2016 წლის დანაშაულის სტატისტიკა და მისი ხელმისაწვდომობა

სიახლეები | კორუფციასთან ბრძოლა | პუბლიკაციები | ანალიზი 14 დეკემბერი 2016

2012 წელს მასშტაბური ამნისტიის ფონზე, საზოგადოებაში არსებობდა მოლოდინი, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება გაუარესდებოდა, შესაბამისად ამ პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა  საზოგადოებრივი ინტერესი დანაშაულის სტატისტიკის მიმართ.

 

მიუხედავად მაღალი საჯარო ინტერესისა, 2015 წლამდე შინაგან საქმეთა სამინისტრო პროაქტიულად (მოთხოვნის გარეშე, საკუთარი ინიციატივით) არ ასაჯაროებდა სრულ სტატისტიკურ მონაცემებს, რაც საზოგადოებას შეუქმნიდა რეალურ სურათს ქვეყანაში არსებული დანაშაულის მდგომარეობის შესახებ. 2015 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვიურად უზრუნველყოფდა დანაშაულის დეტალური სტატისტიკის გამოქვეყნებას.

 

დღეის მდგომარეობით, დანაშაულის სტატისტიკა კვლავ არ ქვეყნდება სრულყოფილად, თანმიმდევრულად და პროაქტიულად, რაც ართულებს დანაშაულთან დაკავშირებული ტენდენციების გამოვლენას.  სამწუხაროდ, 2016 წლის იანვრის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კვლავ შეწყვიტა საკუთარ ვებგვერდზე ყოველთვიურად დეტალური სტატისტიკის განთავსება. მეტიც, ინფორმაციის ასეთი ხელმიუწვდომლობა ბადებს ეჭვს, რომ სამინისტროს მიერ სტატისტიკის გამოქვეყნების არათანმიმდევრულობა განპირობებულია სტატისტიკური მონაცემების შინაარსით.

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ვებგვერდზე საქართველოში არსებული დანაშაულის მდგომარეობის შესახებ 2016 წლის მონაცემები, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი მღებრიშვილმა საპარლამენტო მოსმენისას ოპოზიციური პარტიის დეპუტატს დანაშაულის სტატისტიკის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა, რომ სამინისტროს მიერ ყოველ კვარტალში ხდებოდა საქსტატისთვის მონაცემების მიწოდება.

 

დანაშაულის სტატისტიკის ანალიზი

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული 2016 წლის 9 თვის  და შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული 2014-2015 წლების ანალოგიური პერიოდის მონაცემების შედარებითი ანალიზიდან ირკვევა, რომ 2016 წლის 9 თვის განმავლობაში რეგისტრირებული დანაშაულის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. კერძოდ, 2016 წლის 9 თვეში 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რეგისტრირებულია 154 ერთეულით მეტი  დანაშაული,  ხოლო 2015 წელთან შედარებით 1394 ერთეულით მეტი.

 

 

2016 წლის 9 თვეში, ბოლო სამი წლის განმავლობაში დანაშაულის ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება შემდეგ დანაშაულთა ჯგუფების მიმართებით:

 

- დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ

- დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ

- დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ

- დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ

- სატრანსპორტო დანაშაული

 

2016 წლის საწყისი 9 თვის განმავლობაში  სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის 743 შემთხევა ფიქსირდება, მაშინ როდესაც 2015 წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირდა 623, ხოლო 2014 წელს - 499 შემთხვევა.  დანაშაულთა ეს ჯგუფი აერთიანებს ისეთ დანაშაულებს, როგორიცაა: განზრახ მკვლელობას, მკვლელობის მცდელობას, თვითმკვლელობამდე მიყვანას და სხვა.

 

 

ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების 3660 შემთხვევა ფიქსირდება 2016 წლის 9 თვეში,  რაც 52 შემთხვევით აღემატება 2015 წლის, ხოლო 788 შემთხვევით 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს.   დანაშაულის ეს ჯგუფი აერთიანებს ისეთ დანაშაულებებს როგორიცაა: ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ოჯახში ძალადობა და სხვა.

 

 

2016 წლის საწყისი 9 თვის განმავლობაში განსაკუთრებული მატება შეიმჩნევა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შემთხვევაში. 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მატება დაახლოებით 70%-ს, ხოლო 2015 წელთან შედარებით - 45%-ს.  დანაშაულის ეს ჯგუფი აერთიანებს ისეთ დანაშაულებებს როგორიცაა: თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ტრეფიკინგი, მძევლად ხელში ჩაგდება, მუქარა და სხვა.

 

 

საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების 1543 შემთხვევა ფიქსირდება 2016 წლის 9 თვეში, რაც 89 ერთეულით აღემატება 2015 წლის, ხოლო 70 ერთეულით 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.  დანაშაულის ეს ჯგუფი აერთიანებს ისეთ დანაშაულებებს როგორიცაა: ხულიგნობა, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება და სხვა.

 

 

სატრანსპორტო დანაშაულის შემთხვევები 2014 წლიდან ყოველწლიურად მატულობს და 2016 წლის 9 თვის განმავლობაში 2725 შემთხვევა ფიქსირდება. დანაშაულის ეს ჯგუფი აერთიანებს ისეთ დანაშაულებებს როგორიცაა: ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოება ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა და სხვა. 

 

 

2016 წლის 9 თვის მონაცემებით ერთადერთ დანაშაულთა ჯგუფს წარმოადგენს მმართველობის წესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, რომელთა შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება განვლილ 2 წელთან შედარებით.  კერძოდ, 2016 წელს (9 თვე) დაფიქსირდა 1537 შემთხვევა, მაშინ როდესაც 2015 წლის ანალოგიურ პერიოდში ფიქსირდებოდა 1799, ხოლო 2014 წლის - 2026 შემთხვევა. დანაშაულის ეს ჯგუფი აერთიანებს ისეთ დანაშაულებებს როგორიცაა: ყალბი დოკუმენტების დამზადება და სხვა.

 

სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია, როგორი ტენდენციები ფიქსირდება 2016 წელს თითოეული კონკრეტული დანაშაულის მიხედვით, რადგან არც სტატისტიკის სამსახურის მონაცემები არის ჩაშლილი დეტალურად და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე არის წარმოდგენილი დეტალური მონაცემები 2016 წლის პირველი სამი კვარტლის მიხედვით.

 

 

დანაშაულის სტატისტიკის გასაჯაროების ქრონოლოგია

 

2010 წლის 30 აპრილს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან (შსს). მემორანდუმის მიხედვით, სამინისტროს დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები ყოველთვიურად უნდა წარედგინა საქსტატისთვის, რომელიც დამუშავებულ მონაცემებს  საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნებდა.

 

მემორანდუმის ფარგლებში მონაცემების საქსტატისთვის მიწოდება სამინისტრომ 2012 წელს შეწყვიტა, როდესაც შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში ამოქმედდა დანაშაულის აღრიცხვის შიდა მოხმარების ელექტრონული მოდული, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების სტატისტიკის ერთიან ელექტრონულ  წარმოებას.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ელექტრონულ სისტემაზე გადასვლამ მათ საშუალება მისცა, დაეხვეწათ დანაშაულის აღრიცხვის მეთოდოლოგია, რამაც სტატისტიკის წარმოება უფრო ზუსტი და სრულყოფილი გახადა. თუმცა, მეთოდოლოგიის ამ ცვლილებამ მიზანშეუწონელი გახადა 2012 წლის შემდეგ წარმოებული სტატისტიკის ძველ მონაცემებთან შედარება (იხ. სურათი #1). მაგალითისთვის, დანაშაულის აღრიცხვის ახალმა წესებმა ავტომატურად გაზარდა რეგისტრირებული დანაშაულის საერთო ოდენობა.

 

სურათი # 1 - ამონარიდი შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშიდან

 

 

 

2012-დან 2015 წლამდე შინაგან საქმეთა სამინისტრო პროაქტიულად არ ასაჯაროებდა დანაშაულის შესახებ სრულ სტატისტიკურ მონაცემებს. მაგალითად, სამინისტროს ვებგვერდზე არსებულ განყოფილებაში „სტატისტიკა/კვლევები“ ვერ ვხვდებით 2012 წლის მონაცემებს; 2013 წელს გამოქვეყნებულია მხოლოდ პირველი 3 თვის ჯამური მონაცემები; ხოლო 2014 წელს - მხოლოდ პირველი 9 თვის ჩაშლილი მონაცემები. მიუხედავად ამისა, თავად უწყების ვებ-გვერდზე პერიოდულად იდებოდა საინფორმაციო ხასიათის ახალი ამბები დანაშაულის სტატისტიკასთან დაკავშირებით. მაგ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე 2014 წლის 9 იანვარს გამოქვეყნებულია სიახლე, რომლის მიხედვითაც სამინისტრო საზოგადოებას ამცნობს, რომ 2013 წელს  ქვეყნის მასშტაბით 2012 წელთან შედარებით  დანაშაულის 10 036 ერთეულით კლება დაფიქსირდა.  

 

2015 წელს, მთელი წლის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებგვერდზე ყოველთვიურად ათავსებდა დანაშაულის შესახებ დეტალურ (დანაშაულის სახეების მიხედვით) სტატისტიკას.

 

ამ პერიოდშივე, სამინისტრომ გამოაქვეყნა ანალიტიკური მასალები, რომლებიც ასახავდა 2012-2015 წლების დანაშაულის ტენდენციებს. ეს მასალები ასევე მოიცავდა 2013-2014 წლების სრულ მონაცემებს, რომლებიც მანამდე, როგორც ზემოთ აღინიშნა, მხოლოდ ნაწილობრივ იყო გასაჯაროებული. აღსანიშნავია, ის ფაქტი რომ 2015 წელს გამოქვეყნებულ ტენდენციებში დაფიქსირებული მონაცემები რადიკალურად განსხვავდება განვლილი წლებში ანალოგიურ პერიოდზე  შსს-მიერ საზოგადოებისათვის მიწოდებული ინფორმაციისგან.  მაგალითად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ შსს-ს 2014 წლის 9 იანვრის სიახლის მიხედვით 2013 წელს ქვეყნის მასშტაბით სულ დაფიქსირდა 28 970 დანაშაული, რაც დაახლოებით 10 000 ერთეულით ნაკლები იყო 2012 წელთან შედარებით. 2015 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით კი 2013 წელს ფიქსირდება 43 028 დანაშაული რაც, დაახლოებით 4 300 შემთხვევით აღემატება 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.  

 

სურათი # 2 - შსს-ს 2014 წლის 9 იანვარს გამოქვეყნებული სიახლე, რომლის მიხედვით 2013 წელს  დანაშაულის 10 036 ერთეული კლება დაფიქსირდა 2012 წელთან შედარებით.

 

 

სურათი # 3 - ამონარიდი, შსს-ს ვებ-გვერდზე 2016 წლის 5 თებერვალს გამოქვეყნებული სტატისტიკური ანგარიშიდან, რომლის მიხედვით  2013 წელს  დანაშაულის 4 292 ერთეულით მატება დაფიქსირდა 2012 წელთან შედარებით.

 

 

 

სამწუხაროდ, 2016 წლის იანვრის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კვლავ შეწყვიტა საკუთარ ვებგვერდზე ყოველთვიურად დეტალური სტატისტიკის განთავსება.

 

დანაშაულის კრიმინოგენული რუკა - შეუსრულებელი ვალდებულება

 

2014 წელს, “ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის” ფარგლებში „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ რეკომენდაციით შინაგან საქმეთა სამინისტრომ აიღო ვალდებულება, შეექმნა დანაშაულის ინტერაქტიული სტატისტიკა და კრიმინოგენული რუკა, რომელიც ხელს შეუწყობდა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და პროაქტიულ ღიაობას. დანაშაულის დეტალიზებული კრიმინოგენური რუკა უნდა ყოფილიყო ინტერაქტიული ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფდა დეტალური და მრავალფეროვანი სტატისტიკის ხელმისაწვდომობას სხვადასხვა ფორმატში და ცვლადებით, მათ შორის, დროის, დანაშაულის ტიპის, რეგიონისა და სხვა პარამეტრების მიხედვით.

 

სამწუხაროდ, სამინისტრომ არ შეასრულა ეს ვალდებულება. სამინისტროსვე ცნობით, ვალდებულების შესრულებაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობდა, გარკვეული პრაქტიკული ნაბიჯები უკვე გადადგმული იყო, თუმცა, საბოლოოდ, პროცესი გაურკვეველი მიზეზით შეჩერდა.

 

დასკვნა და რეკომენდაციები

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სტატისტიკური ინფორმაციის არასრულად და არათანმიმდევრულად გამოქვეყნება აჩენს ეჭვებს,  რომ უწყება ხელოვნურად აფერხებს ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას.  ამასთან, ურთიერთგამომრიცხავი მონაცემების გამოქვეყნება მნიშვნელოვნად აზიანებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული მონაცემებისადმი საზოგადოების ნდობის ხარისხს.

  

IDFI მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

 

1. სრულად, თანამიმდევრულად და ყოველთვიურად გამოაქვეყნოს დანაშაულის მაქსიმალურად დეტალიზებული სტატისტიკა, რათა საზოგადოებას შეექმნას რეალური სურათი ქვეყანაში არსებული დანაშაულის მდგომარეობის შესახებ;

 

2. დეტალურად განუმარტოს საზოგადოებას, თუ რა მეთოდოლოგიურმა ცვლილებებმა განაპირობა 2013 წელს დაფიქსირებული დანაშაულის შესახებ სხვადასხვა პერიოდში გამოქვეყნებულ მონაცემებში რადიკალური განსხვავება;  

 

3. შეასრულოს დანაშაულის კრიმინოგენული რუკის შექმნის ვალდებულება, რომელიც სამინისტრომ “ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის” ფარგლებში აიღო;

 

4. ყოველთვიურად მიაწოდოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს დეტალური/ჩაშლილი დანაშაულის  სტატისტიკური მონაცემები, ხოლო საქსტატმა თავის მხრივ უზრუნველყოს აღნიშნული მონაცემების საკუთარ ვებ-გვერდზე გამოქვეყნება.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023