ვენეციის კომისიის დასკვნის ანალიზი: სპეციალური მმართველის ინსტიტუტი კონვენციის მოთხოვნებს არღვევს

სიახლეები | კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები | ინტერნეტი და ინოვაციები | აქტუალური თემები | ანალიზი 24 მარტი 2021

2021 წლის 22 მარტს გამოქვეყნდა ვენეციის კომისიისა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის ერთობლივი დასკვნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში სპეციალურ მმართველთან დაკავშირებით შეტანილი ცვლილებების თაობაზე. კერძოდ, ვენეციის კომისიამ შეაფასა ამ კანონის 461 მუხლი, რომლითაც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიენიჭა ელექტრონული კომუნიკაციის სერვისის მიმწოდებელ კომპანიებში სპეციალური/დროებითი მმართველის დანიშვნის უფლება.

 

დასკვნაში ვენეციის კომისია მწვავედ აკრიტიკებს საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს.  უნდა აღინიშნოს, რომ კრიტიკული შეფასების ამგვარ ხარისხს, ვენეციის კომისიის დასკვნებში იშვიათად შევხვდებით. უარყოფითადაა შეფასებული სპეციალური მმართველის ინსტიტუტთან დაკავშირებული ყველა ასპექტი - დაწყებული მისი დანიშვნის საფუძვლებიდან დასრულებული გასაჩივრების პროცედურით. დასკვნის თანახმად, სპეციალური მმართველი უფლებამოსილებები უფრო ლიკვიდატორის კომპეტენციას წააგავს. ამასთან, ვენეციის კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არ ფლობს ინფორმაციას, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ამგვარი უფლებამოსილების თაობაზე ევროპის ფარგლებში.  

 

დასკვნის თანახმად, სპეციალური მმართველის ინსტიტუტი არღვევს საკუთრების უფლებას. ამ კონტექსტში, ვენეცის კომისიამ აღნიშნა რომ სპეციალური მმართველის ინსტიტუტი თანაზომიერების პრინციპის ფაქტობრივად ვერცერთ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. კერძოდ, სპეციალური მმართველი ინსტიტუტი ვერ აღწევს იმ მიზნებს, რომლისთვისაც იგი შეიქმნა, იგი არ იყენებს უფლების ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალება. ამასთან, სპეციალური მმართველის დანიშვნის წინაპირობები არის ბუნდოვანი ხოლო მისი უფლებამოსილებები ზედმეტად ფართო.

 

გარდა საკუთრების უფლებისა, ვენეციის კომისიამ ასევე გამოხატვისა და მედიის თავისუფლების დარღვევის აშკარა საფრთხე დაინახა. კერძოდ, სპეციალური მმართველის დანიშვნა ელექტრონული კომუნიკაციის იმ კომპანიაში, რომელიც იმავდროულად, სამაუწყებლო საქმიანობას ახორცილებს, სახელმწიფოს აძლევს მედიის თავისუფლებასა და სარედაქციო პოლიტიკაში პირდაპირი ან/და ირიბი ჩარევის ეფექტურ შესაძლებლობას და ქმნიდა ე.წ. მსუსხავი ეფექტის გამოწვევის საფრთხეს.

 

ვენეციის კომისიამ მოსაზრებით, აუცილებელია დამატებითი ზომების მიღება სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობისთვის. კერძოდ, დასკვნა უთითებს  სასამართლოს პროცესის გაჭიანურების რისკზე და აღნიშნავს, რომ სპეციალური მმართველის დანიშვნის გადაწყვეტილების გასაჩივრებამ ავტომატურად უნდა შეაჩეროს ამ გადაწყვეტილების აღსრულება. 

 

ვენეციის კომისიის მითითებით, სახელმწიფოს არ გაუკეთებია რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA). კანონპროექტი მიღებულ იქნა დაჩქარებულად და ამგვარი სისწრაფის საჭიროება ვერ დასაბუთდა. კომისია აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია კანონის მიღების პროცედურის გამჭვირვალედ წარმართვა და მასში ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობის შესაძლებლობის უზრუნველყოფა.

 

ვენეციის კომისიამ ფაქტობრივად ყველა იმ უფლების დარღვევის რისკი დაინახა, რომელთანაც სპეციალურ მმართველს შეიძლება ჰქონდეს შეხება. ამდენად, კომისიამ მიუთითა, რომ სპეციალური მმართველის ინსტიტუტი არსებული ფორმით არღვევს საკუთრების უფლებას, ქმნის მედიისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე სამართლიანი სასამართლოს უფლების შელახვის საფრთხეს.

 

 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ IDFI კანონპროექტის ინიცირების შემდგომ მუდმივად ხაზს უსვამდა, სპეციალური მმართველის დანიშვნის შეუთავსებლობას კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კომპეტენციასთან. ამასთან, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა ან/და ქვეყნის ეკონომიკური ინტერესისათვის ზიანის მიყენების შეფასება სცდებოდა კომუნიკაციების კომისიისათვის მინიჭებულ მანდატს. მიუხედავად ამისა, GNCC-მ და პარლამენტმა აღნიშნული არ გაითვალისწინეს.აღსანიშნავია, რომ ვენეციის კომისიის დელეგაცია შეხვდა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის, IDFI წარმომადგენლობას და საქართველოს პარლამენტისგან განსხვავებით, გაითვალისწინა შენიშვნების მნიშვნელოვანი ნაწილი.

 

ვენეციის კომისიის ეს შეფასება კიდევ ერთხელ ცხადყოფს საქართველოს პარლამენტისა და სხვა სახელმწიფო აქტორების მიერ ნაჩქარევად განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების პრობლემურობას. ამასთან, დასკვნა ადასტურებს, რომ სპეციალური მმართველის ინსტიტუტი, საფრთხეს უქმნის სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს ფუძემდებლურ პრინციპებს.

 

- მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს დროულად დაიწყოს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის გადახედვა ვენეციის კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით. კანონმდებლობის სრულყოფის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა უნდა მიეცეს ყველა დაინტერესებულ პირს.

 

- მოვუწოდებთ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას უარი თქვას სპეციალური მმართველის ინსტიტუტის გამოყენებაზე, საქართველოს პარლამენტის მიერ შესაბამისი ცვლილებების განხორციელებამდე.

 

/public/upload/Analysis/Venice-and-GNCC.pdf 

 

___

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023