დაუშვებელი პროდუქციის რეგულირება საქართველოში - საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობა

სიახლეები | კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | პოლიტიკის დოკუმენტები 1 სექტემბერი 2017

ავტორი: გიორგი ბერაია

 

თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერნეტის როლის უპრეცედენტოდ გაზრდის პარალელურად, სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება იმ წესების განსაზღვრის საკითხი, რომლებიც უნდა გავრცელდეს ინტერნეტ ურთიერთობებზე. მისი მიზანია, ერთი მხრივ, არ შეაფერხოს ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის შესაძლებლობა, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოს იმ ინტერესების დაცვა, რომლებსაც რიგ შემთხვევაში შეიძლება უპირისპირდებოდეს გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, ინტერნეტშიც.

 

Freedom House-ის ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგით საქართველო 2012 წლიდან თავისუფალ ქვეყანად ითვლება, სადაც „ონლაინ ცენზურა იშვიათია“ და „ონლაინ კონტენტი სისტემატურ მანიპულაციას არ განიცდის“. მიუხედავად ამისა, 2016 წელს YouTube-ისა და Wordpress-ის დროებითი დაიბლოკვის ფაქტებმა აჩვენა, თუ რამდენად მყიფეა ქვეყნის ეს მიღწევა. დაბლოკვის ამ ფაქტებით გამოჩნდა მსგავს შემთხვევებში ძალოვანი უწყებების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მექანიზმების ნაკლებობა. მედიას და საზოგადოებას დღემდე არ მიეწოდა ოფიციალური ინფორმაცია, თუ რის საფუძველზე და რა გზით შეიზღუდა ხელმისაწვდომობა კონკრეტულ საერთაშორისო პლატფორმებზე.

 

ამასთან, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებულია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი - „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ”ადგენილება, რომელშიც განსაზღვრულია „დაუშვებელი პროდუქციის ცნება” ანუ იმგვარი ინფორმაცია, რომლის გავრცელებაც შეიძლება შეიზღუდოს ინტერნეტში. დადგენილება ითვალისწინებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის არაერთ საფუძველს, შესაბამისად, მისი პრაქტიკაში გაუმართლებლად და გადაჭარბებულად გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტებს სერიოზული საფრთხე შეექმნას.

 

კვლევის მიზანია „დაუშვებელი პროდუქციის” ცნების განხილვა და იმის გარკვევა, თუ რამდენად პასუხობს მისი თითოეული საფუძველი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კონსტიტუციურ და საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს.

 

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილებით განსაზღვრული „დაუშვებელი პროდუქციის ცნების“ კომპონენტები ვერ პასუხობს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებს. შესაბამისად, აუცილებელად მიგვაჩნია, ეს პრობლემები საკანონმდებლო ცვლილებების გზით აღმოიფხვრას, რათა პრაქტიკაში თავიდან იქნეს აცილებული გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა.

 

სწორედ ამ მიზნით, IDFI-მ წარმოადგინა დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტი, რომლის მიზანიც აღმოჩენილი ხარვეზების გასწორება და კანონმდებლობის დონეზე გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტების ამაღლებაა.

 

 


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებაში „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ ცვლილებების შეტანის პროექტი.

 


მუხლი 1

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N 3 დადგენილებაში „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის )2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


) დაუშვებელი პროდუქცია – ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით გადაცემული არასრულწლოვანთა პორნოგრაფია ან სხვაგვარი უხამსობა, ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი და საავტორო უფლებების დამრღვევი პროდუქცია. ასევე, კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემული სხვა პროდუქცია.


დადგენილების 102 მუხლის გ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


გ) თუ მისთვის ცნობილი გახდება, რომ ინტერნეტგვერდზე განთავსებული ბმულის სახით მითითებული გვერდი შეიცავს დაუშვებელ პროდუქციას, იღებს შესაბამის ზომებს მათ აღმოსაფხვრელად.


დადგენილების 103 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

დადგენილების 29-ე მუხლს დაემატოს მე-3 და მე-4 პუნქტი


3. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინოს დაინტერესებულ პირებს და განუმარტოს გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურა და წესი.


4. დაუშვებელი პროდუქციის საფუძვლით ინფორმაციის დაბლოკვის ან წაშლის შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, მიღებული გადაწყვეტილება სამი დღის ვადაში გამოაქვეყნოს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე.


მუხლი 2

 

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


დადგენილების იმ ნორმების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც შედის ცვლილება


მე-3 მუხლის პირველი პუნქტის )ქვეპუნქტი


დაუშვებელი პროდუქცია – ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით გადაცემული პორნოგრაფია, სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი, უზუსტო, საავტორო უფლებებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემული სხვა პროდუქცია;


დადგენილების 102 მუხლის გ პუნქტი


ინტერნეტგვერდზე განთავსებულ ბმულს ამოწმებს იმ მიზნით, რომ ბმულის სახით მითითებული გვერდი არ შეიცავდეს შეურაცხმყოფელ ან სხვა დაუშვებელ პროდუქციას. ასეთის არსებობის შემთხვევაში იღებს შესაბამის ზომებს მათ აღმოსაფხვრელად.


დადგენილების 103 მუხლის მე-2 პუნქტი


2. ინტერნეტდომენის გამცემი პერიოდულად ამოწმებს მის მიერ რეგისტრირებულ ინტერნეტგვერდების შინაარს იმ მიზნით, რომ თავიდან აიცილოს ინტერნეტგვერდზე დაუშვებელი პროდუქციის განთავსება. ასეთის შემთხვევაში, დომენის გამცემმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები მათ აღმოსაფხვრელად:


ა) გააფრთხილოს დომენის მფლობელი და განუსაზღვროს ვადა დაუშვებელი პროდუქციის ამოღებისათვის;


ბ) გაფრთხილების უგულვებელყოფის შემთხვევაში მოახდინოს ინტერნეტგვერდის დაბლოკვა.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024

მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ქართველ ხალხს აუხსნან, ავალებდნენ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას

07.04.2024

კოალიცია ანტიკორუფციული ბიუროსთვის მოსამართლეთა ქონების შემოწმების შეჩერებას ეხმიანება

06.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023