აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრები მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონებთან დაკავშირებული ეკონომიკური და სოციალური განვითარების საკითხების განსახილველად. შეხვედრებზე წევრ მთავრობებს შესაძლებლობა ეძლევათ შეხვდნენ ბანკის თანამშრომლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, ასევე, დამკვირვებელი ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რათა განიხილონ აზიის რეგიონში არსებული პრობლემები და შეთანხმდნენ მათ შესაძლო მოგვარების გზებზე.
„ხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა, კერძო სექტორის განვითარება და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ძლიერი და მდგრადი რეგიონისთვის“, - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა ტაკეჰიკო ნაკაომ მის მისასალმებელ სიტყვაში ბანკის მმართველთა საბჭოს 49-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომელიც 2-5 მაისს, ფრანკფურტში (გერმანია) გაიმართა. ბანკის პრეზიდენტის შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ ჰორსტ კიოლერი, გერმანიის ყოფილი პრეზიდენტი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, და გერდ მიულერი, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრი. შეხვედრას ესწრებოდა 3,000 წარმომადგენელი მთელი მსოფლიოდან. (იხ. მეტი ინფორმაცია 49-ე შეხვედრის შესახებ)
საქართველოდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო IDFI-ის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა. იგი მონაწილეობდა პანელში - „სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ადგილი მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში: შემცირება თუ გაფართოება?“ პანელის 6-მა მონაწილემ შემდეგი საკითხები განიხილეს: გაეროს 2030 წლის დღის წესრიგისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში კონსტრუქციული ჩართულობის სტრატეგია და ვარიანტები; დაფინანსების წყაროები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში; და განვითარების ბანკების როლი მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობის მხარდაჭერის კუთხით.
მის გამოსვლაში - „ღია მმართველობის პარტნიორობა (Open Government Partnership, OGP) და სამოქალაქო საზოგადოება: როგორ მივაღწიოთ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს“ - გიორგი კლდიაშვილმა აღნიშნა, რომ OGP არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი პლატფორმა, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს სახელმწიფოების მდგრად განვითარებას.
საქართველოს გამოცდილებაზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას უნდა ჰქონდეთ საერთო პლატფორმა, სადაც შეძლებენ 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გაცვლას. გარდა ამისა, მთავრობის გარდა არასამთავრობო სექტორიც უნდა შეუერთდეს ღია მმართველობის ერთობლივ დეკლარაციას 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებასთან დაკავშირებით; „ეს იქნება იმის მაჩვენებელი, რომ მთავრობებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციებიც იზიარებენ საერთო ხედვას და მხარს უჭერენ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას.“
მდგრადი განვითარების მიზნების შემუშავების შემდეგ OGP-ს ექსპერტთა მნიშვნელოვანი ნაწილი გამორჩეულ ყურადღებას ამახვილებდა მდგრადი განვითარების მე-16 მიზანზე - ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობა ყველა დონეზე. „სწორედ მდგრადი განვითარების მე-16 მიზანი იქნა მიჩნეული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე რელევანტური ღია მმართველობის პარტნიორობისთვის, რადგან ღია მმართველობის პარტნიორობა მიზნად ისახავს საჯარო მომსახურების გაუმჯობესებას და კეთილსინდისიერების პრაქტიკის დამკვიდრებას სახელმწიფო ინსტიტუტებში.“ თუმცა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამი მიზეზის გამო განსხვავებული მოსაზრება გაგვაჩნია: პირველი, ღია მმართველობის პარტნიორობა პირდაპირ უკავშირდება მდგრადი განვითარების ყველა მიზანს. ამას მოწმობს OGP-ს მონაწილე მთავრობების მიერ სამოქმედო გეგმებით აღებული ვალდებულებები. მეორე, OGP-ს ფოკუსირება მდგრადი განვითარების მხოლოდ ერთ მიზანზე შექმნის საშიშროებას, რომ დანარჩენი მიზნების იგნორირების ფონზე არ მოხდება ღია მმართველობისა და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მიზნების თანხვედრა. მესამე, მიგვაჩნია, რომ შეუძლებელია რომელიმე წევრი სახელმწიფოს მიერ ისეთი სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც არ შეესაბამება მდგრადი განვითარების მიზნებს, რადგან ღია მმართველობის პარტნიორობის პრინციპების დაცვით შემუშავებული სამოქმედო გეგმა არის ამავდროულად მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელებისკენ მიმართული.“
პანელის მონაწილეები ასევე იყვნენ: ჯონ კლარკი, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა ანგარიშვალდებულების ქარტიის შემოწმების დამოუკიდებელი პანელის წევრი, არაკომერციული სამართლის ევროპული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და The Policy Practice-ის დირექტორი; ანგიენსკა კროსკოვსკა, Gender Focal Person და Helvetas-ის მიანმარის (ქვეყნის) წარმომადგენელი; ანსელმო ლი, CIVICUS-ის ბორდის წევრი და აზიის დემოკრატიის ქსელის გენერალური მდივანი; და სიუზან სისკელი, აზიის ფონდის აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი და მთავარი ოპერაციული ოფიცერი. პანელის მოდერატორის როლს ასრულებდა ვინაი ბარგავა, ფონდი პარტნიორობა გამჭვირვალობისთვის მთავარი ტექნიკური მრჩეველი.
2016 წელს აზიის განვითარების ბანკი დაარსების 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. ბანკი აპირებს გამოსცეს საინფორმაციო წიგნი მის წევრებთან 50 წლიანი პარტნიორობისა აზიაში მიღწეული განვითარების შესახებ. აზიის განვითარების ბანკის შემდეგი შეხვედრა გაიმართება 2017 წლის 4-7 მაისს იაპონიაში, ქალაქ იოკოჰამაში.