პანდემიასთან ბრძოლის 18 თვე: ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგი - საბოლოო ანგარიში

სიახლეები | კვლევები | კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები | აქტუალური თემები | ანალიზი | ანგარიში 16 ივლისი 2021

2020 წლის დასაწყისიდან საქართველო ახალი კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულ პანდემიასთან ცდილობს გამკლავებს. ამ ბრძოლის ეფექტებს სოციალური ურთიერთობების არცერთი სფერო არ დაუტოვებია ხელშეუხებელი. პანდემიის გავრცელებამ ყველაზე მეტად ადამიანის ძირითადი უფლებები დააზარალა, ვინაიდან სწორედ მათი შეზღუდვა იქცა პანდემიასთან ბრძოლის მთავარ იარაღად.

 

საქართველოშიკონსტიტუციური დემოკრატია და კანონის უზენაესობა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. სახელმწიფოში დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტებისა და სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობა არის დაბალი. გასათვალისწინებელი ფაქტორია, რომ პანდემიასთან ბრძოლა ოპოზიციის მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტს დაემთხვა. ყოველივემ ეჭვქვეშ დააყენა აღმასრულებელი ხელისუფლების ექსტრაორდინალურად გაზრდილი ძალაუფლებაზე ეფექტური პოლიტიკური თუ სამართლებრივი კონტროლის განხორციელება.

 

პანდემიის მართვის მიზნებისთვის  ამ პერიოდში შეიზღუდა არაერთი კონსტიტუციური უფლება, გამოიკვეთა არაერთი შინაარსობრივი და პროცედურული პრობლემა, როგორც შეზღუდვების დადგენის, ისე მათი აღსრულების თვალსაზრისით. ყოველივე უარყოფითად აისახაადამიანის უფლებათა დაცვისა და კანონის უზენაესობის ხარისხზე.

 

საქართველოში პანდემიასთან ბრძოლა პირობითად სამ ეტაპად შეგვიძლია დავყოთ. საგანგებო მდგომარეობამდე, საგანგებო მდგომარეობისას და de facto საგანგებო მდგომარეობის პირობებში.  წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილია, თითოეულ დასახელებულ პერიოდში ადამიანის ძირითად უფლებათა დაცვის თვალსაზრისით გამოვლენილი ძირითადი პრობლემები.

 

ძირითადი მიგნებები

 

საქართველოს პარლამენტთან დაკავშირებით

 

- საქართველოს პარლამენტმა პანდემიისას ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილება სრულად აღმასრულებელ ხელისუფლებას გადაანდო. პარლამენტის როლი ფაქტობრივად უფლებამოსილებების დელეგირებით, კონსტიტუციის პირდაპირი ვალდებულების შესრულებით, ამოიწურება. 

 

- 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, ოპოზიციის მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტმა საპარლამენტო კონტროლის ეფექტურობაზე არსებითი გავლენა მოახდინა.

 

აღმასრულებელ ხელისუფლებასთან დაკავშირებით

 

- ადამიანის ძირითად უფლებათა შეზღუდვის თაობაზე პანდემიისას გადაწყვეტილების მიღებაზე ძირითადი ინიციატივა ეკუთვნის უწყებათაშორის საბჭოს, რომელიც წარმოადგენს მთავრობის სათათბირო ორგანოს და რომლის შემადგენლობაშიც მთავრობის ყველა წევრია. უწყებათაშორისი საბჭოს დებულება არ არის გამოქვეყნებული საკანონმდებლო მაცნეზე. კვლევის მიმდინარეობისას გამოიკვეთა რომ უწყებათაშორის საბჭოს არ გააჩნია საქმიანობის წესი/დებულება. მთავრობამ მხოლოდ მისი შემადგენლობა განსაზღვრა. 

 

- უწყებათაშორისი საბჭოს სხდომები დახურულია. ამის გამო, ადამიანის უფლებათა სისტემური შეზღუდვების დაწესების თაობაზე გადაწყვეტილებები საზოგადოებას, როგორც წესი, მათი მიღების შემდგომ ეცნობება.

 

- Covid რეგულაციების აღსრულების პროცესში იკვეთება არაერთი სამართლებრივი პრობლემა, რაც მთლიანობაში უთანასწორო მოპყრობის, ფორმალური წესრიგისგან გვერდის ავლის და, შედეგად, არაერთი ძირითადი უფლების დაზიანების რისკს ქმნის. 

 

კომენდანტის საათი

 

- საჯაროდ არ არის ხელმისაწვდომი [უცნობია არსებობს თუ არა ამგვარი დოკუმენტი] მეცნიერული კვლევა/ანალიზი, რომელიც საქართველოში კომენდანტის საათის ეფექტურობის თაობაზე დასკვნების გამოსატანად გამოიყენებოდა.

 

- კომენდანტის საათი გამოყენებულ იქნა შეკრებებისა და მანიფესტაციების მონაწილეთა წინააღმდეგ. კომენდანტის საათის აღსრულების ფორმებმა და მეთოდებმა შექმნა რელიგიური დისკრიმინაციისა და ზოგადად, უთანასწორობის საფრთხე.

 

- Google-ის მონაცემებით, კომენდანტის საათის მოქმედების პირობებში (2020 წლის 30 ივნისამდე) მოსახლეობა პანდემიამდე არსებულ ნიშნულთან შედარებით საცხოვრებელ ადგილას 9 პროცენტით ნაკლებ დროს ატარებდა, (პანდემიამდე არსებულ ნიშნულთან შედარებით). ეს მონაცემები მიუთითებს, რომ კომენდანტის საათი ეფექტურ შედეგებს იძლევა როდესაც იგი სხვა შეზღუდვებთან ერთად გამოიყენება.

 

- შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფომ კომენდანტის საათი არ გამოიყენა როგორც უკიდურესად აუცილებელ წერტილოვანი ღონისძიება. კომენდანტის საათის ხანგრძლივად გამოყენებამ ეჭვქვეშ დააყენა ამ ინსტრუმენტის თანაზომიერება/პროპორციულობა.

 

სასამართლო და სამოქალაქო კონტროლი

 

- სამოქალაქო კონტროლის ჯეროვნად განხორციელებას არსებითად აბრკოლებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა. საჯარო დაწესებულებები, როგორც წესი, პროაქტიულად არ აქვეყნებენ პანდემიასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან მონაცემებს. საგანგებო მდგომარეობის დროს, ბლანკეტურად შეჩერდა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადები.

 

- საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე საჯარო დაწესებულებების მიერ მოწოდებულ პასუხთა უმრავლესობა გაცემულია კანონით გათვალისწინებული ვადების დარღვევით და არასრულყოფილად.

 

- იკვეთება, რომ როგორც საერთო სასამართლოები, ისე საკონსტიტუციო სასამართლო ეფექტურად არ/ვერ რეაგირებენ პანდემიასთან დაკავშირებულ მიმდინარე სისტემურ სამართლებრივ პრობლემებზე.

 

Covid რეგულაციების აღსრულებასთან დაკავშირებით

 

- გამოიკვეთა გამოხატვის თავისუფლებით მოსარგებლე პირთა [მანიფესტაცია/პროტესტი], სამაგალითო და სანიმუშო დასჯის/დაშინების შემთხვევები.

 

- საქართველოს მთავრობის რაოდენობრივ მსჯელობაზე დაფუძნებულმა გადაწყვეტილებებმა შექმნა რელიგიური დისკრიმინაციის მომეტებულ რისკი.

 

- სამართალდამცავი ორგანოების მიერ ათიათასობით უკანონო ჯარიმა გამოიწერა.

 

- 2021 წლის თებერვლის ჩათვლით შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 8737, ხოლო იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის 10431 ფაქტი გამოავლინა.  დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოვლინდა ეკონომიკურ სუბიექტთა მიერ Covid რეგულაციების დარღვის181 ფაქტი (2021 წლის 22 მარტის ჩათვლით).

 

- ეკონომიკურ სუბიექტთა მიმართ რეგულაციების აღსრულება განსაკუთრებით შესუსტდა 2020 წლის აგვისტოში. ამ პერიოდში ჯანდაცვის სამსახურების მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ 2 დარღვევა გამოავლინა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოვლენილ დარღვევათა 90% სამ ყველაზე დიდ ქალაქზე მოდის (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი).

 

- შსს-მ იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევათა 38% ქალაქ თბილისში გამოავლინა. მეორე ადგილს 11%-ით აჭარა და ქვემო ქართლი ინაწილებს, ხოლო მესამე ადგილზეა კახეთი 9%-ით.

 

- შსს-სა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ერთობლივად გამოვლენილ სამართალდარღვევათა რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილზეა თბილისი,სადაც სამართალდარღვევათა 31% გამოვლინდა, ხოლო 5%-ით ბოლო ადგილზეა გურია.

 

- შინაგან საქმეთა სამინისტროს და სსიპ შრომის ინსპექციის მიერ პანდემიისას (2021 წლის თებერვლის ჩათვლით)  გამოწერილ ჯარიმათა ჯამური  ოდენობა აღემატება 50 000 000 ლარს.

 

- Covid რეგულაციებისდარღვევასთან და  გამოვლენილ სამართალდარღვევათა აღსრულებასთან დაკავშირებით არსებობს არაერთი კითხვის ნიშანი, რომელზე პასუხის გაცემა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება საჯარო დაწესებულებების მიერ შესაბამისი ინფორმაციის მოუწოდებლობის გამო.

 

Covid რეგულაციების დარღვევისთვის გამოცხადებულ ამნისტიასთან დაკავშირებით

 

- 23 ივნისს საქართველოს მთავრობის, ხოლო 24 ივნისს ფრაქციის („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია- „ძალა ერთობაშია“)მიერ საქართველოს პარლამენტში Covid რეგულაციების დარღვევისთვის ამნისტიასთან/ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით ორი განსხვავებული შინაარსის ინიციატივა დარეგისტრირდა.

 

- მთავრობის მიერ დარეგისტრირებული ინიციატივა ადმინისტრაციული სახდელისგან ათავისუფლებს საგანგებო მდგომარეობისას ისევე როგორც საგანგებო მდგომარეობის დაკისრებულ ყველა აღუსრულებელ სახდელს. კანონპროექტის „საამნისტიო პერიოდს“ საერთოდ არ განსაზღვრავს. მთავრობის ინიციატივა, ირიბად, მომავალში (კანონის პროექტის მიღებამდე) ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვებზეც ითვალისწინებს სახდელისგან გათავისუფლებას.

 

- მთავრობის ინიციატივისგან საპირისპიროდ, ფრაქციის („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია- „ძალა ერთობაშია“)მიერ დარეგისტრირებული ინიციატივა ადმინისტრაციული სახდელისგან ათავისუფლებს პირებს, რომლებსაც 2021 წლის პირველ ივლისამდე დაეკისრათ სახდელი, ამასთან იგი ითვალისწინებს უკვე აღსრულებული ფულადი ჯარიმების უკან დაბრუნებას.

 

რეკომენდაციები

 

- უნდა გაიზარდოს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ჩართულობა პანდემიისას ადამიანის ძირითად უფლებათა შეზღუდვის სფეროში. საქართველოს პარლამენტმა უნდა გააქტიუროს კონსტიტუციითა და რეგლამენტით მისთვის მინიჭებული, აღმასრულებელი ხელისუფლების სამართლებრივი და პოლიტიკური კონტროლის მექანიზმები. კომენდანტის საათის გამოყენების საკითხი უნდა გახდეს საპარლამენტო განხილვის საგანი.

 

- პანდემიის მართვის სამართლებრივი ვერტიკალი უნდა დაიხვეწოს. უნდა გაიზარდოს უწყებათაშორისი საბჭოს გამჭვირვალობა და ჩართულობა. უნდა განისაზღვროს უწყებათაშორისი საბჭოს საქმიანობის და გადაწყვეტილების მიღების წესი.

 

- საქართველოს მთავრობამ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ (ოპერაციულმა შტაბმა), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ  უნდა უზრუნველყონ პანდემიის მართვასთან და შეზღუდვების აღსრულებასთან დაკავშირებული ღია მონაცემებისა და ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობა.

 

- სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს თანასწორობის დაცვას covid რეგულაციების შემოღებისა და აღსრულების პროცესში.

 

- საერთო და საკონსტიტუციო სასამართლომ, პრიორიტეტულად უნდა განიხილონ ის საქმეები, რომლებიც პანდემიის მართვისას დაწესებული მოქმედი შეზღუდვების კონსტიტუციურობა/კანონიერებაა გასაჩივრებული.

 

- საერთო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს პანდემიასთან დაკავშირებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების გამოქვეყნება ან/და საკუთარი პრაქტიკის სხვაგვარად ხელმისაწვდომობა.

 

- საქართველოს პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს კოვიდ რეგულაციების დარღვევაზე პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული ამნისტიის დროულად მიღება და კანონის თანხვედრა, იმ ლეგიტიმურ მოლოდინებთან რომლებიც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მოსახლეობას შეუქმნა. 

 

/public/upload/EU/Final Reports/18_months_of_the_fight_against_the_pandemic_human_rights_monitoring_final_report.pdf 

 

 

ანგარიში მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია IDFI და იგი შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023