www.opendata.ge -ზე (საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა) უკვე ხელმისაწვდომია მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან IDFI-ისთვის მოწოდებული სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაცია ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ 2013 წელს გაწეული სხვადასხვა სახის ფინანსური ხარჯები, მათ ბალანსზე რიცხული და ჩანაცვლებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები, 2013 წლის აუდიტორული შემოწმების (შიდა, გარე, სახელმწიფო და არასახელმწიფო) აქტები და ამ შემოწმებით გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად გატარებული ღონისძიებები, გამგებლების, საკრებულოს თავჯდომარეებისა და მათი მოადგილეების უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები და ა. შ.
გთავაზობთ მცხეთა-მთიანეთის რეგიონის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოებიდან მოწოდებულ ინფორმაციას:
- 2013 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაცემულია 474 654 ლარის ოდენობის პრემია. აღნიშნული თანხიდან გამგებელსა და მის მოადგილეებს სულ მიღებული აქვთ 23 149 ლარი. გასულ წელს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 13 წევრზე დარიცხული პრემიების ოდენობამ სულ შეადგინა 53 425 ლარი, ხოლო საკრებულოს სხვა თანამშრომლებზე - 30 400 ლარი. მცხეთის მუნიცპილატეტის გამგეობასა და საკრებულოში 2013 წელს სახელფასო დანამატები არ დარიცხულა.
მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტმა გადაუდებელი აუცილებლობით განახორციელა 809 903 ლარის ღირებულების 13 შესყიდვა. შესყიდულ იქნა სტიქიით დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების შეკეთების სამუშაოები (შესყიდვის ღირებულება: 643 000 ლარი), ასევე სოცილაურად დაუცველი მოსახლეობისთვის 500 კბ.მ ხე-ტყის მოჭრა-დამზადება (შესყიდვის ღირებულება: 25 424 ლარი), სოფ. წინამძღვრიაანთკარის დევნილთა დასახლებისთვის ჭაბურღილის ტუმბო (შესყიდვის ფასი: 1 980 ლარი) და ა.შ.
როგორც ირკვევა, მცხეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტში საკრებულოს წარმომადგენლობითი ხარჯები არ იყო გათვალისწინებული, ხოლო გამგეობის წარმომადგენლობითმა ხარჯებმა შეადგინა ჯამში 159 417 ლარი. აქედან ყველაზე დიდი თანხა 37 977 ლარი გაიხარჯა მცხეთობის დღესასწაულზე მოწვეული სტუმრების სადილით გამასპინძლებაზე.
2013 წლის დეკემბრის თვის მდგომარეობით მცხეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული 60 ავტომობილის საერთო ნარჩენი ღირებულება შეადგენს 795 460.94 ლარს (შესყიდვის ფასი - ჯამში 1 332 676.79 ლარი). საკრებულოს თავმჯდომარის მფლობელობაში იმყოფება 21 880 ლარად შესყიდული 2002 წელს გამოშვებული მერსედეს ბენცი.
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და საკრებულოდან მიღებული ინფორმაცია დეტალურად იხილეთ ბმულზე.
- დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელსა და მის სამ მოადგილეს 2013 წელს სახელფასო დანამატის სახით სულ მიღებული აქვთ 4 912 ლარი, ხოლო დანარჩენ თანამშრომლებს 52 083 ლარი. დუშეთის გამგეობაში გასულ წელს ერთჯერადად გაიცა მხოლოდ სარვამარტო პრემია ქალბატონებისათვის- სულ 3339 ლარი. მაგალითად გამგებლის მოადგილემ ნინო ხუციშვილმა სარვამარტო პრემიის სახით მიიღო მხოლოდ 63 ლარი. 2013 წელს საკრებულოს წევრებზე სულ გაიცა 13 152 ლარის ოდენობის სახელფასო დანამტი, ხოლო სხვა თანამშრომლებზე 3 769 ლარი. გამგეობის მსგავსად საკრებულოშიც 2013 წელს გაიცა მხოლოდ სარვამარტო პრემია - სულ 630 ლარი.
2013 წლის განმავლობაში დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაწეულმა წარმომადგენლობითმა ხარჯმა ჯამში შეადგინა 10 190 ლარი, აქედან 7 995 ლარი დახარჯულ იქნა ათ სხვადასხვა სახის ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრების გამასპინძლებისთვის. გასულ წელს 5 638.96 ლარის წარმომადგენლობითი ხარჯი გასწია დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომაც. აღნიშნული ხარჯიდან ყველაზე დიდი თანხა - 2 480 ლარი - მოხმარდა 2013 წლის 1 და 2 აგვისტოს ქ. დუშეთში მცირე და საშუალო სიდიდის ისტორიული ქალაქების მართვის გაუმჯობესების საკითხებზე მიძღვნილ ღონისძიებებზე მოწვეული სტუმრების გამასპინძლებას.
დუშეთის მუნიციპალიტეტში 2013 წელს განხორციელდა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული 4 გამარტივებული შესყიდვა, რისთვისაც ჯამში 77 205 ლარი დაიხარჯა. შესყიდულ იქნა სოფ. ბაზალეთის სასმელი წყლის სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები (ხელშეკრულების ღირებულება: 15 686 ლარი), საჰაერო ფრენების განხორციელებათბილისი-შატილი-არხოტი-თბილისის მიმართულებით (ხელშეკრულების ღირებულება: 14 603 ლარი) და ა. შ.
როგორც ირკვევა, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება 8 ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელთა საერთო ნარჩენი ღირებულება შეადგენს 43 948 ლარს (საბალანსო ღირებულება - 53 282 ლარი). აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან 2014 წლის მარტის მონაცემებით გამგებლის მფლობელობაში იყო 12 970 ლარად შეძენილი ავტომობილი Volvo S 80 (2002 წლის გამოშვება), ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის მფლობელობაში - 10 800 ლარად შეძენილი ავტომობილი Honda CR-V (2000 წლის გამოშვება).
დუშეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის საკუთარი შემოსულობების გეგმამ (ბიუჯეტით გათვალისწინებული ტრანსფერის გარეშე) შეადგინა 2 450 000 ლარი, ხოლო ფაქტიურმა შემოსულობებმა 2 719 800 ლარი.
მათ შორის:
- ფიზიკურ პირთა ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის გეგმა შესრულდა 183,3 %-ით (გეგმა -15 000 ლარი; ფაქტი - 27 500 ლარი);
- მშენებლობის სანებართვო მოსაკრებელი შესრულდა 140,9 %-ით (გეგმა - 11 000 ლარი; ფაქტი - 15 500 ლარი);
- შემოსავალი ჯარიმებიდან, სანქციებიდან და საურავებიდან შესრულდა 105,1 %-ით (გეგმა - 86 000; ფაქტი - 90 400 ლარი).
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და საკრებულოდან მიღებული ინფორმაცია დეტალურად იხილეთ ბმულზე.
- თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2013 წელს სულგაცემულია 61 060 ლარის ოდენობის პრემია, საიდანაც გამგებელსა და მის სამ მოადგილეს მიღებული აქვს - 5 860 ლარი, ხოლო სხვა თანამშრომლებს - 55 200 ლარი. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებზე გასულ წელს დარიცხული პრემიების ოდენობამ სულ შეადგინა 9000ლარი, ხოლო საკრებულოს აპარატის თანამაშრომლებზე- 8 960 ლარი.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ 2013 წელს განხორციელდა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული 5 შესყიდვა, რისთვისაც ჯამში 264 465 ლარი დაიხარჯა. აქედან ყველაზე დიდი თანხა - 226 170 ლარი - მოხმარდა სოფელ ჩაბანოში მდინარე საგამზე კაპიტალური ხიდის მშენებლობის სამუშაოებს.
2013 წლის განმავლობაში თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაწეულმა წარმოამდგენლობითმა ხარჯებმა შეადგინა 20 985 ლარი, ხოლო საკრებულოსი - 2 189 ლარი.
2014 წლის მდგომარეობით თიანეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება 75 917 ლარის ნარჩენი ღირებულების მქონე 13 ავტომანქანა.
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და საკრებულოდან მიღებული ინფორმაცია დეტალურად იხილეთ ბმულზე.
- ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2013 წელს პრემიის სახით სულ გაცემულია 52 415 ლარი. აღნიშნული თანხიდან მუნიციპალიტეტს გამგებელსა და მის სამ მოადგილეს მიღებული აქვს სულ 5 960 ლარი. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებზე გასულ წელს სულ გაცემულია23 560 ლარის ოდენობის პრემია.
2013 წელს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობამ განახორციელლა გადაუდებელი აუცილებლობით განპირობებული 324 569 ლარის ღირებულების შესყიდვები. აქედან ყველაზე დიდი თანხა 300 000ლარი - მოხმარდა ტრაქტორისა და გრეიდერის შესყიდვას.
2014 წლის აპრილის მონაცემებით ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება 34 ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელთა საერთო ნარჩენი ღირებულება შეადგენს 398 217 ლარს.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და საკრებულოდან მიღებული ინფორმაცია დეტალურად იხილეთ ბმულზე.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან IDFI-ის მიერ მოთხოვნილ იქნა მათ მიერ დამტკიცებული ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტის ასლები. აღნიშნული აქტი, როგორც გაირკვა, ინსტიტუტის მიერ წერილის გაგზავნის მომენტისათვის მცხეთა-მთიანეთის რეგიონის არცერთ ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოს არ ჰქონდა მიღებული.
ზემო აღნიშნული მონაცემები წარმოადგენენ იმ ინფორმაციის მხოლოდ მცირედ ნაწილს, რომელიც IDFI-იმ მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან გამოითხოვა და რომლის დეტალურად გაცნობა ამჟამად www.opendata.ge -ზეა შესაძლებელი.