კოალიცია: საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლე ინკლუზიური პროცესით უნდა შეირჩეს

განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 4 ივნისი 2021

 

2021 წლის 26 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, თამაზ ცაბუტაშვილს, უფლებამოსილების ვადა ეწურება. სასამართლოს ახალი წევრი საქართველოს პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს და კანონმდებლობის თანახმად [1], ახალი წევრი თანამდებობაზე 26 ივნისიდან 16 ივლისამდე შუალედში უნდა გამწესდეს.


უკანასკნელ პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოს ისედაც სუსტ რეპუტაციასა და ნდობას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. აღნიშნულს განსაკუთრებით შეუწყო ხელი საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო ორი წევრის დანიშვნამ. კერძოდ, საერთაშორისო თუ ადგილობრივ დონეზე საყოველთაოდ გაკრიტიკებული პროცედურით ფორმირებული უზენაესი სასამართლოს შემადგენლობამ საკონსტიტუციო სასამართლოს 2 წევრი აირჩია. ამ პროცესში კი მინიმალურადაც არ იყო უზრუნველყოფილი საჯარო ინტერესი და საზოგადოებრივი/პროფესიული ჯგუფების ჩართულობა. ერთ-ერთი ახლადდანიშნული მოსამართლე - ვასილ როინიშვილი, თანამდებობაზე განწესებიდან 8 დღეში, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის თავჯდომარე გახდა [2]. საკონსტიტუციო სასამართლოს მსგავს პირობებში დაკომპლექტება ასევე აძლიერებს ეჭვს, რომ საერთო სასამართლოებში არსებულ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ძალაუფლება საკონსტიტუციო სასამართლოშიც მნიშვნელოვნად ძლიერდება.


მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია დახურულ კარს მიღმა, ყოვლად გაუმჭვირვალე პროცედურებით შეარჩიოს და დანიშნოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი. პრეზიდენტს აღნიშნული გადაწყვეტილების მინიმალური დასაბუთების ვალდებულებაც არ აქვს და აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ პოლიტიკური პასუხისმგებლობის სფეროშია მოქცეული. ისედაც დაბალი ნდობის პირობებში, ამგვარი პროცესი კიდევ უფრო დააზარალებს საკონსტიტუციო სასამართლოს რეპუტაციას და მთლიანობაში, ამ ინსტიტუტის სანდოობაზე უარყოფითად აისახება.


სასამართლო ხელისუფლების გაჯანსაღება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ერთ-ერთ ფუნდამენტურ გამოწვევას წარმოადგეს და ეს „შარლ მიშელის შეთანხმებითაც“ დასტურდება. კონსტიტუციური კონტროლი სასამართლო ხელისუფლების განუყოფელი კომპეტენციაა და განსაკუთრებულ მნიშვნელობა გააჩნია კონსტიტუციური წესრიგისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. შესაბამისად, კრიტიკულად აუცილებელია, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, რათა შემდგომი რეპუტაციული ზიანი არ მიადგეს საკონსტიტუციო სასამართლოს.


ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, გაითვალისწინოს სასამართლო ხელისუფლების წინაშე არსებული გამოწვევები, საკონსტიტუციო სასამართლოს განსაკუთრებული როლი და იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებით. მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა უზრუნველყოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის შერჩევის გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი, რათა საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა როგორც პროცესის, ისე მის შედეგად შერჩეული კანდიდატის მიმართ.

____

 

1. “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტი.
2. სანიმუშოდ იხილეთ ანალიზი: „Covid-19 და კონსტიტუციური კონტროლი: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის ეფექტურობის შეფასება.“ ბმული.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024