გიორგი კლდიაშვილმა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მმართველი კომიტეტის წევრობის 3 წლიანი ვადა დაასრულა

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია | რეგიონული და გლობალური საქმიანობა 3 ნოემბერი 2020

 

ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) მსოფლიოში ერთ-ერთიგამორჩეული საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს წევრ სახელმწიფოებში სამთავრობო უწყებების ანგარიშვალდებულების გაზრდას, ღიაობისა და გამჭვირვალობის სტანდარტების ამაღლებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებას. საქართველო OGP-ს დაფუძნებიდან ძალიან მალე, 2011 სექტემბერში შეუერთდა და ამ საერთაშორისო ინიციატივის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ წევრი გახდა, ხოლო 2014 წლიდან OGP-ს მმართველ კომიტეტში აირჩიეს. საქართველომ OGP-ს თავმჯდომარეობა 2017 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 72-ე სხდომაზე გამართულ OGP-ს მმართველი კომიტეტის (Steering Committee) შეხვედრაზე საფრანგეთისგან გადმოიბარა. თავმჯდომარეობის ფარგლებში, საქართველომ აიღო ვალდებულება, რომ განამტკიცებდა OGP-ის პოზიციას რეგიონული და გლობალური მასშტაბით და მაქსიმალურად ხელს შეუწყობდა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (Sustainable Development Goals - SDGs) დამკვიდრებას, ასევე ზოგადად განავითარებდა OGP-ს პრინციპებს წევრ სახელმწიფოებს შორის. უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოს თავმჯდომარეობისას იყო OGP-ს გლობალური სამიტი თბილისში, რომელსაც 2018 წლის ივლისში  უმასპინძლა საქართველომ.

 

OGP-ის ფარგლებში, სახელმწიფოები ნებაყოფლობით, სამოქმედო გეგმის ფარგლებში იღებენ შესასრულებელ ვალდებულებებს, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოებასთან  თანამშრომლობით შეიმუშავებენ. OGP-ის განსაკუთრებულობა, სწორედაც რომ გამოიხატება სახელმწიფო ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, OGP-ის მმართველი კომიტეტი, რომელიც არის პარტნიორობის უმაღლესი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, როტაციის პრინციპით, კომპლექტდება როგორც ხელისუფლების, ასევე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან, რომლებიც ახორციელებენ OGP-ის საქმიანობის კოორდინაციას და იცავენ OGP-ის ღირებულებებსა და ინტერესებს.

 

OGP-ის მმართველი კომიტეტი შედგება 22 წევრისგან, რომელთაგან 11 წარმოადგენს მმართველი კომიტეტის წევრი სახელმწიფოების მთავრობების წარმომადგენლებს, 11 კი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. მმართველი კომიტეტის წევრები აირჩევიან 3 წლის ვადით.

 

IDFI OGP-ის საქმიანობაში 2011 წლიდან აქტიურად არის ჩართული და ადვოკატირებას უწევს ხელისუფლების ღიაობის და მოქალაქეთა ჩართულობის სხვადასხვა ინიციატივას.  IDFI-ს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი კი, რომელიც OGP-ის ერთ-ერთ გლობალურ მხარდამჭერს და სახეს წარმოადგენს, 2017 წლის ივნისში აირჩიეს მმართველი კომიტეტის წევრად, როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი. მმართველი კომიტეტის წევრობის კანდიდატად, გიორგი კლდიაშვილი წარადგინა ნილს სკოტმა, გაეროს ელჩმა საქართველოში. გიორგის ასევე რეკომენდაცია გაუწიეს ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.

 

2020 წლის ოქტომბერში ამოიწურა გიორგი კლდიაშვილის OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრობის ვადა. მმართველი კომიტეტის წევრობის ფარგლებში, გიორგი კლდიაშვილი აქტიურად მონაწილეობდა კოლეგებთან ერთად ღია მმართველობის პარტნიორობის პოლიტიკის და სტანდარტების შემუშავებაზე, გლობალური და რეგიონული მასშტაბით ადვოკატირებდა სხვადასხვა ინიციატივას, აქტიურობდა OGP-ს მიერ ორგანიზებულ სამიტებსა და კონფერენციებში. მისი რეგიონული მიმართულებები იყო აზია და წყნარი ოკეანის ქვეყნები. ხოლო ეროვნულ დონეზე მისი საქმიანობა მიმართული იყო ღია მმართველობის პარტნიორობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და გაძლიერებისაკენ როგორც სამთავრობო, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების დონეზე.  OGP-ს ფარგლებში, გიორგი მუშაობდა ისეთ თემებზე, როგორიც არის გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs), სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობა, კორუფციასთან ბრძოლა, მოპოვებითი მრეწველობის გამჭვირვალობის ინიციატივა (EITI), არქივების ხელმისაწვდომობა, ბენეფიციარ მესაკუთრეთა გამჭვირვალობა, ღია მონაცემები და სხვა.  

 

მმართველი კომიტეტის წევრობის განმავლობაში, გიორგი კლდიაშვილის აქტიური მონაწილეობით, ღია მმართველობის პარტნიორობის მნიშვნელოვანი ღონისძიება,  OGP-ის რიგით მეხუთე გლობალური სამიტი სწორედ თბილისში ჩატარდა. 2018 წლის 17-19 ივლისის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას 60-მდე ქვეყნის 3000-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მონაწილეობა მიიღო სამიტის გახსნის საზეიმო ღონისძიებაში, მაღალი დონის სტუმრებთან ერთად.

 

გიორგი კლდიაშვილის ხელმძღვანელობით, IDFI აგრძელებს აქტიურ ჩართულობას ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე OGP-ს პოპულარიზაციის საკითხებში, ღია მმართველობის სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და შესრულების პროცესში. ორგანიზაციის უშუალო მხარდაჭერითა და ხელშეწყობით, ეროვნული სამოქმედო გეგმების ფარგლებში განხორციელდა მოქალაქეებზე ორიენტირებული, ღია მმართველობის რეფორმის გაღრმავებისკენ მიმართული, სახელმწიფო სერვისების ეფექტურობის გაზრდისა და კორუფციის შემცირებისაკენ ორიენტირებული მთელი რიგი ვალდებულებები. ამავდროულად, უმნიშვნელოვანესია, რომ 2017-2020 წლების განმავლობაში, ღია მმართველობის დღის წესრიგში გაიზარდა აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების გარდა ხელისუფლების სხვა შტოების ჩართულობა.

 

გიორგი კლდიაშვილი მადლობას უხდის OGP-ის მმართველ კომიტეტსა და მის თითოეულ წევრს, ასევე OGP-ის სამდივნოს თანამშრომლობის, ნდობისა და უდიდესი მხარდაჭერისათვის. მმართველ კომიტეტში საქმიანობა წარმოადგენდა როგორც დიდ გამოწვევას, ასევე უმნიშვნელოვანეს გამოცდილებას და წარმატებას როგორც პირადად გიორგისთვის, ასევე IDFI-სთვის.

 

IDFI კვლავ რჩება ღია მმართველობის პარტნიორობის პრინციპების მნიშვნელოვან მხარდამჭერად, როგორც ეროვნულ, ისე გლობალურ დონეზე და მომავალშიც, ხელს შეუწყობს საჯარო ინსტიტუტების მხრიდან ღიაობის ამაღლებისკენ ორიენტირებული რეფორმების განხორციელებას.

 

 

 

მმართველი კომიტეტის წევრების სამადლობელი მესიჯები

 

"თქვენი მონაწილეობა ღია მმართველობის პარტნიორობის(OGP) ოჯახში ნამდვილად საამაყო გახლდათ! შეგიძლიათ იამაყოთ მმართველ კომიტეტში მნიშვნელოვანი წვლილით, როგორც წევრმა, რომელმაც შეძლო საქართველოში OGP-ის სამიტის ჩატარების მხარდაჭერა. თქვენთან თანამშრომლობა მოტივაციის მომცემი იყო თითოეული წევრისათვის! ვიმედოვნებ, მომავალშიც მჭიდროდ ვითანამშრომლებთ PWYP– ის ფარგლებში! საუკეთესო სურვილებით, ელისა პეტერი."

 

"გიორგი, დიდ მადლობას გიხდით ფასდაუდებელი შრომისა და დაუღალავი ერთგულებისთვის თავისუფლების, გამჭვირვალობისა და ჩართულობის ხელშეწყობის მიმართულებით! თქვენთან ერთად OGP-ის მმართველ კომიტეტში საქმიანობა დიდი პატივი იყო! დელია ფერეირა რუბიო."

 

"ძვირფასო გიორგი, შენთან ერთად მუშაობა ძალიან სასიამოვნო იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება მომავალშიც, რადგან შევეცდები ხელი შევუწყო შენს ჩართულობას OGP-ში. რადგან შენ გააგრძელებ ცვლილებების მოხდენას შენი საქმიანობის სფეროში, საიდანაც ყველა ჩვენთაგანს შეეძლება ბენეფიტის მიღება. მარია ბარონი."

 

"გიორგი, მადლობას გიხდით მმართველ კომიტეტში ფასდაუდებელი და გულითადი სამსახურისთვის. ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა თქვენმა მნიშვნელოვანმა საქმიანობამ და ენთუზიაზმმა OGP–ის გაძლიერების მიმართულებით. ვეცდები, თქვენი დამოკიდებულება შევინარჩუნო მომდევნო ორი წლის განმავლობაში მმართველ კომიტეტში საქმიანობისას! აიდან ეიაკუზე."

 

"ძვირფასო გიორგი, ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან მუშაობა OGP-ის მმართველ კომიტეტში. მადლობას გიხდით თბილისის სამიტის განსაკუთრებული კოორდინაციისათვის. გთხოვთ, გააგრძელოთ საქართველოს მთავრობის აქტიური მხარდაჭერა ღია მმართველობის გაძლიერების მიმართულებით. მადლობა ასევე, რომ ასეთი ძლიერი რეგიონალური და გლობალური ლიდერი ხართ. მე ვიცი, რომ ჩვენ ერთად გავაგრძელებთ მუშაობას მომავალშიც! ჯო პაუელი."

 

"გიორგი, თქვენ ხართ ერთ – ერთი პირველი ადამიანი, ვინც OGP– ში გავიცანი და მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც თქვენ ღია მმართველობის განვითარების მიმართულებით ითამაშეთ წლების განმავლობაში როგორც საქართველოში, ასევე გლობალურად. დაველოდებით თქვენგან სიახლეებსა და ახალი კონტრიბუციების შესახებ ინფორმაციას სამომავლო საქმიანობის ფარგლებშიც! პოლ მაასენი."

 

"ძვირფასო გიორგი, შენ ჩართული ხარ OGP-ის საქმიანობაში უკვე მრავალი წელია, და დარწმუნებული ვარ გააგრძელებ შენს საქმიანობას ღია მმართველობის მიმართულებით, შესაბამისად, ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. რობინ ჰოდესი."

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024