IDFI-ის შეფასებით მიხეილ სააკაშვილის საქმეთა განხილვა ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით მიმდინარეობს

განცხადებები | კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები 17 ნოემბერი 2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტს ამ დრომდე არ ეძლევა საკუთარ სასამართლო პროცესებზე დასწრების შესაძლებლობა. პენიტენციური სამსახური უარს ამბობს სასამართლოს მოთხოვნის შესრულებაზე და პატიმრის ბადრაგირებაზე, რაც ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს. 

 

შემაშფოთებელია, რომ საქმის განმხილველი მოსამართლეები თავს არიდებენ მათი გადაწყვეტილების შეუსრულებლობის საფუძვლების სიღრმისეულ გამოკვლევას. იქნება შთაბეჭდილება, რომ სასამართლო აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ დასახელებულ საფრთხეებს ეპყრობა, როგორც საყოველთაოდ დადასტურებულ ფაქტებს, რომლებიც დამატებით გამოკვლევას არ საჭიროებენ. ამ პირობებში, სასამართლო კარგავს თავის კონსტიტუციურ ფუნქციას და ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება სრულად აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ხდება დამოკიდებული.

 

სააკაშვილის საქმეებზე მიმდინარე სამართლებრივი პროცესების ლეგიტიმაციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბრალდებულმა შეძლოს  კონსტიტუციით და კანონით მისთვის მინიჭებული ყველა უფლებით ეფექტურად სარგებლობა. ვფიქრობთ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ამ მხრივ,  სამართლიანი სასამართლოს უფლებაა.  

 

სამწუხაროდ, სასამართლო ხელისუფლება ამ დრომდე ვერ ახერხებს ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი ფუნდამენტური ელემენტის - მსჯავრდებული სასამართლოს წინაშე წარდგომის უფლების რეალიზებას. კერძოდ, ბადრაგირების დამაბრკოლებელი გარემოებების მართლზომიერება საქმის განმხილველ სასამართლოს ამ დრომდე არ გამოუკვლევია და არც შესაბამისი სამართლებრივი შეფასება გაუკეთებია.  აღნიშნული აზიანებს, როგორც ბრალდებულის უფლებრივ მდგომარეობას, ისე სასამართლოს რეპუტაციასა და სასამართლო სხდომის საქვეყნოობის პრინციპს, ასევე ამკვიდრებს საფრთხის შემცველ პრეცედენტს. 

 

მოვუწოდებთ აღმასრულებელ ხელისუფლებას უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ბადრაგირება სასამართლოს პროცესებზე;

 

მოვუწოდებთ სასამართლო ხელისუფლებას სათანადოდ გამოიკვლიოს მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში წარუდგენლობის საფუძვლები, შეაფასოს ბრალდებულის უფლების შეზღუდვის მართლზომიერება და მიიღოს ზომების ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველსაყოფად. 

 

ფაქტები

 

2021 წლის 10, 15   და 16 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სამი სხვადასხვა საქმის განხილვა გაიმართა. სახელმწიფომ არც ერთ სხდომაზე არ უზრუნველყო მიხეილ სააკაშვილის დასწრება. 

 

პროცესების წინ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატთა პოზიციები ცხადყოფდა, რომ ბრალდებულს ჰქონდა სურვილი და შესაძლებლობა, დასწრებოდა საკუთარი საქმის განხილვის სხდომას. ამასთან, სამივე საქმის განმხილველმა მოსამართლემ მოითხოვა ბრალდებულის სასამართლო სხდომის დარბაზში წარმოდგენა. 

 

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სამივე შემთხვევაში უარი თქვა სასამართლოს მოთხოვნის შესრულებაზე. უარის მართლზომიერების დასადასტურებლად ორ გარემოებაზე მიუთითა: ა) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სსკ-ის 315-ე მუხლით დაწყებული გამოძიება; ბ) მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკი. 

 

შეფასება

 

სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა

 

საკუთარი საქმის განხილვის სხდომაზე დასწრება და ამ სხდომის საჯაროობა  სამართლიანი სასამართლოს უფლების განუყოფელი ნაწილია. ეს უფლება აღიარებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით, ისე სხვა არაერთი ეროვნული თუ საერთაშორისო სამართლებრივი აქტით. მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით. სანიმუშოდ...

„საქმის ზეპირი და საჯარო განხილვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის საქმეებზე სადაც ბრალდებულს ზოგადად, უნდა ჰქონდეს პირველი ინსტანციის საქმეებზე დასწრების უფლება... შესაბამისად, ბრალდებულის სასამართლოს დარბაზში წარდგენის ვალდებულება კონვენციის მე-6 მუხლის [სამართლიანი სასამართლოს უფლება] ერთერთ ფუნდამენტურ მოთხოვნას წარმოადგენს.“

 

აქედან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის  საქმის განხილვამ მისი დასწრების გარეშე ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლება შეზღუდა. აღსანიშნავია, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არ არის აბსოლუტური და მისი შეზღუდვა შესაძლებელია, თუ არსებობს ფორმალური და მატერიალური საფუძველები.   

 

საქმის განმხილველი სასამართლოს მნიშვნელობა

 

შეჯიბრებითი და ზეპირი პროცესის ფარგლებში ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფა საქმის განმხილველი სასამართლოს ვალდებულებაა. სწორედ სასამართლოს ვალდებულებაა, სამართლებრივი შეფასება მისცეს ფაქტებს, რამაც ბრალდებულის სასამართლოს სხდომაზე წარმოუდგენლობა განაპირობა და, ამგვარი შეფასების შედეგად მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. 

 

მაგალითად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ბრალდებული თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას, სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს საქმის განხილვა ბრალდებულის დასწრების გარეშე. ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც საფუძვლად ედება პირის სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვას და დააყენოს შესაბამისი შედეგი.  ამ გარემოებების გამოკვლევის გარეშე დატოვება, ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვის არამართლზომიერების პირდაპირი მიმანიშნებელია. 

 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მითითებული გარემოებები, მათი ბუნდოვანება და შეფასების საჭიროება

 

სასამართლოს სხდომაზე პატიმრობაში მყოფი  ბრალდებულის დასწრება, სხვადასხვა საპატიო გარემოებამ შეიძლება შეაფერხოს მაგალითად, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, წინასწარ გაუთვალისწინებელი ლოჯისტიკური გარემოებები და ა.შ. ამდენად, სასამართლოს მოთხოვნის აღსრულება შეიძლება ყველა შემთხვევაში ვერ მოხერხდეს. 

 

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ პენიტენციურ სამსახურს არ მიუთითებია უკვე მომხდარ ფაქტზე, რაც აფერხებდა მიხეილ სააკაშვილის ციხეში ტრანსპორტირებას. სხვაგვარად, პენიტენციური სამსახურის მიერ დასახელებული გარემოებები (რომელიც სასამართლოს მოთხოვნის ტექნიკურად აღსრულებას აფერხებს ან შეუძლებელს ხდის) არ წარმოადგენს პრეიუდიციულ ან საყოველთაოდ ცნობილ გარემოებას, რომელიც შეიძლება არ საჭიროებდეს გამოკვლევას.

 

ტრანსპორტირების ხელშეშლის საფრთხეს პენიტენციური სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ასაბუთებს. გარდა საჯაროდ ისედაც ხელმისაწვდომი ინფორმაციისა, პენიტენციურ სამსახურს აღნიშნული რისკის რეალურობის დამადასტურებელ არცერთ მტკიცებულებაზე არ მიუთითებია. უპირველესად, აღნიშვნას იმსახურებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებით პრობლემატური განცხადებებით გამოირჩევა. ნებისმიერ შემთხვევაში, ადამიანის ძირითადი უფლებების უზრუნველყოფა ვერ იქნება დამოკიდებული აღმასრულებელი ხელისუფლების გაკეთებულ განცხადებებზე. სპეციალური პენიტენციური სამსახურის და, ზოგადად, იუსტიციის სისტემის განმარტებებიდან გამომდინარე შეფასებას საჭიროებს არაერთი გარემოება. მაგალითად, სპეციალური პენიტენციური სამსახური მიუთითებს საავტომობილო ბადრაგირების ხელშეშლაზე ხელოვნური საცობების შექმნის გზით. შესაფასებელია როგორც ამ საფრთხის რეალურობა, ასევე რატომ არ უზრუნველყოფს პენიტენციური სამსახური ბადრაგირებას სხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებით (როგორც ამ შესაძლებლობას ითვალისწინებს „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის N149 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლი). ან, თუ არსებობს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების მყისიერი რისკი, რატომ არ მიეწოდება სასამართლოს შესაბამისი სამედიცინო მტკიცებულებები. 

 

„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება, ისევე როგორც არცერთი სხვა სამართლებრივი აქტი საქართველოს პენიტენციურ სამსახურს არ აძლევს სასამართლოს მოთხოვნის გადასინჯვის შესაძლებლობას. ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბადრაგირება ხორციელდება „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანისას სასამართლო პროცესებზე ან საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად - საქართველოს საერთო სასამართლოების ან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამის უფლებამოსილი პირის მოთხოვნით, რომელიც არ საჭიროებს დამატებითი გადაწყვეტილების მიღებას.“ 

 

საქმის განმხილველი სასამართლოს დამოკიდებულება

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, მიხეილ სააკაშვილის წინააღდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით უკვე 3 სხდომა გაიმართა. სამივე საქმეს სხვადასხვა მოსამართლეები განიხილავდნენ. სხდომების არასრულ ჩანაწერებზე, მხარეთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 10 ნოემბრის სხდომასთან დაკავშირებულ განცხადებაზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქმის განმხილველმა მოსამართლეებმა თავი აარიდეს საკითხის საფუძვლიანად გამორკვევას. მიუხედავად იმისა, რომ კანონი სამივე შემთხვევაში მოითხოვდა ბრალდებულის სასამრთლოს სხდომაზე დასწრებას, პენიტენციური სამსახურის უარი ერთი და იმავე გარემოებებს ემყარებოდა, არც ერთ მოსამართლეს არ მიუღია დამატებითი ზომები ბრალდებულის სასამართლოში დაუსწრებლობის მიზეზების საფუძვლიანად გამოსაკვლევად.

 

სასამართლომ სამივე შემთხვევაში მოითხოვა ბრალდებულის დასწრება თუმცა, არც ერთ შემთხვევაში არ დაინტერესდა პენიტენციური სამსახურის მიერ საკუთარი მოთხოვნის შეუსრულებლობაზე უარის თქმის საფუძვლების სათანადო გამორკვევით. სასამართლომ აღმასრულებელი ხელისუფლების უარი ბრალდებულის ბადრაგირებაზე პრეიუდიციად ან/და საყოველთაოდ ცნობილ უდავო ფაქტად არ უნდა მიიღოს. საქმის განმხილველმა სასამართლომ სიღრმისეულად უნდა გამოიკვლიოს, რამდენად საფუძვლიანი იყო პენიტენციური სამსახურის მიერ მისთვის მიწოდებულ წერილში წარმოდგენილი გარემოებები, და მხოლოდ ამის შემდგომ გადაეწყვიტოს სხდომის გაგრძელების გადადებისა თუ სხდომის სასამართლოს დარბაზის მიღმა ჩატარების საკითხი. ბუნებრივია, სასამართლო საკუთარი ძალისხმევით ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის სასამართლოს პროცესზე ფიზიკურად წარდგენას, თუმცა მან აღმასრულებელი ხელისუფლების უმოქმედობა სამართლებრივად უნდა შეაფასოს და შესაბამისი სამართლებრივი შედეგები დააყენოს. 

 

მნიშნელოვანია, აღინიშნოს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩართვას მისივე ბრალდების სასამართლო განხილვებში ასევე ითხოვს საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეზღუდვას, მიიღოს მონაწილეობა საკუთარ სასამართლო განხილვებში, კონსტიტუციისა და ევროპული კონვენციის უხეშ დარღვევად აფასებს. 

 

IDFI-ს შეფასება 

 

სპეციალური პენიტენციური სამსახური აბსტრაქტულ და ბუნდოვან გარემოებებზე მითითებებით, კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ამბობს მიხეილ სააკაშვილის ბადრაგირებაზე უარს. ამასთან, არ იკვეთება რომ საქმის განმხილველი მოსამართლეების იღებენ გონივრულ ზომებს ბრალდებულის სამართლიანის სასამართლოს უფლების უზრუნველსაყოფად და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაძლო თვითნებობის შესაზღუდად. 

 

აქედან გამომდინარე, IDFI მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეთა განხილვა ამ დრომდე ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით მიმდინარეობს. აღნიშნული აზიანებს, როგორც ბრალდებულის უფლებრივ მდგომარეობას, ისე სასამართლოს რეპუტაციასა და სასამართლო სხდომის საქვეყნოობის პრინციპს, ასევე ამკვიდრებს საფრთხის შემცველ პრეცედენტს. 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024

მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ქართველ ხალხს აუხსნან, ავალებდნენ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას

07.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023