22 ივლისი რეპრესირებულთა ხსოვნის დღეა

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 22 ივლისი 2020

რეპრესირებულთა ხსოვნის დღე, 22 ივლისი საქართველოს  პრეზიდენტის განკარგულებით, 2002 წლიდან გამოცხადდა. 1937 წელს, სწორედ ამ დღეს, დიდმა ქართველმა პოეტმა, პაოლო იაშვილმა მწერალთა კავშირის შენობაში თავი მოიკლა.

 

მკვდარი პოეტი არ დაინდეს და შეადგინეს სპეციალური ოქმი, რომელშიც ჩაიწერა:

 

"1. გამოაშკარავებული ჯაშუშის და სახელმწიფოს მტრის, პ. იაშვილის თვითმკვლელობა, პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციული გამოხტომაა, შესაბამისად, იგი უნდა დაიკრძალოს როგორც ხალხის მტერი.

 

2. ლავრენტი ბერიას დაევალოს საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის პრეზიდიუმს მიაწოდოს ინფორმაცია პ.იაშვილის კონტრრევოლუციური, ჯაშუშური და მავნებლური საქმიანობის შესახებ".

 

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) დაარსების დღიდან მუშაობს საბჭოთა რეპრესიების საკითხზე და ამ მხრივ გამოქვეყნებული აქვს არაერთი კვლევა და ნაშრომი, განხორციელებული აქვს სხვადასხვა აქტივობა და თანამშრომლობს საერთაშორისო ცნობილ უნივერსიტეტებთან, კვლევით ინსტიტუტებთან და ცენტრებთან. ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, არის ბოლშევიკური, ე.წ. „სტალინური რეპრესიების“ შესწავლა საქართველოში, რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საკითხი და მათი ფინანსური და სამართლებრივი დახმარება.

 

რეპრესირებულთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, IDFI-მ რამდენიმე აქტივობა დაგეგმა და განახორციელა:

 

IDFI-ს მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე და საზოგადოება „მემორიალის“ თავმჯდომარე, თავადაც პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი, ბატონი გურამ სოსელია იმყოფებოდნენ სოფელ ზემო ალვანში, სადაც „თუშების სათემო საბჭოს“ დახმარებით ჩაატარეს ღია ლექცია რეპრესირების შესახებ. ლექცია გაიმართა ზემო ალვანში მოქმედ ტურისტულ ობიექტში - „ლაგაზი“, რომლის მფლობელის, შოთა ლაგაზიძის ოჯახი ასევე იყო რეპრესიების მსხვერპლი, მისი დიდი პაპა „გააკულაკეს“.

 

ზემო ალვანში ლექციის ჩატარებაზე არჩევანი გაკეთდა იმის გათვალისწინებით, რომ სოფლის ცენტრში დღემდე აღმართულია იოსებ სტალინის ძეგლი. ეს იმ ფონზე, როდესაც ალვანელებს შორის კომუნისტურ ეპოქაში გამოირჩეოდნენ თავისუფლებისთვის მებრძოლები: პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი, გაბრიელ (გაბო) ცისკარიშვილი, რომელიც 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობისთვის დახვრიტეს. ასევე 1940-იან წლებში დაარსებული ორგანიზაცია „სამანი“, რომლის წევრების მიზანიც იყო თუშეთის ტერიტორიაზე მომხრეების შემოკრება და მთიანეთში მოქმედ ანტი-საბჭოთა მეამბოხეებთან კავშირის დამყარება. „სამანის“ მეთაურები, მათ შორის პოეტი ადამ ბობღიაშვილი სადამსჯელო რაზმმა შეტაკებისას მოკლა.

 

IDFI თვლის, რომ მსგავსი შეხვედრები, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში სადაც ადგილობრივ მოსახლეობაში ჯერ კიდევ მძლავრობს სტალინის კულტი, ხელს შეუწყობს მომავალ თაობებში ისტორიის გააზრებას და მათი მეხსიერების ფორმირებაში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. შეხვედრის დამსწრეებმა ისაუბრეს საკუთარ შეხედულებებზე რეპრესიების, საქართველოს გათავისუფლებისთვის მებრძოლი ისტორიული პირების და მათ სოფელში მდგომი სტალინის ძეგლის შესახებ.

 

  

 

აქტივობების ფარგლებში, ჩაიწერა და გამოქვეყნდა ინტერვიუ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთან, ბატონ რევაზ კვერენჩხილაძესთან. რევაზ კვერენჩხილაძის მამა, კასიანე კვერენჩხილაძე 1937 წლის 20 სექტემბერს დახვრიტეს, იმავე წლის ნოემბერში კი დედა, მარგალიტა მიქავა ჩეკისტებმა წაიყვანეს და რვა წლით გადაასახლეს. მოგვიანებით რევაზ კვერენჩხილაძე მწერალთა კავშირის წევრი გახდა, მანვე შეიტანა დიდი წვლილი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნისა და თანადგომის საზოგადოება „მემორიალის“ დაარსებაში და დღემდე მისი გამგეობის წევრია. ბატონი რევაზის მდიდარი შემოქმედების უდიდესი ნაწილი ეძღვნება რეპრესირებულთა ხსოვნას.

 

 

IDFI აგრძელებს კამპანიას, რომლის ფარგლებში პირველი აქტივობა რეპრესირებულთათვის განკუთვნილი საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაზრდის მოთხოვნაა, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციამ ღია წერილით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. გარდა ამისა, ინიცირება გაუკეთა პეტიციას ამავე თემაზე და მთავრობისგან ელოდება ქმედით ნაბიჯებს.

 

___

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024