ახალი კონსტიტუციური ცვლილებებით საჯარო ინფორმაციაზე წვდომის უფლების შეზღუდვის საფუძვლები შეიცვალა

განცხადებები 22 დეკემბერი 2017

2017 წლის 15 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუციური ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. აღსანიშნავია, რომ ახალი კონსტიტუციური ცვლილებების თავდაპირველ მიზანს, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის კრიტიკული შენიშვნების გაზიარება წარმოადგენდა. თუმცა, ცვლილებები, შეეხო სხვა, სრულიად ახალ საკითხებსაც, რომელთა შორისაც არის საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვის ახალი საფუძვლების შემოღებაც.

 

როგორც ცნობილია, ცვლილებების ინიციატორი საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იყო, რომლის მიერ შემოთავაზებულ ცვლილებას, ჩვენი შეფასებით, მნიშვნელოვნად შეეძლო გაეუარესებინა საჯარო ინფორმაციის დაცვის კონსტიტუციური სტანდარტი ქვეყანაში. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ვენეციის კომისიამ შეაფასა კონსტიტუციის ადამიანის უფლებების თავი და არც ერთი შენიშვნა არ გამოუთქვამს იმ მუხლზე, რომლის ცვლილებასაც იუსტიციის სამინისტრო ითხოვდა. ამასთან, 2017 წლის გაზაფხულზე, უკვე დასრულებული საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობისას, არც იუსტიციის სამინისტროს გამოუთქვამს საჯარო კრიტიკა ამ მუხლთან დაკავშირებით.


საპარლამენტო განხილვების და მწვავე საზოგადოებრივი გამოხმაურებების ფონზე, საქართველოს პარლამენტმა სრულად არ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებები და ცვლილებები განსხვავებული შინაარსით მიიღო. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, იუსტიციის სამინისტროს შემოთავაზებები არ იქნა გაზიარებული, რადგანაც იგი არსებულ კონსტიტუციურ გარანტიებზე დაბალ სტანდარტს აწესებდა. თავმჯდომარის განმარტებით, საბოლოოდ განხორციელებული ცვლილებებით კონსტიტუციურ დონეზე დაზუსტდა უფლების შეზღუდვის ის საფუძვლები, რომლებიც კანონმდებლობის დონეზე ისედაც არსებობდა, შესაბამისად ამ კუთხით სტანდარტი არ შეცვლილა.


გასათვალისწინებელია, რომ მე-2 მოსმენით მიღებული კონსტიტუციური ცვლილებებით უფრო მეტად დაკონკრეტდა სახელმწიფო საიდუმლოების ცნება და კონსტიტუციის დონეზე განისაზღვრა ის კრიტერიუმები თუ რა შემთხვევაში შეიძლება სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მოტივით არ გაიცეს საჯარო ინფორმაცია. ასეთად კი მოაზრებულია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოება ან სამართალწარმოების ინტერესები. თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ზემოთჩამოთვლილი საფუძველი, მისი კეთილსინდისიერი განმარტების შემთხვევაში, შეიძლება განხილულ იქნეს საჯარო ინფორმაციის შეზღუდვის ლეგიტიმურ საფუძვლად, თუმცა მნიშვნელოვანი გვგონია, რომ კონსტიტუციამ არ შექმნას შემდგომში საკანონმდებლო დონეზე უფლების შეზღუდვის მომეტებული, არაპროპორციული შეზღუდვის რისკები.


აღსანიშნავია, რომ პარლამენტის მიერ საბოლოოდ მიღებული ცვლილებები ამ კუთხით უფრო ნაკლებად საფრთხისშემცველია, ვიდრე იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი თავდაპირველი ვერსია იყო, რომელიც საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვის ბევრად უფრო ზოგად და ფართო საფუძვლებს ითვალისწინებდა. კერძოდ, საჯარო ინფორმაციის შეზღუდვის საფუძვლად მითითებული იყო კონფიდენციალურობის დაცვა, რაც, ვფიქრობთ, ბუნდოვანი და არაგანჭვრეტადი ტერმინია, რომელსაც პრაქტიკაში გააფართოებდა საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვის არეალს, შესაბამისად, მნიშვნელოვან ზიანს მოუტანდა სახელმწიფოში დემოკრატიული პროცესების განვითარებას.


გარდა საკითხის შინაარსობრივი მხარისა, ცალკე აღნიშვნას იმსახურებს პროცედურული პრობლემები, რომლებიც თან სდევდა საკითხის განხილვას. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში საკომიტეტო განხილვებზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები წარმოდგენილ ინიციატივებზე, ცვლილებების მიღება და ახალი საკითხების შემოტანა ხდებოდა დაჩქარებული ტემპით, რაც უკიდურესად ართულებდა მნიშვნელოვან საკითხებზე დასაბუთებული და მომზადებული დისკუსიების წარმართვას.


მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ორგანოები განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდონ ქვეყნის მთავარი კანონის ტექსტის განხილვას და მომავალში არ დაუშვან ასეთ სწრაფ რეჟიმში კონსტიტუციური ცვლილებების მომზადება და განხორციელება.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024