მე-5 საერთაშორისო კონფერენცია: “სახელმწიფო არქივების ხელმისაწვდომობა პოსტსაბჭოთა სივრცეში”

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 1 ოქტომბერი 2024


'ეფექტური დემოკრატია ყოველთვის შეიძლება შეფასდეს არქივებზე წვდომით."

ჟაკ დერიდა

 

 

27-28 სექტემბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებული ეროვნული უსაფრთხოების არქივისა (NSA) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით, მე-5 საერთაშორისო კონფერენცია: “სახელმწიფო არქივების ხელმისაწვდომობა პოსტსაბჭოთა სივრცეში” გამართა. 

 

კონფერენციის ფარგლებში ქართველმა და საერთაშორისო ექსპერტებმა განიხილეს არქივების ხელმისაწვდომობის საკითხები, მეხსიერების პოლიტიკა, საუკეთესო პრაქტიკა, არქივების მომავალი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და აღნიშნულ თემებთან დაკავშირებულ გამოწვევათა გადაჭრის გზები. ამავდროულად, ყურადღება გამახვილდა საქართველოში ბოლო პერიოდში საარქივო საქმიანობის შეზღუდვებზე და ისტორიულ კვლევებზე სახელმწიფო კონტროლის დაწესების მცდელობაზე.

 

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ისტორიკოსები, მკვლევრები, დარგის ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც წლებია მუშაობენ ისტორიოგრაფიასა და მეხსიერების კვლევებთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.

 

კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნეს IDFI-ს მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ და ეროვნული უსაფრთხოების არქივის (NSA) დირექტორმა ტომ ბლანტონმა.

 

ანტონ ვაჭარაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ბევრი გამოწვევა აქვს ინფორმაციის თავისუფლების კუთხით, მათ შორისაა არქივების ღიაობის პრობლემებიც. კონფერენციის ერთ-ერთ მიზნად კი საქართველოსთვის საუკეთესო პრაქტიკის მქონე ქვეყნების გამოცდილების გაზიარება დაასახელა. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ საბჭოთა წარსულის შესწავლისთვის უმნიშვნელოვანესი, შსს არქივი თითქმის 1 წელია დახურულია “ტექნიკური პრობლემების” მიზეზით.

 

ტომ ბლანტონმა განაცხადა, რომ კონფერენციის ჩატარება განსაკუთრებით რთულ დროებაში ხდება, როდესაც პრაქტიკულად აღარ არსებობს IDFI-სა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობა სახელმწიფო არქივებთან. “თუმცა ეს “აწეული დროშაა”, რათა განვაცხადოთ, რომ “ჩვენ აქ ვართ” და ვმსჯელობთ არქივების ღიაობაზე. სწორედ ამისთვის შეიკრიბნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, რომ ინფორმაციის თავისუფლების იდეაზე დაყრდნობით ისაუბრონ ამ პრობლემებზე”.

 

 

კონფერენციის თითოეული დღე შედგებოდა სამ-სამი  ფართო სადისკუსიო პანელისგან.

 

27 სექტემბერს კონფერენციის პირველ პანელს - “სახელმწიფო არქივების შეზღუდული ხელმისაწვდომობა საქართველოში: ისტორიულ კვლევებზე სახელმწიფო კონტროლის დაწესების მცდელობა” უძღვებოდა IDFI-ს მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე

 

სადისკუსიო სესიის ფარგლებში ისტორიკოს სარა სლაის მოხსენება შეეხებოდა საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემაში და კვლევებში  გაძლიერებულ ავტორიტარიზმს, ასევე თუ რა გავლენას ახდენს ომი ამ კუთხით. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერმა, ნინი გოგიბერიძემ ისაუბრა საბჭოთა პერიოდის არქივებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებზე, ასევე ყურადღება გაამახვილა რუსული დეზინფორმაციის გამაძლიერებელ ფაქტორებზე. ისტორიკოსმა ვიტალი შტიბინმა ყურადღება გაამახვილა ქართულ არქივებში (2022-2024) მუშაობის გამოცდილებაზე, არსებულ გამოწვევებსა და ტენდენციებზე.

 

მეორე პანელს - “არქივების ღიაობის საუკეთესო პრაქტიკები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში” უძღვებოდა პალერმოს უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი, საერთაშორისო "მემორიალის" ასოციაციის (ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი “საერთაშორისო მემორიალის” მემკვიდრე ორგანიზაცია) თანათავმჯდომარე ანდრეა გულოტა.

 

ჩეხეთის პარლამენტის წევრმა, ისტორიკოსმა პაველ ჟაჩეკმა სესიის ფარგლებში განიხილა მეხსიერების პოლიტიკისა და არქივების საკითხები ჩეხეთში. ისტორიკოსმა ჰენრიკ ბისპინკმა ისაუბრა შტაზის ფაილების ჩანაწერების ისტორიაზე, წვდომასა და გამოყენების მახასიათებლებზე. პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის გერმანიის შემსწავლელი განყოფილების ასისტენტ-პროფესორმა, ვანდა იარჟაბეკმა განიხილა გარდამავალი პერიოდის (1989-1991) პოლიტიკის გავლენა სახელმწიფო არქივების ხელმისაწვდომობაზე პოლონეთში.

 

 

მესამე პანელს - “არქივის ხელმისაწვდომობა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში: სამართლებრივი ჩარჩოები, გამოწვევები და პოლიტიკური გავლენა” წარუძღვა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ევროპული უნივერსიტეტის (EHU, ვილნიუსი, ლიეტუვა) პროფესორი, ირინა რამანავა.

 

უკრაინის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მსოფლიო ისტორიის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ანდრეი კუდრიაჩენკომ სესიის ფარგლებში უკრაინის არქივებში მუშაობის სპეციფიკის შესახებ ისაუბრა. ადამიანის უფლებადამცველმა და ჟურნალისტმა აზერბაიჯანიდან, ელდარ ზეინალოვმა ყურადღება გაამახვილა არქივების ხელმისაწვდომობაზე შიდა და საგარეო პოლიტიკური მოტივების გავლენაზე რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში. გიუმრის ჟურნალისტთა კლუბ „ასპარეზის“ (არენა) დამფუძნებელმა და საბჭოს თავმჯდომარემ, ლევონ ბარსეღიანმა ისაუბრა ინფორმაციის თავისუფლების რეგულირებაზე, პრაქტიკასა და ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის გამოწვევებზე სომხეთში. კონფერენციაზე უზბეკეთის წარმომადგენელმა განიხილა არქივების ხელმისაწვდომობის ამჟამინდელი მდგომარეობა უზბეკეთში, ასევე სამართლებრივი ჩარჩო და არსებული პრაქტიკა. 



28 სექტემბერს პირველ პანელს - მრგვალი მაგიდის დისკუსიას - “საარქივო ხელმისაწვდომობის საკითხები” უძღვებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა კვლევების ასოცირებული პროფესორი ტიმოთი ბლაუველტი.

 

დისკუსიაში მონაწილეობენ: კლერ პ. კაიზერი (ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ევრაზიის, რუსული და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის ასისტენტ-პროფესორი), ქრისტინე ბარსეღიანი (სოციალური კვლევების უმაღლესი სკოლის დოქტორანტი, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „გამომძიებელი ჟურნალისტების“ დირექტორი, სომხეთი), ანტონ ვაჭარაძე, სვეტლანა სავრანსკაია, ტომ ბლანტონი.

მეორე პანელს - “გამოწვევები და წინააღმდეგობები რუსეთის საარქივო ღიაობაში: ისტორიული პოლიტიკა, წვდომა და მანიპულირება” წარუძღვა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებული ეროვნული უსაფრთხოების არქივის რუსული პროგრამების დირექტორი სვეტლანა სავრანსკაია.

 

სვეტლანა  სავრანსკაიამ აღნიშნა, რომ 2011 წელს მან ბევრი დოკუმენტი ნახა საქართველოს არქივში, მათ შორის ედუარდ შევარდნაძისა და ზვიად გამსახურდიას პირადი დოკუმენტები და ურჩევდა ყველას წასულიყვნენ საქართველოში, როგორც ყველაზე ღია არქივების მქონე ქვეყანაში პოსტსაბჭოთა სივრცეში და შეშფოთება გამოხატა, სიტუაციის ეტაპობრივად გაუარესების გამო.

 

ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ორგანიზაციის, “საერთაშორისო მემორიალის” თავმჯდომარემ, იან რაჩინსკიმ ისაუბრა ახალი ისტორიული პოლიტიკის ქვეშ არსებული რუსული არქივების შესახებ. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ არქივებში რაც ხელმისაწვდომი იყო 90-იან წლებში, ახლა აღარ არის, ან ძალიან რთულია ინფორმაციის მოპოვება. რუსეთში კი ყალიბდება “წმინდა ისტორიის” გაგება, რომელიც სამეცნიერო მიმართულებებისგან შორსაა და ეყრდნობა წარსულის განდიდებასა და საკრალიზაციას. 

 

ლუდვიგ ბოლცმანის სახელობის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელის მოადგილემ, პიტერ რუგენთალერმა წარადგინა მოხსენება რუსეთში სახელმწიფო არქივების ღიაობის შესახებ, RGANI-ს მაგალითზე. პალერმოს უნივერსიტეტის უფროსმა მკვლევარმა, საერთაშორისო "მემორიალის" ასოციაციის (ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი “საერთაშორისო მემორიალის” მემკვიდრე ორგანიზაცია) თანათავმჯდომარემ ანდრეა გულოტამ ისაუბრა არქივების შესახებ და განიხილა სანდორმოხის საქმე.

 

 

მესამე პანელს - “მეხსიერება და წვდომა: ნავიგაცია საარქივო გამოწვევებში” უძღვებოდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებული ეროვნული უსაფრთხოების არქივის დირექტორი, 2004 წელს “Emmy”-ს ჯილდოს მფლობელი ახალი ამბებისა და დოკუმენტურ კვლევებში ინდივიდუალური მიღწევებისთვის, ტომ ბლანტონი.

 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ევროპული უნივერსიტეტის (EHU, ვილნიუსი, ლიეტუვა) პროფესორმა ირინა რამანავამ მესამე პანელის ფარგლებში ისაუბრა ბელარუსის არქივების ხელმისაწვდომობაზე. ჟურნალისტმა აშოტ მელიქიანმა ისაუბრა  სომხეთში ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ. პოლიტოლოგმა, ღია საზოგადოების ინსტიტუტის ტაჯიკეთის ფილიალის საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ, დოქტორმა ფარვიზ მულოჯონოვმა განიხილა გამოწვევები არქივებისა და ისტორიული მეხსიერების განვითარების კუთხით ტაჯიკეთში.

 

კონფერენციის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს არქივების გაციფრულების ე.წ. “დიგიტალიზაციის” და მოქალაქეებისთვის  ხელმისაწვდომობის საჭიროებას. საბოლოოდ კი, კონფერენციის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ არქივების ღიაობის ადვოკატირებას თავიანთ ქვეყნებში.

 

 

კონფერენციის დღის წესრიგი

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024