენებიდან, რომელიც მან უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში 1953 წელს გააგზავნა. ვინაიდან საქმე ბერიას ეხებოდა, მოხსენება სსრკ შსს მინისტრ კრუგლოვთან აღმოჩნდა, რომელმაც ეს უკანასკნელი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს, მალენკოვს გადაუგზავნა. ბაღდასარიანის და, ასია, გუმედინის[3] ქვრივი იყო, ხოლო თავად ევგენია დასთან და სიძესთან ერთად თბილისში ცხოვრობდა. ამონარიდი მისი წერილიდან:
„თბილისში, კონფერენციაზე ჩამოსულებს შორის იყო სომხეთის ცეკას მდივანი, ხანჯიანი, რომელიც გუმედინს სახლშიც სტუმრობდა ხოლმე. უეცრად გავრცელდა ცნობა, რომ ხანჯიანი, რომელიც წინა დღეს სრულებით ჯანმრთელი იყო და თავს კარგად გრძნობდა, ღამის 12 საათზე დაბრუნდა საქ. სსრ მინისტრთა საბჭოს სასტუმრო სახლში, სადაც სხვა პარტიული ხელმძღვანელებიც იყვნენ გაჩერებული, დილით მკვდარი, საკუთარ საწოლში სისხლში მცურავი იპოვნეს. ოფიციალური ვერსიით, ხანჯიანს, რომელიც ტუბერკულიოზით იყო ავად, სისხლი წასკდა (хлынула кровь) და გარდაიცვალა, წამოსულმა სისხლმა კი საწოლი გაავსო. იქამდე ხანჯიანი კარგად გრძნობდა თავს, სამედიცინო დასკვნა მის სიკვდილზე არ გაასაჯაროვეს, იგი დახურული კუბოთი გააგზავნეს სომხეთში და მის ახლობლებს არ მისცეს გახსნის და გვამის ნახვის უფლება. მაშინ ამის შესახებ საუბრები ხშირი იყო და აღელვებულმა გუმედინმა ერთხელ გვიამბო (თავის ცოლს, მე და ჩვენს დედას), რომ ხანჯიანის სიკვდილი ბერიას ხელით მოხდა. გუმედინის თქმით, ბერიამ ხანჯიანი პირადად გამოიძახა და შესთავაზა თავი მოეკლა, თუმცა ხანჯიანმა იუარა. შემდეგ ნახეს (არ მახსოვს კონკრეტულად ვინ ნახა, გუმედინმა თუ სხვებმა), თუ როგორ წვავდა იგი ქაღალდებს“.
1937 წელს გუმედინი დააპატიმრეს. მის სასიკვდილო განაჩენზე სამი ხელმოწერაა: სტალინი, მოლოტოვი, ჟდანოვი და თარიღი - 12.09.1938. (Ноев Ковчег:№ 19 (202) Октябрь (16–31) 2012)
აღასი ხანჯიანის საქმეზე ისტორიკოსების უმრავლესობა, რომლებიც ამ პერიოდს შეისწავლის აღნიშნავს, რომ მან ან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, ან იგი მოკლეს:
საიმონ სებაგ მონტეფიორე: „ლაკობასთან ანგარიშსწორებამდე, ბერია იმყოფებოდა ერევანში. ამ ვიზიტის შემდეგ სომხეთმა დაკარგა თავისი პირველი მდივანი. აღასი ხანჯიანმა ან თავი მოიკლა, ან იგი მოკლეს.“ (Монтефиоре: 116)
რონალდ გრიგორი სუნი: „ივლისის დასაწყისში, ხანჯიანი გამოიძახეს თბილისში. სრულიად მოულოდნელად გამოცხადდა, რომ სომხეთის პარტიის ლიდერმა თავი მოიკლა. მიუხედავად იმისა, რომ მისი სიკვდილის გარემოებები ბუნდოვანია, სავარაუდოა, რომ ბერიამ დაუკვეთა მისი სიკვდილი, რადგან ხანჯიანი თავისი მონოპოლიზირებული ძალაუფლებისათვის საფრთხედ მიიჩნია“ (Suny: 62).
აღასი ხანჯიანის მკვლელობაში ბერია პირდაპირაა დადანაშაულებული რობერტ კონქუესთის წიგნში და თვითმკვლელობის ვერსია არც კი არის განხილული:
„1936 წლის 11 აგვისტოს, ბერიამ საკუთარ კაბინეტში დახვრიტა სომეხი პირველი მდივანი, ხანჯიანი“ (Conquest: 754).
კონქუესთს წიგნში მითითებული აქვს აღნიშნული ინფორმაციის წყაროც: 1963 წლის 28 ნოემბრის სომხეთის სსრ-ში გამოშვებული გაზეთი „კომუნისტი“. აქვე აღსანიშნავია, რომ კონქუესთი თარიღში შეცდომას უშვებს, ხანჯიანი ივლისში გარდაიცვალა და არა აგვისტოში.
აღასი ხანჯიანის თვითმკვლელობა/ მკვლელობა პერიოდულად ხვდება თანამედროვე ქართულ პრესასა და ონლაინ გამოცემებში და განხილვის საგანი ხდება ხოლმე. თითქმის ყველა მსგავს სტატიასა თუ ბლოგში (რომლებიც სავარაუდოდ ერთი წყაროდან იღებს სათავეს - ა.ვ.) წერია, თუ როგორ ეახლა აღასი ხანჯიანი ბერიას კაბინეტში, მიართვა უძვირფასესი სპარსული ხალიჩა და სთხოვა მცირემიწიანი სომხეთის რესპუბლიკისთვის ჯავახეთის დათმობა. გაცხარებულმა ბერიამ ამოიღო იარაღი და აღასი ხანჯიანი ადგილზე გამოასალმა სიცოცხლეს. იქვე ნახსენებია, რომ აღასი ხანჯიანის მკვლელობაზე სტალინი პირადად იყო ინფორმირებული და ამ ფაქტზე ბელადს წინააღმდეგობა ან უკმაყოფილება არ გამოუხატავს. (მაგალითისთვის იხ. წყარო ინტერნეტიდან №2). ამ ინფორმაციას მოჰყვება სხვადასხვა ინტერპრეტაცია. ასე მაგალითად, გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიმიტრი ჩუბინიძე, ოთარ იოსელიანს ღია წერილით მიმართავდა (გაზეთის 2014 წლის 28 ივლისი - 3 აგვისტოს ნომერში) მისი გამონათქვამის გამო, სადაც მან თბილისის აღმშენებლობაში სომეხი ეროვნების მოღვაწეების მიერ შეტანილი ღვაწლი აღნიშნა:
„ბატონო ოთარ, თქვენ ისეთი რამ თქვით, რის გამოც 1936 წელს ლავრენტი ბერიამ სომხეთის ცეკას პირველი მდივანი აღასი ხანჯიანი თავის კაბინეტში დახვრიტა!.. . თქვენ მშვიდად იყავით ბატონო ოთარ, დღეს არც ბერიაა ცოცხალი, არც სტალინი და არც ისეთი ქართველი დადის ამ დაცვედნებულ საქართველოში, ვინც გმირთა გმირი დავით აღმაშენებლის სათაყვანებელი და საფიცარი თბილისის „გასომხურებისთვის“ ტყვიას გკრავთ შუბლში და ნაჯახით გამოგეკიდებათ!“ (წყარო ინტერნეტიდან №3).
დაახლოებით მსგავს აზრს ავითარებს დონალდ რეიფილდიც, თუმცა რეიფილდის მიხედვით, ხანჯიანი არა ჯავახეთის მიწების მოთხოვნამ, არამედ უადგილო ხუმრობამ შეიწირა:
„ბერიამ მისთვის ახალი უფლებამოსილების მინიჭების დემონსტრირება იმით მოახდინა, რომ კაბინეტში მიიწვია სომხეთის კპ (ბ) ცკ პირველი მდივანი აგასი ხანჯიანი (მან უკბილოდ იხუმრა, - თბილისი სომხური ქალაქიაო), ტყვია დაახალა, გვამი ხალიჩაში გაახვია და გამოაცხადა, - ხანჯიანმა თავი მოიკლაო.“ (რეიფილდი: 518)
კაბინეტში ხანჯიანის მკვლელობის განსხვავებულ დეტალებს და ინტერპრეტაციებს იძლევა არაერთი ისეთი წყარო, რომელთაც მეცნიერული სანდოობა არ გააჩნიათ. განიხილება ვერსიები, რომ როდესაც ბერიას კაბინეტის გვერდით კაბინეტში მომუშავე თანამშრომელი КПК (პარტიული კონტროლის კომისია) წევრი, ივან კოროტკოვი ბერიას კაბინეტში შევიდა, ბერია თავზე ადგა გვამს და გაჰყვიროდა, რომ აღასიმ თავი მოიკლა. ასევე არსებობს მოსაზრება, თითქოს ბერიას ხელში ჰყავდა აყვანილი სისხლში მოთხვრილი ხანჯიანის სხეული და დერეფანში მორბოდა (ავტორისთვის რთული წარმოსადგენია მძიმეწონიანი ხანჯიანის ხელში აყვანა და გაქცევა - ა.ვ.).
რთულია ვირწმუნოთ ბერიას მიერ საკუთარი ხელით, საკუთარ კაბინეტში ხანჯიანის მკვლელობის ვერსიის ნამდვილობა მხოლოდ რამდენიმე მოგონებაზე და არასანდო წყაროზე დაყრდნობით. ასევე ლოგიკური მსჯელობა, ან კონკრეტული მტკიცებულებების წამოყენება შეეძლო ბერიას ამის გაკეთება თუ არა, არამეცნიერული და აზრს მოკლებულია, ვინაიდან, ფაქტობრივად, არ არსებობს არანაირი დოკუმენტური, ისტორიული უტყუარობის დამადასტურებელი მტკიცებულება.
ავტორის მოკრძალებული აზრით, ბერიასთვის კაბინეტში ხალიჩის ძღვნად მირთმევასა და სანაცვლოდ მიწების გადაცემის მოთხოვნას ხანჯიანის მხრიდან ადგილი არ ექნებოდა. მსგავსი საკითხები ამ ფორმით არ გვარდებოდა, ხანჯიანი კი გამოცდილი პარტიული მუშაკი იყო და საქმის ვითარება კარგად ესმოდა. აგრეთვე ძნელია დაეთანხმო დონალდ რეიფილდის ვერსიას - ხუმრობის მიზეზით ადამიანის მკვლელობის შესახებ. ავტორის აზრით ასევე შეუძლებელია ბერიას თავისი კაბინეტში, ცეკას შენობაში უამრავი მოწმის ყოფნისას ადამიანი მოეკლა. როგორც საბჭოთა კავშირის აღნიშნული პერიოდის ისტორიის არაერთი მაგალითი გვაჩვენებს, ადამიანების მოშორების გაცილებით დახვეწილი და უხმაურო ხერხებიც არსებობდა... ასევე დადასტურებულია, რომ КПК (პარტიული კონტროლის კომისია) წევრი, ივან კოროტკოვი მართლაც მუშაობდა ამ პერიოდში თბილისში და მას ცეკას შენობაში კაბინეტი ეკავა. კოროტკოვის ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ, ის 1949 წელს, ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა (წყარო ინტერნეტიდან №4). რთულია წარმოვიდგინოთ და დავუშვათ, რომ ბერია დიდი რეპრესიების დროს ხელუხლებელს დატოვებდა რიგით პარტიულ ფუნქციონერს, მის მიერ ჩადენილი მკვლელობის ერთ-ერთ მოწმეს...
საკუთარი ხელით მკვლელობის ვერსიის წყაროს წარმოადგენს ძირითადად 1950-იან წლებში ჩაწერილი მოგონებები და მიცემული ჩვენებები. მსგავსი ტიპის მასალა არ წარმოადგენს ისტორიულ მტკიცებულებას, ვინაიდან მათი ავტორები ბერიასადმი მტრულად იყვნენ განწყობილი, შესაძლებელია ზოგ მათგანს საკუთარი დანაშაულის ან ბოროტი საქმის გადაფარვას, ანდაც სინდისის გათავისუფლებას ცდილობდა. მაგრამ ანალიზის შედეგად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მოკლა თუ არა აღასი ხანჯიანი ბერიამ, პირადად, საკუთარი ხელით, მოკლეს თუ არა სომეხი მაღალჩინოსანი მისი დავალებით, თუ ხანჯიანმა თავი მოიკლა, ნებისმიერ შემთხვევაში ბერიას, როგორც კავკასიის, ფაქტობრივად, ერთპიროვნული, უმკაცრესი მმართველის, რეპუტაცია ამ შემთხვევამ კიდევ უფრო მაღლა ასწია. აღასი ხანჯიანი ახალგაზრდა, ენერგიული და პოპულარული პოლიტიკოსი იყო სომხეთსა და კავკასიაში, რონალდ გრიგორი სუნის თუ დავესესხებით, ბერიას შეეძლო იგი თავისი მონოპოლიური ძალაუფლების დაკარგვის საფრთხედ მიეჩნია და მას ნამდვილად აწყობდა ხანჯიანის მოშორება.
ხანჯიანის ამ ფორმით გაწირვა და მისი სახელის დისკრედიტაცია, ასევე სტალინის მიერ მისი საქციელის საჯაროდ გაკიცხვა კი სიგნალი უნდა ყოფილიყო ყველასათვის, რომ სისტემა არავის დაინდობდა. 1936 წელს, დიდი ტერორის წინა პერიოდში საბჭოთა კავშირის ოფიციოზმა და შემდეგ უკვე გაზეთებმა, ალბათ, თანამედროვე სამყაროსთვის იმ დრომდე გაუგონარ პროპაგანდისტულ ხერხებს მიმართეს - ადამიანების თვითმკვლელობა შერაცხეს, როგორც პარტიის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციული, დისკრედიტაციის აქტი. ნელ-ნელა ცხადი ხდებოდა, რომ პარტიის კურსიდან გადახვევა, დიდი ბელადისა და მისი ფავორიტებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ან განსხვავებული აზრის გამოხატვა არავის ეპატიებოდა, ადამიანებს ჰქონდათ მხოლოდ შრომის და უსიტყვო მორჩილების უფლება...
ოტიანის საქმე
აღასი ხანჯიანის სიკვდილის შემდეგ მოვლენები საინტერესოდ განვითარდა ბაშკიჩეთის რაიკომში, რის შესახებაც დოკუმენტები ინახება საქართველოს შსს არქივში. 10 ივლისის საღამოს, საქონლის შესამოწმებლად ბაშკიჩეთში ჩავიდა საქხორცტრესტის პარტკომის უფროსი მდივანი, ფოცხვერაშვილი. სანამ საქმეს შეუდგებოდა, ის მივიდა ადგილობრივ რაიკომში, შეხვდა მდივანს - ოტიანს და მასთან საუბარში ახსენა აღასი ხანჯიანის თვითმკვლელობაც. როგორც თავად ფოცხვერაშვილი განმარტებით ბარათში წერს:
„როგორც კი ეს გაიგო, ოტიანი ცუდად გახდა, დაიწყო კაბინეტში უმიზნოდ აქეთ-იქით სიარული და იმეორებდა ერთ კითხვას- „როგორ მოხდა ეს?“.“
ფოცხვერაშვილმა უპასუხა, რომ მათ ეს ინფორმაცია 10 ივლისის დილით გადასცა ამხანაგმა იშხანოვმა[4], რაზეც ოტიანს კვლავ მწვავე რეაქცია ჰქონდა:
„ის ისეთივე გარეწარია (იგულისხმა ამხ. იშხანოვი) როგორც სხვები, ვინც ასეთ ამბებს ავრცელებენ!“ შემდეგ ჩაილაპარაკა რომ „ადამიანი მიიყვანეს თვითმკვლელობამდე.“
ოტიანი არც მოგვიანებით დამშვიდდა, ფოცხვერაშვილმა რაიკომის შენობა დატოვა, თუმცა ერთი საათის შემდეგ კვლავ მიბრუნდა, სადაც მას რაიკომის კიდევ სხვა სამი მუშაკი დახვდა, ოტიანმა ამ საუბარში გამოლანძღა სტიოპა აკოპოვიც[5], ჩაჯდა მანქანაში და დამსწრეთა წინააღმდეგობის და შეგონების მიუხედავად, რომ უკვე გვიანია და უმჯობესია დამშვიდდეს, თბილისში გაემგზავრა.
როგორც კი შემთხვევა მიეცა, ფოცხვერაშვილმა აღნიშნული შეხვედრის შესახებ 1936 წლის 13 ივლისს დეტალურად უპატაკა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნებს, ამხანაგებს ლ.პ. ბერიას და ვ. ბაქრაძეს[6].
„ამ საუბრის შემდეგ მე მსურდა დავკავშირებოდი თბილისს, რათა მოეცათ უფლება ამხ. ოტიანს გამოვყოლოდი და ინფორმირება მომეხდინა, თუმცა დაკავშირება ვერ შევძელი. მეორე დილით, 6-დან 12 საათამდე ვამოწმებდი საქონლის მდგომარეობას, რის შემდეგაც მივედი რაიკომში. იქ არავინ დამხვდა, კარი გასაღებით იყო ჩაკეტილი. მე მივედი რაიკომის მდივნის მოადგილესთან, გადავეცი შემოწმების მასალა, რის შემდეგაც დავბრუნდი თბილისში.“
რამდენიმე დღეში, 16 და 18 ივლისს ორი იდენტური დადგენილება მოამზადა ბაშკიჩეთის რაიონულმა პარტაქტივმა და რაიკომის ბიურომ. შსს არქივში დაცული დოკუმენტებიდან შეუძლებელია გავიგოთ, ოტიანი ვინმემ გააფრთხილა ფოცხვერაშვილის მიერ დაწერილ მოხსენებაზე თუ მან თავად აწონ-დაწონა შექმნილი სიტუაცია და გამოსავლის ძებნას შეუდგა. საინტერესოა, რომ ორივე დადგენილებას ხელს აწერს თავად ოტიანი, როგორც რაიკომის მდივანი და ორივე შემთხვევაში დოკუმენტში საუბარია ამხანაგ ოტიანის, ანუ თავად მისი და კიდევ რამდენიმე პარტიული მუშაკის მიერ დაშვებულ შეცდომებზე და არაპარტიულ ქცევაზე. კიდევ ერთი დოკუმენტით, მიმართვის წერილით ოტიანმა გადაუგზავნა დადგენილებები საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს, რათა მათ განეხილათ და მკაცრი რეაგირება მოეხდინათ ოტიანის (ანუ საკუთარი თავის) გამოხტომაზე და გამონათქვამებზე.
ბაშკიჩეთის რაიონული პარტაქტივის მიერ მიღებული დადგენილება შედარებით უფრო პათეტიკურია და მასში მრავლადაა შეფასებებიც:
„თვითმკვლელობის გამყიდვლური და პროვოკაციული აქტი მიმართული იყო პარტიის წინააღმდეგ და წარმოადგენდა უკანასკნელ, სამარცხვინო ნაბიჯს ნაციონალისტურ შეცდომებში და კავშირებში გახვეული ორგულის მხრიდან.“
დადგენილება იმეორებდა ძირითად „მესიჯბოქსს“ იმის თაობაზე, რომ ამერიკავკასიელმა ბოლშევიკებმა და პირადად მისმა ხელმძღვანელმა, ლავრენტი პავლეს ძე ბერიამ (მის მიმართ დოკუმენტში მოხმობილია შემდეგი ეპითეტები: „საუკეთესო სტალინელი“, „უსაყვარლესი სტალინელი“ და „გამოცდილი ხელმძღვანელი“) მრავალი საქმე გააკეთეს, თუმცა ბურჟუაზიულ-ნაციონალისტური, კონტრრევოლუციური, ტროცკისტული ელემენტები, რომლებთანაც მიკუთვნებული იყო ხანჯიანი თავისი პროვოკაციული მოქმედებით (თვითმკვლელობა!) ძირს უთხრიდნენ აღმშენებლობას. ბერია და პარტია ხანჯიანს აუცილებლად დაეხმარებოდნენ, თუ ეს უკანასკნელი აღიარებდა შეცდომებს და მათ გამოსწორებას დაისახავდა მიზნად...
გარდა ამისა, დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ ბაშკიჩეთის რაიპარტაქტივის ყრილობამ მოისმინა ამხ. მამულოვის და გორიაჩევის მოხსენება სომხეთის კომპარტიის ცკ მდივნის, ა.ხანჯიანის მკვლელობის შესახებ და სრულებით დაეთანხმა ამიერკავკასიის სამხარეო და სომხეთის ცკ და პარტაქტივის ბოლშევიკურ შეფასებას. დოკუმენტიდან ცხადი არაა, მაღალი დონის ბოლშევიკი, ბერიას მარჯვენა ხელი და 1946-1953 წლებში მისი მოადგილე სსრკ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნისას, სტეფანე მამულოვი[7] თავად იმყოფებოდა ადგილზე სიტუაციის გასაცნობად და ოტიანთან დაკავშირებული ექსცესის გამო „ჭკუის სასწავლებლად“ თუ უბრალოდ წერილობით მიმართა, ცალსახაა, რომ ოტიანის ქმედებამ და ფოცხვერაშვილის განმარტებითმა ბარათმა მამულოვის დონის პარტიული ხელმძღვანელების ინტერესი დაიმსახურა.
ბაშკიჩეთის რაიპარტაქტივის დადგენილება მთავრდებოდა შემდეგი მოწოდებით.
„გაუმარჯოს ჩვენი მშობლიური ბოლშევიკური პარტიის და მთელი მსოფლიოს მშრომელთა ბელადს, ჩვენ მშობლიურ დიდ სტალინს!“
მარცხნიდან: სერგო იშხანოვი და კანდიდ ჩარკვიანი. 1938 წელი.
ბაშკიჩეთის რაიკომის ბიუროს 1936 წლის 18 ივლისის დადგენილებაში ვკითხულობთ:
„აღინიშნოს, რომ რაიკომის მდივნის, ოტიანის მიერ დაშვებული იქნა უხეში პოლიტიკური შეცდომა, რომელიც გამოიხატა არასწორ და არაპარტიულ მოქმედებაში რაიკომის ზოგიერთი წევრისთვის (ახმადოვი, ველიზადე, მხეიძე) ხანჯიანის თვითმკვლელობის საკითხის განმარტების დროს. ამხ. ოტიანის განცხადებით, ხანჯიანს გარს ეხვია ბუნტისთავები (склочники), ინტრიგნები და იგი მათ მიიყვანეს თვითმკვლელობამდე. „ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტი შეიყვანეს შეცდომაში“ და ა.შ. ამხ. ოტიანი გაემგზავრა ხანჯიანის დასაფლავებაზე ერევანში ცკ და რაიკომის ბიუროს გაფრთხილების გარეშე და რაიონში 12.VII.1936 წ. დაბრუნებულმა ბიუროს არ მიაწოდა ინფორმაცია ხანჯიანის თვითმკვლელობის რეალურ არსებულ მიზეზებზე, ასევე, საკუთარი შეცდომების შესახებ ინფორმირებისას შემოიფარგლა რაიკომის რამდენიმე წევრით ... ზემოაღნიშნულ საუბრის დამსწრე ბიუროს ზოგიერთი წევრი (ახმედოვი, ველიზადე, მხეიძე) საკმარისად არ შეეწინააღმდეგა მდივნის არაპარტიულ განმარტებებს.“
დოკუმენტიდან ვხვდებით, რომ ოტიანმა გარდა საკუთარი თავისა ბაშკიჩეთის რაიკომის სხვა წევრებიც, ახმედოვი და ველიზადეც „გასვარა“, მათ შესახებ ფოცხვერაშვილი მოხსენებით ბარათში არაფერს წერდა. ასევე აქ მან პარტიას შეატყობინა თავისი ერევანში გამგზავრების და ხანჯიანის დაკრძალვაზე დასწრების ამბავიც. დოკუმენტის ბოლო პუნქტის მიხედვით, თავად ოტიანი, ახმედოვი, ველიზადე, მხეიძე და რაიკომის კიდევ სამი წევრი, კობალაძე, სილაძე და კარსანიძე ინაწილებდნენ ვალდებულებას, ხანჯიანის სიკვდილის საკითხი განემარტათ ბაშკიჩეთის რაიონის სოფლების პარტორგანიზაციებისთვის. რაც მთავარია, ოტიანის ხელმოწერით თბილისში გაგზავნილი დოკუმენტი საქართველოს კომპარტიას უბიძგებდა, ოტიანის არაპარტიული გამოხტომის საკითხი განეხილათ განსაკუთრებულად და მკაცრად მიდგომოდნენ მას.
სედრაკ გევორქის ძე ოტიანი სტალინური რეპრესიების დაწყებისთანავე, 1937 წლის 29 აპრილს დააპატიმრეს. მალევე იგი აღმოჩნდა რიგით მეორე „სტალინურ სიაში“, რომელიც საქართველოს სსრ-მ 1937 წლის 26 ივნისს მოსკოვიდან მიიღო აღსასრულებლად. 1937 წლის 13 ივლისს, ფოცხვერაშვილის პატაკიდან ზუსტად 1 წლის თავზე, ოტიანი დახვრიტეს.
რთულია მსჯელობა იმაზე, თუ რამ შეიწირა ოტიანი და გადაურჩებოდა თუ არა იგი სტალინურ რეპრესიებს თავისი აღელვება რომ არ გამოეხატა 1 წლით ადრე თბილისიდან ჩასული მუშაკის, ფოცხვერაშვილის თვალწინ. ძალიან ბევრი რაიკომის პარტიული მუშაკი სხვა მიზეზით შეეწირა რეპრესიებს და შესაძლოა მათ რიგებში ოტიანიც აღმოჩენილიყო. თუმცა, აღნიშნული ისტორია ნათლად გვაჩვენებს სტალინური საბჭოთა კავშირის სისტემის რეპრესიულ ბუნებას და თავად ამ რეპრესიების პროცესის აბსურდულობას, ამ აბსურდულობის საილუსტრაციოდ რამდენიმე მაგალითის მოყვანაც საკმარისია:
ა. საკუთარი თანაპარტიელისთვის, გუშინ „საყვარელი ამხანაგის“ და ხელმძღვანელი პირისათვის „ხალხის მტრის“ იარლიყის მიწებება და ზურგის შექცევა (აქვე გასათვალისწინებელია, რომ თითქმის ყველა პარტიულ ფუნქციონერს, ვინც ზურგი აქცია სხვას, ადრე თუ გვიან თავადაც აქციეს ზურგი);
ბ. ადამიანის თვითმკვლელობის შერაცხვა პარტიისა და სამშობლოს წინააღმდეგ მიმართულ დივერსიულ აქტად (ზუსტად 1 წლის თავზე, 1937 წლის ივლისში იგივე მოხდა პაოლო იაშვილის შემთხვევაში, მისი თვითმკვლელობაც შეირაცხა დივერსიად და პოეტი დაიმარხა როგორც ხალხის მტერი);
გ. ადამიანის ბედის გადაწყვეტა ერთი არასწორად მიჩნეული სიტყვით ან „არაპარტიული“ მოქმედებით;
დ. თვითგადარჩენა, რომლისთვისაც ადამიანები მიმართავდნენ ყველა შესაძლო ხერხსა და საშუალებას, მათ შორის წერდნენ მოხსენებებს საკუთარი თავის წინააღმდეგაც კი;
ე. ყველა ყველას წინააღმდეგ: თუ ადამიანი არ „ჩაუშვებდა“, მას აუცილებლად „ჩაუშვებდნენ“, თუმცა, ამ შემთხვევაშიც არ არსებობდა გადარჩენის გარანტია....
შსს არქივში დაცული ამ რამდენიმე გვერდითაც კი ცხადია, როგორ მუშაობდა სასტიკი და დაუნდობელი სისტემა, რომელიც ძირითადად ერთმა ადამიანმა, იოსებ სტალინმა შექმნა.
___
[1] ვენიამინ ფურერი, ბესარიონ ლომინაძე, ნიკოლაი სკრიპნიკი, მიხაილ ტომსკი - ყველა ამ პარტიულმა მუშაკმა 1933-1936 წლებში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ისევე როგორც პარტიის ოფიციალური ვერსიით აღასი ხანჯიანმაც.
[2]გიორგი (ჟორა) ცატუროვი (1900-1962) -სომხეთის სსრ კავშირგაბმულობის, კვებისმრეწველობისა და ვაჭრობის სახალხო კომისარი.
[3] გუმედინი (ნამდვილი სახელი და გვარი: გურგენ ხორენის ძე დადაიანი) (1902-1938) - კომპარტიის ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის მესამე მდივანი. საქართველოს და სომხეთის სსრ მიწათმოქმედების მინისტრი. 1938 წლის 12 სექტემბერს მიესაჯა დახვრეტა.
[4] სერგო მარტინის ძე იშხანოვი (1904-1954?) - საბჭოთა პარტიული მუშაკი, 1929-1954 წლებში მუშაობდა მაღალ თანამდებობებზე: იყო კომპარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის ჯერ მეორე, შემდეგ პირველი მდივანი, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს სამი მოწვევის დეპუტატი.
[5] სტეფანე აკოპოვი (1897-1938) - საქართველოში დაბადებული და თბილისსა და ერევანში მოღვაწე პარტიული მოღვაწე. დახვრეტამდე - სომხეთის კომპარტიის ცეკას მეორე მდივანი.
[6] ვალერიანე მინას ძე ბაქრაძე (1901-1971) - 1931–1937 წლებში იყო პარტიის ცენტრალურ კომიტეტის განყოფილების გამგე, თბილისის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი. 1927-1946 წლებში - სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე. 1947-1952 წლებში - საქართველოს სსრ კვების მრეწველობის მინისტრი. 1953 წლის აპრილ-სექტემბერში საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე.
[7] სტეფანე სოლომონის ძე მამულოვი (1902-1976) - საბჭოთა კავშირის პარტიული ძალოვანი სტრუქტურების მუშაკი. გენერალ-ლეიტენანტი. 1946-1953 წლებში იყო სსრკ შინაგან საქმეთა მინისტრის, ლავრენტი ბერიას მოადგილე. 1953 წელს მიუსაჯეს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, სასჯელი სრულად მოიხადა ქ. ვლადიმირის ციხეში.
წყაროები
საარქივო დოკუმენტები:
1. საქართველოს შსს არქივი, ფონდი №1, აღწერა №102,საქმე №45, ფურც. 1-6.
გამოცემები:
1. Ronald Grigor Suny, "Soviet Armenia," The Armenian People From Ancient to Modern Times, Volume II: Foreign Dominion to Statehood: The Fifteenth Century to the Twentieth Century, ed. Richard G. Hovannisian. NewYork: StMartin'sPress, 1997.
2. Газарян С. О. Это не должно повториться : Док. повесть // Литературная Армения. - 1988. - № 6. - С. 2-53; № 7. - С. 2-50 ; № 8. - С. 2-49 ; № 9. - С. 2-41 : портр.
3. Монтефиоре, С. С., Двор Красного Царя, “Амфора”, Москва, 2015.
4. Robert Conquest, The Great Terror: Stalin’s Purge of the Thirties, Penguin Random House UK, 2018.
5. დონალდ რეიფილდი, საქართველო - იმპერიათა გზაჯვარედინი (სამიათასწლოვანი ისტორია), „პალიტრა L“ თბილისი, 2019.
6. „Заря Востока“, 11 ივლისი 1936.
7. „კომუნისტი“, 11 ივლისი 1936.
8. „Ноев Ковчег“ Статья – Армяне в „Деле Лаврентия Берия“,№ 19 (202) Октябрь (16–31) 2012 года.
წყაროები ინტერნეტიდან:
1. http://old.memo.ru/history/1937/dec_1936
2. http://www.intermedia.ge/ - სტატია: „რატომ მოკლა თავისი ხელით საკუთარ კაბინეტში ბერიამ სომეხი ხელმძღვანელი?“
4. http://hrono.ru/biograf/bio_k/korotkov_ii.php
___
მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.