2013 წლის 10 აპრილს IDFI (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა) საჩივრით მიმართა სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის აქტის ბათილად ცნობისა და ინსტიტუტისათვის მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალდებულების მოთხოვნით.
მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციას წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის თანამდებობრივი სარგოს (ხელფასის) ოდენობის შესახებ ინფორმაცია და ხსენებული სარგოს განსაზღვრის (დამტკიცების) შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის ასლი.
აღნიშნული ინფორმაცია IDFI-ის მიერ 2013 წლის 01 აპრილის იქნა მოთხოვნილი, რა ინფორმაციის გაცემაზეც სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ 2013 წლის 05 აპრილის წერილით უარი განაცხადა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის უარი IDFI-ის აზრით, სამართლებრივად დაუსაბუთებელი და სრულიად უსაფუძვლოა.
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მხრიდან სახეზეა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ორი სხვადასხვა მექანიზმის - საჯარო ინფორმაციის გაცემისა და ეკონომიკური ინტერესების განცხადებისა და გამოქვეყნების აშკარა აღრევა. უარის ძირითად მოტივად მითითებულია ის გარემოება, რომ ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის შრომის ანაზღაურების ოდენობის შესახებ საჯარო გახდება მას შემდეგ, რაც მის მიერ საჯარო სამსახურის ბიუროში წარდგენილი იქნება თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.
ინსტიტუტი თავის საჩივარში აღნიშნავს, რომ საჯარო ინფორმაციის „გახდომის“ ამგვარ საფუძველს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია. შესაბამისად, თანამდებობის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების განხორციელება-არგანხორციელება ვერანაირ ზემოქმედებას ვერ მოახდენს იმ ფაქტზე, რომ თუ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია დაცულია სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“, იგი წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით გაცემად საჯარო ინფორმაციას.
IDFI-ის მიაჩნია, რომ საჯარო ინფორმაცია უნდა გაცემულიყო იმ შემთხვევაშიც, თუ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ უარს განაცხადებდა ინფორმაციის გაცემაზე პერსონალური მონაცემების საიდუმლოების მოტივით (რაც მას არ განუხორციელებია). სზაკ-ის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემები ღიაა, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, როგორც ამ დაწესებულების ხელმძღვანელი, სზაკ-ის 27-ე მუხლის დ) ქვე-პუნქტის თანახმად ინფორმაციის თავისუფლების თავის მიზნებისათვის წარმოადგენს თანამდებობის პირს. აღსანიშნავია, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პასუხში, სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებლის“ ხელმძღვანელი მცდარად იყო განსაზღვრული, როგორც მხოლოდ ეკონომიკური ინტერესების განცხადებისა და გამოქვეყნების თავის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ ნაგულისხმევი პირი, რაც მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება სიმართლეს.
ამასთან, მოთხოვნილი ინფორმაცია არ შეიცავს არც სახელმწიფო, და არც პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას - შესაბამისად ინსტიტუტს ჰქონდა უფლება გაცნობოდა მის მიერ მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიეღო მისი ასლები, რაზეც უსაფუძვლოდ ეთქვა უარი სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებლის“ მხრიდან.
ვიტოვებთ იმედს, რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის საჩივარს მოჰყვება ადეკვატური რეაქცია სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მხრიდან. ინსტიტუტისათვის მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემით, საზოგადოებრივი მაუწყებელი აღასრულებს მისი საქმიანობის გამჭვირვალობის ვალდებულებას.