რუსული ონლაინ მედია საქართველოში პომპეოს ვიზიტის შესახებ

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 17 ნოემბერი 2020

 

ავტორი: მეგი ქარცივაძე

 

10 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ 17-18 ნოემბერს საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვევა. მას შემდეგ, არაერთი მოსაზრება გამოითქვა იმის თაობაზე, თუ რას ემსახურება პომპეოს ვიზიტი და რატომ გახდა ამის შესახებ ცნობილი ასე მოულოდნელად. ამერიკის საელჩოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრების ფარგლებში გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მოუწოდებს დემოკრატიული რეფორმების შემდგომი განვითარებისკენ. იგი ასევე შეხვდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი წერია, რომ შეხვედრებისას განიხილება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე  ვაჭრობისა და ეკონომიკის, დემოკრატიის, ხალხთა შორის კონტაქტების, განათლებისა და კულტურული გაცვლების სფეროში. ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეები განიხილავენ საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს, ქვეყნებს შორის თანამშრომლობას რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ პომპეოს საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შეხვდებიან.

 

გარდა საქართველოსა და აშშ-ის ოფიციალური უწყებების განცხადებებისა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საინფორმაციო სივრცეში საკმაოდ გააქტიურებულია მსჯელობა იმის თაობაზე, თუ რას ემსახურება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში. ამას უკავშირებენ, ერთი მხრივ, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებსა და მის გარშემო შექმნილ დაძაბულ პოლიტიკურ გარემოს, მეორე მხრივ კი - სამხრეთ კავკასიის რეგიონში, კონკრეტულად კი ყარაბაღში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან, ვლადიმერ პუტინთან და ილჰამ ალიევთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ, დამატებითი რუსი „სამშვიდობოები“ განთავსდნენ ყარაბაღში კონფლიქტის ხაზისა და იმ კორიდორის გასწვრივ, რომელიც არაღიარებულ რესპუბლიკას სომხეთის რესპუბლიკასთან აკავშირებს, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გეოპოლიტიკურ ვითარებაზე რეგიონში. შესაბამისად, ვარაუდი, რომ პომპეოს ვიზიტი ყარაბაღში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთანაა დაკავშირებული სწორედ ამ პროცესებს უკავშირდება და საკმაოდ აქტუალურია ქართულ საინფორმაციო სივრცეში.

 

IDFI-ის დაკვირვებაც ქართულ ინტერნეტ სივრცეზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში ცხადყოფს, რომ ქართული სიტყვების „პომპეო“ და „საქართველო“ გამოყენება შესამჩნევად გახშირდა 10 ნოემბრის შემდეგ. 10 ნოემბრიდან 15 ნოემბრამდე პერიოდში ამ ორი სიტყვის კომბინაცია მოხსენიებული იყო 462 წყაროში, რაც თითქმის 200-ჯერ მეტია წინა კვირის მონაცემებთან შედარებით. მხოლოდ 11 ნოემბერს კი ამ ორ სიტყვას ვხვდებით 255 წყაროში. ასევე, IDFI-ის დაკვირვებამ აჩვენა, რომ ამ თემის შესახებ ინფორმაცია ქართულ ენაზე ყველაზე ხშირად ვრცელდებოდა Facebook-ზე, შემდეგ კი - საინფორმაციო სააგენტოების ვებგვერდებზე.

 

 

 

 

17 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე პერიოდში ქართულენოვან ინტერნეტ სივრცეში სიტყვების „პომპეო“ და „საქართველო“ გამოყენების სიხშირე.

წყარო: Sysomos

 

 

17 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე პერიოდში ქართულენოვან ინტერნეტ სივრცეში სიტყვების „პომპეო“ და „საქართველო“ გამოყენების სიხშირე საინფორმაციო პლატფორმების მიხედვით.

წყარო: Sysomos

 

საინტერესო მონაცემები აჩვენა იგივე სახის დაკვირვებამ რუსულ საინფორმაციო სივრცეზე. 10 ნოემბრის შემდეგ, რუსულენოვან ინტერნეტ სივრცეშიც საკმაოდ იმატა სიტყვების - „პომპეო“ (Помпео) და „საქართველო“ (Грузия) გამოყენების სიხშირემ. 10 ნოემბრიდან 15 ნოემბრამდე პერიოდში ამ ორი სიტყვის კომბინაცია ნახსენები იყო 267 რუსულენოვან წყაროში, რაც დაახლოებით 21-ჯერ მეტია წინა კვირის მონაცემებთან შედარებით. მხოლოდ 11 ნოემბერს ამ სიტყვებს ვხვდებით 76 რუსულენოვან წყაროში, 12 ნოემბერს კი - 73-ში. საინფორმაციო პლატფორმებზე გადანაწილების თვალსაზრისით, საქართველოსგან განსხვავებით, ყველაზე ხშირად ამ ორი სიტყვის კომბინაციას რუსულენოვან ინტერნეტში ვხვდებით საინფორმაციო ვებგვერდებზე, შემდეგ - ბლოგებზე, შემდეგ კი - Facebook-ზე.

 

 

17 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე პერიოდში რუსულენოვან ინტერნეტ სივრცეში სიტყვების - „პომპეო“ (Помпео) და „საქართველო“ (Грузия) გამოყენების სიხშირე.

წყარო: Sysomos

 

 

 

17 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე პერიოდში რუსულენოვან ინტერნეტ სივრცეში სიტყვების - „პომპეო“ (Помпео) და „საქართველო“ (Грузия) გამოყენების სიხშირე საინფორმაციო პლატფორმების მიხედვით.

წყარო: Sysomos

 

 

რუსულ წყაროებთან დაკავშირებით, საყურადღებოა ის, რომ, როგორც IDFI-ის დაკვირვებამ აჩვენა, პომპეოს საქართველოში ვიზიტის შესახებ დომინირებდა ინფორმაცია და ვერსიები იმის შესახებ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების გახსნის დასაანონსებლად ჩამოდის. როგორც რუსული წყაროები აქტიურად იუწყებიან, ამერიკა ამ ნაბიჯის გადადგმას ყარაბაღში რუსი „სამშვიდობოების“ განთავსებისა და სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოზიციების გამყარების პასუხად გეგმავს. აღსანიშნავია, რომ ამ შინაარსის ინფორმაციას აქტიურად ავრცელებენ არა უკვე ცნობილი რუსული წყაროები, რომლებიც უშუალოდ აფილირებული არიან კრემლთან (მაგალითად, Russia Today, Sputnik და ა.შ.), არამედ ნაკლებად ცნობილი საინფორმაციო პორტალები და სააგენტოები, რომელთა უმრავლესობის წარმომავლობა და კავშირებიც საკმაოდ ბუნდოვანია: Красная Весна, Новости Регионов, Redtram, RUPOSTERS, Livejournal, ModsCheats, Постсовет, Rusevik, Новое Время, Взгляд. მათი უმრავლესობა გავრცელებული ინფორმაციის მთავარ წყაროდ ქართულ მედიას ასახელებს და მიუთითებს გაზეთი „რეზონანსის“ მიერ 11 ნოემბერს გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით „ექსპერტთა ნაწილი საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის დაანონსებას პროგნოზირებს - პომპეოს მოულოდნელი ვიზიტი“. თუმცა, რუსული წყაროების უმრავლესობა ამ ვარაუდს წარმოაჩენს, როგორც უკვე ფაქტს. ზოგიერთი მათგანი იმაზეც კი საუბრობს, რომ აშშ აპირებს საქართველოს NATO-ში გაწევრიანების დაჩქარებას, ზოგიც კი წერს, რომ საქართველოს მთავრობა უკვე ემზადება ამერიკული ბაზის გასახსნელად.

 

 

წყარო: Красная Весна

 

 

წყარო: Redtram

 

 

წყარო: ModsCheats

 

აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის სტატიებს ახლავს ვრცელი განმარტებები იმის შესახებ, თუ როგორ „იყენებენ“ NATO და აშშ საქართველოს საკუთარი მიზნებისთვის და როგორ აღვივებენ მისი მეშვეობით „დაძაბულობას“ კავკასიაში. მაგალითად, Новое Время-ს სტატიაში ვკითხულობთ: „NATO-ს ძალებისთვის უფრო მომგებიანია, რომ მუდმივად მიიტყუონ თბილისი NATO-სკენ და თავი მოაჩვენონ, თითქოს ბრიუსელში ოცნებობენ მის მიღებაზე... ძალთა ამგვარი განლაგება საშუალებას აძლევს NATO-ს, რომ საქართველო გამოიყენოს, როგორც მუდმივი დაძაბულობის კერა კავკასიაში, როგორც რუსეთის სამხრეთისკენ მუდმივად მიმართული რევოლვერი. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ NATO სერიოზულად გეგმავს აქ საომარ მოქმედებებში ჩართვას. დიდებული ანგლო-საქსონური ტრადიციების თანახმად, გაერთიანებას ურჩევნია ხანძარი სხვისი ხელით გააჩაღოს, რა როლსაც ახლა საქართველო ასრულებს. და ბანკროტი პომპეო ხელახლა შეახსენებს ამას საქართველოს ხელისუფლებას“.

 

გარდა რუსეთისა, წყაროებზე დაკვირვების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ პომპეოს ვიზიტს დიდი ყურადღებით აკვირდებიან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებშიც. მაგალითად, ე.წ. სამხრეთ ოსეთში, აქტიურად ვრცელდება დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ, თითქოს, მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირებების დროს საქართველო ეხმარებოდა აზერბაიჯანსა და თურქეთს, რადგან საკუთარ ტერიტორიაზე ატარებდა თურქულ შეიარაღებას მაშინ, როცა სომხეთისთვის საზღვრები ჩაკეტილი ჰქონდა, რაც არ შეესაბამება რეალობას. როგორც ოსური გამოცემები იუწყებიან, ამას საქართველო აკეთებდა იმიტომ, რომ კონფლიქტში აზერბაიჯანის გამარჯვების შემთხვევაში, ქართველების აზრით, რეგიონში რუსეთის პოზიციები შესუსტდებოდა, რაც, საბოლოოდ, ასე არ მოხდა. ამიტომ, ე.წ. სამხრეთ ოსეთში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს ახლა ერთადერთი გზა დარჩა - ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნა საკუთარ ტერიტორიაზე, რასთანაც ოსური გამოცემები აკავშირებენ პომპეოს ვიზიტს.

 

 

წყარო: Новости Регионов

 

დასკვნის სახით, IDFI-ის დაკვირვება რუსულენოვან ინტერნეტ სივრცეში საქართველოში პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე ცხადყოფს, რომ რუსულმა ონლაინ მედიამ საკმაო ყურადღება დაუთმო აღნიშნულ თემას ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. განსაკუთრებული ყურადღება კი მახვილდებოდა იმ ვარაუდზე, რომ რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლოა აშშ-მ საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობა გააფართოვოს. რუსული საინფორმაციო პორტალების მიერ გავრცელებული იფნორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით ცხადყოფს, რომ მოსკოვში ისევე, როგორც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, ყურადღებით აკვირდებიან აღნიშნულ პროცესებს და იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მართლაც მიიღებს შემოთავაზებას სამხედრო თანამშრომლობის გაფართოებაზე აშშ-სთან ან/და NATO-სთან, რუსულ მხარეს უკვე მზად აქვს ოფიციალური ნარატივი იმის შესახებ, თუ როგორ „იყენებენ“ NATO და აშშ საქართველოს ბოროტად რეგიონში „დაძაბულობის გასაღვივებლად“, რაც, სავარაუდოდ, აქტიურად გავრცელდება კრემლთან აფილირებული მედიისა და საინფორმაციო პორტალების მეშვეობით. 

 

____

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023