COVID-19-ის პერიოდში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები

სიახლეები | კვლევები | კორუფციასთან ბრძოლა | აქტუალური თემები | ანალიზი 9 დეკემბერი 2020

2020 წლის 26 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა, 21 მარტს კი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 22 მაისამდე გაგრძელდა. აღნიშნულ პერიოდში, კორონა ვირუსთან დაკავშირებული შესყიდვები ძირითადად გამარტივებული წესით ხორციელდებოდა. საგანგებო მდგომარეობის ამოწურვის შემდგომაც, ძირითადი საქონლისა და მომსახურების შესყიდვა გამარტივებული წესით გაგრძელდა. მიმდინარე პერიოდში IDFI-იმ მოამზადა ორი კვლევა, რომელიც მიმოიხილავდა შესყიდვების მიმდინარეობის პროცესს, და გასცემდა შესაბამის რეკომენდაციებს. აღნიშნულმა კვლევებმა მოიცვა 15 მაისამდე პერიოდი და მეტწილად, ორიენტირებული იყო მსხვილი შესყიდვების მიმწოდებლებისა და მათი კავშირების გამოაშკარავებაზე. წარმოდგენილი ანგარიშით კი შემოგთავაზებთ შეჯამებას, 21 მარტიდან 15 ნოემბრის მდგომარეობით ძირითად სტატისტიკურ მონაცემებსა და გამოკვეთილ სისტემურ პრობლემებს.

 

მონაცემები მოძიებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს SPM (გამარტივებული შესყიდვის სააგენტოსთან შეთანხმების) მოდულიდან და ელექტრონული ტენდერის მოდულიდან. 15 მაისამდე პერიოდის მონაცემები ეყრდნობა IDFI-ის მიერ გამოქვეყნებულ, Covid-19-თან დაკავშირებული გასული ორი კვლევის ფარგლებში მოძიებულ მონაცემებს.

 

ძირითადი მიგნებები

 

- 21 მარტიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, სასტუმროებისა და კლინიკების მომსახურების შესყიდვებში 200 მლნ ლარამდე დაიხარჯა.

 

- 21 მარტიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, სავალდებულო კარანტინის უზრუნველყოფისათვის საჭირო პროდუქტისა და მომსახურების შესყიდვებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 78 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.

 

- საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 ნოემბერის განკარგულებით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დამატებით გამოეყო 35 მილიონი ლარის რესურსი, რაც უკვე დახარჯულ თანხასთან ერთად 100 მლნ ლარს აჭარბებს. დამატებითი რესურსით უნდა გაგრძელდეს კოვიდ სასტუმროების მობილიზება და ამ პროცესთან დაკავშირებული სხვა მომსახურებების უზრუნველყოფა.

 

- კლინიკებში დამატებითი საწოლების მობილიზების მიზნით, სოციალური მომსახურების სააგენტომ შესყიდვების სააგენტოსაგან, ივლისიდან ნოემბრის ჩათვლით, ჯამში 98.5 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულების შეთანხმება მოითხოვა.

 

- საკარანტინე/საველე სივრცეებში მედპერსონალის უზრუნველსაყოფად სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შეთანხმებული ხელშეკრულებების ჯამურმა თანხამ 625,537 ლარი შეადგინა. მხოლოდ ნოემბერში კი დამატებით 300,000 ლარამდე ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა.

 

- შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში არ ხდება ცალკე Covid-19-თან დაკავშირებული შესყიდვების გამოყოფა და მათი შესაბამისი ანალიზი, რისი მაგალითებიც მეზობელი ქვეყნების შემთხვევაში გვაქვს.

 

- შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში არ არის უზრუნველყოფილი ინფორმაციის ღია, დამუშავებად ფორმატში მოპოვების შესაძლებლობა.

 

- შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში Covid-19-თან დაკავშირებული დოკუმენტები CMR და SMP მოდულებში ხშირ შემთხვევაში არასისტემურადაა განთავსებული, რაც დამუშავებად ფორმატში არარსებული მონაცემების ფონზე, კიდევ უფრო ართულებს ამ კატეგორიის შესყიდვების მონიტორინგს.

 

- თავდაცვის სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტრო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში საჯაროდ არ აქვეყნებენ გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებებს, მათ შორის Covid-19-თან დაკავშირებული შესყიდვების შემთხვევაშიც.

 

დასკვნა

 

გაანალიზებული მონაცემებით ჩანს, რომ თანხების უდიდესი ნაწილი იხარჯება კოვიდსასტუმროებისა და კლინიკების მობილიზებაზე. ამ მიზნობრიობით შესყიდვების უდიდესი ნაწილი ხორციელდება გამარტივებული წესით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ Covid-19-თან დაკავშირებული ზოგიერთი მომსახურების შესყიდვა ნაწილობრივ უბრუნდება ელექტრონული ტენდერის ფორმატს, რაც მისასალმებელია, თუმცა ასეთი შემთხვევები არ არის ბევრი. ვთვლით, რომ ისეთი მომსახურების შესყიდვები, რომელიც უკვე აპრობირებულია და მათი საჭიროების შესახებ წინასწარი ცოდნა არსებობს, შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, რათა მოხდეს მეტი კონკურენციის უზრუნველყოფა.

 

მნიშვნელოვანია, რომ შესყიდვების მონიტორინგი დაკავშირებულია ბევრ ტექნიკურ პრობლემასთან. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანია ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების არ არსებობა ღია, დამუშავებად ფორმატში. Covid-19-თან დაკავშირებული შესყიდვების მხრივ კი ცალკე მოდულის/საფუძვლის არარსებობა იწვევს ასეთი შესყიდვების სისტემაში გაფანტვას, რომელთა შეგროვება და კოვიდ-შესყიდვად იდენტიფიცირება, ხშირ შემთხვევაში რთულია. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ზოგიერთი უწყების მიერ ელექტრონულ სისტემაში ატვირთული გამარტივებული შესყიდვების ხელშეკრულებები საჯაროდ ხელმიუწვდომელია.

 

რეკომენდაციები

 

- შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების ღია, დამუშავებად ფორმატში განთავსება.

 

- შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს Covid-19-თან დაკავშირებული შესყიდვების ცალკე საფუძვლად გამოყოფა ან მსგავსი შესყიდვების შესახებ მონაცემების შეგროვება და დამუშავებად ფორმატში გამოქვეყნება.

 

- შესყიდვების სააგენტომ გააკონტროლოს გადაუდებელი აუცილებლობით მოთხოვნილი გამარტივებული შესყიდვების CMR მოდულში განთავსებისას შესაბამისი SMP კოდების მითითება შემსყიდველის მიერ.

 

- თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა უზრუნველყონ გამარტივებული შესყიდვების ხელშეკრულებების, კანონის შესაბამისად, ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნება. შესყიდვების სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი კონტროლი და ზედამხედველობა, რათა ასეთი შემთხვევები დროულად აღმოიფხვრას და არ დარჩეს ყურადღების მიღმა. ამასთან, შემოწმდეს ხელშეკრულების დაფარვის მიზანშეწონილობა.

 

- შემსყიდველმა ორგანიზაციებმა, მაქსიმალურად შეამცირონ გამარტივებული შესყიდვების გამოყენება ისეთი მომსახურებისა და პროდუქტების შესყიდვისას, რომელთა საჭიროება წინასწარ ცნობილია და შესაძლებელია მათი დაგეგმვა და კონკურენტული პირობებით ჩატარება. 

 

/public/upload/EU/FULL - the_covid-19_related_state_procurements_GEO.pdf

 

/public/upload/EU/the_covid-19_related_state_procurements_GEO.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023