2013 წლის მონაცემები სამცხე - ჯავახეთის რეგიონიდან

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 9 სექტემბერი 2014

www.opendata.ge -ზე (საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა) უკვე ხელმისაწვდომია სამცხე - ჯავახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან IDFI-ისთვის მოწოდებული სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაცია ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ 2013 წელს გაწეული სხვადასხვა სახის ფინანსური ხარჯები, მათ ბალანსზე რიცხული და ჩანაცვლებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები, 2013 წლის აუდიტორული შემოწმების (შიდა, გარე, სახელმწიფო და არასახელმწიფო) აქტები და ამ შემოწმებით გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად გატარებული ღონისძიებები, გამგებლების, საკრებულოს თავჯდომარეებისა და მათი მოადგილეების უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები, სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებული ელექტრონული კორესპონდენცია და ა. შ.

გთავაზობთ სამცხე - ჯავახეთის რეგიონის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოებიდან მოწოდებულ ინფორმაციას:

 

  • 2013 წელს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაცემულია 146 155 ლარის ოდენობის პრემია. აღნიშნული თანხიდან გამგებელსა და მის მოადგილეებს სულ მიღებული აქვთ 15 150 ლარი, ხოლო გამგეობის თანამშრომლებს - 131 005 ლარი. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 14 წევრზე გასულ წელს პრემიის სახით სულ გაიცა 54 225 ლარი, საკრებულოს თანამშრომლებზე კი - სულ 63 075 ლარი.

    ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის წარმომადგენლობითმა ხარჯებმა შეადგინეს ჯამში 12 162.85 ლარი, აქედან ყველაზე დიდი თანხა - 3 600 ლარი - დაიხარჯა ააიპ ადიგენის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების 300 აღსაზრდელისათვის საახალწლო ტკბილეულის შეძენაზე.

    2013 წელს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ განახორციელა 12 გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვა, რისთვისაც ჯამში 35 364 ლარის დაიხარჯა.ადიგენის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება 23 ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელთა საერთო ნარჩენი ღირებულება გამგეობის მონაცემებით შეადგენს 89 782 ლარს.

    2014 წლის მარტის მონაცემებით საკრებულოს თავმჯდომარის მფლობელობაში იყო 2013 წელს 24 499 ლარად შესყიდული ავტომობილი „Hyundai Santafe“, ხოლო მუნიციპალიტეტის გამგებლის მფლობელობაში - 2010 წელს 38 241 ლარად შეძენილი ავტომობილი „Mitsubishi Pajero“.


    ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და საკრებულოდან მიღებული ინფორმაცია დეტალურად იხილეთ ბმულზე

 

  • 2013 წლის დეკემბერში ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის თანამშრომლებზე გაცემულ იქნა პრემია ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ამასთან, ასპინძის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს გასული წლის მაისში პრემიის სახით მიღებული აქვს 2 650 ლარი.2013 წელს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებზე ყოველთვიურად გაიცემოდა 150 ლარის ოდენობის სახელფასო დანამატი. მუნიციპალიტეტის გამგებელს, მის მოადგილესა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლებს 2013 წლის განმავლობაში სახელფასო დანამატები არ მიუღიათ.

    როგორც ირკვევა, გასულ წელს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და გამგეობამ ერთობლივად გასწიეს 9 085 ლარის წარმომადგენლობითი ხარჯი. აღნიშნული თანხა დაიხარჯა „შოთაობის“ ღონისძიებისათვის (ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრებისათვის გამართული ბანკეტის ხარჯი - 7 900 ლარი, მოცეკვავეთა ხარჯი - 650 ლარი, საწვავის ხარჯი - 1 135 ლარი).

    ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების (სულ 18 ავტომობილი) საერთო ნარჩენი ღირებულება შეადგენს 117 219 ლარს, აქედან ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი „Landcruiser Prado 4“ (პირვანდელი ღირებულება - 48 500 ლარი, ნარჩენი ღირებულება - 37 636 ლარი) 2014 წლის აპირლის მონაცემებით გადაცემული იყო გამგებლის მფლობელობაში.

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და საკრებულოდან მიღებული ინფორმაცია დეტალურად იხილეთ ბმულზე

 

  • ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2013 წელს პრემიის სახით სულ გაცემულია 290 810 ლარი, აქედან გამგებელსა და მის მოადგილეებზე - 26 200 ლარი, ხოლო გამგეობის თანამშრომლებზე - 264 610 ლარი. 2013 წლის განმავლობაში ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაცემული პრემიების საერთო ოდენობამ შეადგინა 91 130 ლარი. აღნიშნული თანხიდან საკრებულოს თავჯდომარეს ოლეგ სანდროშვილს მიღებული აქვს 10 600 ლარი, მის მოადგილეს მალხაზ ასპანიძეს კი - 6 800 ლარი.

    ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2013 წელს სულ 4 345.30 ლარის ღირებულების წარმომადგენლობითი ხარჯები გასწია, საიდანაც 3 660 ლარი დახარჯულ იქნა შალვა ახალციხელის ხსენების დღისადმი მიძღვნილ ზეიმზე მოწვეული სტუმრებისათვის გამართული ვახშმის უზრუნველყოფაზე. გასულ წელს 4 370.20 ლარის ღირებულების წარმომადგენლობითი ხარჯები გასწია ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომაც. აღნიშნული თანხიდან ყველაზე დიდი თანხა - 1 569.20 ლარი - დახარჯულ იქნა ანსამბლ „ივერია“-ს კონცერტის მონაწილეების ალაფურშეტითა და ვახშმით უზრუნველყოფაზე.

    2013 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტმა 17 538  ლარის ღირებულების გადაუდებელი აუცილებლობით განპირობებული ორი შესყიდვა განახორციელა.

 


ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და საკრებულოდან მიღებული ინფორმაცია დეტალურად იხილეთ ბმულზე

 

  • 2014 წლის აპრილის მონაცემებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება 11 ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელთა საერთო ნარჩენი ღირებულება შეადგენს 138 431.15ლარს.

    მიღებული დოკუმენტაციის თანახმად, 2013 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისჯვრის ტერიტორიული ორგანოს ხუთი თანამშრომლის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება (ოთხი თანამშრომლის მიმართ სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო, ხოლო ერთი თანამშრომლის მიმართ მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელის გამო), ხოლო გამგეობის ერთი თანამშრომლის მიმართ, სამსახურეობრივ მოვალეობათა ბრალეული შესრულებისათვის, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - სამსახურიდან განთავისუფლება.

    როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშიდან (საანგარიშო პერიოდი: 01.01.2009-01.01.0213) ირკვევა, 2009-2012 წლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოთანაბრებითი ტრანსფერი არ მიუღია, მუნიციპალიტეტის შემოსავლის ძირითად წყაროს კი წარმოადგენდა ქონების გადასახადი და მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის. ქონების გადასახადის სახით 2009-2012 წლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტის შემოსავალმა 13 846 700 ლარი შეადგინა (მთლიანი შემოსავლის 35 %), ხოლო ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელმა - 8 377 400 ლარი (მთლიანი შემოსავლის 21%).

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და საკრებულოდან მიღებული ინფორმაცია დეტალურად იხილეთ ბმულზე

 

  • 2013 წელს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელსა და მის სამ მოადგილეს პრემიის სახით მიღებული აქვთ სულ 13 100 ლარი, ხოლო გამგეობის თანამშრომლებს - სულ 125 890 ლარი. გასული წლის განმავლობაში პრემიები გაიცა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებსა და საჯარო მოსამსახურეებზეც. საკრებულოში გაცემული პრემიების ოდენობამ შეადგინა ჯამში 37 570 ლარი. აღნიშნული თანხიდან საკრებულოს თავჯდომარეს სუმბატ კიურეღიანს მიღებული აქვს 5 300 ლარი, საკრებულოს თავჯდომარის მოადგილეს კონსტანტინე ვარდანიანს კი - 3 400 ლარი.

    ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბალანსზე ირიცხება ორი ავტომობილი: 2011 წელს 52 500 ლარად შესყიდული „Hundai Santafe“ და 2007 წელს 14 900 ლარად შესყიდული „Mitsubishi Montero“. რაც შეეხება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, ნინოწმინდის გამგეობამ აღნიშნულთან დაკავშირებით IDFI-ის ინფორმაცია არ მოაწოდა.

    ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2013 წელს გაწეულმა წარმომადგენლობითმა ხარჯებმა სულ შეადგინეს 5 606 ლარი, ხოლო საკრებულოს მიერ გაწეულმა ხარჯებმა - 2 240 ლარი.

    ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და საკრებულოდან მიღებული ინფორმაცია დეტალურად იხილეთ ბმულზე

 

  • ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2013 წელს პრემიის სახით სულ გაცემულია 250 850.67 ლარი, აქედან გამგებელსა და მის სამ მოადგილეზე - 16 170.67 ლარი, ხოლო გამგეობის თანამშრომლებზე - 234 680 ლარი. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გასულ წელს გაცემული პრემიების ოდენობამ შეადგინა ჯამში 71 795.5 ლარი (სულ 22 პირზე). აღნიშნული თანხიდან საკრებულოს თავჯდომარე ჰამლეტ მოვსესიანს მიღებული აქვს 7 820 ლარი, ხოლო მის მოადგილე გიორგი პეტროსიანს - 4 840 ლარი. 2013 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში სახელფასო დანამატები არ გაცემულა.

    მიღებული ინფორმაციის თანახმად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2013 წელს გაწეულმა წარმომადგენლობითმა ხარჯებმა სულ შეადგინეს 8 772 ლარი, ხოლო საკრებულოს წარმომადგენლობითმა ხარჯებმა - 3 616 ლარი. აღნიშნული ხარჯები გაწეულ იქნა სხვადასხვა სამინისტროების დელეგაციების ვიზიტებთან დაკავშირებით.

    2013 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული 7 შესყიდვა განხორციელდა, რისთვისაც საკრებულოსა და გამგეობის განცხადებით, სავარაუდოდ 19 730 ლარი დაიხარჯა.გამგეობის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების (სულ 10 ავტომობილი) საერთო ნარჩენი ღირებულება შეადგენს 110 341 ლარს (შესყიდვის ფასი - 256 854.2 ლარი). გამგეობის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარეს ორივეს ემსახურებათ 2010 წლის გამოშვების ერთი და იგივე ღირებულების „Hunday Santafe“, რომელთა საერთო შესყიდვის ფასი შეადგენს 96 400 ლარს. (აღნიშნული ა/მანქანების საერთო ნარჩენი ღირებულება 58 804 ლარია.)

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და საკრებულოდან მიღებული ინფორმაცია დეტალურად იხილეთ ბმულზე

 

ზემოაღნიშნული მონაცემები წარმოადგენენ იმ ინფორმაციის მხოლოდ მცირედ ნაწილს, რომელიც IDFI-იმ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან გამოითხოვა და რომლის დეტალურად გაცნობა ამჟამად www.opendata.ge -ზეა შესაძლებელი.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024

პირველი ინსტანციის სასამართლომ, შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, გიორგი დავითური სამართალდამრღვევად ცნო

11.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024