10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას 75 წელი შეუსრულდა

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 11 დეკემბერი 2023

10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას 75 წელი შეუსრულდა. 

 

ადამიანის უფლებების აღიარებისა და მათი დაცვის გარეშე არ არსებობს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო. ამგვარი სახელმწიფოს შექმნა და შენარჩუნება შეუძლებელია ადამიანის ძირითადი უფლებების სათანადო რეალიზების უზრუნველყოფის გარეშე.  ადამიანის ძირითად უფლებათა მოთხოვნების აღსრულება არა მხოლოდ დემოკრატიული წესრიგის არსებობის ინდიკატორი, არამედ ამგვარი წესრიგის შენარჩუნების მთავარი გარანტია.  

 

ხაზგასასმელია გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება, რომელსაც საკვანძო მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული კონტროლის განხორციელების თვალსაზრისით. მასზე არსებითადაა დამოკიდებული სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარება და ავტორიტარიზმის პრევენცია. ამ მიზნების მიღწევა სახელმწიფო ხელისუფლებაზე  ეფექტიანი საზოგადოებრივი ზედამხედველობის, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების გარეშე შეუძლებელია. საზოგადოებრივი კონტროლის არაეფექტიანობა ამცირებს ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას ხალხის წინაშე და არსებითად ზრდის მის მიერ მიღებული თვითნებური და უსამართლო გადაწყვეტილებების რაოდენობას. 

 

ნიშანდობლივია, რომ 2023 წელს საქართველოში გამოხატვის თავისუფლებაზე არაერთი მიზანმიმართული თავდასხმა  განხორციელდა, სანიმუშოდ:

 

კრიტიკული აზრის ჩახშობის მცდელობა: 2023 წლის დასაწყისში  ხელისუფლებამ სცადა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის კრიტიკული აზრის ჩახშობა “რუსული კანონის” მიღებით.

 

პუტინის რეჟიმის მიერ დევნილი უფლებადამცველები საქართველოში არ შემოუშვეს ან არაპირდაპირი ფორმით აიძულეს ქვეყნის დატოვება; 

 

სიტყვის თავისუფლება აღიარებულ იქნა სახელმწიფო უსაფრთხოების რისკად: გამოხატვის თავისუფლების მშვიდობიან ფორმებზე ჩატარებულ სწავლებაზე, სწავლების  ორგანიზატორები და მონაწილეები, გამოძიების ფარგლებში,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს  და საქმეს დაედო გრიფით საიდუმლო; 

 

ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მკვეთრად გაუარესება: 2022 წლიდან საქართველოში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მხრივ არსებული მდგომარეობა მკვეთრად უარესდება. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ყველაზე მეტად გააუარესეს  სამინისტროებმა და მათ დაქვემდებარებაში მყოფმა უწყებებმა, რომლებიც მასშტაბურად უპასუხოდ ტოვებენ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებს;

 

ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე არაეფექტიანი რეაგირება და დისკრიმინაციული მიდგომა მედია საშუალებების მიმართ: ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე ეფექტიანი და დროული რეაგირება კვლავაც გამოწვევას წარმოადგენს. დღესაც, პასუხისმგებლობაში არ არიან მიცემული 2021 წლის 5-6 ივლისის მასშტაბური ძალადობის ორგანიზატორები. სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები განაგრძობენ მათთვის არასასურველი მედიების ბოიკოტს და მათთვის ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვას; 

 

ლგბტქ+ ადამიანების უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები გაქრა ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიული დოკუმენტიდან: 2023 წლის მარტში, 2022-2030 წლებისთვის დამტკიცებული ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია და არსებული ინფორმაციით, 2023 წლის 01 ნოემბერს წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია, არაერთი მოწოდების მიუხედავად, არ მოიცავს ლგბტქ+ ადამიანების უფლებრივ მდგომარეობასთან და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებულ საკითხებს.

 

საგულისხმოა, ამ საკითხების უდიდესი ნაწილი გამოწვევებად არის აღიარებული  საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მათი წარმომადგენლების მიერ საქართველოსთან მიმართებით მომზადებულ არაერთ ანგარიშსა თუ შეფასებაში. სახელდობრ, ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის ანგარიშში, უფლებადამცველთა საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებლის შეფასებებში და ა. შ. 

 

მივიჩნევთ, რომ სახელმწიფო უწყებების მხრიდან ადამიანის ძირითადი უფლებების, განსაკუთრებით გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული არაერთი თავდასხმა პოპულისტური კამპანიის ნაწილია, რომლის საბოლოო მიზანია  დემოკრატიული ღირებულებების, განსაკუთრებით კი, გამოხატვის თავისუფლების დისკრედიტაცია. 

 

ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, საქართველოში არსებული არაერთი გამოწვევის მიუხედავად, ვიმედოვნებთ, რომ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები იმოქმედებენ საერთაშორისო და ეროვნული სამართლით დადგენილი ვალდებულებების ფარგლებში და იმ სულისკვეთებით, რაც განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციითა და ევროინტეგრაციით დაინტერესებული ქვეყნის მიმართ არსებული მოლოდინებით.  

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024