2019 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

სიახლეები | კანონის უზენაესობა | კარგი მმართველობა | ანალიზი 12 თებერვალი 2020

2018 წლიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვიურად პროაქტიულად აქვეყნებს დანაშაულის სტატისტიკას. ასევე, 2018 წლიდან სამინისტროს განმარტებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დანაშაულის აღრიცხვიანობის სისტემა, რაც დასახელდა აღნიშნული პერიოდიდან რეგისტრირებული დანაშაულის რიცხვის მკვეთრი მატების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად. სამინისტროს მიერ 2018 წლიდან დანაშაულის რიცხვის ზრდის ოფიციალურად დასახელებული მიზეზების გარდა, ერთ-ერთ ფაქტორად ასევე აქტიურად განიხილებოდა, წინა წლებში ე.წ. „შელამაზებული“ სტატისტიკის წარმოება. მსგავს ვარაუდს ამყარებდა წინა წლებში სამინისტროს მიერ ურთიერთგამომრიცხავი მონაცემების გამოქვეყნება, რაც მნიშვნელოვნად აზიანებდა სამინისტროს მიერ წარმოებული მონაცემებისადმი საზოგადოების ნდობის ხარისხს.

შესაბამისად, თუ დავუშვებთ რომ 2018 წლიდან დანაშაულის სტატისტიკის აღრიცხვიანობის გაუმჯობესებული სისტემის დანერგვით სამინისტრომ უარი თქვა ე.წ. შელამაზებული სტატისტიკის წარმოებაზე, მაშინ დანაშაულის ტენდენციების რეალურ სურათს მხოლოდ 2019 და 2018 წლების მაჩვენებლების შედარება გვაჩვენებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2019 წელს სულ დარეგისტრირდა 64 123 დანაშაული, რაც დაახლოებით 10%-ით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს. შესაბამისად, თანაბარი მეთოდოლოგიის და აღრიცხვიანობის პირობებშიც დანაშაულის რიცხვი კვლავ ზრდას განაგრძობს.


2019 წელს მცირედით დადებითი ტენდენციაა დანაშაულის გახსნის თვალსაზრისით, რომლის მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით, დაახლოებით 1%-ით გაუმჯობესდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი რომ, 2018 წლამდე ე.წ. „შელამაზებული“ სტატისტიკის წარმოების შესახებ ვარაუდებს, მნიშვნელოვნად ამყარებს არსებული მონაცემებიც. მაგალითად, 2019 წლის განმავლობაში რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა თითქმის ორჯერ აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვნებელი დაახლოებით 20%-ით ნაკლებია.

2019 წელს რეგისტრირებული დანაშაულის საერთო მაჩვენებლის გაურესების მიზეზების სრულფასოვანი ანალიზისათვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცალკეული დანაშაულების მიხედვით არსებული დინამიკის ანალიზი. სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის განმავლობაში, წინა წელთან შედარებით, გარკვეულწილად შემცირდა სატრანსპორტო დანაშაული (-6,09%), სამოხელეო დანაშაული (-1,55%), მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი ზნეობის წინააღდეგ ჩადენილი დანაშაული (-15,14%). სხვა რეგისტრირებულ დანაშაულთა ჯგუფების ზრდის მაჩვენებელი 1.55%-დან 51%-მდე მერყეობს. მაგალითად, ნარკოტიკულ დანაშაულთა რიცხვი წინა წელთან შედარებით დაახლოებით 51%-ით არის გაზრდილი, რაც უმეტესწილად ნარკოტიკული ნივთიერებების განმეორებითი მოხმარების 1056 შემთხვევით მატებამ განაპირობა, გარდა ამისა, წინა წელთან შედარებით 108%-ით არის გაზრდილი ნარკოტიკების შემცველ მცენარეთა უკანონო დათესვის მუხლით, ხოლო 24%-ით არის გაზრდილი ნარკოტიკების შეძენა, შენახვა ან გასაღების მუხლით რეგისტრირებული დანაშაული. ამ კატეგორიის დანაშაულების მატება, გარკვეულწილად შესაძლებელია წინა წელთან შედარებით ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას  უკავშირდებოდეს.


2019 წლის განმავლობაში წინა წელთან შედარებით 9,19%-ით გაუარესდა სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა ჯგუფში გაერთიანებული დანაშაულების მაჩვენებელი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ განზრახ მკვლელობების რიცხვი 49%-ით (37 შემთხვევით ნაკლები) შემცირდა, თუმცა ამავდროულად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობების რიცხვი 56%-ით (14 შემთხვევით მეტი) გაიზარდა. ამასთან, 31,7%-ით (+13 შემთხვევით) გაიზარდა მკვლელობის მცდელობის მაჩვენებელი.


საკუთრების წინააღდეგ ჩადენილი დანაშაულების რიცხვი 2019 წელს 2%-ით (516 შემთხვევით) არის გაზრდილი, რაც ძირითადად ქურდობის მაჩვენებლის 358 შემთხვევით მატებით არის განპირობებული. ქურდობის მაჩვენებლის ზრდის ფონზე აღსანიშნავია ყაჩაღობის შემთხვევების 19,8%-ით (53 შემთხვევით ნაკლები) კლება.


ცალკეული დანაშაულების რეგისტრირებული მაჩვენებლის ზრდის თვალსაზრისით ასევე აღსანიშნავია, გაუპატიურება (+24%, +23 შემთხვევა) ,ცივი იარაღის ტარება (+31,5% +119 შემთხვევა), მუქარა (+23,12%, +413 შემთხვევა) სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული( + 55,39%, + 534 შემთხვევა), ყალბი დოკუმენტების დამზადება(+25,2%, +449 შემთხვევა), კომპიუტერული დანაშაული (+42,43%,+538 შემთხვევა) და სხვ.

როგორც სრული 2019 წლის სტატისტიკური მონაცემების ანალიზმა აჩვენა, წინა წელთან შედარებით რეგისტრირებული დანაშაულის რიცხვი 9,8%-ით, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 1%-ით გაიზარდა. მსგავსი შინაარსის სტატისტიკური მონაცემების ანალიზი IDFI-ს მიერ წარმოდგენილი იყო 2019 წლის 7 თვის მდგომარეობითაც, რომლის მიხედვით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რეგისტრირებული დანაშაულის რიცხვი 17,23%-ით იყო გაზრდილი, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 4%-ით იყო შემცირებული. შესაბამისად, 2019 წლის მეორე ნახევრის სტატისტიკური მონაცემები როგორც კრიმინოგენური მდგომარეობის ასევე, დანაშაულის გახსნის თვალსაზრისით გარკვეულ გაუმჯობესებაზე მიუთითებს.


კერძოდ, თვეების მიხედვით სტატისტიკური მონაცემების ანალიზი, აჩვენებს რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით აღნიშნული გაუმჯობესება იწყება 2019 წლის სექტემბრიდან, რაც საეჭვოდ ემთხვევა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის ცვლილებას. მაგალითად, 2019 წლის სექტემბრამდე თითოეულ თვეს რეგისტრირებული დანაშაულის რიცხვი წინა წლის ანალოგიურ პერიოდებს 150-დან 1400-მდე შემთხვევით აღემატებოდა. სექტემბერში წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 488 შემთხვევით შემცირდა, ოქტომბერში - 263-ით, ხოლო ნოემბერ-დეკემბერში დაახლოებით იმავე ნიშნულზე დარჩა.


რეგისტრირებულ დანაშაულს შორის ყველაზე დიდი წილი უკავია ქურდობის მუხლით ჩადენილ დანაშაულებს. შესაბამისად, საერთო მაჩვენებელზე ყველაზე დიდი გავლენა სწორედ ამ ტიპის დანაშაულს აქვს.  2019 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით იანვარი-ივლისის პერიოდში ყოველთვიურად რეგისტრირებული ქურდობის მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ თვეებთან შედარებით 14%-დან 35%-მდე იზრდებოდა. აგვისტოში გარკვეულწილად შემცირდა (-4,22%), ხოლო სექტემბრის თვის შემდეგ რეგისტრირებული ქურდობის მაჩვენებლის ტენდენცია რადიკალურად შეიცვალა და წინა წლის ანალოგიურ თვეებთან შედარებით ყოველთვიურად 20%-დან 30%-მდე იკლებდა.

 

2019 წლის სექტემბრიდან მსგავსი დადებითი ტენდენციებია დანაშაულის გახსნის მაჩვენებლების გაუმჯობესების თვალსაზრისითაც. მაგალითად, 2019 წლის სექტემბრამდე თითოეულ თვეს დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 0-დან 9%-მდე ჩამორჩებოდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდებს. იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენდა ივლისის თვე, როცა 1%-მდე აღემატებოდა, წინა წლის იმავე თვის მაჩვენებელს. სექტემბერში ეს მაჩვენებელი 3,9%-ით, ოქტომბერში - 8,3%-ით, ნოემბერში - 8,6%-ით, ხოლო დეკემბერში 3,3%-ით გაიზარდა. შედეგად, 2019 წლის დანაშაულის გახსნის საერთო მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 1%-ით გაუმჯობესდა.

 

2019 წელს ცალკეული დანაშაულების (ოჯახში ძალადობა, მუქარა და სხვა) ზრდის მიზეზად, განვლილი წლების მსგავსად შესაძლებელია განხილულ იქნას სამინისტროს მიერ დასახელებული ერთ-ერთი ფაქტორი, რაც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და შესაბამისად, პოლიციისადმი მიმართვიანობის მატებას უკავშირდება.  თუმცა, წინა წლის ანალოგიური მეთოდოლოგიით სტატისტიკის  აღრიცხვიანობის პირობებში, ისეთი დანაშაულების მატება მაგალითად როგორიცაა ქურდობა,  გაუპატიურება, მკვლელობის მცდელობა, ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, ცივი იარაღის ტარება კრიმინოგენური მდგომარეობის გარკვეულ გაუარესებაზე მიუთითებს.

 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული 2019 წლის სტატისტიკური მონაცემების დოკუმენტში ვხდებით ჩანაწერს, რომლის მიხედვით 2019 წლის ბოლოდან ნაწილობრივი ფუნქციონირება დაიწყო იუსტიციის სამინისტროში შემუშავებულმა სისხლის სამართალწარმოების ელექტრონული სისტემის (Crimecase-2) ახალმა ვერსიამ, შედეგად შესაბამისი სამუშაოების დასრულებამდე სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება ხორციელდება საპილოტე რეჟიმში, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორი განსხვავებული პროგრამული უზრუნველყოფის (Crimecase1 და  Crimecase2) მეშვეობით. IDFI იმედს გამოთქვამს რომ ახალი ელექტრონული სისტემის დანერგვის პროცესი, არ განაპირობებს  სტატისტიკის სრულყოფილი აღრიცხვიანობის გარკვეულ შეფერხებას ან/და მეთოდოლოგიურ ცვლილებას, რაც წარმოშობს კრიმინოგენური მდგომარეობის ტენდენციების შეფასებისას გარკვეული მანიპულაციების შესაძლებლობას  და კვლავ  დააზიანებს  სამინისტროს მიერ წარმოებული მონაცემებისადმი საზოგადოების ნდობის ხარისხს.

ამასთან, IDFI იმედს გამოთქვამს, რომ 2019 წლის სექტემბრის თვიდან რეგისტრირებული დანაშაულის და მისი გახსნის გარკვეულწილად გაუმჯობესებული მაჩვენებლები არ არის დაკავშირებული, ახალი ხელმძღვანელობის პირობებში სტატისტიკის ე.წ. შელამაზების მანკიერი პრაქტიკის დაბრუნებასთან.

 

 

ანალიზი მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ პროექტის - სადამკვირვებლო ჯგუფების გაძლიერება მთავრობის ანგარიშვალდებულებისთვის - ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ, ვიშეგრადის გრანტების პროგრამით, ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების თანადაფინანსებით. ფონდის მისიაა ცენტრალურ ევროპაში მდგრადი რეგიონული იდეების წახალისება. ანალიზის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის პოზიციას.

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

კომუნიკაციების ეროვნული კომისია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვას ახალისებს

23.05.2020

ფოტოკამერის გამოყენების დაშვება საქართველოს არქივებში - აუცილებელი ნაბიჯი არქივების ღიაობისკენ

21.05.2020

სასამართლოს ხელმისაწვდომობა - მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები

20.05.2020

IDFI-ი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ დაუშვას კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება

20.05.2020
განცხადებები

IDFI-ი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ დაუშვას კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება

20.05.2020

IDFI-ის განცხადებით ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს მკაფიო განმარტება მოსალოდნელი შეზღუდვების სამართლებრივი საფუძვლების შესახებ

15.05.2020

პარლამენტმა სასამართლოს აქტების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი საკანონმდებლო ცვლილების მიღება გადადო

02.05.2020

აჭარის მაუწყებელში თანამშრომელთა დევნა და შევიწროება გრძელდება

21.04.2020
ბლოგპოსტები

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის მითვისება რუსული პროპაგანდის მიერ

08.05.2020

საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება პროკურატურის მიმართ

04.05.2020

ქართული პრესისა და ბეჭდვითი მედიის ცენზურის მიმოხილვა

03.05.2020

რუსული პროპაგანდა და COVID-19 - უნდა გააფართოოს თუ არა საქართველომ სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან?

28.04.2020