სახელფასო პოლიტიკა თვითმმართველობებში და პრემიერის დაპირება

სიახლეები | ბლოგპოსტები | სტატია | ადგილობრივი მმართველობა 12 აგვისტო 2021

2021 წლის 9 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საჯარო მოსამსახურეების შრომის ანაზღაურების ზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურება ვერ უწევს კონკურენციას კერძო სექტორს. შესაბამისად, 2022 წლიდან სახელმწიფო სექტორში ხელფასების ზრდა იგეგმება.


მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული ხაზგასმით მერების დაბალ ანაზღაურებაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, მერების ხელფასები შეადგენს 1,800-2,000 ლარს, რაც სრულად შეუსაბამოა დღევანდელ რეალობასთან. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გადაწყვეტილი აქვთ მათი ხელფასების პრაქტიკულად გაორმაგება.


წინამდებარე სტატიაში მიმოხილულია დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტების მერებისთვის თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის არსებული პოლიტიკა, საკანონმდებლო რეგულაციები და პრემიერ-მინისტრის მიერ წინასაარჩევნოდ გაჟღერებული დაპირების მიზანშეწონილობა.


2018 წლიდან საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების საკითხები დარეგულირებულია „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონით“. აღნიშნული კანონის მოქმედება, ასევე ვრცელდება მუნიციპალურ ორგანოებში დასაქმებულ პირებზე. კანონის ყველაზე მნიშვნელოვან სიახლეს სხვადასხვა ტიპის თანამდებობის პირებისა და მოსამსახურეებისთვის გაწერილი თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტების სისტემა წარმოადგენდა. აღნიშნული სისტემით დადგინდა სხვადასხვა კატეგორიის მოსამსახურეებისთვის/თანამდებობის პირებისთვის გასაცემი სარგოს კოეფიციენტები და მათი ზღვრული ოდენობები. თანამდებობათა იერარქიების მიხედვით განსაზღვრული კოეფიციენტის კატეგორიის მინიჭებას დასაქმებულ პირზე უზრუნველყოფს დაწესებულების ხელმძღვანელი, რომელიც მრავლდება საბაზო თანამდებობრივ სარგოზე და აისახება საშტატო ნუსხაში. მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს, მერის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.


საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონის მიხედვით, ქალაქ მუნიციპალიტეტების მერების თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტი შეადგენს 6.0-ს (თბილისის მერის 8.5). Საბაზო სარგოს (1,000 ლარი) გათვალისწინებით, მოქმედი კანონმდებლობა მერებს აძლევს შესაძლებლობას საკუთარი წარდგინებით და საკრებულოს თანხმობით, ხელფასი განისაზღვრონ მაქსიმუმ 6 ათას ლარით. მუნიციპალიტეტების მერიების დღეის მდგომარეობით მოქმედი საშტატო ნუსხების შესწავლით ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტებში მერის ანაზღაურება 2,600 ლარიდან 4,500 ლარამდე (ხელზე მისაღები 2080 ლარიდან - 3600 ლარამდე) მერყეობს. შესაბამისად, არცერთი მუნიციპალიტეტის მერის მიერ არ არის გამოყენებული კანონმდებლობით დაშვებული შესაძლებლობა მათი ანაზღაურების 6 ათასი ლარით განსაზღვრის შესახებ.


დღეის მდგომარეობით, მერების ყოველთვიურ სარგოებს შორის არსებული განსხვავება არ არის დამოკიდებული მუნიციპალიტეტის სიდიდეზე. მაგალითად, ყველაზე მაღალი შრომის ანაზღაურება (4,500) ლარი განსაზღვრულია ბათუმის, რუსთავის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერებისთვის. ასევე, სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, მაღალი ანაზღაურებით გამოირჩევიან მესტიის მერი (4,200 ლარი), მარნეულის მერი (4,100 ლარი), ბოლნისის მერი (3,950 ლარი), ბორჯომის მერი (3,750 ლარი) და თეთრიწყაროს მერი (3,600 ლარი). დანარჩენი მუნიციპალიტეტების მერების ყოველთვიური სარგო 3,500 ლარზე ნაკლებია. მაგალითად, თბილისის მერის ანაზღაურება შეადგენს 3,180 ლარს, თელავის მერის - 3,100 ლარს, ქუთაისის, ზუგდიდის და ფოთის მერების - 2,750 ლარს, გურჯაანის - 2,650 ლარს, თიანეთის მერის 2,600 ლარს.


შრომის ანაზღაურებაზე არსებული საკანონმდებლო რეგულაციების და თითოეული მუნიციპალიტეტის მერის სახელფასო პოლიტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის თითოეულ მერს, საკრებულოს თანხმობით, აქვს შესაძლებლობა საკუთარი წარდგინებით გაიზარდოს ხელფასი. დღევანდელი კანონმდებლობა მუნიციპალიტეტებს არსებული ზღვრული კოეფიციენტების ფარგლებში, აძლევს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას სახელფასო პოლიტიკის განსაზღვრასთან დაკავშირებით. კერძოდ, ყველაზე მაღალი ანაზღაურების მქონე მერებს, ზღვრული ოდენობის გათვალისწინებით, შესაძლებლობა აქვს ხელფასი დაახლოებით 30%-ით ზრდის, ხოლო ყველაზე დაბალი ანაზღაურების მქონე მერს დაახლოებით 130%-ით. შესაბამისად მერების არსებული შრომის ანაზღაურება, განპირობებულია თავად მუნიციპალიტეტის მერების პოლიტიკური გადაწყვეტილებით და მუნიციპალიტეტებში არსებული სახელფასო პოლიტიკით. აღნიშნული კი, თავის მხრივ, თანხვედრაშია არსებულ თვითმმართველობის მოდელთან, რადგან სწორედ თვითმმართველობა, და არა ცენტრალური ხელისუფლება უნდა განსაზღვრავდეს ადგილზე სახელფასო პოლიტიკას.


IDFI მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პრემიერ-მინისტრის მხრიდან საჯარო სამსახურში ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით გაკეთებული დაპირებები შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც საარჩევნო პროცესზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენის მცდელობა. ამასთან, პრემიერ-მინისტრის დაპირება მერების ხელფასების გაორმაგებასთან დაკავშირებით, იმ პირობებში როდესაც კანონმდებლობა არ უზღუდავს მათ დამოუკიდებლად მიიღონ მსგავსი გადაწყვეტილება, ცალსახად მიანიშნებს თვითმმართველობებში დეცენტრალიზაციის არსებულ პრობლემებზე.

 

 

 

სტატია მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ პროექტის - კარგი მმართველობისთვის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ბენეფიციარი მესაკუთრეების ღიაობის სტანდარტების გაუმჯობესება - ფარგლებში.

პროექტი დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ, ვიშეგრადის გრანტების პროგრამით, ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების თანადაფინანსებით. ფონდის მისიაა ცენტრალურ ევროპაში მდგრადი რეგიონული იდეების წახალისება.

სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის პოზიციას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023