საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2016 წლის ანგარიშის პრეზენტაცია

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 28 სექტემბერი 2016

28 სექტემბერი, ინფორმაციაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის საერთაშორისო დღეა! სპეციალურად ამ დღისთვის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით, გამართა აქართველოში ყველაზე ღია და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულების დაჯილდოების ცერემონიალი. ღონისძიებაზე, რომელსაც IDFI უკვე მე-7-ე წელია მართავს, განხილულ იქნა 2016 წელს საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგის შედეგები, ძირითადი ტენდენციები და სასამართლო პრაქტიკა.

 

ღონისძიება სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ (თბილისი) გაიმართა და მას სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, საელჩოებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემის პრაქტიკა 2010-2016 წლებში: IDFI-ის მიერ 2010-2016 წლებში განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში, საჯარო დაწესებულებებში სულ გაიგზავნა 37 582 საჯარო მოთხოვნის შესახებ განცხადება, საიდანაც მიღებულია პასუხი 30 729 მოთხოვნაზე.

 

2010-2016 წლებში IDFI-ის მიერ განხორცილებული მონიტორინგის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე გაცემული პასუხების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი (90%) 2013 წელს ფიქსირდება. 2014 წელს ეს მაჩვენებელი 82%-მდე შემცირდა, ხოლო 2015 წელს დაკმაყოფილებული განცხადებების მაჩვენებელმა 86% შეადგინა. 2016 წელს IDFI-ის მიერ მიღებული პასუხების რაოდენობა კვლავ შემცირდა და 85% შეადგინა. მიუხედავად ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებლის ხშირი ცვლილებისა, 2010 წელთან შედარებით დღესდღეობით მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია.  

 

ასევე ნიშანდობლივია, რომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე დიდ გავლენას ახდენს, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი არჩევნები, ასევე დაწესებულებების ხელმძღვანელ პირთა დამოკიდებულება ღია და ანგარიშვალდებული მმართველობისადმი. მაგალითად, 2010-2016 წლებში ჩვენ მიერ წარმოებულმა სტატისტიკამ აჩვენა, რომ არჩევნების შემდგომ პერიოდში შეინიშნება ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, თუმცა პროგრესი ხანმოკლეა და გრძელდება მხოლოდ ახალი ხელისუფლების მოღვაწეობის საწყის ეტაპზე. 2016 წელს გაგზავნილი მოთხოვნების მეხუთედი კვლავაც უპასუხოდ დარჩა, ხოლო ზოგიერთი უწყება, რომელსაც წინა წლებში მაღალი გამჭვირვალობის მაჩვენებელი ჰქონდა, სრულიად გაუმჭვირვალე გახდა.   

 

საჯარო ინფორმაციის გაცემის პრაქტიკა 2016 წელს: 2016 წელს IDFI-მ 294 საჯარო დაწესებულებისთვის გაგზავნილ 7,430 მოთხოვნაზე სრულყოფილი პასუხი მიიღო 4, 458 განცხადებაზე, არასრულყოფილი პასუხი - 404 მოთხოვნაზე, უარი - 26 შემთხვევაში, უპასუხოდ დარჩა 1139 მოთხოვნა.

 

2016 წლის ყველაზე ღია საჯარო დაწესებულებები: 2016 წელს IDFI-ის სიგელი გადაეცა ყველა იმ უწყებას, რომელმაც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აჩვენა. სულ დაჯილდოვდა 55 საჯარო დაწესებულება, მათ შორის:

 

• საქართველოს პარლამენტის აპარატი;

• საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო;

• საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო;

• საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;

• საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;

• პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი;

• საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.  


2016 წლის ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებები: 2016 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვისთვის დაწესებულებების რეკორდულად მაღალი რაოდენობა (25) დაფიქსირდა. ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად დასახელდა მთლიანად იუსტიციის სამინისტროს სისტემა. 2016 წელს სამინისტროს სისტემაში შემავალ 12 უწყებას გაეგზავნა 346 მოთხოვნა, საიდანაც პასუხი არც ერთ მოთხოვნაზე არ მიგვიღია. შედეგად, იუსტიციის სამინისტროს სისტემის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი 2016 წელს, 2013 წელთან შედარებით, 95.6%-ით გაუარესდა და 0% შეადგინა.

 

2016 წელს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი 12 უწყების გარდა, საქართველოს 294 ადმინისტრაციულ ორგანოს შორის კიდევ 14 დაწესებულება აღმოჩნდა ისეთი, რომლებმაც სრულად უგულებელყვეს კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულება და უპასუხოდ დატოვეს IDFI-ის ყველა მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით. კერძოდ, IDFI-ის მიერ გაგზავნილი საჯარო ინფორმაციის ყველა მოთხოვნა უპასუხოდ დატოვეს შემდეგმა საჯარო დაწესებულებებმა: შემოსავლების სამსახური, ასპინძის გამგეობა, ბოლნისის გამგეობა, საგარეჯოს გამგეობა, ყაზბეგის გამგეობა, ყვარლის გამგეობა, შუახევის გამგეობა, წალკის გამგეობა, ხონის გამგეობა, ბოლნისის საკრებულო.

 

2016 წელს აღინიშნება ინფორმაციაზე წვდომის უფლების 250 წლისთავი. ინფორმაციაზე წვდომის კანონმდებლობა მსოფლიოში პირველად 250 წლის წინ შვედეთმა და ფინეთმა მიიღეს. ასევე, 2016 წლის 28 სექტემბერს იუნესკო პირველად აღნიშნავს ინფორმაციაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის საერთაშორისო დღეს (იუნესკოს რეზოლუცია 38 C/70, 17 ნოემბერი 2015).

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024