კომენტარი შრომის კოდექსის ცვლილებათა კანონპროექტში გამოუყენებელი შვებულების ნაცვლად კომპენსაციის მიღების უფლების ფორმულირებასთან დაკავშირებით

სიახლეები | კვლევები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები 4 მარტი 2013

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2013 წლის 28 იანვარს საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსის ცვლილებათა კანონპროექტი გამოაქვეყნა. IDFI გამოეხმაურა ცვლილებათა პროექტს და ვებ-გვერდზე განათავსა კომენტარი სამსახურიდან გათავისუფლებული პირისათვის გამოუყენებელი შვებულების ნაცვლად კომპენსაციის გადახდის საკითხის კოდექსით დარეგულირების საჭიროების თაობაზე. კომენტარი წერილობით გადაეგზავნა იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, ბატონ ალექსანდრე ბარამიძესაც. მივესალმებით შრომის კანონმდებლობის რეფორმირების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვის ფაქტს და მოხარულნი ვართ, რომ გამოთქმული შენიშვნები გათვალისწინებული იქნა კანონპროექტის რედაქტირებისას. ამავდროულად, გვსურს ჩვენი მოსაზრება გამოვხატოთ 27 თებერვალს გამოქვეყნებულ გადამუშავებულ კანონპროექტში კომპენსაციის გაცემის ფორმულირების თაობაზე.

პირველ რიგში, მივესალმებით შრომის კანონმდებლობის რეფორმირების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვის ფაქტს და მოხარულნი ვართ, რომ გამოთქმული შენიშვნები გათვალისწინებული იქნა კანონპროექტის რედაქტირებისას. ამავდროულად, გვსურს ჩვენი მოსაზრება გამოვხატოთ კომპენსაციის გაცემის ფორმულირების თაობაზე.


კანონპროექტში დამატება ფორმულირებულია შემდეგნაირად: ‚‚4. დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად.‘‘


შედარებისთვის, ავიღოთ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ‚‚ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ‘‘ 52-ე კონვენციის შესაბამისი პუნქტი: ‚‚კუთვნილი შვებულებით სარგებლობამდე დამქირავებელთა მიზეზით დათხოვნილი პირი ამ კონვენციის თანახმად მისი კუთვნილი შვებულების ყოველი დღისათვის იღებს მე-3 მუხლით გათვალისწინებულ გასამრჯელოს‘‘ - კონვენციის მე-3 მუხლში საუბარია საშვებულებო ანაზღაურებაზე.


ნორმის გამოყენების პირველ წინაპირობას წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, რომელიც დამსაქმებლის ინიციატივით ხორციელდება. მიგვაჩნია, რომ კანონმდებელი მეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს აღნიშნული წინაპირობის ფორმულირებას, რათა თავიდან აიცილოს იმ მიზეზთა ჩამონათვალის ზედმეტად გაფართოვება, რომელთა დროსაც დამსაქმებელს კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დაეკისრება. მაგალითად, ამავე კანონპროექტის თანახმად, ‚‚ხელშეკრულება შესაძლებელია შეწყდეს დასაქმებულის მიერ მასზე ინდივიდუალური ან კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებით ან შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის‘‘ შემთხვევაში; ნათელია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის ინიციატივა ამ შემთხვევაში, დამსაქმებლისგან წამოვა. ზემოთ მოყვანილი ფორმულირების მიხედვით კი მას ასეთ შემთხვევაში გამოუყენებელი შვებულების სანაცვლო ფულადი კომპენსაციის გადახდის ვალდებულებაც დაეკისრება. კონვენციაში განსაზღვრული ფორმულირება ნორმის გამოყენების წინაპირობად დამქირავებლის მიზეზით (a reason imputable to the employer) პირის დათხოვნას ასახელებს, რაც ცალსახად არ გულისხმობს დამსაქმებლის ვალდებულებას, ვალდებულებების დარღვევის გამო დასაქმებულის გათავისუფლების შემთხვევაში მას გამოუყენებელი შვებულების სანაცვლო კომპენსაცია გადაუხადოს. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ უმჯობესი იქნება ნორმის გამოყენების ამ წინაპირობის ფორმულირებისას დამსაქმებელთა ინტერესებიც იქნას გათვალისწინებული.


‚‚დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება‘‘ - უპრიანი იქნება, თუ აღინიშნება, რომ საუბარია გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების სანაცვლო კომპენსაციის გადახდაზე, ვინაიდან იგივე მუხლი დასაქმებულს ანაზღაურების გარეშე შვებულებით სარგებლობის უფლებასაც ანიჭებს.


აქვე, მოკლედ შევეხებით კომპენსაციის ოდენობას. კანონპროექტის თანახმად, ანაზღაურება მოხდება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად. როგორ გავიგოთ სიტყვა ‚‚პროპორციულად‘‘ და ბუნდოვანებას ხომ არ სძენს იგი ნორმას? მაგალითისათვის, დავუშვათ, რომ პირს, რომელიც დასაქმებული იყო 2007-2013 წლების განმავლობაში, სრულად არ გამოუყენებია ანაზღაურებადი შვებულება 2008, 2009 და 2012 წლებში; ასევე, 2013 წელს მას ჯერ არ უსარგებლია ანაზღაურებადი შვებულებით. უდავოა, რომ თუ მასთან არსებული შრომითი ხელშეკრულება შეწყდება, კოდექსით დადგენილი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, მას 2013 წლისათვის კუთვნილი და 2012 წლიდან გადმოტანილი გამოუყენებელი შვებულების დღეების შესაბამისი ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოეშვება. თუმცა, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ კანონპროექტში გამოყენებული სიტყვა ‚‚პროპორციულად‘‘ მას 2008-2009 წლებში დარჩენილი გამოუყენებელი შვებულების დღეების კომპენსაციის მოთხოვნის უფლებასაც ანიჭებს. ასეთ შემთხვევაში, ვთვლით, რომ აღნიშნული პრინციპი ეწინააღმდეგება კოდექსის 21-ე და 25-ე მუხლებით განსაზღვრულ ფასიანი შვებულების გამოყენების წესს. კერძოდ, 21-ე მუხლის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით ყოველწლიურად, დადგენილი ოდენობით. ხოლო 25-ე მუხლი ანაზღაურებადი შვებულების გადატანის საშუალებას იძლევა, თუმცა არაუმეტეს ზედიზედ ორი წლის განმავლობაში. ანუ, 2008 წლიდან 2009 წელს გადატანილი შვებულება, რომელიც არ იქნა სრულად გამოყენებული 2009 წელს, გაქარწყლდა და არ დამატებია მომდევნო წლების შვებულებას. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დასაქმებულმა გადაწყვიტა, არ ესარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და მას აღარ ეკუთვნის ‚‚ძველი‘‘ შვებულების დღეები. კანონპროექტის ფორმულირება კი - ანაზღაურება მოხდება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად - ახალ სიცოცხლეს სძენს გასულ წლებში შემორჩენილ შვებულების დღეებს და ჩვენი აზრით, უმძიმებს კომპენსაციის ტვირთს დასაქმებულს (მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ პრაქტიკაში არსებულ ბევრ შემთხვევას, როდესაც დასაქმებულებს რამდენიმე წლის განმავლობაში არ გამოუყენებიათ კუთვნილი შვებულება, ამა თუ იმ მიზეზის გამო). ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, უმჯობესი იქნება, ნათლად განისაზღვროს, რომ შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის მიზეზით შეწყვეტის შემთხვევაში, დასაქმებული, მისი კუთვნილი გამოუყენებელი შვებულების ყოველი დღისათვის მიიღებს კომპენსაციას, კოდექსით განსაზღვრული საშვებულებო ანაზღაურების შესაბამისი ოდენობით.


და ბოლოს, მცირე შენიშვნა დამატების მდებარეობასთან დაკავშირებით: პროექტის თანახმად, დამატების შეტანა დაგეგმილია შრომის კოდექსის 21-ე მუხლში, რომელიც შვებულების ხანგრძლივობას განიხილავს. ვფიქრობთ, უმჯობესი იქნებოდა, აღნიშნული დამატება სხვა მუხლში, მაგალითად 22-ე (‚‚შვებულების მიცემის წესი‘‘) ან 26-ე (‚‚საშვებულებო ანაზღაურება‘‘) მუხლში განხორციელებულიყო, ვინაიდან არ ჯდება 21-ე მუხლის - შვებულების ხანგრძლივობის თემატიკაში.

კომენტარი შრომის კოდექსის ცვლილებათა კანონპროექტში გამოუყენებელი შვებულების ნაცვლად კომპენსაციის მიღების უფლების ფორმულირებასთან დაკავშირებით

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023