სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | ანგარიში 5 მაისი 2025

მართლმსაჯულების მიმართ საზოგადოებრივი ნდობა არსებითია სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ნებაყოფლობითი მიმღებლობისთვის. სასამართლო სისტემა არა მხოლოდ დამოუკიდებლობის გარანტიებით უნდა იყოს აღჭურვილი, არამედ საკუთარი ქმედებით მოიპოვებდეს და ინარჩუნებდეს დამოუკიდებლობის აღქმას ფართო საზოგადოებაში. ის, რასაც მოსამართლეები ახორციელებენ – მართლმსაჯულების პროცესი და მისი შედეგი – უნდა იყოს ფართოდ ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი დაკვირვებისთვის, რამაც უნდა შეასრულოს სასიცოცხლო ფუნქცია სასამართლოს მიუკერძოებლობის და პოლიტიკური მოტივაციის არარსებობის შესახებ პოზიტიური აღქმის ჩამოყალიბებისთვის. მართლმსაჯულების გამჭვირვალობისა და სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა შერჩევითი და მიკერძოებული მართლმსაჯულების გამოსარიცხად და სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის ჩამოსაყალიბებლად დადასტურებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.

 

ბოლო ათწლეულში გატარებული არაერთი რეფორმის მიუხედავად, საქართველოს სასამართლო სისტემა ფუნდამენტური გამოწვევების წინაშეა და ნდობის მნიშვნელოვან კრიზისს განიცდის. ევროპული კომისიის ბოლო ანგარიშის მიხედვით, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება საქართველოში რეგრესს განიცდის, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მიმართულებით არსებული სისტემური გამოწვევები გადაუჭრელია, ხოლო მოსამართლეთა კეთილსინდისიერების ექსტრაორდინარული შემოწმების განხორციელების საჭიროება კვლავ დღის წესრიგში დგას.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის გადაწყვეტილების კანონმდებლობაში იმპლემენტაციას პოლიტიკური შეთანხმება, ევროკავშირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და ერთის ნაცვლად 5 წელი დასჭირდა. 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ცვლილებები, რომელმაც არსებითად გააუმჯობესა სასამართლო აქტებზე ხელმისაწვდომობის ნორმატიული გარანტიები, თუმცა ამ უფლების პრაქტიკული რეალიზება კვლავ ვერ ხერხდება.

 

სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციის შეფასებით, სასამართლო სისტემაში არაფორმალური გავლენები მთავარ პრობლემად, ხოლო  შერჩევითი მართლმსაჯულება ამგვარი არაფორმალური გავლენების არსებობის ერთ-ერთ მტკიცებულებად სახელდება. ამ ფონზე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეებზე მიღებული სასამართლო აქტების  ხელმისაწვდომობა კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს.  

 

ანგარიში მიმოიხილავს სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის კონსტიტუციურ და საკანონმდებლო სტანდარტებსა და პრაქტიკულ გამოწვევებს. ანგარიშის მიზანია, იმ კონტრასტის შეფასება, რომელიც ნორმატიულ მოთხოვნებსა და რეალურ მდგომარეობას შორის არსებობს. კანონმდებლობასა და რეალობას შორის აცდენა სხვადასხვა მიმართულებით ვლინდება, თუმცა წინამდებარე ანგარიშის მიზნებისთვის იგი კონცენტრირდება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე. 



ძირითადი მიგნებები

 

საერთო სასამართლოების სისტემა განაგრძობს საქართველოს კონსტიტუციისა და „საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის დარღვევას. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე სასამართლო აქტები საზოგადოებისთვის კვლავ არ არის ხელმისაწვდომი;

 

IDFI-მ შვიდი სხვადასხვა კატეგორიის ფარგლებში გამოვლენილ საქმეებზე, 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 5 მარტის ჩათვლით, საერთო სასამართლოებში 111 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა წარადგინა. სასამართლო აქტის ასლის გადმოცემის თაობაზე წარდგენილი მოთხოვნების დაახლოებით 90% სასამართლოების მხრიდან ყოველგვარი რეაგირების გარეშე დარჩა,  დანარჩენ შემთხვევაში IDFI-ს უარი ეთქვა საჯარო ინფორმაციის განცხადების პასუხად სასამართლო აქტის გაცემაზე:

 

 - პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების კატეგორიის ფარგლებში გაგზავნილი 50 მოთხოვნიდან, უპასუხოდ დარჩა 48;

 

- ოლიგარქიული ინტერესით და გავლენებით მიმდინარე სასამართლო დავების კატეგორიის ფარგლებში წარდგენილი 8 მოთხოვნიდან, რეაგირების გარეშე დარჩა რვავე მოთხოვნა;

 

- მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის დაინტერესებით მიმდინარე სასამართლო დავების კატეგორიის ფარგლებში გაგზავნილი 18 მოთხოვნიდან, ყოველგვარი რეაგირების გარეშე დარჩა 13; 

 

- მრავალმილიონიანი დავების კატეგორიის ფარგლებში წარდგენილი 5 მოთხოვნიდან, რეაგირების გარეშე დარჩა ხუთივე მოთხოვნა;

 

- მაღალი თანამდებობის პირების და მათი ოჯახის წევრების პირადი თუ ფინანსური დაინტერესებით მიმდინარე დავების კატეგორიის ფარგლებში წარდგენილი 9 მოთხოვნიდან, უპასუხოდ დარჩა 8;

 

- გახმაურებული საქმეების კატეგორიის ფარგლებში გაგზავნილი 15 მოთხოვნიდან, თხუთმეტივე მოთხოვნა დარჩა ყოველგვარი რეაგირების გარეშე;

 

- ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების კატეგორიის ფარგლებში გაგზავნილი 6 მოთხოვნიდან, ყოველგვარი რეაგირების გარეშე დარჩა 3. 

 

საანგარიშო პერიოდში, IDFI-ს, საჯარო ინფორმაციის განცხადებაზე პასუხად, სასამართლო აქტის ასლი არც ერთ შემთხვევაში არ მიეწოდა;

 

იმ საგამონაკლისო შემთხვევებში, როდესაც სასამართლო რეაგირებს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის განცხადებაზე, სასამართლო აქტის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლად უთითებს მიზეზებს, რომლებიც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას:

 

- სასამართლო აგრძელებს კანონმდებლობის ცხადი მოთხოვნის დარღვევას და პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე ფორმალური მითითებით, ხშირად, უარს ამბობს ღია სხდომაზე მიღებული სასამართლო აქტის ასლის განმცხადებლისთვის გაცემაზე;

 

- ცხადი და არაორაზროვანი ნიშნებით (მათ შორის დავის მხარეები, დავის საგანი, განმხილველი მოსამართლე და სხვა) სასამართლო აქტის ასლის მოთხოვნისას, ხშირია მითითება, რომ აღნიშნული კრიტერიუმების მიხედვით სასამართლო საქმეებს არ ამუშავებს.

 

მეთოდოლოგია

 

ანგარიშის მომზადებისას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) დაეყრდნო სამეცნიერო ლიტერატურას, ადგილობრივი და საერთაშორისო ავტორიტეტული ინსტიტუტების შეფასებებს, სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით IDFI-ს წინარე ანგარიშებსა და შეფასებებს, საკანონმდებლო ბაზის ანალიზს, სასამართლო პრაქტიკას და საჯარო ინფორმაციის სახით პრაქტიკაში სასამართლო აქტების გამოთხოვას. 

 

ვინაიდან ანგარიშის მიზნებისთვის, შეფასებას დაექვემდებარა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა, IDFI-მ ამ მიზნებისთვის გამოჰყო რამდენიმე მაკვალიფიცირებელი გარემოება (ინდიკატორი), რომლებიც არსებითად ზრდის მართლმსაჯულების გამჭვირვალობისა და შესაბამის საქმეებზე მიღებული სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის საზოგადოებრივ ინტერესს. ამ ტიპის საქმეები გამოიყო საქმეთა რელევანტურობის გათვალისწინებით, შერჩევითი/სელექციური მართლმსაჯულების, მართლმსაჯულების პირადი, პოლიტიკური გამოყენების ისევე, როგორც კორუფციის რისკებისა და მართლმსაჯულების პოლიტიკური მედეგობის შესაფასებლად. IDFI-მ აღნიშნული ნიშნების მიხედვით გამოყო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე შვიდი კატეგორია და ცალ-ცალკე შეაფასა თითოეული კატეგორიის ქვეშ გაერთიანებული სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი. 

 

ამ მიზნით, წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილი პრაქტიკული მიგნებები ეყრდნობა 2024 წლის 1 იანვრის შემდგომ IDFI-ს მიერ საქართველოს საერთო სასამართლოებში წარდგენილ 111 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე დაგროვებულ პრაქტიკას, 2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით. კერძოდ, შეფასებას დაექვემდებარა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე თითოეული კატეგორიის ქვეშ გაერთიანებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით სასამართლოების რეაგირება, მათ მიერ გაკეთებული განმარტებები და სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობისას გამოვლენილი პრაქტიკული დაბრკოლებები.

 

შინაარსობრივი თვალსაზრისით,  წინამდებარე ანგარიში აფასებს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის განცხადების პასუხად. შესაბამისად, მის მიზანს არ წარმოადგენს იმის შეფასება, თუ რამდენად ეფექტიანია ადმინისტრაციული საჩივრის მექანიზმი. მიუხედავად ამისა, იმ მოთხოვნებთან მიმართებით, რომლებზედაც IDFI-მ წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი, დოკუმენტში ასახულია შესაბამისი შედეგი.

 

დასკვნა

 

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე მიღებული სასამართლო აქტები საზოგადოებისთვის კვლავ არ არის ხელმისაწვდომი. საერთო სასამართლოების სისტემა არღვევს საქართველოს კონსტიტუციასა და „საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონს.

 

წლების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ, სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის საკანონმდებლო სტანდარტის არსებითად გაუმჯობესებამ პრაქტიკაში არსებული სისტემური გამოწვევები დიდწილად უცვლელი დატოვა.

 

საერთო სასამართლოების სისტემა არა მხოლოდ უგულებელყოფს სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის თაობაზე არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების შინაარსობრივ მხარეს, არამედ არღვევს  კანონმდებლობის საბაზისო ფორმალურ მოთხოვნებსაც.

 

კანონმდებლობის განგრძობითი დარღვევა ადასტურებს, რომ არაფორმალური გავლენებით მართული სისტემა განზრახ არიდებს თავს საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას, რაც თავის მხრივ არსებითად ზღუდავს სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოებრივ ზედამხედველობას. 

 

/public/upload/0IDFI/IDFI_Publication_GEO.pdf

 

 

ეს პუბლიკაცია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლო რეფორმების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობის ხელშეწყობა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მრავალმხრივი ქმედებით ფასილიტაცია“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად არის პასუხისმგებელი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი კიდევ 11 პოზიციით გაუარესდა, ქვეყანა 114-ე ადგილზეა.

02.05.2025

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიებების ახალი ეტაპი საქართველოში

30.04.2025
განცხადებები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024