საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში - 2016 წლის ანგარიში

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანგარიში 28 სექტემბერი 2016

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 2010 წლიდან ახორციელებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგს საქართველოში. წლების განმავლობაში IDFI-ის მიერ წარმოებულმა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგმა დიდი როლი ითამაშა საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების განვითარებაში, ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ძირითადი ტენდენციებისა და პრობლემების დადგენაში, საზოგადოებრივი კონტროლის ქმედითი მექანიზმების შემუშავებაში, საქართველოში საჯარო სექტორის ანგარიშვალდებულებისა და ღია მმართველობის განვითარებაში.


წინამდებარე ანგარიშში წარმოგიდგენთ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მდგომარეობის შეფასებას 2016 წლის მონაცემებით და ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით IDFI-ის სტრატეგიული სამართალწარმოების პრაქტიკას, ისევე როგორც საჯარო ინფორმაციის გაცემის ტენდენციების ანალიზს 2010-2016 წლებში.

 

IDFI-ის მიერ 2010-2016 წლებში განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში, საჯარო დაწესებულებებში სულ გაიგზავნა 37 582 საჯარო მოთხოვნის შესახებ განცხადება, საიდანაც მიღებულია პასუხი 30 729 მოთხოვნაზე.

 

2010-2016 წლებში IDFI-ის მიერ განხორცილებული მონიტორინგის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე გაცემული პასუხების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი (90%) 2013 წელს ფიქსირდება. 2014 წელს ეს მაჩვენებელი 82%-მდე შემცირდა, ხოლო 2015 წელს დაკმაყოფილებული განცხადებების მაჩვენებელმა 86% შეადგინა. 2016 წელს IDFI-ის მიერ მიღებული პასუხების რაოდენობა კვლავ შემცირდა და 85% შეადგინა. მიუხედავად ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებლის ხშირი ცვლილებისა, 2010 წელთან შედარებით დღესდღეობით მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია.

 


 

ასევე ნიშანდობლივია, რომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე დიდ გავლენას ახდენს, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი არჩევნები, ასევე დაწესებულებების ხელმძღვანელ პირთა დამოკიდებულება ღია და ანგარიშვალდებული მმართველობისადმი. მაგალითად, 2010-2016 წლებში ჩვენ მიერ წარმოებულმა სტატისტიკამ აჩვენა, რომ არჩევნების შემდგომ პერიოდში შეინიშნება ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, თუმცა პროგრესი ხანმოკლეა და გრძელდება მხოლოდ ახალი ხელისუფლების მოღვაწეობის საწყის ეტაპზე. 2016 წელს გაგზავნილი მოთხოვნების მეხუთედი კვლავაც უპასუხოდ დარჩა, ხოლო ზოგიერთი უწყება, რომელსაც წინა წლებში მაღალი გამჭვირვალობის მაჩვენებელი ჰქონდა, სრულიად გაუმჭვირვალე გახდა.

 

2016 წელს IDFI-მ 294 საჯარო დაწესებულებისთვის გაგზავნილ 7,430 მოთხოვნაზე სრულყოფილი პასუხი მიიღო 4, 458 განცხადებაზე, არასრულყოფილი პასუხი - 404 მოთხოვნაზე, უარი - 26 შემთხვევაში, უპასუხოდ დარჩა 1139 მოთხოვნა.

 

2016 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აჩვენა 55-მა საჯარო დაწესებულებამ. ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად დასახელდა მთლიანად იუსტიციის სამინისტროს სისტემა. სამინისტროს სისტემაში შემავალ 12 უწყებას გაეგზავნა 346 მოთხოვნა, საიდანაც პასუხი არც ერთ მოთხოვნაზე არ მიგვიღია. შედეგად, იუსტიციის სამინისტროს სისტემის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი 2016 წელს, 2013 წელთან შედარებით, 95.6%-ით გაუარესდა და 0% შეადგინა.

 

2016 წელს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი 12 უწყების გარდა, საქართველოს 294 ადმინისტრაციულ ორგანოს შორის კიდევ 14 დაწესებულება აღმოჩნდა ისეთი, რომლებმაც სრულად უგულებელყვეს კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულება და უპასუხოდ დატოვეს IDFI-ის ყველა მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით

 

IDFI-ის სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ საქართველოში არსებობს მნიშვნელოვანი დაბრკოლებები ისეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, როგორიც არის:

 

- მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებები - საერთო სასამართლოები უარს აცხადებენ საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადონ გადაწყვეტილებები მაგალითად ისეთი მაღალი საჯარო ინტერესის მქონე დავებზე, როგორიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეა. აღნიშნული პრაქტიკა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სხდომათა საქვეყნოობის პრინციპს. გადაწვეტილების მიღებისას სასამართლო არ მიმართავს არსებულ კერძო და საჯარო ინტერესს შორის ბალანსის ტესტს და ნაცვლად ამისა საკუთარ მსჯელობას მხოლოდ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინტერესზე აფუძნებს;


- ელ. ფოსტის საშუალებით სამსახურებრივი საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოებული კორესპონდენცია - დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში უკვე მრავალი წლის განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკის საწინააღმდეგოდ, საქართველოში საჯარო დაწესებულებები ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ სამსახურებრივი ელ. ფოსტის საშულებით წარმოებული კორესპონდენციის საჯაროობის საკითხს. სამწუხაროა, რომ საჯარო დაწესებულებათა პოზიციას იზიარებს სასამართლოც, როდესაც აღნიშნავს, რომ „საჯარო ინფორმაციას წარმოადგენს დოკუმენტის მხოლოდ საბოლოო სახე, რომელიც აისახება დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში“. მიუღებელია, როდესაც სასამართლო ავიწროვებს საჯარო ინფორმაციის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ცნებას და ინფორმაციის საჯაროდ მიჩნევისთვის აუცილებელ კრიტერიუმად ადგენს მის ჩართულობას დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემაში.


- საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით სასამართლოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება - ვფიქრობთ განსაკუთრებით სამწუხაროა, როდესაც საჯარო დაწესებულებები უარს აცხადებენ გასცენ საჯარო ინფორმაცია გრძელვადიანი სასამართლო პროცესების დასრულების შემდეგაც, როდესაც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით მათ დაკისრებული აქვთ პირდაპირი ვალდებულება გასცენ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია. ინფორმაციის მისაღებად აუცილებელი ხდება იძულებითი აღსრულების პროცედურების დაწყება, თუმცა როგორც არსებული პრაქტიკა ცხადყოფს, საჯარო დაწესებულებები ამ ეტაპზეც განაგრძობენ პროცესის გაჭიანურებას. აღნიშნული წარმოადგენს არამარტო ყოველი კონკრეტული პირის უფლების დარღვევას თავისუფლად მიიღოს საჯარო ინფორმაცია არამედ ასევე შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ნიშნებს;


- ინფორმაცია, რომელიც შესაძლებელია შეიცავდეს საგადასახადო საიდუმლოებას - საჯარო დაწესებულებები საგადასახადო საიდუმლოების არგუმენტზე მითითებით უარს აცხადებენ ნებისმიერი ინფორმაციის გაცემაზე, რომელიც შესაძლებელია დაკავშირებული იყოს გადასახადის გადამხდელთან. შესაბამისად საგადასახადო საიდუმლოების არგუმენტი ხშირად გამოიყენება, როგორც მექანიზმი შეიზღუდოს წვდომა ისეთი მონაცემებისადმი, რომელიც საკუთარი არსით წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას. მოცემულ საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა პრეცედენტული გადაწყვეტილება, რომელიც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საგადასახდო საიდუმლოებაში არ შეიძლება მოაზრებულ იყოს გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ არის დაკავშირებული ფინანსებთან.


ყოველივე ზემოთქმული კიდევ ერთხელ ადასტურებს, საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ქმედითი მექანიზმების არ არსებობას. საქართველოს ხელისუფლების ვალდებულება მიიღოს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონი და დანერგოს ინფორმაციის თავისუფლების დაცვის ახალი ქმედითი მექანიზმები გათვალისწინებულია არა ერთი სამოქმედო გეგმითა თუ ინიციატივით. 2015-2016 წლების საქართველოს ანტიკორუფციული სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება გადასინჯოს ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობა და წარადგინოს საქართველოს პარლამენტში კანონი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ. 2014-2015 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების ვალდებულებას. მსგავსი ვალდებულება აიღო საქართველოს ხელისუფლებამ ღია მმართველობა საქართველოს სამოქმედო გეგმითაც 2014-2015 წლებისთვის. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება და ასოცირების დღის წესრიგის განხორცილების 2016 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა შეიცავს იუსტიციის სამინისტროს მიერ ინფორმაციის თავისუფლების კანონპროექტის შემუშავებისა და მთავრობისთვის წარდგენის ვალდებულებას. მიუხედად ყოველივე ზემოაღნიშნულისა დღეის მდგომარეობით საქართველოს პარლამენტში ჯერ კიდევ არ არის ინიცირებული ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ახალი კანონის პროექტი. მეტიც, მოცემული დროისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ჯერ კიდევ არ არის საჯარო განხილვებისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის პროექტი.

 

საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2016 წლის რეიტინგი

 

საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა - 2016 წლის ანგარიში

 

/public/upload/Meri/Tako Iakobidze/FOI Report.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია

22.10.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024