2013 წლის მონაცემები კახეთის რეგიონიდან

სიახლეები 5 აგვისტო 2014


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აგრძელებს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან მიღებული სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაციის განთავსებას www.opendata.ge -ზე (საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა).

 

აღნიშნული ინფორმაცია ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში 2013 წელს გაცემული პრემიები და სახელფასო დანამატები, ამა თუ იმ საკრებულოს, მერიისა და გამგეობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები და სახელმწიფო შესყიდვები.

 

www.opendata.ge -ზე ასევე შესაძლებელია მერების, გამგებლების, საკრებულოს თავჯდომარეებისა და მათი მოადგილეების უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ქსეროასლების, სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებული ელექტრონული კორესპონდენციის, აუდიტორული შემოწმების აქტების და ამ შემოწმებით გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად გატარებული ღონისძიებების ნუსხის გაცნობა.

 

გთავაზობთ კახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან IDFI-ისთვის მოწოდებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციას, რომელიც www.opendata.ge -ზე უკვე ხელმისაწვდომია:

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2013 წელს პრემიის სახით სულ გაცემულ იქნა 313 320 ლარი, აქედან გამგეობის თანამშრომლებზე - 288 470 ლარი, ხოლო გამგებელსა და მის ოთხ მოადგილეზე - 24 850 ლარი. გამგებლის ორ მოადგილეს გასულ წელს ასევე დაერიცხა სახელფასო დანამატი - თითოეულს 900 ლარის ოდენობით.

 

2013 წელს სახელფასო დანამატი არ გაცემულა სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებზე, საკრებულოს თანამშრომლებზე დარიცხულმა სახელფასო დანამატის ოდენობამ კი სულ 2 565 ლარი შეადგინა.

 

2013 წელს პრემიები გაიცა სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც, აღდგომის, მარიამობისა და ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით.

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2013 წელს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული 8 შესყიდვა განახორციელა, რისთვისაც ჯამში 86 903 ლარი დაიხარჯა. აქედან ყველაზე დიდი თანხა - 15 000 ლარი - მოხმარდა მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სისტემების მომსახურებას.

 

როგორც სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, გასულ წელს ა(ა)იპ „სიღნაღის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის“ დაფინანსებამ 50 500 ლარი შეადგინა, ა(ა)იპ „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო და საგანმანათლებლო მომსახურების ცენტრის“ დაფინანსებამ - 167 800 ლარი, ხოლო სსიპ „სიღნაღის თ. მათურელის სახელობის ხელოვნების კოლეჯის“ დაფინანსებამ - 31 300 ლარი.

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და საკრებულოდან მიღებული ინფორმაცია დეტალურად იხილეთ ბმულზე.

 

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2013 წელს სახელფასო დანამატები არ დარიცხულა. პრემიის სახით მუნიციპალიტეტის გამგებელს ვლადიმერ ალიბეგაშვილს მიღებული აქვს სულ 5 300 ლარი, მის სამ მოადგილეს ერთად - 7 800 ლარი, გამგეობის თანამშრომლებს კი - სულ 193 260 ლარი.

 

რაც შეეხება გასულ წელს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაცემულ პრემიებისა და სახელფასო დანამატებს, აღნიშნულთან დაკავშირებით ლაგოდეხის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან ინფორმაცია არ იქნა მოწოდებული.

 

ინფორმაცია არ იქნა მოწოდებული ლაგოდეხის საკრებულოში ჩანაცვლებული და ბალანსზე რიცხული ავტომობილების შესახებაც. მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე კი, მიღებული ინფორმაციის თანახმად, 8 სატრანსპროტო საშუალება ირიცხება, რომელთა საერთო ნარჩენი ღირებულება სულ 94 190.6 ლარს შეადგენს. აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან 2014 წლის აპრილის მონაცემებით მუნიციპალიტეტის გამგებლის მფლობელობაში იყო 2002 წელს წარმოებული Nissan Xterra, ნარჩენი ღირებულებით 11 155.2 ლარი (შესყიდული 2011 წელს 16 800 ლარად).

 

2013 წლის განმავლობაში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა სულ 24 789 ლარის წარმომადგენლობითი ხარჯი გასწია, ასევე განახორციელა 12 გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვა, რისთვისაც ჯამში 230 983.8 ლარი დაიხარჯა.

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და საკრებულოდან მიღებული ინფორმაცია დეტალურად იხილეთ ბმულზე. 

 

 

ზემოხსენებული სახის ფინანსურ ხარჯებს 2013 წელს ადგილი ჰქონდა ახმეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებშიც. გასულ წელს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლობითმა ხარჯმა შეადგინა 60 539 ლარი, ხოლო საკრებულოს წარმომადგენლობითმა ხარჯმა - სულ 5 324 ლარი. ამასთან, მუნიციპალიტეტის გამგეობამ 145 163 ლარის გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვები განახორციელა. აქედან 80 000 ლარი გადახდილ იქნა საწვავის (ბენზინი) შეძენაზე.

 

2013 წლის განმავლობაში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პრემიის სახით სულ გაცემულია 36 222 ლარი, საკრებულოში კი - 27 980 ლარი.

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებს წარმოადგენდა ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია, რაზედაც დახარჯულ იქნა 3 944 800 ლარი (მთლიანი ბიუჯეტის მოცულობის 43,1 %).

 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გასულ წელს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიღებული აქვს დადგენილება „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“.

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და საკრებულოდან მიღებული ინფორმაცია დეტალურად იხილეთ ბმულზე. 

 

 

საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებისა და ელექტრონული მოთხოვნის სტანდარტი დამტკიცებული აქვს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსაც.

 

როგორც ირკვევა, აღნიშნული სამართლებრივი აქტი IDFI-ის მიერ წერილის გაგზავნის მომენტისათვის კახეთის რეგიონის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებიდან მხოლოდ ახმეტისა და დედოფლისწყაროს საკრებულოებს ჰქონდათ მიღებული.

 

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წელს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირებზე პრემიის სახით გაცემულია სულ 22 680 ლარი, გამგეობის თანამშრომლებზე კი - 178 614 ლარი.

 

მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებზე გასულ წელს დარიცხული პრემიების ოდენობამ შეადგინა 44 580 ლარი, ხოლო საკრებულოს აპარატის თანამაშრომლებზე გაცემულმა პრემიამ - სულ 23 141 ლარი.

 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ 2013 წელს გადაუდებელი აუცილებლობის წესით შესყიდულ იქმა 89 623.4 ლარის საწვავი და 1 300 ლარის წვევამდელების და რეზერვისტების ტრანსპორტირების მომსახურება. ამასთან, მუნიციპალიტეტის საკრებულომ გასული წლის განმავლობაში სულ 13 367 ლარის წარმომადგენლობითი ხარჯი გასწია.

 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და საკრებულოდან მიღებული ინფორმაცია დეტალურად იხილეთ ბმულზე. 

 

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ უარი განაცხადა 2014 წლის მარტის თვეში გამგებლის სამუშაო ელ. ფოსტიდან სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გაგზავნილი და მიღებული წერილების ასლების მოწოდებაზე. მათი განმარტებით, აღნიშნული არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას.

 

ანალოგიური შინაარსის მოთხოვნაზე გამგეობისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ და მოგვაწოდა საკრებულოს თავჯდომარის სამუშაო ელ. ფოსტაზე სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული წერილის ასლი.

 

მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2013 წელს საგარეჯოს გამგეობის გადაუდებელმა შესყიდვებმა სულ 161 528.41 ლარი შეადგინა, ხოლო წარმომადგენლობითმა ხარჯმა 23 410.35 ლარი.

გასული წლის განმავლობაში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ პრემიებსა და სახელფასო დანამატებზე დახარჯული თანხის ოდენობამ შეადგინა ჯამში 525 205 ლარი. აქედან პრემიის სახით გაიცა სულ 394 800 ლარი (265 პირზე), ხოლო სახელფასო დანამატის სახით - 130 405 ლარი (192 პირზე).

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და საკრებულოდან მიღებული ინფორმაცია დეტალურად იხილეთ ბმულზე

 

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბალანსზე 28 სხვადასხვა სახის სატრანსპორტო საშუალება ირიცხება. აქედან 5 ავტომობილს საბალანსო ღირებულება არ გააჩნია, დანარჩენების ნარჩენი ღირებულება კი შეადგენს სულ 111 666 ლარს (შესყიდვის ღირებულება - სულ 214 357 ლარი).

 

როგორც ჩვენთვის მოწოდებული „გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2013 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 აგვისტომდე პერიოდის ბიუჯეტის აუდიტის ანგარიშიდან“ ირკვევა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბალანსზე 2011 წლიდან რიცხული მიკროავტობუსები „Ford Transit“-ი (შესყიდული 17 000 ლარად) და „Mercedes Benz“-ი (შესყიდული 30 000 ლარად) ამავე წლიდან თხოვების წესით, ყოველგვარი სარგებლის გარეშე, გადაცემული ჰქონდა შპს „კეთილმოწყობას“. 2013 წლის პერიოდში აღნიშნული მიკროავტობუსებით (ფაქტობრივად მუნიციპალიტეტის ტრანსპორტით) შპს „კეთილმოწყობა“ 3 000 ლარის ფარგლებში მუნიციპალიტეტს მოემსახურა წვევამდელების ტრანსპორტირებაში.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის აუდიტის ანგარიშში საუბარია ასევე მთელ რიგ სხვა ფინანსური ხასიათის ხარვეზებზე. ასე მაგალითად:

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და საკრებულოდან მიღებული ინფორმაცია დეტალურად იხილეთ ბმულზე. 

 

 

თელავის ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებიდან მოწოდებული ინფორმაციით, 2013 წელს თელავის მუნიციპალიტეტმა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული 23 შესყიდვა განახორციელა, რისთვისაც სულ 117 287 ლარი დაიხარჯა. შესყიდულ იქნა ქ. თელავში დაგვა-დასუფთავება, ნარჩენების და მონახვეტის ნაგავსაყრელზე გატანა (გადახდილი თანხა: 49 613 ლარი), სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის საახალწლო ტკბილეული (გადახდილი თანხა: 2 700 ლარი), ორი ცალი მობილური ტელეფონი „Samsung S7562, HTC desire sv“ (გადახდილი თანხა: 1 064 ლარი) და ა. შ.

 

თელავის გამგეობასა და საკრებულოში 2013 წელს არ გაცემულა სახელფასო დანამატები, არ ჩატარებულა აუდიტორული შემოწმება, გამგეობის მიერ გაწეულმა წარმომადგენლობითმა ხარჯმა კი სულ 39 199 ლარი შეადგინა.

 

2014 წლის აპრილის მონაცემებით მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება 17 ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელთა საერთო ნარჩენი ღირებულება შეადგენს 126 015.83 ლარს.

 

რაც შეეხება მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს თავჯდომარის მიერ თავიანთი სამუშაო ელ. ფოსტიდან სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ მიმოწერას, ირკვევა რომ, გამგეობა არ სარგებლობს საქმის ელექტრონული წარმოებით, საკრებულოს თავჯდომარის ელ. ფოსტით განხორციელებული მიმოწერის ცალკე რეგისტრაციას კი ადგილი არ აქვს.

 

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და საკრებულოდან მიღებული ინფორმაცია დეტალურად იხილეთ ბმულზე. 

 

 

2013 წელს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვები განახორციელა ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობამაც, რისთვისაც სულ 2 410 700 ლარი დაიხარჯა. აქედან ყველაზე დიდი თანხა - 1 695 000 ლარი - გადახდილ იქნა სტიქიის შედეგად დაზიანებული „ილიას ტბის“ ჩრდილოეთ მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე და სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე.

 

მოწოდებული დოკუმენტაციის თანახმად, 2013 წელს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში ავტოსატრანსპორტო საშუალები არ ჩანაცვლებულა, მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული 20 ავტოსატრანსპორტო საშუალების საერთო ნარჩენი ღირებულება კი შეადგენს 179 437.86 ლარს.

 

IDFI-იმ 2014 წლის მარტში ყველა მუნიციპალიტეტის გამგებლის, საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები მოითხოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე აკაკი ნათალიშვილს არ ჰქონდა სრული უმაღლესი განათლება, ხოლო მეორე მოადგილე ოთარ ადომლიშვილს შეფარდებული ჰქონდა აღმკვეთი ღონისძიება.

ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და საკრებულოდან მიღებული ინფორმაცია დეტალურად იხილეთ ბმულზე

 

ზემოაღნიშნული მონაცემები წარმოადგენენ იმ ინფორმაციის მხოლოდ მცირედ ნაწილს, რომელიც IDFI-იმ კახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან გამოითხოვა და რომლის დეტალურად გაცნობა ამჟამად www.opendata.ge -ზეა შესაძლებელი.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024