ერთი წელი ბათუმთან საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა სამაროვანის აღმოჩენიდან

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | აქტუალური თემები | სტატია 13 აპრილი 2020

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ  ბათუმთან ახლოს, ხელვაჩაურში მასობრივი დახვრეტის ადგილის შესახებ განაცხადა, სადაც დაახლოებით 150 ადამიანის ნეშტია ნაპოვნი. მიუხედავად იმისა, რომ, თავდაპირველად, მკვლევრებს შორის არსებობდა ვარაუდი, რომ შესაძლოა სამარხი საერთოდ არ ეკუთვნოდათ რეპრესირებულებს და ამ ადგილას თურქი ჯარისკაცების ნეშტები ყოფილიყო დამარხული, სამარხში აღმოჩენილი ნივთები - XX საუკუნის 30-იანი წლების საბჭოთა მონეტები, მასრები და გულსაკიდი ჯვარი ცხადყოფს, რომ ეს სამაროვნები ეკუთვნოდათ არა თურქ ჯარისკაცებს, არამედ საბჭოთა მოქალაქეებს, რომელთა შორისაც ქრისტიანები იყვნენ. აღმოჩენილ ნეშტებს ჰქონდათ უკან შეკრული ხელები ხოლო თავის ქალაში აღენიშნებათ ტყვიით შემავალი ჭრილობა - ზუსტად ისეთი ნახვრეტი, როგორიც აღენიშნებოდათ სხვა ქვეყნებში მსგავს ადგილებში აღმოჩენილ საბჭოთა ტერორის დროს დახვრეტილ ადამიანებს თავის ქალებზე. ნეშტების განცალკევების შემდეგ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ თითოეული მათგანისთვის დაამზადებინა სპეციალური ხის ჩასასვენებელი, რომლებშიც ნეშტები გადაიტანა და ბათუმში, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ქვედა სართულზე დაასვენა სახელმწიფოს გადაწყვეტილების მოლოდინში, რის შემდეგაც შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო.

 

აღნიშნული სამარხების აღმოჩენა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოსთვის. რეპრესირებულთა ისტორიების შესწავლა, მათთვის სათანადო პატივის მიგება და ხსოვნის უკვდავყოფა აქტუალური საკითხია პოსტსაბჭოთა და პოსტტოტლიტარულ სივრცეში. ბევრ ქვეყანაში რეპრესირებულთა დახვრეტისა და დამარხვის ადგილებზე მოწყობილია  მემორიალური კომპლექსები, ხელისუფლების ხელშეწყობით, იმართება რეპრესირებულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო და სხვა სახის ღონისძიებები და წახალისებულია ამ მიმართულებით კვლევები. ყოველივე ამას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ქვეყნების კოლექტიური მეხსიერების ფორმირებაში და ტოტალიტარული წარსულის გააზრებაში. ხელვაჩაურში აღმოჩენილი სამარხები კი პირველი ამგვარი აღმოჩენაა საქართველოს ტერიტორიაზე, რაც სათანადო ყურადღებას მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან.

 

სახელმწიფოს მხრიდან, თავდაპირველად, გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა სამაროვნების შესწავლის კუთხით, რაც აჩენდა იმის მოლოდინს, რომ აღნიშნულ საკითხს სათანადო ყურადღება დაეთმობოდა - ეპარქიის მიერ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე დღეში, აჭარის მთავრობამ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან შექმნა სპეციალური კომისია, რომელსაც დაევალა სამარხების საკითხის შესწავლა, მუშაობა ნეშტების იდენტიფიკაციაზე, დაკრძალვის ორგანიზება და მემორიალის მოწყობა; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ნეშტებიდან დნმ მასალა აიღო და შექმნა შესაბამისი ბაზა; ასევე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ახლადაღმოჩენილი სამარხების შესწავლისა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარების მიზნით, ეთხოვა სამუშაო ჯგუფის შექმნა; ზემოხსენებულ მისამართზე ახალი სავარაუდო სამარხების აღმოჩენისა და შესწავლის მიზნით, მომზადდა სიტუაციური ნახაზი და გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ტერიტორიის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან. თუმცა, მალევე, სახელმწიფოს მხრიდან რეპრესირებულების სამარხისადმი ინტერესი და ყურადღება შემცირდა და სამარხების აღმოჩენიდან 9-10 თვის განმავლობაში, იქამდე ვიდრე მთელი ქვეყნის უმთავრესი საზრუნავი არ გახდებოდა კორონავირუსთან ბრძოლა, ამ მიმართულებით პროგრესი არ შეინიშნებოდა.

 

IDFI საწყის ეტაპზევე დაინტერესდა და აქტიურად ჩაერთო ბათუმში და აჭარაში რეპრესირებული პირების შესახებ საარქივო დოკუმენტების მოძიებაში. ორგანიზაციის მიერ შსს არქივში ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ 1937-1938 წლებში სხვადასხვა სადამსჯელო ოპერაციის შედეგად აჭარაში სულ 1050 ადამიანი დახვრიტეს, რომელთა შორისაც 11 იყო ქალი, ასევე მართლმადიდებელი და მუსლიმი სასულიერო პირები. ქალების საკითხი საყურადღებოა, რადგან ერთი მათგანის ნეშტის იდენტიფიცირება საკმარისია  იმის დასადგენად, თუ რომელ რიცხვში დახვრეტილი ადამიანები არიან ამა თუ იმ სამარხში მოთავსებული. აგრეთვე, აუცილებელია შსს არქივში დაცული, სხვადასხვა დღეს განხორციელებული დახვრეტების ოქმების რაოდენობის შედარება სამარხებში აღმოჩენილი ნეშტების რაოდენობასთან, რადგან როგორც წესი, ზოგიერთ დღეს იხვრიტებოდა რამდენიმე ათეული ადამიანი და რიცხვების დამთხვევის შემთხვევაში, იდენტიფიკაცია გამარტივდება. IDFI-მ აღნიშნული სია გადასცა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის წარმომადგენლებს.

 

საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, 2019 წელს IDFI-მ რამდენიმე წერილით მიმართა ჯერ აჭარის მთავრობას და შემდგომში საქართველოს პრემიერ მინისტრს და მოუწოდა რომ ქმედითი და დროული ნაბიჯები გადაედგათ საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა სამაროვნებისა და ნეშტების კვლევის, დაკრძალვისა და ხსოვნის უკვდავყოფის მიზნით. თუმცა დღემდე, ერთი წლის შემდეგაც, სამარხები და ნეშტები კვლავ გამოუკვლეველია, არც აღნიშნული ადგილას მემორიალის მოსაწყობად დაწყებულა სამზადისი და არც საგანმანათლებლო ან სხვა სახის ღონისძიებებს ჩაჰყრია საფუძველი. რაც მთავარია, დღემდე არ არის მიღებული გადაწყვეტილება საერთო სამარხის მოწყობის ან ნეშტების იდენტიფიცირებისა და მათი ოჯახებისთვის გადაცემის შესახებ. 1937-38 წლებში დახვრეტილ და საიდუმლოდ, ორმოში ერთად ჩაყრილ ადამიანებს, აღმოჩენიდან 1 წლის გასვლის მიუხედავად, ჯერ კიდევ არ მიეგოთ სათანადო პატივი, რათა ისინი შესაბამისი წესის დაცვით დაიკრძალონ.

 

ასევე, IDFI-მ საქართველოში აღმოჩენილი სამაროვნების შესახებ საერთაშორისო პარტნიორებისთვის ინფორმაციის აქტიური მიწოდება დაიწყო. 2019 წლის ნოემბერში IDFI-ის აღმასრულებელმა და პროგრამების დირექტორებმა, გიორგი კლდიაშვილმა და საარქივო, საბჭოთა და მეხსიერების კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ ორგანიზაცია „საერთაშორისო მემორიალის“ კონფერენციაზე ესტონეთში წარადგინეს პრეზენტაცია ხელვაჩაურის სამაროვნების შესახებ, რამაც დიდი ყურადღება დაიმსახურა დამსწრე მკვლევრების მხრიდან.

 

IDFI კვლავ თვლის, რომ აქამდე კომისიის მიერ გატარებული ღონისძიებები საკმარისი არ არის რეპრესირებულთა სამარხების შესწავლისა და ნეშტებისთვის სათანადო პატივის მიგების უზრუნველსაყოფად და აჭარის მთავრობის მისამართით კვლავ გასცემს რეკომენდაციებს, რომლებითაც ორგანიზაციამ ხელისუფლებას ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მიმართა:

 

- აჭარის ა/რ მთავრობამ უნდა გამოყოს შესაბამისი ბიუჯეტი 1937-1938 წლებში ბათუმთან რეპრესირებულთა დახვრეტის და დამარხვის ადგილების შესასწავლად, რეპრესირებულთათვის სათანადო პატივის მისაგებად, მათი ნეშტების იდენტიფიკაციისთვის და ხსოვნის უკვდავსაყოფად;

 

- უნდა დაკომპლექტდეს არქეოლოგთა და სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც იმუშავებს უკვე აღმოჩენილ სამაროვნებზე და ასევე გააგრძელებს დანარჩენი სამაროვნების ძებნას;

 

- ტერიტორია, სადაც  სამარხები აღმოჩნდა, თავდაცვის სამინისტროს ბალანსიდან უნდა გადაეცეს ბათუმის მერიას და აქ უნდა მოეწყოს საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალური კომპლექსი;

 

- რეპრესიების მსხვერპლთა აღმოჩენილი ნეშტების იდენტიფიცირების მიზნით უნდა წარიმართოს აქტიური კამპანია, რათა რაც შეიძლება მეტმა რეპრესირებულთა შთამომავალმა ჩააბაროს საკუთარი დნმ მასალა, რომელიც შედარებული იქნება ნეშტებიდან აღებულ ნიმუშებთან. IDFI-ის მიერ გამოვლენილი სიის მიხედვით დგინდება, რომ რეპრესიების დროს პერიოდულად, კონკრეტულ თარიღებში ხვრეტდნენ რამდენიმე ათეულ ადამიანს, რომლებსაც ერთ სამარხში ათავსებდნენ (ასეთი ჯერჯერობით სულ ხუთი სამარხია აღმოჩენილი). იმ შემთხვევაში, თუ მოხდება რამდენიმე ნეშტის იდენტიფიცირება მაინც, ზუსტად დადგინდება, თუ რომელ დღეს დახვრეტილი ადამიანები არიან მოთავსებული სამარხში;

 

- უნდა წარიმართოს ცნობიერების ამაღლების კამპანიები მოსახლეობაში, განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს შორის, რაშიც უნდა ჩაერთოს მთავრობა, სასულიერო პირები, სპეციალისტები და ორგანიზაციები, რათა აქტიურად გავრცელდეს ინფორმაცია 1937-38 წლებში მიმდინარე ე.წ. „სტალინური ტერორის“ შესახებ;

 

- საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შორის უნდა შედგეს შეთანხმება იდენტიფიკაციის გარეშე დარჩენილი ნეშტების ერთობლივად დაკრძალვის თაობაზე, მოლაპარაკებებში აქტიურად უნდა ჩაერთოს სახელმწიფოც.

 

ვიზუალიზაცია

 

___

მასალის გამოქვეყნება დააფინანსა "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდმა" (OSI), პროექტის - „სახელმწიფო არქივების ღიაობის ხელშეწყობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნებში“ ფარგლებში. ამ დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს" (IDFI) და არ ასახავს "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდის" (OSI) პოზიციებს. OSI არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023