მართლმსაჯულების სისტემის გამჭვირვალობა უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ნდობის არსებობას სახელმწიფოს მმართველობის მიმართ და წარმოადგენს ერთ-ერთ გარანტიას იმისა, რომ დაცულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. მსგავს მიდგომას ავითარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მის არაერთ გადაწყვეტილებაში (Pretto&Others v Italy, Werner v Austria და Szucs v Austria). ამასთან ეუთოს კიევის რეკომენდაციებში აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ (ნაწილი 3, სექცია 32) აღნიშნულია, რომ სასამართლო პროცესები უნდა წარიმართოს საჯაროდ, ხოლო მოსამართლეთა პროფესიონალიზმისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით გადაწყვეტილებები უნდა ქვეყნდებოდეს შესაბამის მონაცემთა ბაზებში ონლაინ. სამართალწარმოების, მათ შორის სხდომათა საჯაროობის საკითხებს ეხება ადამიანის უფლებათა კომიტეტის სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტიც, რომელიც აღნიშნავს, რომ სასამართლოთა მიერ უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სხდომების ღიაობა, და იმ შემთხვევაშიც კი თუ კონკრეტული ინტერესის დაცვის (მაგ. არასრულწლოვანთა ინტერესები) მიზნით სხდომა დაიხურება სასამართლო გადაწყვეტილება უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი.
სამწუხაროდ, უნდა ითქვას, ბოლო პერიოდში, საქართველოში მნიშვნელოვნად გაუარესდა მდგომარეობა სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის მხრივ. კერძოდ, 2015 წლის მიწურულამდე თბილისის საქალაქო სასამართლო მოთხოვნის შემთხვევაში, ყველა შემთხვევაში, სრულყოფილი სახით გასცემდა სასამართლო გადაწყვტილებათა ასლებს, თუმცა მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა 2015 წლის ოქტომბრიდან, როდესაც დამკვიდრდა გადაწყვეტილებათა გაცემაზე პერსონალურ მონაცემების დაცვის არგუმენტაციაზე მითითებით უარის თქმის პრაქტიკა. აღსანიშნავია, რომ არსებული მდგომარეობით თავად სასამართლო ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის (საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოები, ისევე როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო) არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იყოს დაცული ბალანსი ერთის მხრივ სასამართლოს გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობასა და მეორეს მხრივ პერსონალურ მონაცემთა დაცვას შორის. მოცემულ საკითხთან დაკავშრებით არ არსებობს შეჯერებული პოზიცია არც იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომელთაც საკუთარი საქმიანობის განხორცილების პროცესში აქტიური შეხება აქვთ სასამართლო ხელისუფლებასთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, IDFI-მ გადაწყვიტა გაცნობოდა სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის მხრივ არსებულ საერთაშორისო პრაქტიკას. ქვემოთ წარმოგიდგენთ აღნიშნული შესწავლა-ანალიზის შედეგებს და შესაბამის რეკომენდაციებს.
დოკუმენტში თავდაპირველად წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის მოკლე მიმოხილვა სასამართლო პროცესებისა და გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის მხრივ. შემდეგი თავი დაეთმობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრეცედენტების განხილვას, რომლის შემდეგაც მიმოხილული იქნება ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში არსებული რეგულაციები. მომდევნო თავებში შეჯამებული იქნება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ისეთ ქვეყნებში არსებული პრაქტიკა როგორებიცაა: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, კვიპროსი, სომხეთი, ნორვეგია და კანადა.
ანალიზის დასასრულს წარმოდგენილია სასამართლო პროცესებისა და გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის საკითხზე IDFI-ის პოზიცია და შესაბამისი რეკომენდაციები. კერძოდ, მართლმსაჯულების სისტემისადმი საქართველოში არსებული მაღალი საჯარო ინტერესის არსებობის პირობებში, IDFI მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, არსებობდეს სასამართლო გადაწყვტილებებისა და პროცესების ხელმისაწვდომობის ზოგადად მაღალი სტანდარტი, როდესაც მისი შეზღუდვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილ კონკრეტულ შემთხვევებში, გარდაუვალი აუცილებლობისა და შესაბამისი დასაბუთების არსებობის შემთხვევაში. ვფიქრობთ, რომ სასამართლო გადაწვეტილება უნდა იყო ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. გადაწყვეტილებები უნდა ქვეყნდებოდეს შესაბამის ვებ-გვერდზე პერსონალური მონაცემების დაშტრიხვის გარეშე. აღნიშნული წესიდან შესაძლებელია დაიშვას მხოლოდ კანონით დადგენილი გამონაკლისები. სასამართლო გადაწყვეტილებებში არსებული პერსონალური მონაცემების, კომერციული საიდუმლოებისა თუ კონფიდენციალური ინფორმაციის დაფარვა შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ მხარეთა მოტივირებული შუამდგომლობით ან მოსამართლის ინიციატივით. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილებებში პერსონალური თუ სხვა ინფორმაციის ნაწილობრივი დაფარვა ვერასდროს უზრუნველყოფს პირთა მონაცემების ანონიმურობის სრულ დაცვას, რადგან პირის თუ გარემოებების ირიბი იდენტიფიკაციის გამორიცხვა მაინც შეუძლებელი იქნება. ამავე დროს, ინსტიტუციურად შემდგარი ქვეყნებისგან განსხვავებით, ისეთი მყიფე დემოკრატიისა და სამართლებრივი სისტემის ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველო, გაცილებით მაღალი საჯაროობის სტანდარტის არსებობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სწორედ საზოგადოებრივი ნდობის მოპოვებით შეიძლება ხელისუფლების ყველა შტოს შეცდომების თუ გადაცდომების პრევენცია და ძლიერი საზოგადოებრივი კონტროლის უზრუნველყოფა.